5 რჩევა ჰარვარდის ეპიდემიოლოგიის პროფესორისგან Сovid-19-ის გაშუქების შესახებ
21.04.2020
"კარგმა გაშუქებამ და მეცნიერებამ უნდა განასხვავოს ინფორმაციის ლეგიტიმური წყაროები ჭორების, ნახევრად-სიმართლეების, "გველის სამკურანლო ზეთის" ფინანსურად მოტივირებული რეკლამებისა და პოლიტიკურად მოტივირებული პროპაგანდისგან", - აღნიშნულია ესსეში, რომლის ავტორები ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორები ბილ ჰენეჯი და მარკ ლიპსიჩი არიან. ესსე, სახელწოდებით, "როგორ გავაშუქოთ COVID-19-ის გავრცელება პასუხისმგებლობით", მათ სამეცნიერო ბლოგზე გამოაქვეყნეს. 

გთავაზობთ ბილ ჰენეჯის რჩევებს, რომელიც მან Journalist’s Resource-ს გაუზიარა.

1. შეარჩიეთ ექსპერტები ყურადღებით. მეცნიერების ერთ დარგში ნობელის პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ და ავტორიტეტულ მეცნიერად.

ე.წ დედლაინებისა და სხვა საინფორმაციო მედიასაშუალებებთან კონკურენციისას სიჩქარის გამო, ჟურნალისტები ხშირად ისეთ ადამიანებს უსვამენ შეკითხვებს, რომელთაც საკითხის შესახებ სპეციფიკური ცოდნა არ აქვთ ან რეპორტიორებს თავიანთ მოსაზრებებს სთავაზობენ. ბილ ჰენეჯის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების გაშუქებისას ასეთ რესპონდენტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება სახიფათოა, რადგან აუდიტორია საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ახალ ამბებს ეყრდნობა.

“ეს პატარა ციტატები შესაძლოა სისულელე იყოს. გამაღიზიანებელია, როცა ისეთი ინფორმაცია ხვდება პრესაში, რომელიც ვიცი, რომ ხალხს შეაშინებს ან იმის ახსნა მომიწევს, რომ სიმართლეს არ წარმოადგენს", - აცხადებს ჰენეჯი.

პროფესორი ჟურნალისტებს მოუწოდებს მოძებნონ ისეთი მკვლევრები, რომლებიც კონკრეტულ საკითხში ერკვევიან, გამოცდილება და ცოდნა აქვთ. მისივე თქმით, უკეთესია თუ COVID-19-ის გაშუქებისას რამდენიმე მკვლევრისგან აიღებენ ინტერვიუს. "დაურეკეთ ოთხ ან ხუთ დამოუკიდებელ მეცნიერს, თუ ისინი ერთსა და იმავე პასუხს გაგცემენ კონკრეტულ საკითხზე, მაშინ თქვენს მასალაში ამ ინფორმაციის გამოყენება ღირს", - აცხადებს პროფესორი.

ამასთანავე, ბილ ჰენეჯი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები უნდა ენდონ იმ მკვლევრებს, რომლებიც კითხვაზე პასუხის გაცემისას აღიარებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით სპეციფიკური ცოდნა არ აქვთ. "კარგი მკვლევარი ნათლად იტყვის "არ ვიცი" ან "ეს არ არის ჩემი კომპეტენციის სფერო".

2. განასხვავეთ ფაქტი, მოსაზრება და სპეკულაცია

კორონავირუსის გაშუქებისას მნიშვნელოვანია ჟურნალისტებმა ექსპერტების გამოცდილებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე განმარტონ რა იციან ამ ექსპერტებმა დანამდვილებით და რას ფიქრობენ, რომ იციან.

"მაგალითად, ვიცით, რომ ეს არის ბეტა-კორონავირუსი - ეს ფაქტია. თუმცა, თუ მკითხავთ, რამდენი ადამიანი მგონია რომ დაინფიცირდება - ეს უკვე სხვა რამეა", - განმარტავს ჰენეჯი. ახალი ამბები ნაკლებად უნდა ეყრდნობოდეს იმ საკითხებზე მოსაზრებებსა და სპეკულაციებს, რომლის შესახებაც მკვლევრებს ჯერ კიდევ მწირი ინფორმაცია აქვთ, მაგალითად, რატომ არის იმის ალბათობა ნაკლები, რომ ბავშვებს კორონავირუსის მძიმე სიმპტომები განუვითარდეთ.

3. გამოიყენეთ გამაფრთხილებელი წარწერა, როდესაც გამოუქვეყნებელი აკადემიური ნაშრომის კვლევის მიგნებებს აშუქებთ.

მკვლევრები თავიანთი კვლევების შედეგებს სამეცნიერო ჟურნალებში აქვეყნებენ, თუმცა რადგანაც გამოქვეყნების პროცესს შეიძლება თვეები ან ერთ წელზე მეტიც კი დასჭირდეს, მეცნიერები თავიანთი კვლევის მიგნებებს წინასწარ ასაჯაროებენ. ამ დოკუმენტს კი "პრეპრინტს" უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის კვლევების ე.წ პრეპრინტები საზოგადოებას ვირუსის შესახებ უახლეს ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს, ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ მასალებს არ გაუვლია რეცენზირება - პროცესი, რომელიც კვლევითი საქმიანობის ხარისხის კონტროლისთვისაა შექმნილი და რომლის დროსაც ნაშრომს დარგის სხვა სპეციალისტი მკვლევრები ამოწმებენ.

ახალი კორონავირუსის შესახებ "პრეპრინტების" გამოქვეყნებამ უკვე გამოიწვია არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება. მაგალითად, რამდენიმე მედიასაშუალებამ ინდოელი მეცნიერების გამოუქვეყნებელი ნაშრომის გამოყენებით, არასწორად დააკავშირა COVID-19 და აივ ინფექცია. ამის შემდეგ კვლევა, რომელიც 31 იანვარს "პრეპრინტების" პლატფორმა bioRxiv-ზე იყო გამოქვეყნებული, სერვერიდან ამოიღეს.

4. დახმარება სთხოვეთ აკადემიკოსებს, შეგაფასებინოთ, რამდენად ღირებულია ახალი ამბებისთვის ახალი თეორიები და მტკიცებები. დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციისთვის მედიასაშუალებებმა უნდა გადაამოწმონ ოპ-ედებიც.

“თუ რაიმე ძალიან გასაკვირად, უჩვეულოდ ან მოულოდნელად გეჩვენებათ, რა თქმა უნდა შეამოწმეთ", - აცხადებს ჰარვარდის პროფესორი და მაგალითად მოჰყავს ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, ახალი კორონავირუსი დედამიწაზე გასულ შემოდგომას ჩინეთში ჩამოვარდნილმა მეტეორმა გამოიწვია - აღნიშნულის შესახებ Express-ს ასტრონომიისა და გამოყენებითი მათემატიკის პენსიაში გასულმა პროფესორმა განუცხადა.

“დაუკავშირდით კომპეტენტურ პირს და უთხარით " ეს და ეს გავიგე და ცოტა გასაკვირია". თუ მე დამირეკავთ, ასეთ ინფორმაციაზე გამეცინება და გეტყვით "იდიოტივით გამოჩნდებით ამ მასალის გავრცელების შემთხვევაში", მაშინ, ალბათ, უნდა დაფიქრდეთ, სანამ მას გამოაქვეყნებთ", - აღნიშნავს ჰენეჯი.

alt
Bill Hanage

ამავე მიზეზით უნდა გადამოწმდეს ოპ-ედებიც. მაგალითად, New York Post-ის მოსაზრების ერთ-ერთ სვეტში ნათქვამია, რომ კორონავირუსი შესაძლოა ბიოლოგიური იარაღია, რომელმაც ჩინური ლაბორატორიიდან გამოჟონა. თუმცა "მეცნიერული თვალსაზრისით, ბიოლოგიური იარაღის თეორიის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს", - აცხადებს ბილ ჰენეჯი. ჰარვარდის ეპიდემიოლოგიის პროფესორი" მოსახლეობის კვლევითი ინსტიტუტის" ( ორგანიზაცია, რომელიც პოპულაციის კონტროლს ეწინააღმდეგება) პრეზიდენტის ოპ-ედს "მეცნიერული ენით შემოსილ მოსაზრებად" აფასებს.

5. წაიკითხეთ იმ ჟურნალისტების მასალები, რომლებიც სამეცნიერო თემებს კარგად აშუქებენ.

ჰენეჯი რეკომენდაციას შემდეგ ჟურნალისტებს უწევს:

ჰელენ ბრენსველი - STAT-ის ინფექციური დაავადებებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეპორტიორი.

ედ იონგი - The Atlantic-ის სამეცნიერო ჟურნალისტი

კარლ ციმერი - The New York Times-ის მესვეტე.


წყარო:  journalistsresource.org

ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ