როგორ დავწეროთ - მცირე მოცულობიანი, მცირე-მოცულობიანი თუ მცირემოცულობიანი?
18.06.2019
ციცაბო აღმართიანი, ციცაბო-აღმართიანი, ციცაბოაღმართიანი;
მცირე მოცულობიანი, მცირე-მოცულობიანი, მცირემოცულობიანი;
ორმხრივ დაქანებული, ორმხრივ-დაქანებული, ორმხრივდაქანებული;
სამ განზომილებიანი, სამ-განზომილებიანი, სამგანზომილებიანი.

დააკვირდით ჩამოთვლილ სიტყვებს და მათ დაწერილობას.

რა კანონზომიერებას ამჩნევთ?

  1. თითოეულ სიტყვაში ორი შემადგენელია.
  2. სიტყვის მნიშვნელობა ერთია (ერთ აღსანიშნს მიემართება).
  3. დაწერილობა სხვადასხვაა - ცალ-ცალკე, დეფისით, ერთად.

რომელია სწორი და რატომ? როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევებში - დავწეროთ ცალკე, დავურთოთ დეფისი თუ დავწეროთ ერთად?

ამჯერად ბლოგი ორშემადგენლიან და ერთცნებიან კომპოზიტებს დაეთმობა:

რას ნიშნავს კომპოზიტი?

კომპოზიტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს სიტყვას, რომელიც შედგება ერთზე მეტი ფუძისგან.

ერთფუძიანია სიტყვა ძმა. ორფუძიანი - და-ძმა.

კომპოზიტი ორგვარია: ერთცნებიანი, ორცნებიანი ან ორზე მეტცნებიანი.

ერთცნებიანი = ერთ აღსანიშნს, ორცნებიანი = ორ აღსანიშნს

ერთცნებიანია კომპოზიტი, რომლის ფუძის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელი ფუძეების მნიშვნელობათა ჯამს, როგორც ორცნებიანის შემთხვევაშია.

უფრო მარტივი იქნება ამ წესის გაგება და გააზრება, თუ გამოვიყენებთ სიტყვებს აღმნიშვნელი ( რაც აღნიშნავს, ანუ სიტყვა) და აღსანიშნი ( რაც უნდა აღინიშნოს, ანუ საგანი, ცნება, ობიექტი).

დააკვირდით, და-ძმას (ცოლ-ქმარი, დედა-შვილი) მსგავსი კომპოზიტები (აღმნიშვნელები) აღნიშნავს არა ერთ აღსანიშნს, არამედ ორს ( დაც უნდა აღინიშნოს და ძმაც, ანუ ორივე აღსანიშნია).

მრავალსართულიანი, თავქუდმოგლეჯილი, ცისარტყელა - ამ ტიპის კომპოზიტები კი მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სიტყვის შეერთებითაა მიღებული, ერთ აღსანიშნს მიემართება, ერთ რამეს აღნიშნავს.

წესის თანახმად, ყველა ერთცნებიანი კომპოზიტი იწერება ერთად, სივრცისა და დეფისის გარეშე.

წესი ლოგიკურიცაა და მარტივი დასამახსოვრებელიც, თუმცა ენაში ახლად შემოსული სიტყვების სიმრავლემ და მედიაში მათი გამოყენების სიხშირემ ( ასევე სიჭრელემ) დაწერილობის თვალსაზრისით არეულობა გამოიწვია.

ჩვენს მედიაში აღნიშნული ტიპის კომპოზიტები სამივე სახის დაწერილობით დასტურდება, თუმცა ყველაზე ხშირია ცალ-ცალკე და ერთად დაწერილობის შემთხვევები. მიზეზი, ალბათ, დეფისისა და და კავშირის „მჭიდრო თანამშრომლობაა“. უმრავლესობას კარგად გვახსოვს, რომ დეფისი და კავშირს აღნიშნავს, დასახელებულ კომპოზიტებში კი შინაარსობრივად და კავშირი არ მოიაზრება.

იმისთვის, რომ სწორი პასუხი გავცეთ ზემოთ დასმულ კითხვას, აუცილებელია სალიტერატურო ენის ნორმების გათვალისწინება ერთცნებიანი კომპოზიტების დაწერილობასთან დაკავშირებით.

თუ ერთცნებიანი კომპოზიტი იწერება ერთად, ეს წესი გავრცელდება ენაში ახლად დამკვიდრებულ ორშემადგენლიან და ერთცნებიან კომპოზიტებთან მიმართებითაც.

შესაბამისად, სწორი იქნება:

ციცაბოაღმართიანი, მცირემოცულობიანი,ორმხრივდაქანებული, სამგანზომილებიანი, მცირეტირაჟიანი, მცირერადიუსიანი, შეზღუდულხილვადობიანი, მცირესიმძლავრიანი...



* გამოყენებული ლიტერატურა
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეტყველების კულტურის განყოფილების კრებული „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“, წიგნი მეთხუთმეტე, 2015 წელი, გვ.28;


ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ