ონლაინ და ბეჭდური მედია ხშირად უცვლელად სთავაზობს ხოლმე
მკითხველს სოციალური ქსელიდან „ნასესხებ“ კომენტარებსა და
მოსაზრებებს. მათში საკმაოდ ხშირია ერთი ტიპის შეცდომები - ავ და -ამ
თემის აღრევა ან უმართებულო გამოყენება.
ვიცვავ თუ ვიცვამ? აღვიქვავ თუ აღვიქვამ?
დავაკვირდეთ, დასახელებულ ზმნებში ერთმანეთს ენაცვლება -ავ და -ამ
სუფიქსები. იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, რომელია დასახელებულთაგან
სწორი ფორმა, გავარკვიოთ, რა ელემენტებია ეს -ავ და -ამ.
ახლანდელი(აწმყო)დროის გამომხატველ ზმნურ ფორმებს ხშირ შემთხვევაში
ბოლოში აქვს ელემენტები, რომლებსაც თემის ნიშნებს უწოდებენ.
თემის ნიშნებია:
ი (ვზრდი)
ავ (ვხატავ)
ამ ( ვდგამ)
ებ (ვამზადებ)
ობ ( ვათბობ)
ემ(ვცემ)
ოფ(ვყოფ)
წარსულ დროში იგივე ზმნები თემის ნიშნებს აღარ დაირთავენ ( გავზარდე,
დავხატე, დავდგი...).
თემის ნიშანთაგან ორი - ავ და ამ - განსაკუთრებით „საფრთხილო“ და
„საკრძალია“. მათი აღრევით ვიღებთ უმართებულო ფორმებს.
შედეგად, საკმაოდ გავრცელებულია:
ვსვავ
ვასხავ
ვაბავ
ვარტყავ
წარმოვთქვავ
აღვიქვავ
ვდგავ
ვიცვავ
ვრეცხამ
იმისთვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ, უნდა დავიმახსოვროთ მარტივი
წესი:
თუ ზმნის საწყისი ფორმა ბოლოვდება ვა მარცვალზე, თემის ნიშანი
იქნება ავ (ვა=ავ).
თუ საწყისი მა მარცვალზე ბოლოვდება, თემის ნიშანი იქნება ამ (
მა=ამ).
ავიღოთ პირველივე ზმნა შეცდომების ჩამონათვალიდან - ვსვავ.
გავიხსენოთ ზმნის საწყისი - სმა.
გადავხედოთ წესს.
გამოვიტანოთ დასკვნა - სწორი იქნება ვსვამ.
ასევე:
ვასხავ - სხმა - ვასხამ
ვაბავ-ბმა-ვაბამ
ვარტყავ - რტყმა - ვარტყამ
წარმოვთქვავ -წარმოთქმა-წარმოვთქვამ
აღვიქვავ-აღქმა-აღვიქვამ
ვდგავ-დგმა-ვდგამ
ვიცვავ - (ჩა)ცმა-ვიცვამ
ვრეცხამ-რეცხვა - ვრეცხავ
დასასრულ, ჩამოვთვლით რამდენიმე ზმნას, რომლებშიც -ავ თემის ნიშანი
„დაუკითხავად“ და უადგილოდ „მოთავსდა“.
დაიმახსოვრეთ, ამ ზმნებში -ავ თემის ნიშანი ზედმეტია!
პირველ რიგში, აღნიშვნის ღირსია ფორმა „მჯერავს“.
ერთადერთი სწორი ფორმაა მჯერა.
სწორია:
კვეთს ( და არა კვეთავს)
კვეცს ( და არა კვეცავს)
ტეხს ( და არა ტეხავს)
ჩეხს (და არა ჩეხავს)
იხვეჭს ( და არა იხვეჭავს)