IPI: მზია ამაღლობელის დაკავება „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობაა ჩაახშოს კრიტიკული ხმები
22.04.2025
კატეგორია - საქართველო


„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობაა ჩაახშოს კრიტიკული ხმები.

„მზიას დაკავება არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აშკარა მცდელობა, რომ ჩაახშოს კრიტიკული ხმა, შეაშინოს დამოუკიდებელი ჟურნალისტები და გაანადგურონ ყველაფერი, რაც ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიისგან დარჩა. მიუხედავად მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმებისა, ქართველი ჟურნალისტები, მათ შორის მზიაც, ბრძოლას აგრძელებენ. 

კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გამოვხატავთ ჩვენს სრულ სოლიდარობას მისი ოჯახისა და კოლეგების მიმართ. შემოგვიერთდით მზიას გათავისუფლების მოთხოვნით ,“ - აღნიშნულია IPI-ის განცხადებაში.

მზია ამაღლობელის 100-დღიან პატიმრობას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიცია“, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.

„დღეს ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. მზია ამაღლობელის საქმეში "დაზარალებულ" პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ. მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ.

საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც, როგორც ჟურნალისტმა, სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესიად და ცხოვრების წესად აირჩია“, - წერს კოალიცია. 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ