ქიმიური იარაღი დამასკოს გარეუბანში - რა შეეშალა დასავლურ მედიას?
21.08.2016
სირიის კონფლიქტი ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც საერთაშორისო ნორმების თანახმად აკრძალული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება დადასტურდა. შემთხვევიდან 21 აგვისტოს სამი წელი გავიდა.

აკრძალული იარაღის გამოყენების შესახებ პირველად 2012 წლის აგვისტოს, ბარაკ ობამამ თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა და ბაშარ ალ-ასადს მოუწოდა, თავი შეეკავებინა მისი გამოყენებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა შესაბამის ზომებს მიიღებდა. ამავე წლის დეკემბერში, CNN-მა აშშ-ს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გადასცა ინფორმაცია, რომ სირიულმა ძალებმა იარაღის გამოყენების მიზნით ქიმიური ნივთიერების კომბინირება დაიწყეს. პრეზიდენტმა ობამას განცხადება პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შეერთებული შტატები სირიას სამხედრო ინტერვენციით დაემუქრა.

2013 წლის მარტში ალეპოს ახლოს მდებარე ქალაქ ხან ალ-ასალში, ქიმიური იარაღის გამოყენებაში კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ბაშარ ალ-ასადმა ღია წერილი მიწერა გაერთიანებულ ერებს და მოითხოვა შემთხვევის დამოუკიდებელი გამოიძიება. იგივე მოთხოვნა ჰქონდა ოპოზიციასაც. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თავად დაპირისპირებულმა ძალებმა მოითხოვეს დამოუკიდებელი გამოძიება, გაეროს გამომძიებელთა გუნდს არ მისცეს ქალაქში შესვლის ნება. ამასობაში აკრძალული იარაღის გამოყენებაზე ბრიტანეთი, საფრანგეთი, თურქეთი და ისრაელიც ალაპარაკდნენ.

ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გავრცელებული განცხადებების, გაფრთხილებებისა თუ ჭორის დონეზე არსებული ინფორმაციის მიუხედავად, 2013 წლის 21 აგვიტომდე არ ყოფილა ხელშესახები მტკიცებულება. დამასკოს გარეუბან გუტაში მომხდარმა კი სირია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოაჩინა.

BBC-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია 21 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 02:45-ზე ეინ ტარმასა და ზამალკას ქუჩებიდან გავრცელდა. რამდენიმე საათში კი სოციალურ ქსელებში ფაქტის ამსახველი არაერთი ვიდეო დაიდო. ჩანაწერები აჩვენებდა უამრავ ბავშვსა თუ მოზარდს, რომლებიც მიყენებული ტრავმებით დაიღუპნენ ან იტანჯებოდნენ. აქტივისტების ინფორმაციით, შემთხვევას 300-მდე ადამიანი შეეწირა, სირიის მთავარი ოპოზიციური ალიანსი კი იტყობინებოდა, რომ ქიმიურმა იარაღმა 1300-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა.

შემთხვევის მეორე დღეს, 21st Century Wire-მ ამერიკული და ბრიტანული მედიის კრიტიკა გამოაქვეყნა. ავტორები წერდნენ, რომ სირიასთან მიმართებით პროპაგანდისტული მანქანა ამერიკასა და ბრიტანეთში აქტიურად მოქმედებდა, მიზანი კი რეჟიმის ცვლილება და სამხედრო ინტერვენციის აუცილებლობა იყო. ანალიზში აღნიშნულია, რომ ბრიტანულმა მედიამ სირიის მთავრობის წინააღმდეგ დამნაშავის ვერდიქტი გამოიტანა მაშინ, როდესაც ამის რეალური მტკიცებულება არ არსებობდა. გვერდს მოყვანილი აქვს The Guardian-ის სტატია. რომლის მიხედვითაც, გაზეთი 1400-ზე მეტი მსხვერპლის შესახებ იტყობინებოდა, ადგილიდან სხვადასხვა წყარო კი 90-დან 500-მდე დაღუპულის შესახებ ავრცელებდა ცნობას. Daily Miror-ის 22 აგვისტოს გამოცემამ პირველ გვერდზევე გაუშვა დაღუპული ბავშვების ფოტოს სათაურით: ახლა მათ ჩვენი ბავშვები მოწამლეს. თუმცა იყვნენ თუ არა ეს ბავშვები 21 აგვისტოს შემთხვევის შედეგად დაღუპულები, ამის დამტკიცება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

ანალიზის მიხედვით ჩანს, რომ შემთხვევის გაშუქება ამერიკულ და ბრიტანულ მედიაში, უმეტესად, ბუნდოვანებით გამოირჩეოდა.

რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან რუსული და დასავლური მედიაც. თავის კვლევაში ჯეიმს ბრაუნი სწორედ ძირითად განმასხვავებელ ნიშნებზე საუბრობს. კვლევაში წერს, რომ 21 აგვისტოს ამბავი რუსულ მედიაში თავდაპირველად არც გაშუქებულა, მოგვიანებით კი პუბლიკაციებში, დასავლური მედიისგან განსხვავებით, რომელიც მკითხველს დამნაშავეზე ეჭვს არ უტოვებდა, სულ ისმოდა სკეპტიციზმი, მართლა გამოიყენეს თუ არა ქიმიური იარაღი გუტში.

ბრაუნი წერს, რომ რუსული გაზეთები თემის გაშუქების პარალელურად, მედიაკრიტიკითაც იყვნენ დაკავებულები. მაგალთად, Nezavisimaya Gazeta ხაზს უსვამდა, რომ პირველად ქიმიური იარაღის შესახებ ყატარის Al-Jazeera-მ, საუდის არაბეთის Al-Arabiya-მ და ბრიტანულმა Sky News-მა გადმოსცა, გამოცემებმა, რომლებიც სირიის პრეზიდენტის ოპონენტთა მხარდამჭერები იყვნენ. Izvestiya უფრო შორსაც წავიდა და თავად ამ მედიასაშუალებების წყაროებსაც დასდო ბრალი მიკერძოებულობაში.

კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ფაქტის წარმოჩენაში გამოიხატა. დასავლური მედია 21 აგვისტოს აშუქებდა როგორც შოკისმომგვრელ მოვლენას სათაურებით: საშინელი შემთხვევა სირიაში, ხოცვა-ჟლეტა ქიმიური იარაღით და სხვა. ეს ყველაფერი მკითხველს არ უტოვებდა ეჭვს, რომ სირიაში ნამდვილად შემზარავი ფაქტი მოხდა. თავად შინაარსი კი ზოგჯერ ინტერნეტში გავრცელებულ, დაღუპულთა ამსახველ ვიდეოებს დეტალურად აღწერდა. დასავლური მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გარდაცვლილი ბავშვები იყვნენ. მაგალითად, LeFigaro აღწერდა, თუ როგორ იტანჯებოდნენ ჩვილები და როგორ გადმოსდიოდათ თეთრი დუჟი პირიდან. The Daily Telegraph-ი კი წერდა ბავშვების გვამების სიმრავლეზე, რომლებიც გაზის გაშვების შედეგად მოიწამლნენ. თითქმის ყველა დასავლური გაზეთი სირიის ინცინდენტს სადამ ჰუსეინის მიერ, 5.000 ქურთის გაზით მოწამვლასთან აიგივებდა, რაც ერაყელმა დიქტატორმა ჰალაბიაში, 1988 წელს ჩაიდინა. აქვე, დასავლურისაგან განსხვავებით, რუსულ მედიაში არც სისხლიანი ფოტოები გავრცელებულა, არც ქიმიური მოწამვლის სიმპტომები და არც პირადი ისტორიები.

დასავლური მედია მტკიცედ იყო დარწმუნებული იმაში, რომ გუტას შემთხვევის უკან ასადის მთავრობა იდგა. მათი მთავარი წყარო აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო იყო. ფაქტია, რომ დღემდე სირიის ხელისუფლების ბრალეულობა მომხდარში მხოლოდ ეჭვებზეა დამყარებული და სინამდვილეში არავინ იცის, თუ ვინ გაუშვა ქიმიური ნივთიერება დამასკოს გარეუბანში.

სხვებისგან განსხვავებით, ბრიტანული მედიის საკმაოდ მცირე ნაწილი თუ მიჩნევდა, რომ საქმეს გამოძიება სჭირდებოდა. უმეტესობისათვის ასადის რეჟიმი პირსისხლიანი იყო, რომელიც ომში ყველა არსებულ ეთიკურ ზღვარს გასცდა და არც ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა მისთვის მიუღებელი. ამ აზრს ამყარებდა გუტას მდებარეობა. ტერიტორია ერთ წელზე მეტი ხანია, აჯანყებულთა ხელში იყო. მთავრობას, ბუნებრივია, კონტროლის აღდგენა სურდა და რადგან ეს ვერ მოახერხა ჩვეულებრივი იარაღით, აკრძალულ ხერხს მიმართა.

ბრიტანულისაგან განსხვავებით, ფრანგული Le Figaro ასადის გადაწყვეტილებას უცნაურად მიიჩნევდა, ვინაიდან ამ შემთხვევამდე, სამთავრობო ძალები ბრძოლებში წარმატებას აღწევდნენ. გაზეთის ვერსიით, ქიმიური იარაღის გამოყენება იმ პატარა უცხოტომელთა ჯგუფების მიმართ იყო პასუხი, რომლებიც სამხრეთ სირიიდან დამასკოსაკენ მიემართებოდნენ.

საერთაშორისო მედიის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი დასავლეთის პოლიტიკის სისუსტე იყო. ისინი წერდნენ, რომ ასადი შტატებისა და ევროპის მერყეობამ წააქეზა, ვინაიდან ობამას გაფრთხილება 2012 წელს ე.წ. წითელი ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში სამხედრო ინტერვენციის შესახებ მხოლოდ გაფრთხილებად დარჩა.

დასავლურისგან რადიკალურად განსხვავებული რიტორიკა ისმოდა რუსულ მედიაში. აქ აკრძალული იარაღის გამომყენებლად მხოლოდ აჯანყებულები მოიაზრებოდნენ. სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ისინი ერთმნიშვნელოვნად ვერ ადებდნენ ხელს რომელიმე მხარეს და ცდილობდნენ, გამოერკვიათ, თუ ვის უფრო მეტად აწყობდა გუტას ინცინდენტი. ისინი ცდილობდნენ, დაენახათ პროვოკაციის კვალი ოპოზიციის მხრიდან და, ხანდახან, არც ერიდებოდნენ, ისლამისტი ექსტრემისტების ინტერესებზეც ესაუბრათ. რუსული მედია სკეპტიკურად უყურებდა გავრცელებულ ვიდეოებსაც და მიიჩნევდა, რომ, შესაძლოა, ბევრი მათგანის სიკვდილის მიზეზი ზარინი სულაც არ ყოფილიყო. რუსი ჟურნალისტები სვამდნენ კითხვას, თუ რატომ არ ეცვათ სპეციალური ტანსაცმელი ექიმებს, როდესაც ქიმიური ნივთიერებით დაღუპულებს უახლოვდებოდნენ.

დასავლურ მედიაში კრიტიკა ისმოდა თავად რუსეთის მიმართაც. 21 აგვისტოს შემდეგ გამოჩნდა სტატიები, რომლის თანახმადაც რუსეთი, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი ასადის რეჟიმისა, მომხდარში თავადაც იყო დამნაშავე, რადგან ჩვეულებრივ იარაღთან ერთად, შესაძლოა, ასადს ქიმიურიც მიყიდა. კრიტიკა წ სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შემუშავებულ ვეტოებზეც ისმოდა, რომელიც რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა გაეროს დადგენილებების იქნა შემუშავებული.

თავისმხრივ, რუსული მედია საკუთარი ქვეყნისადმი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ რუსეთი სირიის ოფიციალური პარტნიორი არასოდეს ყოფილა. ამერიკისაგან განსხვავებით, რომელიც ოპოზიციურ ძალებს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებდა, სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერდა მხარს და ორივე მხარეს არწმუნებდა ამის საჭიროებაში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ