როგორ შეცვალა სოციალურმა მედიამ ტრადიციული/ონლაინ მედიის მუშაობა
30.05.2019

სოციალურმა მედიამ გააადვილა წვდომა აუდიტორიასთან, გაამარტივა კომუნიკაცია ინფორმაციის წყაროებთან, გაზარდა ოპერატიულობა, თუმცა, პარალელურად ე.წ. ტროლებმა და ყალბმა გვერდებმა მედიასაშუალებები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა; სოციალურმა მედიამ გარკვეულწილად შეცვალა ქცევაც სარეკლამო ბაზარზე, - ასეთია საქართველოში მომუშავე რამდენიმე გავლენიანი ონლაინმედიის რედაქტორის მოსაზრება საკითხზე - როგორ შეცვალა სოციალურმა მედიამ ტრადიციული მედიის დღის წესრიგი.

Forbes.com-ის კონტრიბუტორი ნიკოლ მარტინი 2018 წლის ნოემბრის სტატიაში - “როგორ შეცვალა სოციალურმა მედიამ ჩვენ მიერ ახალი ამბების მოხმარება”, განმარტავს, რომ დრო, როდესაც ადამიანები ახალი ამბების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ყოველ დილით გაზეთებს იმარჯვებდნენ ან სტელევიზიო საინფორმაციო გამოშვებებს ელოდებოდნენ, წარსულს ჩაბარდა და ადამიანების დიდი ნაწილი ინფორმაციას ინტერნეტის, კერძოდ კი სოციალური მედიის საშუალებით იღებს. მისივე განმარტებით, მსოფლიო მასშტაბით, 2.4. მილიარდი ინტერნეტის მომხმარებლიდან, დაახლოებით 64.5% ახალ ამბებს სოციალური მედიის Facebook-ის, Twitter-ის, Youtube-ის, Snapchat-ის და Instagram-ის მეშვებით ეცნობა.

საქართველოშიც მზარდაია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ინფორმაციას ინტერნეტიდან, სოციალური ქსელებიდან იღებს. NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ბოლოს 3 წელში მათი რიცხვი 7%-ით გაიზარდა და 21% შეადგინა.

altონლაინგამოცემა “ნეტგაზეთის” მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე ამბობს, რომ სოციალურმა მედიამ ერთის მხრივ გაადვილა აუდიტორიასთან წვდომა და გაამარტივა ინფორმაციის წყაროებთან კომუნიკაცია. თუმცა, მეორეს მხრივ გარკვეული სირთულეები წარმოქმნა. მაგალითად, გაჩნდა ინფორმაციის უამრავი წყარო და აუდიტორიას უჭირს გამიჯვნა, რომელი მათგანი ეფუძნება ტრადიციული მედიის ღირებულებებს. ამასთან, მისივე განმარტებით, გაჩნდა ბევრი ყალბი გვერდი და მომხმარებლის პროფილი, რის გადამოწმებასაც დიდი რესურსი და ძალისხმევა სჭირდება.

“კიდევ ერთი, რაც [სოციალურმა მედიამ] მოიტანა არის ე.წ. ტროლები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი მედიაპლატფორმის სოციალური მედიის ანგარიშებზე დისკურსი მათთვის სასურველი მიმართულებით წაიყვანონ და ეს არის გამოწვევა… ძალიან ბევრი სიძულვილის ენის შემცველი, უხამსი კომენტარი ქვეყნდება [მომხმარებლების მხრიდან] და ამის მართვაც არის გამოწვევა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ დიდი რესურსის მქონე მედიასაშუალება, რომელსაც შეუძლია ამისთვის სპეციალური კადრი გამოყოს”, - ამბობს ის.

სოციალური მედიის გააქტიურების კვალდაკვალ, ინფორმაციის გამავრცელებლების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს ონლაინგამოცემა “ლიბერალის” მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილიც. მისი თქმით, მედიის პარალელურად, ინფორმაციის გამტარები რიგითი ადამიანები გახდნენ, რამაც თავის მხრივ კონკურენცია გაზარდა. “თუმცა, მე ამას ტრაგიკულად არ ვუყურებ. მე მაინც მგონია, რომ პროფესიონალური მედია რიგითი მომხმარებლებით ვერასდროს ჩანაცვლდება”, - ამბობს ის.

ლიკა ზაკაშვილი მედიის ვებგვერდებზე პირდაპირი ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზეც საუბრობს. მისი თქმით, მომხმარებლების დიდი ნაწილი კონკრეტული გამოცემის საიტზე ამბის გასაცნობად სოციალური ქსელებიდან გადადის, შესაბამისად სოციალურ ქსელებში განხორციელებული ცვლილებების კვალდაკვალ, გამოცემებს მუშაობის სპეციფიკაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა უწევთ.

alt“ერთ დღესაც სოციალურმა ქსელმა ალგორითმი ისე თუ შეცვალა, რომ შენი პროდუქტი ხილვადი აღარ იქნება, ეს გახდება ძალიან დიდი დაფიქრების საფუძველი”, - ამბობს “ლიბერალის” რედაქტორი. მომხმარებელთა დიდი ნაწილი გამოცემების ვებგვერდებზე სოციალური ქსელიდან რომ გადადის, მხოლოდ ქართული აუდიტორიისთვის დამახასიათებელი არ არის. ამის შესახებ თავის სტატიაში ნიკოლ მარტინიც წერს.

“ბოლო კვლევის მიხედვით, ინტერნეტმომხმარებლების 50% ამბობს, რომ მათ კონკრეტული ახალი ამბის შესახებ პირველად სწორედ სოციალური მედიის საშუალებით შეიტყვეს. დიდი ნაწილი კი აცხადებს, რომ მთავარი ამბის შესახებ ინფორმაციას ისინი სოციალურ ქსელებში საკუთარი ანგარიშების ე.წ. კედელზე ხვდებიან და ახალი ამბების სააგენტოების ვებგვერდებზე მეტი დეტალის გასაგებად სწორედ ამის შემდეგ გადადიან (57%)”.

altOn.ge-ს რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი “მედიაჩეკერთან” საუბარში ამბობს, რომ სოციალური მედიის დამსახურებით ე.წ. ტრადიციული მედიასაშუალებები სისწრაფეზე მეტად ორიენტირებულები გახდნენ, რასაც თავისი დადებითი და უარყოფით მხარეები აქვს. მაგალითად, სისწრაფე ზრდის შეცდომის დაშვების რისკებს, მაგრამ მაინც იძულებული ხარ მოპოვებული ინფორმაცია უფრო სწრაფად დაამუშავო.

კითხვაზე, ხომ არ შეიწირა სისწრაფეზე ორიენტირებულობამ სიღრმისეული თემები და ანალიზი, ნესტან ცეცხლაძე გვპასუხობს, რომ ოპერატიულობა მედიის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და ეს ახლაც ასეა, თუმცა არა ხარისხის ხარჯზე.

“ცხადია, ისე არ ვუყურებთ, რომ მხოლოდ ხარისხიანი მასალები შევქმნათ, რომელსაც არავინ წაიკითხავს, ეს არ არის ჩვენი პრიორიტეტი... ჩვენ ცხადია გვინდა, რომ მივწვდეთ დიდ აუდიტორიას და ამისთვის მრავალ რესურსს ვიყენებთ, მათ შორის, სოციალურ მედიას, სოციალური მედიის მიერ შექმნილ ჯგუფებს, ამაში ვხარჯავთ ძალისხმევას, მაგრამ არა კონტენტის ხარჯზე”, - განმარტავს ნესტან ცეცხლაძე და ამბობს - “მარტივად, რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვარქმევთ მასალას ისეთ სათაურს, რომელიც ამახინჯებს მის შინაარსს, მაგრამ მიიზიდავს დიდ აუდიტორიას”.

მარტივად მიწვდე კონკრეტული თემით დაინტერესებულ აუდიტორიას, კარგ შესაძლებლობად აფასებს ლიკა ზაკაშვილიც. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში გაჩენილი კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიებზე გათვლილი თემატური ჯგუფები, სადაც მასალების გავრცელება დივერსიფიცირებულად, კონკრეტული მკითხველის ინტერესების შესაბამისად ხდება, მომხმარებელს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ზღვა ინფორმაციაში კონკრეტულად მისთვის საინტერესო კუთხე და ჯგუფები მოინიშნოს.

მისივე თქმით, ის რომ მედია ე.წ. კლიკებზე, ანუ მასალის ნახვის ზრდაზე ე ზრუნავს, პრობლემა არ არის. ამის პარალელურად კონკრეტულ გამოცემას სიღრმისეული კონტენტის შექმნაც შეუძლია. თუმცა, აქ უკვე ადამიანური რესურსის ნაკლებობის პრობლემამდე მივდივართ და ჩნდება კითხვა - რამდენად გყოფნის ადამიანური რესურსი, რომ ყველა ამ გამოწვევას გაართვა თავი - “ჩვენ ვიცით, რომ გვყავს მკითხველი, რომელსაც მოკლე, პატარა ახალი ამბები აინტერესებს, მკითხველი, რომელსაც მოკვლევითი, სიღრმისეული მასალები უყვარს და ვისაც ძალიან დიდი რეპორტაჟებიც მოსწონს. ყველა ამ ადამიანს ვხედავ, მაგრამ მრჩება თუ არა რესურსი, რომ ყველას შევთავაზო ის პროდუქტი, რაც სურთ, ეს უკვე კითხვნის ნიშნის ქვეშ დგება”.

მოკლე, პატარა ამბებია დასახელებული აუდიტორიის დიდი ინტერესის საგნად, ფორბსის სტატიაშიც - “მომხმარებლების დიდი ნაწილი საკუთარი ანგარიშის თვალიერებისას კონკრეტულ ამბავზე ჩერდება და მხოლოდ მის სათაურს კითხულობს, ან პატარა ვიდეორგოლებს ეცნობა. ვიზიტორების საშუალო მაჩვენებლების მიხედვით კი, მკითხველი კონკრეტული გამოცემის საიტზე სტატიის წასაკითხად საშუალოდ 15 წამს ჩერდება. ვიდეოების საშუალო ყურებადობა კი 10 წამია”.

ნესტან ცეცხლაძე ამბობს, რომ ტრადიციული მედიის დღის წესრიგი არა მხოლოდ სოციალური მედიის გააქტიურებამ, არამედ ზოგადად, ინტერნეტმომხმარებლების ქცევის შეცვლამ, ციფრულმა რევოლუციამ და ახალმა ბიზნესმოდელებმა განაპირობა, რაც მედიის შინაარსზე, ფორმასა და სიღრმისეულობაზე თავისთავად აისახება: “მაგალითად, [მედიის] მთავარი კონკურენტი გახდა Facebook-ი ბიზნესმოდელების თვალსაზრისით, მთელი სარეკლამო შემოსავლები მიდის აქ და არა კონკრეტულ მედიასაშუალებებში. კარგი სიღრმისეული კონტენტის მომზადებას უფრო მეტი ფინანასური რესურსი სჭირდება“, - ამბობს იგი.

გელა ბოჩიკაშვილი კი ფიქრობს, რომ სოციალურმა მედიამ ტრადიციულ მედიას ნაკლები ფინანსური რესურსით უკეთესი მედიაპროდუქტის შექმნის საშუალება მისცა. ამავე დროს, მისი აზრით, სოციალურმა მედიამ გააჩინა შესაძლებლობა მედიამ დრო დაზოგოს, - მაგალითად, თუკი კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით რედაქცია რომელიმე ბრიფინგზე კითხვის დასმას არ აპირებს, მას მისი ლაივრეჟიმში ყურებისა და ამბის ამგვარად გაშუქების საშუალება აქვს.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვია ჟურნალისტების ერთგვარი გაზარმაცება და ხომ არ აქცია ისინი “ოფისის ადამიანებად სოციალური მედიის შესაძლებლობებმა, მაგალითად ამბის ეპიცენტრიდან სხვისი პირდაპირის ეთერების გამოყენების საშუალებამ, ”, On.ge-ს რედაქტორი უარყოფითად პასუხობსდა განმარტავს, რომ განვითარებაზე ორიენტირებული ჟურნალისტისთვის მსგავსი ტექნოლოგიური შესაძლებლობები ხელისშემწყობ ფაქტორებადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ და არა პირიქით.

მის აზრს იზიარებს “ნეტგაზეთის” რედაქტორიც და ამბობს, რომ მსგავსი საშუალება, განსაკუთრებით მცირე რესურსების მქონე მედიისთვის, გარკვეულ შემთხვევებში, პირიქით, კარგიც არის, - მათ მეტი ამბის დაფარვის შესაძლებლობა გაუჩნდათ.

„ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე ყოფნა, თუმცა, ყოველთვის არ არის არსებითი“,- ამბობს იგი და განმარტავს, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალური განხილვის საგანია.

“ლიბერალის” რედაქტორის თქმით კი, ცხადია ყველა ამბის ადგილიდან დაფარვა ვერ ხერხდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჟურნალისტები ოფისის ადამიანებად იქცნენ - “იქ, სადაც ამბის ადგილზე მისვლა და რესპონდენტთან პირისპირ საუბარია საჭირო, ამას “ლიბერალი” ყოველთვის აკეთებს, ოფისიდან კი მხოლოდ ისეთი საკითხები შუქდება, რაც შესაბამის ფორმატს შეესაბამება”.

* 30 ივნისი სოციალური მედიის დღეა. ეს დღე პირველად 2010 წელს აღინიშნა. ღონისძიების ინიციატორი საიტი mashable.com იყო,, რომელიც სოციალური მედიის სიახლებს აშუქებს.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ