ლგბტქ(ი) - ტერმინების განმარტება
17.05.2019
ლგბტქ(ი) აბრევიატურის ნაირსახეობაა, რომელსაც აკრონიმს უწოდებენ.

აბრევიაციის სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, აკრონიმის დროს სიტყვათა პირველი ასო-ბგერები იწერება და იკითხება, როგორც ერთი სრული (მთელი) სიტყვა, არ იმარცვლება და ცალკეულ ბგერებად არ წარმოითქმის, როგორც, ვთქვათ, აბრევიატურა „სი-ენ-ენის“ შემთხვევაშია.

აკრონიმი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან გამოიყენება და ინგლისურ ენაში ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ქვიარ ადამიანების აღსანიშნავად შეიქმნა ( ამათგან ქ - ქვიარ ყველაზე ბოლოს დამატებული კომპონენტია).

ზოგჯერ აკრონიმს ემატება ი - ინტერსექსი ადამიანების აღსანიშნავად ან ქ-ქვიარს ენაცვლება ი - ინტერსექსი.

ტერმინის შემოღებისა და დამკვიდრების აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გამოიკვეთა, რომ სექსუალობისა და გენდერული იდენტობის მრავალფეროვნების აღსანიშნავად აღმნიშვნელი „გეი“ ან „ჰომოსექსუალი“ საკმარისი არ არის.

ლგბტქ(ი) მიღებული და დამკვიდრებული ტერმინია მედიაში.

განვმარტავთ აკრონიმის შემადგენელი თითოული სიტყვის მნიშვნელობას:

ლესბოსელი - ქალური ჰომოსექსუალობის აღმნიშვნელი სიტყვა. ქალი, რომელიც სექსუალურ და ემოციურ ლტოლვას მხოლოდ ან ძირითადად ქალების მიმართ განიცდის. სიტყვა მომდინარეობს ბერძნული კუნძულ ლესბოსის სახელწოდებიდან.

გეი (gay) - მამაკაცური ჰომოსექსუალობის აღმნიშვნელი სიტყვა. მამაკაცი, რომელიც განიცდის სექსუალურ და ემოციურ ლტოლვას უპირატესად ან მხოლოდ მამაკაცებისადმი. თავდაპირველი მნიშვნელობით სიტყვა აღნიშნავდა უზრუნველს, თავისუფალს, გამორჩეულად ფერადოვანი შინაგანი სამყაროს მქონეს, კაშკაშა ადამიანს. დაუშვებელია ტერმინ ჰომოსექსუალისტის გამოყენება. ასევე სასურველია ჰომოსექსუალი კაცის/წყვილის ნაცვლად გამოვიყენოთ სიტყვა გეი ( მაგალითად, გეი წყვილი, გეი მამაკაცი და არა ჰომოსექსუალები, ჰომოსექსუალების წყვილი...).

ბისექსუალი (ლათ. bi - ორი, sexus - სქესი; სიტყვასიტყვით - „ორმაგი სექსუალობა“) - სექსუალური ლტოლვა ნებისმიერი სქესის ადამიანის მიმართ. ტერმინს ბისექსუალობა რამდენიმე მნიშვნელობითაც განიხილავენ - ფართო მნიშვნელობით - ორივე სქესისათვის დამახასიათებელი თვისებების ფლობა (ანდროგინიაა), ვიწრო გაგებით - სექსუალური ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენელთა მიმართ.

ტრანსგენდერი ( ზოგჯერ მოიხსენება, როგორც ტრანსი (trans) ან ტრანსსექსუალი) - კრებითი ტერმინი იმ ადამიანების აღსაწერად, რომელთა გენდერიც/სქესიც განსხვავდება ბიოლოგიური სქესისაგან, რომლითაც ისინი დაიბადნენ. ტრანსსექსუალი ადამიანები განიცდიან შეუსაბამობას მათი დაბადების სქესისადმი და მათი გენდერული იდენტობებისადმი და ხშირად მიმართავენ თავიანთი სხეულის შესაცვლელად რადიკალურ ქირურგიულ ოპერაციებს. ტერმინი ტრანსგენდერი გამოიყენება იმ ადამიანების აღსანიშნავადაც, ვინც დომინანტური, ბიოლოგიურად და ანატომიურად გამოხატული გენდერული ნორმების ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, თუმცა სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება არ სურთ; მართებულია ვთქვათ და დავწეროთ - ტრანსგენდერი ადამიანი ( ანუ გამოვიყენოთ სიტყვა, როგორც მსაზღვრელი და არა როგორც არსებითი სახელი. არ არის სასურველი „ტრანსგენდერების“ გამოყენება).

ქვიარი (queer) - კრებითი ტერმინია. ადრე იყენებდნენ, როგორც შეურაცხმყოფელ, უარყოფითი კონოტაციის მქონე აღმნიშვნელს არაჰეტეროსექსუალი ადამიანების მიმართ. 1980-იანი წლების აქტივისტებისა და თეორეტიკოსების დამსახურებით სიტყვამ იცვალა მნიშვნელობა პოზიტიური კონოტაცია შეიძინა. ტერმინი ქვიარ გამოიყენება ზოგადად ლგბტ თემის აღსანიშნადაც. კომპლექსური სიტყვა ქვიარი იმ სექსუალური და გენდერული უმცირესობებისათვის გამოიყენება, რომლებიც თავს არ მიაკუთვნებენ ჰეტეროსექსუალებს.

ინტერსექსი, ინტერსექსუალი (intersex) - ნიშნავს ადამიანს, რომელსაც „ორმაგი“ ბიოლოგიური სქესი აქვს. არსებობს ბევრი გენეტიკური, ჰორმონული და ანატომიური ვარიაცია, რომელიც ადამიანის ინტერსექსუალობას განაპირობებს. ინტერსექსუალი ადამიანები სქესობრივი და რეპროდუქციული განვითარების თავისებურებებით გამოირჩევიან.

ტერმინების განმარტებისას გამოყენებულია ლიტერატურა:
შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში, თბ., 2013.
ვებსაიტი - LGBTQIA Resource Cente

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ