სტატიების, პუბლიცისტური წერილების, ნაშრომების ბოლო აბზაცებში
ხშირად გვხვდება ხოლმე სიტყვები „დასასრულ/დასასრულს“,
„დაბოლოს“, „ბოლობოლო“.
ხშირია „დასასრულ“ და „დასასრულს“ ფორმების უმართებულო აღრევა.
რომელია მოცილე სიტყვათაგან სწორი და რომელი არასწორი?
საინტერესო ისაა, რომ ორივე სიტყვა გამართულია ორთოგრაფიულად, შეცდომა
კი მაშინ მოსდით ხოლმე, როდესაც არასწორი მნიშვნელობით და უმართებულო
კონტექსტში იყენებენ მათ.
წერილობითი ან ზეპირი მსჯელობისას დამამთავრებელ სიტყვა-თქმად უნდა
გამოვიყენოთ „დასასრულ“. ეს ნიშნავს, რომ მოქმედება დასასრულს
უახლოვდება და მსჯელობის დასრულებამდე კიდევ რაღაც დარჩა გასარკვევი,
სათქმელი, გასაცხადებელი.
არის კონტექსტი, როდესაც აღმნიშვნელი „დასასრული“ გამოყენებულია
საზღვრულად - რაღაცის ბოლო ნაწილის, დამთავრების, დაბოლოების
მნიშვნელობით. ამ შემთხვევაში სიტყვა მიცემითი ბრუნვის ფორმით უნდა
წარმოითქვას ან დაიწეროს.
კიდევ ერთხელ:
თუ სიტყვა ცალკე გვინდა გამოვიყენოთ და მოქმედების დასასრულის
მოახლოება უნდა ვამცნოთ მკითხველს ( მსმენელს), მაშინ იგი „შიშველი“,
უბრუნვისნიშნო ფორმით უნდა ვიხმაროთ და მძიმითაც
გამოვყოთ.
მაგალითად, როგორც ჩვენი წინა ბლოგის ბოლოსაა:
დასასრულ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება...
თუ სიტყვა დასასრული რაღაცის ბოლო ნაწილის, დამთავრების
მნიშვნელობით გვინდა ვიხმაროთ, მიცემითი ბრუნვის ნიშნის დართვა
სავალდებულოა.
მაგალითად: საპარლამენტო სხდომის დასასრულს ( სხდომის
ბოლოს) გაიმართა დებატები.
ამ შემთხვევაში მძიმის დართვა საჭირო არ არის.
„დასასრულ“ მნიშვნელობით შეიძლება გამოვიყენოთ ფორმა
„დაბოლოს“.
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ეს სიტყვები სინონიმებადაა
წარმოდგენილი (დასასრულ (ზმნს.) - ბოლოს, დაბოლოს, უკანასკნელ).
რაც შეეხება ფორმას „ბოლობოლო“ - ეს ფორმა
კავშირიანი „ბოლოს და ბოლოს“ შემოკლებული ვარიანტია და თანამედროვე
სალიტერატურო ნორმად არ მიიჩნევა.
ბოლო ფუძის გაორმაგებით მიღებული გამოთქმის „ბოლოს და ბოლოს“
შემოკლებული ვერსია ზოგჯერ დეფისითად გვხვდება ხოლმე (ბოლო-ბოლო).
ერთადერთი სალიტერატურო ფორმა არის ბოლოს და
ბოლოს.