3 მაისი - პრესის თავისუფლების დღე
03.05.2016
1991 წლის 29 აპრილიდან 3 მაისამდე აფრიკელი ჟურნალისტები ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში შეიკრიბნენ იუნესკოს რეგიონულ სემინარზე და შეიმუშავეს ვინდჰუკის დეკლარაცია. იუნესკოს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, მსოფლიო პრესის დღედ სწორედ სამი მაისი დაწესდა.

ვინდჰუკის დეკლარაცია ეყრდნობა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948) მე-19 მუხლს, რომლის მიხედვითაც „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად“.

პრესის თავისუფლების დღე 1993 წლიდან აღინიშნება, ხოლო 1997 წლიდან ამ დღეს იუნესკოს/გილერმო კანოს სახელობის პრესის თავისუფლების პრიზის გადაცემის ცერემონიალი ტარდება. პრიზის გადაცემით იუნესკო პატივს მიაგებს ადამიანს, ორგანიზაციას ან დაწესებულებას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პრესის თავისუფლების დაცვასა თუ წახალისებაში. პრიზის გადაცემისას პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომელთაც პრესის თავისუფლების დაცვა განსაკუთრებით საშიშ პირობებში უწევთ.

გილერმო კანო ისაზა, ვის სახელსაც იუნესკოს პრიზი ატარებს, კოლუმბიელი ჟურნალისტი იყო. იგი მამამისის, ფიდელ კანო გუტიერესის, მიერ დაარსებული გაზეთის, „ელ ესპექტაროდის“ რედაქტორი იყო 1952 წლიდან სიკვდილამდე. გილერმო კანო კოლუმიური ნარკოკარტელების და მათი პოლიტიკური გავლენების შესახებ წერდა, რის გამოც კარტელის წევრებმა 1986 წელს საკუთარ რედაქციასთან მოკლეს.

გილერმო კანოს სახელობის პრიზი წელს აზერბაიჯანელ გამომძიებელ ჟურნალისტს, ხადიჯა ისმაილოვას გადაეცა - „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) კონტრიბუტორსა და „ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კველვითი პროექტის“ (OCCRP) ჯგუფის წევრს. იგი 2014 წლის დეკემბერში დააკავეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ერთი წლის შემდეგ კი მის მიმართ ბრალდებას გადასახადების თავის არიდებისა და ძალაუფლების გადამეტების მუხლებიც დაემატა. გასულ წელს ისმაილოვას შვიდ-ნახევარ წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ