საქართველო
კატეგორია - საქართველო



2024 წლის ივნისში „მედიაჩეკერმა“ საჯარო ინფორმაცია 3 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან გამოითხოვა. აკრედიტაცია შეჩერებულ მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ინფორმაცია პარლამენტს გამოცემამ 6 ივნისს სთხოვა, თუმცა, პასუხი ჯერაც არ მიუღია. მედია გამოცემამ 17 და 18 ივნისს საჯარო ინფორმაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან და ანტიკორუფციული ბიუროდანაც მოითხოვა. ორივე უწყებამ რედაქციას არასრული განცხადებით უპასუხა. ამასთან, სასწავლო ცენტრმა კანონიც დადგენილი ვადაც დაარღვია. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა“.

„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ ის ორგანიზაციაა, რომელიც მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის სტატისტიკას აგროვებს და საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. 

 

ამ მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის 17 ივლისის ჩათვლით, მედია ორგანიზაციებმა სხვადასხვა საჯარო უწყებას ინფორმაციის მიღების მოთხოვნით 1539 განცხადებით მიმართეს. მედიამ სრულყოფილი პასუხი 399 შემთხვევაში მიიღო, 472-ჯერ მას ნაწილობრივ უპასუხეს, 625 განცხადება კი პასუხის გარეშე დარჩა. 





როგორც „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ დირექტორი, ეკატერინე ბასილაია „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნავს, მედიის წარმომადგენლებისთვის საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღება საგრძნობლად გართულებულია და კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა წლიდან წლამდე რთულდებოდა, რაც სტრუქტურების გაუმჭვირვალობაზე მიუთითებს.

„ჩვენი, თითქმის, ერთწლიანი დაკვირვებისა და საქმის შესწავლის შედეგად, რაც  მედიისთვის საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიისთვის მსგავსი ინფორმაციის მოპოვება ძალიან რთულია.

ისეთ კითხვებზეც კი, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული, ვინ არიან დასაქმებულები და ა.შ. ამ თემაზეც კი, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებული ანალიზი არ სჭირდებოდეს, ათდღიან ვადასაც ვერ ასრულებენ. ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, თუ როგორია გამჭვირვალობა საჯარო უწყებებში“.

ეკატერინე ბასილაიას თქმით, სტატისტიკის შექმნამ ეს პრობლემები ციფრებში ასახა, რამაც უფრო გაამარტივა აღქმა, თუ რამდენად კრიტიკული ვითარებაა საჯარო უწყებების გამჭვირვალობის კუთხით. 


მედიის გამოცდილება

ერთ-ერთი მედიასაშუალება, რომელსაც გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის დროულად ან/და სრულად მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნება, საგამოძიებო მედია - „სტუდია მონიტორია“.

როგორც „სტუდია მონიტორის“ რედაქტორი, ნინო ზურიაშვილი აღნიშნავს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ძალიან შეიზღუდა.

„ჩვენთვის ინფორმაციის მიუღებლობა დიდი პრობლემაა, ვინაიდან როცა რაღაცას აკეთებ, ინფორმაციის შევსება გჭირდება. გარდა ამისა, ზოგიერთ ინფორმაციას ბალანსისთვის კი არ ვითხოვთ, არამედ იმიტომ, რომ არასწორი ინფორმაცია არ გავიდეს და ინსტიტუციას პასუხის უფლება ჰქონდეს. ისინი ამით არც სარგებლობენ და არც გვეთანამშრომლებიან. ეს თავისუფალი ჟურნალისტიკისთვის მთავრობის მხრიდან შეგნებულად პრობლემების შექმნაა“.

ზურიაშვილმა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ის შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც  ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს "სტუდია მონიტორისთვის" უკვე მომზადებული საჯარო ინფორმაცია მიწოდება აუკრძალა. მედია გამოცემამ NCDC-ის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ნინო მამუკაშვილის შესაბამისი მეილის მიმოწერა მოიპოვა. 



სახელმწიფოს წარმოუდგენელ გაუმჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების დაბალ დონეზე საუბრობს „პუბლიკას“ რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილიც. როგორც ის აღნიშნავს, „პუბლიკას“ გამოცდილება იმ საერთო პრაქტიკისგან არ განსხვავდება, რაც დამოუკიდებელ მედიას საჯარო ინფორმაციის მიღების კუთხით აქვს. 

„როდესაც კონკრეტული საკითხის მიმართ ინტერესი არსებობს, აუცილებელია, რომ მტკიცებულებები, ფაქტები, მონაცემები დროულად იქნეს მიწოდებული. როცა მედიისთვის ინფორმაციის დროული გადაცემა არ ხდება, საზოგადოების სრულფასოვანი ინფორმირება ფერხდება და ხანდახან შეუძლებელიც კი ხდება.

ინფორმაცია დროულად როდის მივიღეთ, აღარც კი მახსოვს, მაგალითის მოყვანაც კი გამიჭირდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რუსული კანონის პირველად ინიციირებიდან დღემდე, დამოუკიდებელი მედიიებისთვის საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა“.

ლიკა ზაკაშვილის განცხადებით, ძალიან გართულებულია საჯარო უწყებების მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან ურთიერთობაც. 

„დარეკვა და პასუხი სახვეწარი გახდა. როდესაც მედიებთან ეს სამსახურები ასეთი დაბალი ანგარიშვალდებულებით მუშაობენ, ეს დიდი პრობლემაა დემოკრატიისთვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის“.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა პრობლემურია „ნეტგაზეთისთვისაც“. როგორც მედია გამოცემის რედაქტორი, თაზო კუპრეიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას აღნიშნავს, წლების მანძილზე არასრულყოფილ ან დაგვიანებულ პასუხებს მაინც იღებდნენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი, საჯარო უწყებები ინფორმაციას ფაქტობრივად არ გასცემენ. ყველაზე ჩაკეტილი უწყება კი, კულტურის სამინისტროა.

„მათთან ელემენტარული სახის კომუნიკაციაც შეუძლებელია, თუნდაც პრესსამსახურის გავლით. სხვა სამინისტროებთან, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. რომ დარეკავ, რაღაც ზოგად პასუხს მაინც გაგცემენ, რომ მოიკვლევენ, მოიძიებენ, თუმცა, თანდათანობით, ჩაკეტილობის მხრივ სხვა უწყებებიც უთანაბრდებიან“.

კუპრეიშვილით თქმით, როდესაც ისინი ინფორმაციას არ ავრცელებენ, მათ თავის მართლება არ უწევთ და გაცილებით გაუმჭვირვალედ, თავიანთ ნება-სურვილზე ხარჯავენ თანხებს და ხშირ შემთხვევაში, დანაშაულსაც კი მალავენ. 

„ინფორმაციის გაუსაჯაროებლობის მიზანია, დამალონ საკუთარი დანაშაული, დამალონ ბიუჯეტის არაეფექტიანი და უმიზნო ხარჯვა. არსებობს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფული მიზნობრივად არ იხარჯება“.


გასაჩივრების შესაძლებლობა

ინფორმაციის გაცემაზე საჯარო დაწესებულების უარის გასაჩივრება მედიას იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრის შეტანისა და სასამართლოსთვის მიმართვის გზით შეუძლია. ჟურნალისტებს ამ პროცესში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ეხმარება.

IDFI-ის იურისტის, ნიკა ბოლქვაძის შეფასებით, დაწესებულებები კანონს სისტემურად არღვევენ და ისინი ხშირ შემთხვევაში, განმცხადებლების გამოუცდელობით სარგებლობენ. მისი თქმით, საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის გამოთხოვა განსაკუთრებით პრობლემური ბოლო ორ წელში გახდა. 

„თავიდან ცენტრალური უწყებებით, მთავრობის, სამინისტროების დონეზე დაიწყო და ტენდენცია უკვე ადგილობრივ დონეზეც შეიმჩნევა“.

ნიკა ბოლქვაძის განმარტებით, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრება ეფექტური საშუალება არაა, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ეს საჩივრები იმავე უწყების უფრო მაღალი თანამდებობის პირების მიერ  განიხილება და დაკმაყოფილების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში 300-მდე ადმინისტრაციული საჩივარი გააგზავნეს, საიდანაც პროცედურის სრული დაცვით განხილული საჩივრები იშვიათობაა.

„ზოგიერთ შემთხვევაში დე-ფაქტო აკმაყოფილებენ ხოლმე, ანუ როცა გავუსაჩივრებთ, შემდეგ მოგვაწვდიან ინფორმაციას და იმავე საჩივარზე საქმის წარმოებას წყვეტენ ან ჩვენ გამოგვაქვს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თუ დაწესებულებას არ გაუსაჩივრე, იქამდე ის თავს ანგარიშვალდებულად არ თვლის“.

თუ ადმინისტრაციულმა საჩივარმა შედეგი არ გამოიღო, შემდეგ IDFI-ი დავას სასამართლო წესით იწყებს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში სასამართლოში 50-მდე სარჩელი შევიტანეთ და აქედან 6 შემთხვევაში, სარჩელის შეტანის შემდგომ, საჯარო დაწესებულებამ  ინფორმაცია შესაგებლის სახით ან სხვა ფორმით მოგვაწოდა. სხვა შემთხვევებში, ეს საქმეები დღემდე მიმდინარეა, რაც პრობლემაა. გაწელილი ვადები სასამართლოს გზით უფლების დაცვის ეფექტიანობას ამცირებს“.


რას წერს სახალხო დამცველი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, რაც მედიასაქმიანობის ეფექტიანობას საფრთხეს უქმნის, სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშიც მოხვდა. 

ომბუდსმენი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად მოძველებულ კანონმდებლობასა  და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის არარსებობას მიიჩნევს. 

„დღემდე არ არის სავალდებულოდ აღიარებული „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენცია, რომლის მე-8 მუხლი ითვალისწინებს, რომ განმცხადებელს საჯარო ინფორმაციის გაუცემლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ან სასამართლოში ან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოში და ეს პროცედურა უნდა იყოს სწრაფი და იაფი“.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადაში გაცემაზე უარის თქმის 100-ზე მეტი შემთხვევის შესახებ. მას საჩივრებით უმეტესად უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები მიმართავდნენ. საჩივრების უმრავლესობა კი, საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით წარგენილ განცხადებებზე საჯარო დაწესებულებების მხრიდან თვეების განმავლობაში გამოვლენილ უმოქმედობას შეეხებოდა. 

აღსანიშნავია, რომ განმცხადებლების ნაწილმა პასუხი მას შემდეგ მიიღო, რაც სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამის უწყებებს კორესპონდენციითა და განმარტების მოთხოვნით მიმართა. ანგარიშის მიხედვით,  ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საჯარო დაწესებულებების მხრიდან, არაერთ შემთხვევაში, უფლებადამცველ ორგანიზაციებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომა დაუსაბუთებლად შეეზღუდათ.



კატეგორია - საქართველო



ქართულმა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებას და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

„121 ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ, რისთვისაც სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს.

სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოვითხოვთ კანონის არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებასაც.

კონსტიტუციური სარჩელი კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს, რომ ეს კანონი ზღუდავს თითოეული ადამიანის უფლებას, გაერთიანდეს თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოდ სასიკეთო საქმის საკეთებლად და ადამიანების დასახმარებლად.

რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება მტრულ და ღირსების შემლახავ გარემოს აყალიბებს, რითიც გაერთიანების, გამოხატვისა და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას საფრთხედ აცხადებს.

მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტართა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრების მთავარი ქვაკუთხედია.

ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადებში განახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას და შეაჩერებს კანონის შესაბამისი ნორმების მოქმედებას.

ამასთან, გაცნობებთ, რომ ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ, არ დავემორჩილებით მას, და გამოვიყენებთ ყველა შესაძლო შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. კი ევროპას! არა რუსულ კანონს! “, – აცხადებენ ორგანიზაციები.

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისს ამოქმედდა. კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს, მათ შორის მედიასაშუალებებს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის" სტატუსს ანიჭებს.
კატეგორია - საქართველო



„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) განცხადების ხელმომწერი წევრები  საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ.

მათი შეფასებით, ახლახან მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს საფრთხეს უქმნის.

„ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ უცხოური წყაროებიდან მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ ორგანიზაციებად, რომლებიც „უცხო ძალის ინტერესებს ემსახურებიან“. ეს გავლენას მოახდენს ბევრ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო ჩართულობაში, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერაში და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ადვოკატირებაში. 

ამგვარი „უცხოური აგენტის“ იარლიყი, შესაძლო მკაცრ ფინანსური ჯარიმებთან ერთად, სერიოზულად შეარყევს მათ საქმიანობასა და უარყოფითად იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის, მათ შორის მოახლოებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის. 

დამოუკიდებელი, კრიტიკული ჟურნალისტიკა თავისუფალი, ინკლუზიური და დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი საფუძველია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა და შენარჩუნება, ასევე მედიის თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის საფუძველია. გარდა ამისა, ჩვენ ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუდმივი მუქარების, ფიზიკური თავდასხმებისა და ქონების განადგურების გამო. 

ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის დაშინებასა და ძალადობას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ისინი ეფექტური და სტაბილური დემოკრატიის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ. მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) წევრი ქვეყნები ყოველთვის დაიცავენ გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას. ხელმომწერი წევრები მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და განაგრძობენ მათ მხარდაჭერას დემოკრატიული მომავლის, ევროპული და ევროატლანტიკური ინსტიტუტებისკენ სწრაფვის გზაზე“ - აღნიშნულია განცხადებაში.

 
კატეგორია - საქართველო


„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპულმა ცენტრმა“ საქართველოს მედია გარემოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „პრესის თავისუფლებისთვის საქართველოში კრიზისული მდგომარეობაა“.

ორგანიზაციის ფაქტების დამდგენი კომისიის შეფასებით, მედია საქართველოში ეგზისტენციალური საფრთხეების ქვეშ დგას და ფიზიკური და სიტყვიები თავდასხმებიდან დაწყებული, შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესებითა და არასტაბილური ფინანსური მდგომარეობით გაგრძელებული, ჟურნალისტებს მუშაობა დიდი დაბრკოლებების ფონზე უწევთ.

ECPMF-ის ანგარიშის მიხედვით,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ შემოთავაზებული კანონპროექტი მედიის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

„დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და საინფორმაციო საშუალებების დაუღალავი შრომა საქართველოში იძლევა გარკვეულ იმედს ქვეყანაში პრესის თავისუფლების მომავლის შესახებ, მაგრამ ის კვლავ რთულ გამოწვევად რჩება“.

„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის“ (ECPMF) დელეგაცია თბილისში 2024 წლის გაზაფხულზე იმყოფებოდა.

მისიის ფარგლებში ECPMF ქართველ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს შეხვდა.

 
კატეგორია - საქართველო



რა მოხდა სინამდვილეში

 

13 ივლისს კახეთში წნორში „ცოდნის კაფემ“ უფროსი და ახალგაზრდა თაობების წინასაარჩევნო განწყობების კვლევის პრეზენტაციაზე ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიტიკური პარტიები მიიწვია. შეხვედრის მეორე ნაწილში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მათი გამოწვევების საპასუხოდ, საკუთარი პროგრამები გააცნეს.

როგორც „ცოდნის კაფე“ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, პრეზენტაციას 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ, თუმცა, მას არ დაესწრნენ "ქართული ოცნება“, "ხალხისთვის" და "მოქალაქეები". 

პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების  შეხვედრის ბოლოს დისკუსიაც გაიმართა, რომელსაც ფასილიტაციას "პირველი არხის"ჟურნალისტი, გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი უწევდა. 

რა ამბავი გაავრცელა „ლელომ?“

იმავე დღეს, 13 ივლისს  პოლიტიკურმა პარტიამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლელოს“ ლიდერები, მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილი წნორში კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ამბავს თან ახლა შეხვედრის ამსახველი ფოტო მასალაც, სადაც როგორც სხვა პარტიების ლიდერები, ისე "ცოდნის კაფეს" წარმომადგენელი, ნანა ბაგალიშვილი და პრეზენტაციის მოდერატორი, ნინო ზაუტაშვილი ჩანდნენ. 

"ლელომ" განცხადებაში ნანა ბაგალიშვილსა  და NDI-ის მასპინძლობისა და მოსახლეობასთან საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხდა, თუმცა, ღონისძიებაში სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობაზე არაფერი უთქვამს. 

 

რა გვიამბო "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა"? 

13 ივლისსვე, 23:45 წუთზე „პირველი არხმა“ საკუთარ ვებგვერდზე „ლელოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულიად და უცვლელი სახით გამოაქვეყნა. "ლელოს" ალბომიდან ტელევიზიამ მასალის მთავარ ფოტოდ ის შეარჩია, რომელზეც ანა ნაცვლიშვილი, ნანა ბაგალიშვილი, ნინო ზაუტაშვილი და  დეა მეტრეველი ჩანან. ახალ ამბავს სათაურად კი დაურთო: "„ლელოს“ ლიდერები წნორში მოსახლეობას შეხვდნენ". 

 

აღსანიშნავია, რომ "პირველი არხი" ამ ამბის გაშუქებისას მხოლოდ "ლელოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო. ტელევიზიამ შეხვედრის დამატებითი დეტალები არც „ცოდნის კაფეს“, არც NDI-ის, არც ფოტო მასალაში ასახულ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და არც თავად ნინო ზაუტაშვილთან არ მოიძია და გადაამოწმა.

A group of women smilingDescription automatically generated

ამბიდან მეორე დღეს, 14 ივლისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წამყვანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ის "ლელოს" ლიდერია და წესით, ამის შესახებ მისთვის უნდა ეკითხათ. 


A screenshot of a computerDescription automatically generated



"მედიაჩეკერთან" საუბრისას კი ზაუტაშვილმა თქვა, რომ მისთვის ძალიან გასაკვირია, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებლი" ამ ფოტოთი და ამ სათაურით აქვეყნებს მასალას, ისე რომ მისთვის არც კი უკითხავთ, თუ რა მიზეზით იყო  კახეთში მიწვეული.

"ეს იყო მოქალაქეებისა და 8 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელსაც მოდერაციას ვუწევდი. სხვადასხვა დროს არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორუმისთვის თუ დისკუსიისთვის გამიწევია მოდერაცია. არანაირი პარტიის ლიდერი არ გახლავართ და არც ვაპირებ. თუ დავაპირებ, უსათუოდ და პირველ რიგში ამას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გაიგებს“. 

"პირველი არხის" ეს მასალა ფოტო მანიპულაციად და ნინო ზაუტაშვილზე "თავდასხმად" შეაფასა "მედიაჩეკერთან" საუბრისას მედიის მკვლევარმა, ნინო დანელიამ.

"ვფიქრობ, ძალიან მარტივია იმ მიზეზების ახსნა, რა მიზეზითაც "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ფოტოთი მანიპულაციის საშუალებით საკუთარი წამყვანი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრად ან თუნდაც მხარდამჭერად წარმოაჩინა. ამ არხს, სამწუხაროდ, არ აქვს და არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ჰქონია გამოცდილება, იყოს კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, აკონტროლოს ძალაუფლება და იყოს ანგარიშვალდებული სწორედ, საზოგადოების წინაშე, რაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" უპირველესი ვალდებულებაა. 

რაკი ეს გამოცდილება არ აქვს, ის ცდილობს, ყველაფერი შეფუთოს სწორედ ისე, როგორც ეს ხელისუფლებას მოეწონება და იყოს ლოიალური მის მიმართ. ამიტომ როდესაც მისი ერთ-ერთი წამყვანი, რომელიც ცდილობს მისი გადაცემების მეშვეობით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული იყოს, გაახმოვანოს საზოგადოებაში არსებული პრობლემები და გაუწიოს ადვოკატირება სწორედ ხმაწართმეულ ადამიანებს და მათ, ვისაც უფრო მეტი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან სჭირდება, მისთვის ასეთი ტიპის წამყვანი არხზე, ბუნებრივია, არაკომფორტულია. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, ამ ფორმით თავს დაესხნენ ნინო ზაუტაშვილს და საზოგადოებას უთხრან, რომ ეს წამყვანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იმიტომ  კი არ არის, რომ ის ობიექტური და დამოუკიდებელი ჟურნალისტია, არამედ იმიტომ რომ პოლიტიკური პოზიციის მატარებელია, ის არის მხარე. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება სწორედ ასე ესხმის თავს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ცდილობს, რომ ისინი მხარედ წარმოაჩინოს და მათ მიმართ ნდობა შეამციროს. 

მაგალითად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭირო იყო ინფორმაციის გადამოწმება, უნდა დაერეკათ საკუთარ თანამშრომელთან, ასევე პარტია „ლელოში“ და უბრალოდ გაეგოთ, რა ღონისძიება იყო.

აქვე უნდა აღვნიშნო, როდესაც ასეთ მტრულ გარემოში უწევთ მუშაობა დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, უმჯობესია ისინიც მეტად ფრთხილად იყვნენ და არავის მისცენ იმის საშუალება, მსგავსი ფოტო თუ ვიდეო მასალა მათ წინააღმდეგ გამოიყენონ”. 

მეორე დღეს, 14 ივლისს „პირველი არხმა" "ლელოს" მიერ გავრცელებული იმავე ინფორმაციის შესახე სიუჟეტიც მოამზადა, რომლის სათაურიც ამჯერად იყო: "NDI-ს და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა წნორში".

A person in a beige suitDescription automatically generated

"ოპოზიციური პარტიების ლიდერები და „ენ-დი-აი“-ს წარმომადგენლები წნორში მოსახლეობას შეხვდნენ. ინფორმაციას პარტია „ლელო“ ოფიციალურ „ფეისბუქ-გვერდზე“ აქვეყნებს, " - ამბობს საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მარიამ სეთურიძე მასალის წარდგენისას.   

აღსანიშნავია, რომ გამართული შეხვედრა „მოამბემ“ კადრსინქრონში მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუასა და თენგიზ შარმანაშვილის  შეაფასებინა.

„ცალსახად, ნათლად ჩანს როგორ არი ჩართული NDI და IRI აი ამ  წინა პოლიტიკურ ესე იგი საარჩევნო კამპანიაში. უკვე უფინანსებს კიდეც ამ რადიკალებს აი ამ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რომ დეზინფორმაცია გააგრძელონ, დეზინფორმაცია ავრცელონ და ამაში მონაწილეობს, მე შეგახსნებეთ, შემდეგ ეს NDI და IRI და ეს ორგანიზაციები იქნებიან ის ორგანიზაციები, რომელბიც დამკვირვებლის სტატუსით არიან წინასაარჩევნო გარემოს შემუშავებაში და შემდეგ დასკვნები უნდა დადონ. ყველგან ვიტყვით, სადაც საჭიროა, ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს და მათ შორის ფაქტები გვაქვს, როგორ თქვენ მიერ საფინანსებულ ღონისძიებაზე, როგორ ხდება პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენი ლიდერების შეურაცხყოფა", - თქვა ზარქუამ.

 
უცხოეთიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და  საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაზე გააკეთა აქცენტი შარმანაშვილმაც. 

შეხვედრის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნანა ბაგალიშვილმა "მედიაჩეკერს" "ქართული ოცნებისთვის" გაგზავნილი მოსაწვევიც აჩვენა.

„ჩვენ მოსაწვევი ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე „ქართულ ოცნებასაც“ გავუგზავნეთ. ასევე, ინფორმაცია მივაწოდეთ წერილობითაც და მოვიწვიეთ მაჟორიტარი დეპუტატები, ირაკლი ქადაგიშვილი და დავით სონღულაშვილი. "ქართული ოცნება" არ გამოგვხმაურებია, არც მეილზე გვიპასუხეს და არც ტელეფონზე. დავით სონღულაშვილმა გვითხრა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა, ირაკლი ქადაგიშვილმა კი წერილს არ უპასუხა".

A screenshot of a computerDescription automatically generated


„რაც შეეხება NDI-ს წარმომადგენლებს, შეხვედრას გიორგი კაკაბაძე და მარიამ ბარამიძე ესწრებოდნენ, რომელმაც მხოლოდ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს. კვლევის პრეზენტაცია კი, რომელიც დისკუსიის ერთ-ერთი საგანი იყო, "სამოქალაქო ინიციატივის" სახელით ქეთევან მოლაშვილმა გააკეთა“ - განმარტავს ბაგალიშვილი.  

გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების მიზნებზე საუბრობს "მედიაჩეკერთან" მედიის ექსპერტი, ზვიად ქორიძე.


"გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას ერთადერთი მიზანი აქვს - მოატყუო აუდიტორია და ამ ტყუილით შეეცადო მის მართვას. დღეს საკმაოდ ბევრი დეზინფორმაციული ტალღა გვაქვს საქართველოში. საკმაოდ დიდი დრო და რესურსი მიაქვს მათ მხილებას და ამ დეზინფორმაციისგან მიღებული ზიანის აღმოფხვრას. ეს აზარალებს დემოკრატიას. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაშია ჩართული "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელიც მმართველი პარტიის ვიწროპარტიული მიზნების განსახორციელებლად საჯარო ფინანსებს იყენებს. 

დიდად არ გამკვირვებია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ცდილობს თავისი წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის პროფესიულ დისკრედიტირებას. ნინო "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ისეთი საზოგადოებრივი ღირებულების მქონე გადაცემას აკეთებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება და რომელიც  ხელისუფლებას აღიზიანებს. მაუწყებლის ხელმძღვანელობა მას კონტრაქტს დღესვე სიამოვნებით  გაუწყვეტდა, თუმცა კარგად იცის, რომ ეს დიდ საჯარო უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამიტომ კონტექსტის გარეშე ასეთი ფოტოების გამოქვეყნებით ცდილობს, რომ ნინოს პოლიტიკური მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვი გააჩინოს".  

 
 

ამბავი მოკლედ

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" 13-14 ივლისს მხოლოდ "ლელოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბის გადამოწმების გარეშე, განსხვავებული აქცენტებით, 2 მასალა მოამზადა.

ერთ შემთხვევაში, "პირველმა არხმა" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ამბისთვის შერჩეული სათაურისა და ფოტოს ერთობლიობით მანიპულაციის შესაძლებლობა გააჩინა - თითქოს, ნინო ზაუტაშვილს "ლელოსთან" კავშირი აქვს.


„მოამბეში“ გასული მასალა კი "ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" დისკრედიტაციის შესაძლებლობად იქცა.






"საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის
კოდექსის" პირველივე პრინციპი სიზუსტეა.  

„ჩვენ ვისწრაფვით დავიცვათ: სიზუსტე - დავადგინოთ სიმართლე და ზუსტად ავსახოთ მიმდინარე მოვლენები. დავეყრდნოთ უტყუარ ფაქტებს, ზუსტ მონაცემებს და სანდო წყაროებს. არ შევიყვანოთ შეცდომაში აუდიტორია შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით.“ 

"მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის" 52-ე მუხლით კი, "საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები".

"მედიაჩეკერი" განმარტებისა და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად "საზოგადოებრივ მაუწყებელსაც" დაუკავშირდა, რომელმაც ამბავში გასარკვევად დრო ითხოვა. ტელევიზიის პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა შესაბამისად განახლდება. 

 
კატეგორია - საქართველო



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების საფუძველზე, რადიომაუწყებლობის პრიორიტეტები დაამტკიცა. კომისია რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებელ კონკურსებს სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით გამოაცხადებს. საერთო ან სპეციალიზებული რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსები ცალ-ცალკე გამოცხადდება. 

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების კვლევა „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ ჩაატარა და კომისიამ ამ მომსახურებისთვის დღგ-ს ჩათვლით 46 550 ლარი გადაიხადა. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2023 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 14 სამაუწყებლო ზონის მასშტაბით, 4258-მა რესპონდენტმა მიიღო. 

რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების კვლევის შედეგებით, რადიოს მოსმენის მიზნობრიობის სამი ძირითადი მიმართულება: განტვირთვა-გართობა (მუსიკის მოსმენა, ყოველდღიური საზრუნავისგან დისტანცირება და სხვ.), ახალი ამბების/ცნობების მიღება და შემეცნება გამოვლინდა. ქართულ რადიოსივრცეში იდენტიფიცირებული საჭიროებები კი გადაცემების შინაარსსა და ფორმატს და რადიოს ხელმისაწვდომობის ტექნიკურ მხარეს ეხება.

 


რადიოს შერჩევის კრიტერიუმებში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებად მუსიკა და საინფორმაციო გადაცემები დასახელდა. რესპონდენტები ყველაზე ხშირად, სწორედ მუსიკასა და ახალ ამბებს უსმენენ. პოპულარულია სპორტული (14%) და სამედიცინო (11%) შინაარსის გადაცემებიც. 

 

კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპოდენტების უმრავლესობის (57%) აზრით, ყველაზე მოთხოვნადი რადიომაუწყებლის ტიპი, რომლის დამატების საჭიროებაც არსებობს, საერთო რადიოა, გამოკითხულთა 22% კი მიიჩნევს, რომ სპეციალიზებული რადიოს დამატებაც საჭიროა.

გამოკითხულთა 91% თვლის, რომ რადიოები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მაუწყებლობდნენ, მათი 6% კი რეგიონულ რადიოს ემხრობა.

„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის" მე-4 მუხლის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია ლიცენზიის მაძიებლებისათვის რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე 2 წელიწადში ერთხელ  განსაზღვრავს და აქვეყნებს.  

დანართი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის მიღება-ჩაბარების აქტი.



კატეგორია - საქართველო



TV 24-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნანა ლეჟავა ტელევიზიიდან მისი წამოსვლის მიზეზებზე სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ვრცლად ჰყვება:

"ამბავი იმაზედ, როგორ გავხდი თაღლითების მსხვერპლი

სათაურში შემძლო გამეტანა - როგორ გავხდი თაღლითი პილიტიკოსების მსხვერპლი, მაგრამ პოლიტიკოსებად ამ ადამიანების მოხსენიება ცოტა ხმამაღლი განაცხადი მგონია. ამიტომ დავტოვებ როგორც არის. მოკლედ, გიყვებით: ეს ორი ადამიანი - შოთა შალელაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი და მონა-მორჩილი, ვინმე სანდრო თოფურია თვეების განმავლობაში ცდილობდნენ ჩემთან კონტაქტს, თუმცა უშედეგოდ. საერთო მეგობრის  ჩარევის შემდეგ კონტაქტი შედგა. სწორედ იქ გავიგე, რომ პარტიაც ჰქონიათ, ორკაციანი, და დიდი გეგმები ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ 2024 არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდნენ, უფრო შორეული პერსპექტივის  ამბავი იყო ეგ. მათი მხრიდან  დაიდო უამრავი პირობა, რომ სურდათ ეხილათ ყველა პარტიისგან დამოუკიდებელი ტელევიზია. დაგვეწყო მცირე ბიუჯეტით, შემდეგ  გავიზრდებოდით. ნუ, პატარა ბავშვი არ ვარ და ვიცი, რომ ასე უმიზნოდ ამ საცოდავ ქვეყანაში ტელევიზიას არავინ ხსნის. გარკვევით ავუხსენი, რომ  თუ ჰქონდათ იმედი, ეს ტვ მათ ოქტომბრის არჩევნებში რამე დივიდენდებს მოუტანდა, დაევიწყებინათ ეს ამბავი. რა თქმა უნდა, უარყვეს.

ამის შემდედ იწყება მუშაობა ტვს გასახსნელად: ოფისი, ტექნიკა, სტაფი . რა თქმა უნდა, როგორც მომავალმა დირექტორმა ვიკითხე, რა იქნებოდა ტელევიზიის ბიუჯეტი, რომ განმესაზღვრა მომავალი. ნუ, ამაზე პასუხი იყო - რაც დაგჭირდება -იქნება. გაიწერა სტრუქტურა - პირველ ეტაპზე რამდენი თანამშრომელი გვჭირდებოდა, რა ტექნიკა - და შევუდექით საქმეს. ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვა სანდრო თოფურიას ჩააბარეს, ვინაიდან მე ფინანსებში გარევა არ მოვინდომე. ეს ადამიანი შოთა შალელაშვილის მარჯვენა ხელია  და ყველაზე სანდო ადამიანი, როგორც მივხვდი.  საბოლოოდ,თვენახევარში  ამ ხალხმა მომთხოვა სასწრაფოდ ეთერში გასვლა, თუმცა ჩვენ არ გვქონდა საეთერო ბადე შევსებული. მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებისთვისაც კი არ ვიყავით ტექნიკურად მზად! ლაივუები ბოლო დღეს ჩამოვიდა, ბოლო დღემდე არ გვქონდა შიდა ქსელი, ხმის ჩამწერი ოთახი და მილიონი რამ), მაგრამ მფლობელს ეთერში გასვლა ისტერიულად ეჩქარებოდა. ამიტომ, ზუსტად თვენახევარში  პირველი ეთერიც შედგა და, პროფესიონალების დამსახურებით, კარგი ეთერი - ამას ვიტყვი ხმამაღლა და თავაწეული. 10 ივნისს გავდივართ ეთერში და მანამდე ვიღებ სანდრო თოფურიას პირობას, რომ ოღონდ ეთერში გავიდე და მექნება ყველაფერი ნორმალური ფუნქციონირებისათვის! არ დაგვიწყდეთ, რომ არ მყავს ფროდაქშენი (ძვირი ჯდებოდა), შესყიდვები, ანუ ჯერ ვერც ვოცნებობ რომ ბადეში საინფორმაციოს  გარდა სხვა გადაცემა მექნება, მაგრამ მპირდებიან, რომ, აი, მე ეთერში  გავიდე და ოქროს სარაიას ამიშენებენ!

არც ერთი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს ტვ 24 ში, არ მიმიღია ბატონ სანდროსთან შეთანხმების გარეშე! თუმცა მუდმივად  მიწევდა ახსნა, მაგალითად , რაში  მჭირდება ორი ვიზაჟისტი ! რეგიონებში სტრინგერები (ბიუროები ძვირი სიამოვნებაა), სამ სამონტაჟოზე მეტი, ხუთ კამერაზე მეტი.  ვინც  ტვ-ში მუშაობთ, ხომ იცით ინჯესტი რას აკეთებს? (ყველა მასალას იღებს) და მე მიწევდა ხმალაობა ამ ორ, ტელევიზიაში დილეტანტ ადამიანთან, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო.

მოკლედ, სადღაც 20 ივნისიდან დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. ბატონმა შოთამ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ძალიან ბევრს ხარჯავდა (როიტერზე ჯერ თანხმობა მომცეს, მერე გამაუქმებინეს - ძვირიაო) და სანდრო თოფურიას მხრიდან დაიწყო ყველა იმ შეთანხმების და დაპირების უტიფრად უარყოფა და დარღვევა, რაც მანამდე არსებობდა.

ასე, მაგალითად, სანდრო თოფურია ერთი თვის წინ შეხვდა იურისტს, რომელზეც მთხოვა მიმეყვანა და გამეცნო მისთვის, მოელაპარაკა ხელფასზე, გრაფიკზე. ორი შეხვედრის შემდეგ დაითანხმა (ისიც ჩემი ფაქტორის გათვალისწინებით). ერთ თვეში, როცა ორი იურისტი უკვე აყვანილია და მუშაობს - სანდრო ამას იკვირვებს. ამბობს, რომ მანევრი ჩაუტარეს ! და რატომ უნდა უხადოს ხელფასი!ანუ ის ორი შეხვედრა, შეთანხმება, პირზე კოცნა, ვაუ რა მაგარია, რომ დაგითანხმე - გაქრა ხალხო!!იგივე ხდება ფილმების შესყიდვაზე - ელაპარკაება ერთ-ერთ კომპანიას, სადაც შუამავალი ასევე ვარ მე. მეილზე მე ვუფორვარდებ  ფილმების სიას. თავად არჩევს სათითაოდ ფილმებს. 7 ივნისს თავად უკავშირდება ამ კომპანიის ხელმძღვნელს და ტელეფონით უდასტურებს, რომ უნდა ეს ფილმები და ლიცენზიების  მოპოვებას თხოვს. ერთ კვირაში ფილმების ნაწილზე ლიცენზია მზადაა. ვაკეთებთ ანონსებს, ვაჩვენებ ამ ანონსებს ბატონ სანდროს. ის უკვე სიხარულით ჭყლოპინებს - ვაუ, რა მაგარი ანონსია (მიმოწერა არსებობს) და როცა  უკვე უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები, ნურას უკაცრავად! როგორც ჩანს,  ბატონ შოთას არ მოსწონს ფასი - ძვირია- და  ზარია ჩემთან სანდროსი: მე ამ ფილმებზე არ მითქვას თანმობა!  რატომ იყიდეთ?? ვინ იყიდა??რატომ გადის??

ბოდიშიიიიიი???? მოკლედ,გადააგდეს ის  კომპანიაც! სანდრო  მის  ბატონთან კატეგორულარ უარყოფს რომ ფილმები მისი არჩევანი იყო)))რომელი ერთი მოვყვე კიდევ??? საბოლოოდ რა დამბრალდა მე: უი,რამხელა სტაფია, ვინ გითხრა - ამდენი თანამშრომელი აიყვანეო? როცა ყველა მათგანი გავლილი იყო ბატონ სანდროსთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე დამოუკიდებლად ამ ხალხს ვერ გადავუხდიდი ხელფასს!  მანიპულატორი ვარ და ფილმებზე გადაწყვეტილება მიმიმიღია დამოუკიდებლად! ვასაქმებდი  ნათესავ -მეგობრებს.დიახ, ბატონო შოთა და ბატონი სანდრო, ამ სფეროში ბევრი მეგობარი მყავს მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც მე მოვიყვანე, არის პროფესიონალი და  თითოეულ მათგანზე საკუთარი თავით ვაგებ პასუხს. რასაც ვერ ვიტყვი თქვენს მიერ მოყვანილი თანამშრომლების ნაწილზე, რომლებიც იყვნენ არაკომპეტენტურები და მათი საქმე მხოლოდ “დანოსების” წერა იყო.

ურთიერთობა შევიდა ჩიხში და მივიღე გადაწყვეტილება, ბატონი შოთა ჩამეყენებინა საქმის კურსში. მე ეთერში გავსლამდე მისი ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცოდი, იმდენად არ მქონდა მასთან ურთიერთობა  და არც მჭირდებოდა. ბატონ შოთას შევხდვი ხუთშაბათს 4 ივლისს, პირისპირ და მოვუყევი ყველა იმ უტიფარი და გაუგონარი ტყუილის შესახებ, რასაც მისი ნდობით აღჭურვილი პირი კადრულობდა! პასუხად მივიღე, რომ ვერ დაიჯერებს!და უარესი ამბები მოვისმინე: მაგალითად, ბატონი შოთა არ აპირებს საშემოსავლოს გადახდას და ეს თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ. კიდევ ერთხელ, ბოდიშიიი?? კონტრაქტებში რომ სხვანაირად წერია?? ნუ, ეს სანდროს პრობლემააო, რატომ ჩაიწერა ასე თურმე. იქვე დავაფიქსირე,რომ ასე ვერ ვიმუშავებდი და წავიდოდი. ნუ იჩქარებო, იყო პასუხი და შემდეგი შეხვედრა შაბათს 6 ივლისს დაინიშნა, უკვე სანდროსთან ერთად.

ვინაიდან  საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ თაღლითებთან მქონდა საქმე, მომზადებული წავედი და საუბარი ჩავიწერე ტელეფონით . ნუ ისინი ორი ტელეფონით მწერდნენ! ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ხალხო, თმა ყალყზე დამიდგა იმ უტიფარი ტყუილების მოსმენით რასაც ეს ხალხი კადრულობდა!!

პირველი  ჩემი შეკითვა შეეხებოდა რას ნიშნავს, რომ თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ საშემოსავლო?? როცა წინა თვეში მათ დაგვიანებით, მაგრამ მაინც აიღეს ხელფასი  დაუბეგრავად - ის, რაც ეწერათ კონტრაქტებში!! პასუხი ???? წინა თვეში საერთოდ არ ეკუთვნოდათ მათ ხელფასები -ეთერში არ გადიოდით და მე რა ვალდებულება მქონდა, ხელფასები მეხადა??? შენი პატივისცემით დავარიგე მაშინ!!! ანუ, ხალხო, კონტრაქტების თავზეც გავიარეთო, მე ვარ ის დირექტორი, ვისი ხათრითაც ხელფასები რიგდება! მოკლედ საუბარი არ შედგა ბატონი სანდრო თოფურიას  უტიფარი ტყუილების გამო.

ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან ჩემსკენ გამოიწია დასარტყამად, მე კი, ამ თაღლითების შემხედვარე, ლამის მოძალადედ ვიქეცი და ლამის წყლის ბოთლი(პლასტმასის  :დდ ) დავალეწე თავზე ამ მონას . მადლობა ღმერთს, არსებობს ჩანაწერი, სადაც ყველაფერი გარკვევით ისმის. მე ეს ჩანაწერი მოვასმენინე ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ დრომდე ელოდებიან კუთვნილ ხელფასს. ისინი შეხვდნენ სანდრო თოფურიას. ბატონმა შოთამ არ იკადრა ნიუსრუმთან შეხვედრა და ამ შეხვედრაზე მონამ უარყო საშემოსავლოს პრობლემაც, წინა თვის ხელფასის ახსნაც და ყველაფერი, ყველაფერი რაც ჩანაწერშია!!

მოკლედ, შემიძლია ბევრი რამ მოვყვე. მათ შორის სანდროს და შოთას  მოყვანილ და შემდეგ “ატკატების”მიზეზით სანდროს  მიერვე გაგდებულ და უკან  მობრუნებულ თანამშრომლებზე (საუბარია ტექ-დირექტორზე, რომელიც მე უკვე დამახვედრეს და ბატონი სანდროს დაქვემდებარებაში იყო სტაფიანად, ასე უნდა ყოფილიყო სანამ საბოლოოდ  არ დავლაგდებოდით) ხოდა “ატკატებს” და ფულის შეჭმას რომ აბრალებდა, ის კაცი ორ კვირაში უკან დააბრუნა!

და ბოლოს:

მივმართავ პრეზიდენტს, რომლის მხარდაჭერითაც თურმე იქმნება კოალიცია და იქ ეს ბატონები უნდა იყვნენ გაერთიანებულნი! არ გირჩევთ თაღლითების პოლიტიკურ  ველზე შემოყვანას, თუნდაც მათ დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდეთ!! ისედაც ბევრი ნაგავია ქართული პოლიტიკიდან გასატანი და საქმეს ნუ გაგვირთულებთ ამომრჩეველს. გითხრათ, რად უნდოდათ ტელევიზია? წონას იმატებდნენ - აი ობიექტური ტვ გვაქვს, ფული გვაქვს - ასე დადიოდნენ კარდაკარ :)) 

დანამდვიილებით ვიცი მათი შეხვედრები “ახალთან” როგორ სთავაზობდნენ თავს :)) თუმცა ორივე ნიკასგან უარი მიიღეს! ხოდა ბატონო შოთა, ხელფასები ჩაურიცხეთ ხალხს! მათ შორის მეც! წინა თვეში ჩემი, ამ კომპანიაში პირველი ხელფასის ნაწილიც გააქრეთ, ისე რომ უწყისზე ხელი არ მომიწერია, არ მომიტანა თქვენმა მონამ და არც საშემოსავლო გადაგიხდიათ როგორც მე მაბოლებდით. კომპენსაციასაც გადაიხდით !!!აქ უტვინო არავინაა)) ყველა სიტყვაზე,  რაც აქ დავწერე, პასუხს  ვაგებ. წარვადგენ აუდიო ჩანაწერსაც და ყველა ადამიანი, ვისთანაც სანდრო თოფურიას ჰქონდა პირადი შეთანხმება და შემდეგ გადააგდო, ასევე მზადაა სალაპარაკოდ.

ბოდიში ყველასთან, რომ ასეთი მიამიტი აღმოვჩნდი. ბოდიში ყველა იმ ადამიანთან, ვინც  დავასაქმე, ვინც ჩემს გამო დატოვა სამსახური და ტვ 24-ში კარგი საქმეების საკეთებლად  წამოვიდა. დიდი მადლობა ტვ 24 ის გუნდს , თითოეულ თანამშრომელს, ისინი არიან პროფესიონალები და მადლობა მათ ერთად გატარებული ყველა წუთისთვის! ჩვენ შევძელით შეგვექმნა ისეთი გუნდი, სადაც ყოველი სამუშაო დღე ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებდა! ბატონო შოთა, ბატონო სანდრო, აი თქვენ კი პირობას გაძლევთ, რომ თქვენი გვარები ამ ქვეყანაში არასოდეს არც ერთ საარჩევნო ბიულეტენში არ იქნება!!"

TV 24-ის ეთერში კი დაახლოებით 19:54 წუთზე გაჩნდა წარწერა: "საცდელი მაუწყებლობის ეტაპი დასრულდა, მალე დაგიბრუნდებით". ეთერში არ გასულა მთავარი საინფორმაციო გამოშვებაც. გავრცელებული ინფორმაციით, გაიფიცნენ ტვ 24-ის თანამშრომლებიც. "მედიაჩეკერი" ამ ინფორმაციის გადამოწმებას სხვადასხვა წყაროსთან ცდილობს და მასალა შესაბამისად განახლდება.

ცნობილი, რომ ნანა ლეჟავამ TV 24 დატოვა 8 ივლისს გახდა, თუმცა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ის დირექტორობის თანამდებობიდან 6 ივლისს გათავისუფლდა და დირექტორი ისევ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, შოთა შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე გახდა. TV24-ის ამ გადაწყვეტილებას ხელს როგორც ტელევიზიის მესაკუთრის მინდობილი პირი, შალელაშვილი აწერს. ლეჟავამდე ტელეკომპანიის დირექტორი სწორედ ფიჩხაძე იყო.

შოთა შალელაშვილის მეუღლემ, ირა ფიჩხაძემ „ტვ 24“ მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. 

 
 
 
 
კატეგორია - საქართველო




იუსტიციის სამინისტროს ინტერნეტ ტელევიზია "სტუდია იუსტიციისთვის“ იუსტიციის სასწავლო ცენტრის 2024 წლის ბიუჯეტიდან 184 000 ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ "მედიაჩეკერს" ინფორმაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიაწოდა. ცენტრის დირექტორის, ვახტანგ ჟვანიას ხელმოწერით გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტი სრულად იუსტიციის სასწავლო ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან ფინანსდება. 

"სტუდია "იუსტიცია“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტია, რომელსაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მომზადდება შემეცნებითი გადაცემები, რომელთა მეშვეობითაც იურისტები, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, დოქტორანტები და სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული სხვა პირები მიიღებენ სათანადო ინფორმაციას სამართლის აქტუალურ საკითხებზე", - ვკითხულობთ წერილში.

"მედიაჩეკერმა" სასწავლო ცენტრიდან  "სტუდია იუსტიციასთან" დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია მიმდინარე წლის 17 ივნისს გამოითხოვა, პასუხი კი გუშინ, 9 ივლისს დაგვიანებით და არასრული შინაარსით მიიღო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, "საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა".

მედია გამოცემამ იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებითაც ითხოვა, თუ როგორ და რა სტრუქტურით იმუშავებდა „სტუდია იუსტიცია“, ვინ იქნებოდა მისი ხელმძღვანელი და სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი. 

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 13 ივნისს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ახალი ინოვაციური პროექტი - “სტუდია იუსტიცია” დაიწყო, რომელიც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე იზრუნებდა. 

"იქნება პირველი იურიდიული ონლაინ ტელევიზია, რომლის მეშვეობითაც იურისტებს ექნებათ საშუალება, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მოსაზრებები, სტუდენტებს კი შეეძლებათ სრულიად ახალი ტექნოლოგიებითა და მეთოდებით ლექციების მოსმენა და განათლების მიღება. რაც განსაკუთრებულად მახარებს და ემოციურია არის ის, რომ ეს პროექტი ატარებს სამარკო ნიშანს დამზადებულია საქართველოში!"

"სტუდია იუსტიციის" ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე პირველი გადაცემა - "მთავარი თემა" 27 ივნისს გავიდა. მისი პირველი სტუმარი სწორედ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იყო, რომელმაც სტუდიის შექმნის მიზნებზეც ისაუბრა. 

"სტუდია იუსტიციის" გადაცემის წამყვანი ანა ფილაურია. მისი კიდევ ერთი სტუმარი იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი, ლაშა ლობჯანიძე იყო. სტუდიის ფეისბუკ გვერდზე გვხვდება ვიდეოგაკვეთილიც საქართველოს კონსტიტუციის შესახებ.

კატეგორია - საქართველო



„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მედიის აკრედიტაციის განახლებულმა რეგულაციებმა პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახადა. 

"მე-10 მოწვევის პარლამენტმა პარლამენტის დახურულ და გაუმჭვირვალე უწყებად ქცევის პოლიტიკის განხორციელება უკანასკნელი წლებია აქტიურად დაიწყო. 2023 წელს მედიისა და ღიაობის მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა. ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა, რაც თავის მხრივ, აისახება მოსახლეობის ინფორმირების ხარისხზე და საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისათვის".

TI-ის ანგარიშის მიხედვით, ვიზიტორს პარლამენტის აპარატის თანხმობის გარეშე ბრიფინგის ჩასატარებელ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და პარლამენტის შენობაში სადემონსტრაციო ბანერების და პოსტერების შეტანა აეკრძალა, რაც  გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაშია. 

"პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული. ახალი წესებით პარლამენტის შენობაში საშვის დაშვების პროცედურები გამკაცრდა და აუცილებელი გახდა პარლამენტში შესვლის კონკრეტული მიზნის აღრიცხვა. აღნიშნული შეზღუდვა გაუმართლებელია, ვინაიდან შეზღუდვები მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით უნდა მოქმედებდეს და თუკი ამ მიზანს არ ემუქრება საფრთხე, მოქალაქეს თავისუფლად უნდა შეეძლოს კომიტეტის სხდომებსა და პარლამენტში გამართულ ღია ღონისძიებებზე დასწრება".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს;

"პარლამენტი უნდა უზრუნველყოფდეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ჩართულობაზე საპარლამენტო საქმიანობაში და არ ახდენდეს მათი მონაწილეობისა და ჩართულობის დაბლოკვას საკანონმდებლო ცვლილებების თუ არსებული წესების დარღვევის ხარჯზე; 

პარლამენტი კანონით დადგენილ ვადებში და წესით უნდა გასცემდეს საჯარო ინფორმაციას, რაც მისივე საქმიანობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ემსახურება. პარლამენტის შენობაში შესვლა დაუსაბუთებლად არ უნდა ეზღუდებოდეთ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს".

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ნეგატიურად შეაფასა სიძულვილის ენის რეგულირებაზე საკანონმდებლო ცვლილებები. 

"პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე განიხილა და მიიღო „მაუწყებლობის შესახებ” კანონში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარდგენილი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სიძულვილის ენისა და უხამსობის თვითრეგულირების სფეროდან (როცა პროფესიული სტანდარტების დაცვისა და გაუმჯობესებისთვის, მედია თავად განიხილავს საჩივრებს და მათზე რეაგირების ფორმებს) რეგულირების სფეროში გადატანას. სიძულვილის ენისა და უხამსობის საკითხების განხილვის კომპეტენცია და შესაბამისი სანქციების (გაფრთხილება, დაჯარიმება, ლიცენზიის/ავტორიზაციის მოქმედების შეჩერება) დაწესების უფლებამოსილება კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ენიჭება. არსებული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც გამოწვევად რჩება კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად კრიტიკული აზრის მიმართ ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი და პოლიტიზირება, სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობა, კომუნიკაციების კომისიისათვის მედიის დასანქცირების დამატებითი ბერკეტების და მედია პროდუქციის შინაარსში შესვლის კომპეტენციის მინიჭება რისკის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის".

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ეს ცვლილება ვერ უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სიძულვილის ენისა და უხამსობის სამართლებრივი რეგულირება დაშვებულია და იგი შესაძლოა,  კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გამოყენებულ სადამსჯელო ბერკეტად იქცეს.

კატეგორია - საქართველო


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, TV24-ის დირექტორობის თანამდებობიდან ნანა ლეჟავა 6 ივლისს გათავისუფლდა და დირექტორი ისევ ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, შოთა შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე გახდა. TV24-ის ამ გადაწყვეტილებას ხელს როგორც ტელევიზიის მესაკუთრის მინდობილი პირი, შალელაშვილი აწერს. ლეჟავამდე ტელეკომპანიის დირექტორი სწორედ ფიჩხაძე იყო. 

შოთა შალელაშვილი მეუღლის მინდობილი პირი 2024 წლის 11 ივნისს გახდა და მას ირა ფიჩხაძემ სხვადასხვა უფლებამოსილება მიანიჭა, მათ შორის პარტნიორთა კრებაზე ინტერესების წარმომადგენლობა, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება,  ხელმოწერა და კერძო/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან წარმომადგენლობა.  

ცნობილი რომ TV24 დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანა ლეჟავამ დატოვა, დღეს გახდა. ლეჟავა „ტვ 24“-მდე ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურს უძღვებოდა. 

შოთა შალელაშვილის მეუღლემ, ირა ფიჩხაძემ „ტვ 24“ მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. სარედაქციო ბირთვს ლეჟავასთან ერთად იმედა დარსალია და ირაკლი აბსანძე წარმოადგენს. დარსალია საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია, ის მანამდე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემის, "ახალი კვირის" წამყვანი იყო.
კატეგორია - საქართველო



ონლაინ გამოცემა "მედიაჩეკერმა" 2024 წელს აკრედიტაცია შეჩერებულ მედიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით ინფორმაცია, 10-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, ვერ მიიღო.

გამოცემამ საქართველოს პარლამენტისგან საჯარო ინფორმაცია 1 თვის უკან, 6 ივნისს გამოითხოვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, "საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა".

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, განმცხადებელს ეს  დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ან "საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას".

"მედიაჩეკერის" რედაქცია პარლამენტის შესაბამის სამსახურებს ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე დაუკავშირდა. საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენლის ინფორმაციით, მომზადებული პასუხი ისევ ვიზირებაზეა, რაც უფლებამოსილი პირის ხელმოწერას გულისხმობს. 

მაისი-ივნისის პერიოდში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნით, საპარლამენტო აკრედიტაცია „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ ოთხ ჟურნალისტს შეუჩერდა.  

საქართველოს სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის დროული ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია. 

"ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები საფრთხეს უქმნის მედიასაქმიანობის ეფექტიანობასაც. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გამოვლენილი გამოწვევები კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმის დაწყებასა და ეფექტიანი საზედამხედველო ინსტიტუტის შექმნის გადაუდებელ აუცილებლობაზე".  





კატეგორია - საქართველო



TV24 დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთმა წამყვანმა, ნანა ლეჟავამ დატოვა. "მედიაჩეკერს" ეს ინფორმაცია შოთა შალელაშვილის ასისტენტმა, სანდრო თოფურიამ დაუდასტურა. TV24-ის 100%-იან წილს სწორედ შალელაშვილის მეუღლე, ირა ფიჩხაძე ფლობს. 

თოფურიას თქმით, ლეჟავამ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო, რადგან მფლობელისგან შეთავაზებულ თანამშრომლობის ფორმატზე კატეგორიული უარი განაცხადა.

„ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მასთან თანამშრომლობის სხვა ფორმატები იყო შეთავაზებული, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება და არ ეხებოდა ჩვენი მხრიდან რაიმე პოზიციას. 

არხის მეპატრონისგან, ქალბატონი ირასგან იყო შეთავაზება და მივიღეთ უარი. შეთავაზების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს არის იურიდიულ პირსა და იურიდიული პირის ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკების საგანი“.

სანდრო თოფურიას განცხადებით, ნანა ლეჟავას გადაწყვეტილების ფინანსურ ნაწილთან დაკავშირება გამორიცხულია. 

„მოლაპარაკებები, არცერთ შემთხვევაში, არ ეხებოდა ფინანსურ მხარეს…არხის განვითარებაზე იყო საუბარი, რეორგანიზაციასაც ვერ დავარქმევ  და იყო გარკვეული წინადადება არხის მეპატრონესგან არხის განვითარებასთან დაკავშირებით. გარკვეული პროგრამა უნდა შემუშავებულიყო. იყო შეთავაზებები დირექტორის მხრიდან, რაც უნდა განხორციელებულიყო, რისი უფლებაც მეპატრონეს იურიდიულად აქვს. 

შესაბამისად, შემოთავაზებულ წინადადებაზე დირექტორის მხრიდან მივიღეთ უარი და მან ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა წასულიყო…ეს გეგმა ეხებოდა ტელევიზიის განვითარების შესაძლებლობის მიცემას. ვთხოვეთ, გარკვეული პროექტის, გეგმების წარმოდეგენა. Როცა ეს ყველაფერი ვერ მივიღეთ, შევთავაზეთ ისევ ტვ 24-ზე დარჩენილიყო და ყოფილიყო სხვა სტატუსით… დირექტორის შეცვლა არ გვნდომებია….Მან გადაწყვიდა, რომ დირექტორობაც არ შეუძლია, შესაბამისად წავიდა".

„მედიაჩეკერი“ ნანა ლეჟავასთან დაკავშირებასაც ცდილობს, თუმცა, ის რედაქციის ზარებს არ პასუხობს. 

შოთა შალელაშვილის მეუღლემ, ირა ფიჩხაძემ „ტვ 24“ მიმდინარე წლის 29 იანვარს 50 000 აშშ დოლარად იყიდა. შალელაშვილი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და მილიონერი ბიზნესმენია. მან IX მოწვევის პარლამენტი 2019 წელს დატოვა. ამჯერად ის პარტიის - „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. 

TV24-მა საცდელი მაუწყებლობა 10 ივნისს დაიწყო. 

სარედაქციო ბირთვს ლეჟავასთან ერთად იმედა დარსალია და ირაკლი აბსანძე წარმოადგენს. დარსალია საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია.