ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ კიდევ 3 თანამშრომელი გააფრთხილა
17.04.2025
კატეგორია - საქართველო


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გადაცემა „რეალური სივრცის“ რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, „შაბათ-კვირის შოუს“ კორესპონდენტი ანა აბაკელია და ამავე გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაულიც გააფრთხილა. 

დისციპლინარული სანქციის შესახებ ბრძანებით, რომელიც სამივე მათგანის შემთხვევაში იდენტურია, თინათინ ბერძენიშვილმა თანამშრომლებს „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა. 

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 11 აპრილს, სამსახურიდან ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლა, კიდევ 4 თანამშრომელი: „რეალური სივრცის“ კორესპონდენტი და წამყვანი, თამარ მშვენიერაძე და იოსებ კაციტაძე, პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე კი შესაძლო გათავისუფლების შესახებ მსგავსი საფუძვლით გააფრთხილა. 

ტელევიზიის შეფასებით, „მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული“.

ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ტელევიზიის გენერალური დირექტორის მიერ გაფრთხილებული თანამშრომლები „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ