„გურიის მოამბის“ რედაქტორის მიმართ მუქარის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს
17.09.2019

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ის პირი ამხილეს, რომელიც "გურიის მოამბის" რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული, 1986 წელს დაბადებული ბ.მ., ბრალს აღიარებს. დანაშაული 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, მუქარის წერილი თეა იოსელიანს ფეისბუკში “ბექა მელაძის” სახელით რეგისტრირებულმა მომხმარებელმა 28 აგვისტოს გაუგზავნა. ადრესატმა ის რამდენიმე დღის შემდეგ წაიკითხა და პოლიციას მიმართა. შსს-ში ჟურნალისტი 9 სექტემბერს გამოკითხეს და საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყეს.

 

ბოლო პერიოდში ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მუქარის გახშირებულ ფაქტებზე მედიაჩეკერმა მასალა გუშინ, 16 სექტემბერს გამოაქვეყნა. 

 

იხილეთ სტატია:
 ჟურნალისტებზე ზეწოლის გახშირებული და გამოუძიებელი ფაქტები


კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ