რუსთავი 2 კურიერის წამყვანებმა დატოვეს
20.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერის" წამყვანებმა  დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა დატოვეს. ამის შესახებ მათ 20 აგვისტოს პირდაპირ ეთერში განაცხადეს.

"ერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში საიდანაც ვეღარ გეტყვით რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი", - თქვა დიანა ჯოჯუამ.

წამყვანების ტექსტის შემდეგ საინფორმაციო გამოშვება აღარ გაგრძელებულა.

ამ საინფორმაციო გამოშვებამდე  გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაუშვა "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.  აგრეთვე წამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი.

***
"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, იმავე დღეს აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და არხის მფლობელადაც ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა, რომელმაც თავის მხრივ თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა.  

9 აგვისტოს  არხის  9% -ის  უკვე ყოფილი მლობელის, ნინო ნიჟარაძის საჩივრის გამო დაწყებული გამოძიების  საფუძველზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. გვარამია ბრალს არ აღიარებს და გირაოს გადახდასაც არ აპირებს.

14 აგვისტოს კი ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა და პოტენციურ მყიდველებს ერთი კვირის ვადა მისცა, თუმცა, რადგანაც მსურველი არ გამოჩნდა,  19 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას არ ყიდის, არ გააკოტრებს და "რუსთავი 2 "იქნება "პოლიტიკურად დამოუკიდებელი".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ