წევრ-კავშირები „ვინც“ და „რომელიც“
30.10.2018



„მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს“...

„მე ვარ ის კანდიდატი, ვინც აცხადებს“...


დასახელებულ ფრაზებში კანდიდატები რაღაც მნიშვნელოვანს აცხადებენ საკუთარი თავის შესახებ, თუმცა მხოლოდ ერთის განცხადებაა გრამატიკულად გამართული.

„გამოჩნდა ის, ვისაც გამარჯვებას წინასწარვე ულოცავდნენ“...

„გამოჩნდა ის, რომელსაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ“.
..

აქაც მხოლოდ ერთ შემთხვევაშია წევრ-კავშირი გამოყენებული მართებულად.

როგორ დავიზღვიოთ თავი წევრ-კავშირების გამოყენების დროს
გავრცელებული შეცდომებისგან?

თავდაპირველად, გავარკვიოთ, რას ნიშნავს წევრ-კავშირი:

წევრ-კავშირს ვუწოდებთ ისეთ სიტყვას, რომელიც წინადადების წევრიც არის და კავშირიც. მაგალითად, ნიმუშად მოყვანილ პირველ წინადადებაში „ვინც“ კავშირიცაა და დამოკიდებული წინადადებისთვის - ქვემდებარეც. სწორედ ამიტომ ეწოდება მას ეს ორმაგი სახელი.

ახლა დავიმახსოვროთ მარტივი წესები, როდის უნდა გამოვიყენოთ
„ვინც“ და როდის „რომელიც“:

თუ მთავარი წინადადების ასახსნელი სიტყვა მხოლოდ ნაცვალსახელითაა გადმოცემული, წევრ-კავშირად უნდა გამოვიყენოთ ვინც  (ის-ვინც) ან რაც (ის-რაც).

რას ნიშნავს ასახსნელი სიტყვა?

ასახსნელი სიტყვა იგივე მისათითებელი სიტყვაა. სწორედ მას მიემართება წევრ-კავშირიც. დასახელებულ მაგალითებში ასეთია „კანდიდატი“ და „ის“. (კანდიდატი - რომელიც, ის - ვინც აცხადებს) თუ მთავარი წინადადების ასახსნელი სიტყვა არსებითი სახელია, მაშინ წევრ-კავშირად უნდა გამოვიყენოთ „რომელიც“ (კანდიდატი - რომელიც).

„რომელიც“ გამოიყენება მაშინაც, თუ მისათითებელ სიტყვას განსაზღვრებად ახლავს ნაცვალსახელი (ის კანდიდატი, რომელიც).

განვამტკიცოთ:

მოიგებს ის, ვინც მეტ ხმას დააგროვებს - ამ წინადადებაში მისათითებელი (ასახსნელი) სიტყვა მხოლოდ ნაცვალსახელითაა გადმოცემული, შესაბამისად, წევრ-კავშირად უნდა გამოვიყენოთ „ვინც“ და არა „რომელიც“. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს - ამ წინადადებაში მისათითებელი სიტყვა არსებითი სახელია. წესის თანახმად, აქ უნდა იყოს „რომელიც“ და არა „ვინც“. შესაბამისად, სწორი იქნება: მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.


ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ