1 იანვრიდან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ხელფასი 16 250 ლარი (დარიცხული) იქნება
21.11.2024
კატეგორია - საქართველო

ფოტო გადაღებულია 16 ოქტომბერს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი შენობის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თინათინ ბერძენიშვილთან 2020 წლის 25 სექტემბერს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და 2025 წლის 1 იანვრიდან გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურებად 16 250 ლარი (დარიცხული) განისაზღვრა.

თიკო ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად სამეურვეო საბჭომ 2020 წლის 25 სექტემბერს 6 წლის ვადით აირჩია. 2020 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით კი, სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურებად 12 500 ლარი (დარიცხული) განსაზღვრა. 

მანამდე გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, 4 000 ლარს შეადგენდა (ხელზე ასაღები თანხა).

თიკო ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ კი, გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო 11 წევრისგან შედგება. მისი თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძეა, წევრები კი - გია მურღულია, გიორგი კოხრეიძე, თამილა დოლიძე, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, იზაბელა ოსიპოვა, გია იაკობაშვილი, სოსო სტურუა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ