პულიტცერის პრემია, 2016
19.04.2016
18 აპრილს პულიტცერის პრემიის მეასე დაჯილდოების ცერემონიალი შედგა და 15 კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ახალი ამბების, ლოკალური და საერთო ამბების რეპორტინგი, კრიტიკა, სარედაქციო სვეტი, ფოტორეპორტაჟი - ეს არასრული ჩამონათვალია ნომინაციებისა, რომელშიც გამარჯვებული ჟურნალისტები გამოვლინდნენ. თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულმა ჯილდოდ 10 ათასი დოლარი მიიღო. პულიტცერის პრემია მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ პრემიად მიიჩნევა.

საუკეთესო ფოტოპროექტისთვის პრიზი The New York Times-ს გადაეცა. გამარჯვებული ნამუშევარი მიგრანტთა კრიზის აღწერს. ხოლო, საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის Associated Press დაჯილდოვდა, პროექტისთვის - „ზღვის პროდუქტები მონებისაგან“. პროექტი ინდონეზიის კუნძულ ბენჯინაზე მონურ შრომას ააშკარავებს.„ესოშიეითიდ პრესის“ ოთხი ჟურნალისტი 18 თვის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს კუნძულ ბენჯინას - ისინი აკვირდებოდნენ გემებს, ადგენდნენ მონობის მსხვერპლთა ადგილსამყოფელს და აკეთებდნენ ყველაფერს, რომ სათევზაო ინდუსტრიის ძალადობრივი სისტემა გამოეაშკარავებინათ .ნომინაციების სრულ ჩამონათვალს და გამარჯვებულ ნამუშევრებს, შეგიძიათ პრემიის ოფიციალურ გვერდზე გაეცნოთ.


დრამის, მუსიკისა, წერილების კატეგორიაში ნამუშევრების წარდგენის უფლება მხოლოდ აშშ–ს მოქალაქეებს აქვთ.ჟურნალისტიკის კატეგორიაში კი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისაც არ ეზღუდებათ მონაწილეობა, თუმცა, აუცილებელია, რომ საკონკურსო მასალა ამერიკულ მედიასაშუალებაში იყოს გამოქვეყნებული.

პულიტცერის პრიზი წარმოშობით უნგრელი, ამერიკაში მცხოვრები ჯოზეფ პულიტცერის ანდერძის თანახმად დაარსდა, პირველად პრიზები 1917 წლის 4 ივნისს გაიცა.

„ძლიერი“, „დაუოკებელი“ და „ნოვატორი თავის საქმეში“ – ასე აფასებენ 1847 წელს უნგრეთში დაბადებულ ჯოზეფ პულიტცერს, რომელიც ადრეულ ასაკშივე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომში ჯარისკაცად წავიდა, ომის დამთავრების შემდეგ კი იქვე დასახლდა და მუშაობა დაიწყო. მან სახელი მალევე გაითქვა, როგორც მშრომელმა და დაუზარელმა ჟურნალისტმა. 1870–იან წლებში კი ორი, გაკოტრების პირას მყოფი გაზეთი შეიძინა, გააერთიანა, რომელსაც „სენტ ლუის–პოსტ დისპატჩი“ (St. Louis Post-Dispatch) დაარქვა და საქმიანობა მედია გამომცემლის ამპლუაში გააგრძელა.

ჯოზეფ პულიტცერმა 1880–იან წლებში შეიძინა ნიუ იორკში გამომავალი გაზეთი New York World. მან მკითხველის მოზიდვის ახალ, იმ დროისთვის უნიკალურ მეთოდს მიაგნო – სენსაციები, სიყვითლე, სკანდალი – ეს იყო ის, რის გამოც ახალგაზრდა მედიაგამომცემლის გაზეთების ტირაჟი დღითიდღე იზრდებოდა, მისი გაზეთების მიმართ კი ინტერესი არ იკლებდა. სწორედ პულიტცერის გაზეთში დაიბეჭდა პირველად ფერადი კომიქსი – ყვითელი ბიჭუნა.

პულიტცერმა დაიქირავა საუკეთესო გამომძიებელი ჟურნალისტები და გაილაშქრა ბიუროკრატიის, პოლიტიკური და ფინანსური ჯგუფების წინააღმდეგ.

1900–იანი წლებიდან მისი მედიაიმპერიის შემადგენლობაში არაერთი პოპულარული ამერიკული გაზეთი შედიოდა, სწორედ იქ იყვნენ დასაქმებული ამერიკის წამყვანი ჟურნალისტები.

ჯოზეფ პულიტცერი იყო ჟურნალისტიკის სკოლები გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი. ის კოლუმბიის უნივერსიტეტთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ მიზნისთვის მან უნივერსიტეტს 2 მილიონი აშშ დოლარი გადასცა. 1911 წელს მძიმე ავადმყოფობის შედეგად პულიტცერი გარდაიცვალა, მისი გარდაცვალებიდან მალევე, 2012 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიხსნა პირველი ჟურნალისტიკის სკოლა. მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლასთან ერთად, აღნიშნული სკოლაც ერთ-ერთ უძველეს სკოლად ითვლება. ამერიკაში ორივე უნივერსიტეტი დღემდე რჩება მსოფლიოს წამყვან ჟურნალისტიკის სკოლებად.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ