პანამის დოკუმენტები - მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება
07.04.2016
როგორ დაიწყო პანამის საქმე?

ყველაფერი 2014 წლის მიწურულს დაიწყო, როდესაც მიუნხენში, ჰულტშინერშტრასეზე მდებარე გერმანიის ყველაზე გავლენიანი გაზეთის თანამშრომლებს ბასტიან ობერმაიერსა და ფრედერიკ ობერმირს ანონიმური წყარო დაუკავშირდა. წყარო იტყობინებოდა, რომ პანამაში დარეგისტრირებული ნაკლებად ცნობილი იურიდიული კომპანიის, Mossack Fonseca-ს შესახებ მთელ რიგ კონფიდენციალურ დოკუმენტაციას ფლობდა.

Mossack Fonseca ანონიმურ ოფშორულ კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის. 1970 წელს დაარსებული კომპანიის საშუალებით, პირებს შეუძლიათ აწარმოონ საკუთარი ბიზნეს-მოლაპარაკებები. პანამურ იურიდიულ კომპანიას მსოფლიოს გარშემო 38 ფილიალი აქვს, ჰონგ-კონგსა და მაიამიდან ციურიხამდე. მისი კარგად აწყობილი სტრუქტურა იძლევა საშუალებას, დაიფაროს კონკრეტული კომპანიის მფლობელი და მისი საკუთრება.

“ზუდდოიჩე ცაიტუნგის” რეპორტიორებს არასოდეს ჰქონიათ პირადი ურთიერთობა წყაროსთან, რომელიც მათ ინფორმაციით ამარაგებდა. კონტაქტი დაშიფრული მეილებისა და ჩატების საშუალებით ხდებოდა. თემაზე მუშაობისას რეპორტიორებს ხშირად გასჩენიათ კითხვა, რა სურდა და რატომ უნდოდა წყაროს მთელი ეს ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო? „მე მინდა, რომ ეს დანაშაულები შევაჩერო. ისინი უნდა გაჩერდნენ", - პასუხობდა ანონიმური წყარო, რომელსაც არასოდეს მოუთხოვია ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი, გარდა ანონიმურობის გარანტიისა. ის წერდა, რომ ამ ნაბიჯით საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა.

გაჟონილი ინფორმაცია კომპანიის ოფისებიდან პირდაპირ, ათასობით მეილის სახით, მიდიოდა მიუნხენში. მათ შორის იყო სამართლებრივი დოკუმენტები, საბანკო ამონაწერები, ჩეკების, პასპორტების, პირადობის მოწმობების, ინვოისებისა და უთვალავი კონფიდენციალური კორესპონდენციის ასლები. ყველა მათგანი იმ სამართლებრივი ქსელის არალეგალურ და რთულ საქმიანობას ეხებოდა, რასაც ათასობით ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, ფულის, ქონებისა და გადასახადების დამალვისათვის იყენებდა.

მონაცემები 2300-ჯერ მეტი იყო იმ დოკუმენტაციასთან შედარებით, რომელსაც ვიკილიქსი ხუთი წლის წინ ფლობდა. მასალა შეიცავდა იშვიათ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდნენ გლობალურ ინდუსტრიაში ბანკები, ლეგალური ფირმები თუ კომპანიები, რომელთა უკანაც პოლიტიკოსები, ფიფას მაღალი თანამდებობის პირები, ნარკოდილერები, თაღლითები, შოუბიზნესისა და სპორტის სამყაროს წარმომადგენლები იდგნენ.

ბუნებრივია, “ზუდდოიჩე ცაიტუნგის” პრიორიტეტი იყო ის მასალები, რომლებიც გერმანიის მთავრობისა და გავლენიანი წრეების წარმომადგენლებს ეხებოდა. თუმცა დოკუმენტების შესწავლის საწყის ეტაპზევე მიხვდნენ, რომ ინფორმაციის მნიშვნელობა გერმანულ ინტერესებს სცდებოდა. მასალებში ფიგურირებდნენ მსოფლიო ლიდერები. ჟურნალისტები მალევე მიხვდნენ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი გაჟონილი ინფორმაცია ისტორიაში - 2.6 ტერაბაიტის მონაცემი, 11.5 მილიონი დოკუმენტით და რომელიც 1977 წლიდან 2016 წლამდე არსებულ ყველა სახის კანონდარღვევით განხორციელებულ ქმედებას შეიცავდა. გაზეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქმის უკეთ გამოსაძიებლად გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს (ICIJ) დაკავშირებოდა.

“ზუდდოიჩე ცაიტუნგის” საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდი ხუთი კაცისგან შედგება. აქედან სამი ICIJ-ის წევრია. გუნდს არაერთი ჟურნალისტური ჯილდო აქვს მოპოვებული საგამოძიებო თუ მოკვლევითი სამუშაოებისათვის. მათ პანამის საქმემდე ჰქონდათ ერთობლივი მუშაობის გამოცდილება გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმთან.

“როდესაც გავაანალიზეთ, რომ ხელთ მსუყე საერთაშორისო მასალა გვქონდა, მაშინვე მივხვდით, რომ მათ შესახებ საუბარი გასაჯაროებამდე არ შეიძლებოდა, - ამბობს ობერმაიერი. ის იხსენებს, რომ ICIJ-ს მიმართ ნდობის კიდევ ერთი მიზეზი მასში გაწევრიანებულ ჟურნალისტთა და მედიაორგანიზაციათა პროფესიული ეთიკა, ჟურნალისტური შესაძლებლობები და დამოუკიდებლობა იყო. პირველი შეხვედრა გაზეთისა და კონსორციუმის წარმომადგენლების შორის 2015 წლის აპრილში, მიუნხენში შედგა, რომლის დროსაც ICIJ-ის, გაჟონილი ინფორმაციის შემცველი პირველი დისკი გადასცეს.

სპეციალური პლატფორმა პანამის დოკუმენტებისათვის

მონაცემთა ბაზის შექმნა და დამუშავება, ადვილად სამართავი პლატფორმის მომზადება, რომელიც ჟურნალისტებს არსებულ ინფორმაციასთან წვდომისა და მისი დამუშავების შესაძლებლობას მისცემდა - ყველაზე დიდი დრო კონსორციუმის მთავარი რედაქტორის თქმით, სწორედ ამან წაიღო. კონსორციუმის წევრი კომპიუტერის სპეციალისტები და ვებდიზაინერები კოსტა-რიკიდან და ესპანეთიდან ერთდროულად მუშაობდნენ, რათა მონაცემთა დამუშავებისათვის საჭირო სისტემა შეექმნათ.

35-ზე მეტი სერვერის გამოყენებით მათ შეძლეს, გაკეთებინათ ბაზა არსებული დოკუმენტაციისა, მათ შორის იყო სხვადასხვა იმეილი და მათზე მიბმული ფაილები, ათასობით დასკანერებული დოკუმენტი. აიტი სპეციალისტებმა შეძლეს, გაკეთებინათ საძიებო სისტემა, რომლის მეშვეობითაც მილიონობით დოკუმენტი ადვილად მოიძებნებოდა.

ბაზების შექმნის შემდეგ ICIJ-ის ჯგუფმა დოკუმენტები იმ ქვეყნების მიხედვით დაახარისხა, რომელთაც კონკრეტული მასალები ეხებოდა. მონაცემთა დალაგების შემდეგი ეტაპი მათი ვიზუალიზაცია და გრაფიკული ფორმატის გაკეთება იყო, ეს ფორმატი შესაძლებელს ხდიდა, უფრო მარტივად მოეძებნათ კავშირები ხალხს, კომპანიებს, ოფისებს, დოკუმენტებსა და საბანკო ანგარიშებს შორის.

2015 წლის ივნისში ორგანიზაციამ შექმნა მძლავრი დაცული ვებაპლიკაცია, სადაც ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეეძლოთ აეტვირთათ მოკვლეული მასალები, საკუთარი მიგნებები ერთმანეთისათვის გაეზიაერებინათ და ეფექტური კომუნიკაცია ჰქონოდათ. პლატფორმას გუგლის მსგავსი საძიებო და ფეისბუქის მსგავსი საკომუნიკაციო სისტემა ჰქონდა.

სისტემა იმდენად გამართული იყო, რომ ჰქონდა რეალურ დროზე მორგებული „ჩათიც“, ჟურნალისტებს შეეძლოთ ეპოვათ სასურველი დოკუმენტი და თუ მათ კონკრეტული ენა არ იცოდნენ, თარგმანის მონახავაც ადვილი შესაძლებელი იყო. ჟურნალისტები ერთმანეთს ქსელის საშუალებით, ღიად უზიარებდნენ მიგნებებს.

საერთაშორისო პროექტი და კოორდინაცია

თავდაპირველად ICIJ-მ ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზციებს ერთად იმისათვის მოუყარა თავი, რომ ოფშორული დინებები გამოერკვიათ, თუმცა მუშაობისას გამოიკვეთა ისეთი გადაბმის წერტილები, რომლებმაც ერთობლივად მუშაობა გახადა შესაძლებელი.

საერთაშორისო გუნდის წევრები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. პირველი ასეთი შეხვედრა 30 ივნისს, ვაშინგტონში მოხდა, სადაც 30 ჟურნალისტი ერთად შეიკრიბა და დეტალურად გაიარა ის მიგნებები, რომელიც მონაცემთა პირველადი დამუშავების შედეგად გამოიკვეთა. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ სამომავლო სამუშაო გეგმა გაწერილიყო. მათ იმსჯელეს, როდის გამოექვეყენებინათ დოკუმენტები. პირველ თარიღად ნოემბერი, შემდეგ - თებერვალი დასახელდა. თუმცა მოგვიანებით მასალის უფრო საფუძვლიანი შესწავლა გადაწყვიტეს, რადგან არავინ იცოდა, საბოლოოდ როგორ დასრულდებოდა მათი ერთობლივი მუშაობა.

მომდენო ორი თვის განმავლობაში ქვეყნების, კომპანიების, მისამართებისა და მონაცემთა ძიება-დამუშავების პროცესს უფრო მეტი და მეტი ჟურნალისტი უერთდებოდა. დოკუმენტთა ყურადღებით დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვლადიმერ პუტინი გადასახადებიდან მილიონობით დოლარს აგზავნიდა ოფშორულ ზონაში, ლაზარო ბაეზს, არგენტინელ ბიზნესმენს, რომლის საქმეც ამჟამად ფულის გათეთრების ბრალდებით სასამართლოშია, არაერთი კომპანია ჰქონდა უკანონოდ დარეგისტრირებული. ჟურნალისტებმა მიაკვლიეს საიდუმლო ოფშორულ კომპანეიბს, რომლებიც ისლანდიის პრემიერსაც უკავშირდებოდა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ინფორმაციის უსაფრთხოება იყო. აუცილებელი იყო, საიდუმლოდ შენახულიყო ამბავი, რათა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე ჟურნალისტთა ერთობლივ საქმეს კიბერთავდასხმებითა თუ სხვადასხვა სირთულეებით პრობლემა არ შექმნოდა.

პირველი შეხვედრის შემდეგ მკაცრად გაწერილი სამუშაო გეგმა შემუშავდა. ორგანიზაცია ყურადღებით ამონიტორინგებდა ჟურნალისტთა წვდომას მონაცემთა ბაზაზე და იმ დოკუმენტებს, რომელთა გადმოწერაც ხდებოდა. ისინი ასევე აკვირდებოდნენ სპეციალური მეილებითა და „ჩათებით“ განხორციელებულ დაშიფრულ კომუნიკაციას.

მეორე შეხვედრა სექტემბრის დასაწყისში, მიუნხენში, “ზუდდოჩე ცაიტუნგის” ოფისში შედგა. სამდღიან ინტენსიურ სამუშაო შეხვედრაში 70-ზე მეტმა ჟურნალისტმა საკუთარი მონაცემთა ბაზების მიგნებები ერთმანეთს გაუზიარა და ინტერესის, განსაზღვრული სტრატეგიისა და თემების მიხედვით, ცალ-ცალკე სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდა.

კიდევ ერთი საიდუმლო შეხვედრა უკვე ლილეჰამერში, ნორვეგიაში, ოქტომბრის დასაწყისში დაიგეგმა. ეს იყო ყველაზე დიდი შეხვედრა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პანამის დოკუმენტებზე მომუშავე ჟურნალისტთა უმრავლესობა ესწრებოდა.

ICIJ-ში ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მუშაობის დროს ჟურნალისტთა კოლაბორაციის სურვილი იყო. თითოეული მათგანი აანალიზებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ 100-ზე მეტი მედიასაშუალება ამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გამოაქვეყნებდა, ეს შესაბამის შედეგს ვერ გამოიღებდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მასალების ერთდროული გამოქვეყნება უფრო მეტ რეზონანსს გამოიწვევდა.

ორწლიანი მუშაობის შედეგი

ბრიტანული BBC და The Guardian, ფრანგული Le Monde, გერმანული გაზეთი Sueddeutsche Zeitung-ი და ტელეკომპანიები: NRD და WRD, შვეიცარიული Sontagszeitung, ავსტრიული Falster.... ეს მცირე ჩამონათვალია მედიასაშუალებებისა, რომელთა ჟურნალისტებიც პანამის დოკუმენტებზე მუშაობდნენ.

დაშიფრულ სისტემაში ჟურნალისტთა მუშაობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდებოდა, ვინაიდან “ზუდდოიჩე ცაიტუნგის” ჯგუფი ქსელს ახალი ინფორმაციით 10 თვის განმავლობაში ამარაგებდა. ამის საფუძველზე ICIJ-მ მონაცემთა ბაზა ხუთჯერ განაახლა. ბოლოს მონაცემები მარტში განახლდა, როდესაც ახალი, მილიონ-ნახევარი დოკუმენტი ჩატვირთა. სწორედ მარტში შეთანხმდენ, რომ 2016 წლის 3 აპრილს ინფორმაციას მედიასაშუალებები ერთდროულად გამოაქვეყნებდნენ.

ასეც მოხდა. პანამის დოკუმენტების საქმე ისტორიაში ყველაზე დიდი ჟურნალისტური კოლაბორაციაა. მასზე 109 მედიასაშუალების 370 ჟურნალისტი მუშაობდა. დოკუმენტების დამუშავება 25 ენაზე, 76 ქვეყანაში მიმდინარეობდა. ათი თვის განმავლობაში, მათ ამოქექეს და დაამუშავეს მთლიანი სტრუქტურა Mossack Fonesca-სი, დღის შუქზე გამოიტანეს საიდუმლო ფინანსური ტრანზაქციების სისტემა, რომელიც 202 ქვეყანასთან იყო დაკავშირებული.

გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა 214,488 ორგანიზაციის იდენტიფიცირება მოახდინა, გამოამჟღავნა Mossack Fonesca-ს კლიენტები.

ჟურნალისტებმა სხვადასხვა ქვეყნის 12 ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტი ამხილეს, 61 შემთხვევაში კი ოფშორული კომპანიების კავშირები პირდაპირ მათთან მიდიოდა. დღემდე არსებული ჩანაწერები აჩვენებს, რომ 128 პოლიტიკოსი და საჯარო მოხელე იყენებდა ამ კომპანიის მომსახურებას. მათგან 29 ადამიანი ფორბსის მილიარდელთა სიაშია.

კონსორციუმის ანალიტიკოსებმა აღმოჩინეს, რომ 90-იანებიდან მოყოლებული, 500-ზე მეტი ბანკი მუშაობდა Mossack Fonseca-სთან იმისათვის, რომ დახმარებოდნენ საკუთარ კლიენტებს დაეარსებინათ 15,799 კომპანია. მაგალითად, ამერიკული ბანკი USB თანამშრომლობდა 1,100-ზე მეტ კომპანიასთან ამ ფირმის საშუალებით, მაშინ როდესაც HSBC ბანკმა 2300-ზე მეტი ასეთი ოფშორული კომპანია შექმნა.

2016 წლის 16 მარტს, MOssack Fonseca-ში კონსორციუმის წევრთა ვიზიტისა და კითხვების დასმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ-ერთ დამაარსებელ, რამონ ფონსეკა მორას მოსთხოვეს, დაეტოვებინა პანამის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა.

ამავე დღეს კომპანიამ გააფრთხილა საკუთარი კლიენტები იმის თაობაზე, რომ მათი კონფიდენციალური მონაცემები შესაძლოა გამჟღავნებულიყო, რადგან ინფორმაციას საერთაშორისო მედია ფლობდა.

რატომ დაუკავშირდა „ზუდდოიჩე ცაიტუნგი“ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს და რატომ არ იმუშავა მონაცემზე თვითონ თანმიმდევრულად, თუნდაც, წლების განმავლობაში?

“დიახ, მათ იცოდნენ, რომ ამ მასალით მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეიძლებოდა მათივე გაზეთისათვის, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაცია უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნიეს,” - პასუხობენ ICIJ-ში.

ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ