ბოლო ხანებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა კულინარიული
გადაცემები. ონლაინ თუ ბეჭდური გამოცემებიც ხშირად გვთავაზობენ
„უკარგესი“, „უტკბილესი“, „ჯინჯერიანი“ ნამცხვრებისა
თუ ორცხობილების რეცეპტებს.
მედიაჩეკერის ბლოგი ამჯერად „კულინარიულ ორთოგრაფიას“ დაეთმობა.
თუ პირველ აბზაცში ჩამოთვლილი ზედსართავი სახელები გეხამუშათ და მათი
სწორი შესატყვისებიც უმალ გაგახსენდათ, მომდევნო აბზაცი გამოტოვეთ. თუ
არა - დაიმახსოვრეთ, რომ აღმატებითი ხარისხის წარმოებისას ზოგიერთი
ზედსართავი სახელი გარკვეულ თავისებურებას ავლენს და ბოლოკიდურ
მარცვალს მთლიანად „იშორებს“. ყველაზე ხშირად შეცდომებს უშვებენ ხოლმე
სამი ზესართავი სახელის აღმატებითი ( უფროობითი) ან ოდნაობითი
ხარისხის წარმოებისას. ეს ზედსართავებია სქელი, ტკბილი და გრძელი.
სწორია:
- სქელი - მოსქო - უსქესი;
- ტკბილი - მოტკბო - უტკბესი;
- გრძელი - მოგრძო - უგრძესი.
შესაბამისად, ნამცხვარი ვერ იქნება „უტკბილესი“. სწორია - უტკბესი.
„ჯინჯერისა და ლიმნის ჩაი“
ეს სასარგებლო და სასიამოვნო სასმელი ზამთრის სუსხიანი დღეებისთვის ზედგამოჭრილია, მართლწერის თვალსაზრისით კი რეცეპტის სათაური მოიკოჭლებს.
ჯინჯერს ქართულად კოჭას ან ჯანჯაფილს (საკუთრივ ეს სიტყვა - სპარსული წარმოშობისაა) ვუწოდებთ. ამ ტროპიკული ეთერზეთოვანი მცენარის ფესვს კულინარიაში სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად იყენებენ. ჩაის მომზადებისას მკვეთრი გემოს გასანეიტრალებლად ლიმონსა და თაფლს უმატებენ ხოლმე, ოღონდ ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ და დავწეროთ:
ჯანჯაფილის (კოჭას) ჩაი ლიმონით.
ლიმონი უკუმშველი სიტყვაა და, შესაბამისად, „ლიმნით“ - მცდარი ფორმაა.
უკარგესი და უცუდესი
ლექსიკური მარაგის სიმწირე, ღარიბი აქტიური ლექსიკა სწორედ ამგვარი მცდარი ფორმების გამოყენებისას ვლინდება. ქართულ ენაში ბევრი სხვადასხვა აღმნიშვნელით შეიძლება იმის გამოხატვა, რასაც უმართებულო ფორმები „უკარგესი“ და „უცუდესი“ აღნიშნავს.
დავიმახსოვროთ!
ზედსართავი სახელის ცუდი აღმატებითი ხარისხის ფორმა უ-ეს აფიქსების დართვით არ იწარმოება.
- არასწორია უ-ცუდ-ეს-ი;
- სწორი ფორმაა – უარესი.
ასევე - ზედსართავი სახელის კარგი აღმატებითი ხარისხის ფორმაა საუკეთესო და არა უკარგესი...