22.02.2018
ცვლილებები ბუნებრივია, შეეხება საქართველოსაც. ქართული ონლაინმედიის ძირითადი ნაწილი სწორედ ფეისბუკის საშუალებით აწვდის აუდიტორიას მასალებს. წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლების თქმით, Google Analytics-ის მონაცემებიდანაც კარგად ჩანს, რომ საიტზე მომხარებლების დიდი ნაწილი სწორედ ფეისბუკზე გაზიარებული ბმულიდან გადადის. რა ცვლილებებს მოიტანს ფეისბუკის ახალი სტრატეგია ქართული ონლაინმედიისთვის? არის თუ არა ეს ახალი გამოწვევა, რომელთან გამკლავებაც ონლაინმედიას მოუწევს? ამ საკითხებზე მედიაჩეკერი რამდენიმე გამოცემის რედაქტორს ესაუბრა.
“ნეტგაზეთის” მთავარი რედაქტორი, ნესტან ცეცხლაძე ამბობს, რომ მათი მკითხველის 70 პროცენტი ვებგვერდზე ფეისბუკიდან გადადის. მისი თქმით, ახლა სამომავლო შედეგების პროგნოზირება რთულია, რადგან არ იცის, დაანონსებული ალგორითმი რამდენი ხანი იმუშავებს: "ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ცხადია, გავლენას მოახდენს ყველა მედიის სტატისტიკაზე, განსაკუთრებით ისეთ მედიებზე, რომლებიც ძალიან ეფექტურად იყენებდნენ სოციალურ მედიას კონტენტის გასავრცელებლად", - ამბობს ცეცხლაძე.
“ნეტგაზეთის” რედაქტორი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, იმ ადამიანების რიცხვი გაიზარდოს, რომლებიც ვებგვერდზე პირდაპირ შევლენ მასალების წასაკითხად: “თუკი აქამდე ვსწავლობდით, ფეისბუკის საშუალებით როგორ მიგვეწოდებინა აუდტორიისთვის ჩვენი კონტენტი, ახლა სხვა გზების მოძებნა მოგვიწევს. მკითხველების დიდი ნაწილი ინფორმაციას სწორედ ფეისბუკზე გაზიარებული ბმულებიდან იღებდა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესმა პირდაპირ ვებზე შემომსვლელების რიცხვი გაზარდოს, თუმცა მომხმარებელთა ქცევის ცვლელბა მარტივი არ იქნება”.
“ლიბერალის” ვებგვერდზეც მკითხველების 80 პროცენტი ფეისბუკიდან ხვდება. ეს მონაცემები “მედიაჩეკერს” გამოცემის რედაქტორმა, ლიკა ზაკაშვილმა მიაწოდა. ისიც შიშობს, რომ ცვლილებები “ლიბერალის” მკითხველების რაოდენობას შეამცირებს.
ზაკაშვილის თქმით, “ლიბერალი” საწყის ეტაპზე გეგმავს, დააკვირდეს როგორ აისახება მათ აუდიტორიაზე ცვლილებები, ახალ სტრატეგიას კი დაკვირვების შემდეგ შეიმუშავებენ. მისი განმარტებით, ცვლილებები არ ნიშნავს, რომ მომხმარებლებს ახალი ამბების მიღების სურვილი გაუქრებათ, უბრალოდ, მედიაორგანიზაციებს ახალ რეალობასთან ადაპტაცია და მკითხველის მოზიდვის ახალ გზებზე ფიქრი მოუწევთ.
“ერთ-ერთი გზა, რომელიც ინოვაციური არავისთვის არის და ყველა თანხმდება რომ ეფექტურია, მასალების თემატურ ჯგუფებში გაზიარებაა”, - ამბობს ზაკაშვილი.
ფეისბუკის მიერ დაანონსებული ცვლილებებით მკითხველების რაოდენობის შემცირებას არ ელოდება “ინტერპრესნიუსი”. გამოცემის რედაქტორი, ლელა ბაღდავააძე ამბობს, რომ გამოცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათი ვიზიტორების უმრავლესობა მასალების სანახავად როგორც წესი, პირდაპირ ვებგვერდზე შედის. იმ მომხმარებლების რაოდენობა კი, რომლებიც ვებზე ფეისბუკზე გაზიარებული ბმულებიდან შედიან, შედარებით ნაკლებია.
ფეისბუკის ახალი ალგორითმის ამუშავებამდე ცვლილებების ზუსტ გავლენებზე საუბარი უჭირს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტს, გიორგი ბერეჩიკიძეს. ის ვარაუდობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობა დაახლოებით 20 პროცენტით უფრო ნაკლებად თვალშისაცემი იქნება. ბერეჩიკიძე მედიასაშუალებებს რამდენიმე რჩევას აძლევს, რომელიც მათ დაეხმარებათ იმაში, რომ მკითხველის თვალთახედვის არეალში დარჩნენ:
როგორ დავრჩეთ ფეისბუკის "სიახლეების ველში"
1. როგორც მარკ ცუკერბერგი აანონსებს, მთავარია, გაიზარდოს ინტერაქცია Facebook-ზე. შესაბამისად, მედიამ უნდა განათავსოს ისეთი სიახლეები/პოსტები, რომლებიც გამოიწვევს მომხმარებლების კომენტარებს. ამგვარი პოსტები, ახალი ალგორითმის მიხედვით, უფრო ხშირად გამოჩნდება სიახლეების ველში. ამისთვის, ეფექტური იქნება მედიასაშუალებამ ბმულის გაზიარებისას, თემასთან შესაბამისი კითხვაც დაუსვას აუდიტორიას. ჰკითხოს, ეთანხმება თუ არა ის მასალაში წამოჭრილ საკითხებს. ეს გაზრდის კომენტარების რაოდენობას პოსტის ქვემოთ და შესაბამისად, სიახლეების ველშიც გამოჩნდება. თუმცა, ზედმეტიც არ უნდა მოგვივიდეს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მოხმარებლის „დასპამვა“, ჩართულობის ხელოვნურად გაზრდის მიზნით, “დასჯადი” იქნება - მაგალითად, როცა მედიასაშუალება ხშირად დაწერს პოსტებს მსგავსი სათაურით - „დააკომენტარეთ თქვენი აზრი“, ან “მოგვწერეთ, რას ფიქრობთ”, ამგვარი პოსტები გადაიწევს უკან და სხვა მედიასაშუალებები მოხვდებიან მომხმარებლის news feed-ში;
2.ეფექტური იქნება, თუკი მედიასაშუალებები აქტიურად მოუწოდებენ თავიანთ მკითხველს, გვერდების გამოწერისკენ (See first option); მნიშვნელოვანია, იქვე მარტივად აუხსნიან მომხმარებელს, როგორ ხდება გამოწერა. ალგორითმის ცვლილება გამოწერილ გვერდებზე არ იმოქმედებს და მასალები ჩვეულებრივ გამოჩნდება სიახლეების ველში;
3. Live video-ს გადაღება/ჩაწერა - ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომელიც მედიას მისცემს საშუალებას, არ დაკარგოს საკუთარი აუდიტორია ფეისბუკზე;
4.სიახლეების ველში მოხვედრა რთულია. ამიტომ აუცილებელია, გაიზარდოს მედიის დანახარჯები საკუთარი მასალების ფეისბუკში რეკლამირებაზე.