23 აგვისტო WWW-ს დაბადების დღეა
23.08.2016
25 წლის წინ, 1991 წლის 23 აგვისტოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა www (World Wide Web), რაც ევროპული ქსელების გაერთიანების და მთელს მსოფლიოში კავშირის დამყარების წინაპირობა გახდა.

თუმცა მანამდე, 1969 წელს სამხედრო მიზნებიდან გამომდინარე, პენტაგონში ოთხი კომპიუტერის ერთმანეთთან ქსელით დაკავშირება სცადეს. ძალიან მალე ქსელი სამხედრო ფარგლებს გასცდა, ნახევარ საუკუნეში კი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილიც გახდა.

თავდაპირველად ინტერნეტი სულაც არ იყო სრულყოფილი. პირველ კომპიუტერებს ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა არ შეეძლოთ - ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. მსგავსი პრობლემა 80-იან წლებამდე გაგრძელდა, თუმცა შუალედებში მაინც ხდებოდა სიახლეები. მაგალითად, 1972 წელს რეი ტომილსონმა ელექტრონული ფოსტა შექმნა და პირველი შეტყობინებაც გაგზავნა, 1973 წელს კომპიუტერული ქსელის ამერიკულ ნაწილს ნორვეგიული და ბრიტანულიც შეუერთდა და ქსელი საერთაშორისო გახდა, 1977 წელს კი პირველი კომპიუტერული საიტიც შეიქმნა.

1974 წელს ვინტ სერფამ და ბობ კანტმა “ქსელებს შორის მონაცემთა პაკეტების პროტოკოლის თეორია” ჩამოაყალიბეს. სწორედ ამ თეორიის საფუძველზე, 1982 წელს შეიქმნა TCP\IP transmission Control Protocol / internet protocol (internet intercontinental Network). მასთან ერთად გაჩნდა სახელწოდება “ინტერნეტი” ანუ, გაერთიანებული ქსელები.

1991 წელს პოლ ლინდერმა და მარკ მაკახლიმ შექმნეს სისტემა chopher (ზაზუნა), რომელიც ფაილებს ფაილურ სისტემაში უკეთებდა ორგანიზებას და ეს ყველაფერი მენიუს სახით ხდებოდა. chopher კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი გახლდათ ინეტრნეტის განვითარების ისტორიაში, მაგრამ მას არ შეეძლო ჰიპერტექსტისა და ფოტოსურათის გადაცემა.

განვითარების შემდგომი ნაბიჯი გახლდათ www (World Wide Web – ინტერნეტ თანამგზავრი)

შემდეგ გაჩნდა HTML - ენა, რომელიც ვებ გვერდის დაკაბადონების საშუალებას იძლეოდა, შეიქმნა შესაბამისი პროგრამა ვებ ბრაუზერიც, რომელიც ამ ენაზე დაწერილ გვერდებს კითხულობდა და ასე გაჩნდა HTTP – მონაცემთა გადამგზავნი ქსელური პროტოკოლი. ამის შემდეგ ნებისმიერს, ვინც HTML-ს ენას იცნობდა, შეეძლო ვებ გვერდის გაკეთება და ქსელში განთავსება. პირველი ბროუზერი ილინოისის უნივერსიტეტის NCSA-ს ჯგუფს ეკუთვნის. ბროუზერი 1993 წელს შეიქმნა და მისი სახელი იყო Mosaic. ერთი წლის განმავლობაში, ეს პროგრამა ორ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა დააყენა თავის კომპიუტერზე. მსგავსი შესაძლებლობის მიღებისთანავე ადამიანებმა ინტერნეტში საკუთარი ვებ გვერდების განთავსება დაიწყეს. პროცესის ინტენსიურობა, ციფრების მიხედვით, თავად შეგიძლიათ შეაფასოთ: 1993 წლის დასაწყისში ქსელში მხოლოდ 130 დარეგისტრირებული საიტი იყო, წლის ბოლოს კი მათმა რიცხვმა ექვსასს გადააჭარბა.

შემდეგი ბროუზერი გახლდათ Netscape Navigator-ი, 1995 წელს კი კორპორაცია Microsoft-მა შემქნა ახალი ბროუზერი – Internet Explorer, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ინტერნეტის განვითარებაში.

საინტერესოა, რომ 1995 წელს, მაშინ, როდესაც ინტერნეტის შექმნიდან 25 წლისთავზე მას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით მომხმარებელი ჰყავდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვი ასამდეც ვერ აღწევდა. საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, ინტერნეტსივრცის ათვისება და სწრაფი განვითარება 1995 წლიდან იწყება. მანამდე კი, საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, 90-იანების დასაწყისში, მსოფლიოს კომპიუტერულ ქსელში გამოჩნდა დომენი SU, რომელიც 1990 წლის 18 სექტემბერს შეცვალა დომენმა RU-მ. ამის შემდეგ ქსელში ჩნდება პოსტსაბჭოთა ქვეყნების საინფორმაციო სივრცის აღმნიშვნელი დომენები, მათ შორის GE დომენიც.

ინტერნეტი და ჟურნალისტიკა

საერთაშორისო ქსელის გამოჩენისთანავე ინტერნეტი და ჟურნალისტიკა მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ინტერნეტის სწრაფად და იოლად შეიჭრა ტრადიციული მედიასაშუალებების მოქმედების არეში და მისთვის ანგარიშის გაწევა აიძულა. პირველი ელექტრონული გაზეთი, სახელად The Electorinic Club ქსელში 1990 წელს, ამერიკაში განთავსდა.

თუ საქართველოს მონაცემებით ვიმსჯელებთ, სადაც ინტერნეტმა ფეხის მოკიდება 1995 წლიდან დაიწყო, საინტერესო სურათს მივიღებთ. 1995 წელი ის პერიოდია, როცა თუ რომელიმე მედიასაშუალებას თავისი ოფიციალური ელექტრონული მისამართი არ აქვს, სირცხვილად მიიჩნევა. შესაბამისად, მისამართი ყველას ჰქონდა, თუმცა მისი სარედაქციო საქმიანობისათვის გამოყენება არ ხდებოდა.

ინტერნეტმედიამ ტრადიციული მედიასაშუალებებისაგან ისესხა ფორმები და მეთოდები, თუმცა ქსელში აკუსტიკური, გრაფიკული თუ ვიზუალური სახით განთავსებული ინფორმაციის რეალურ ინფორმაციად ქცევა იშვიათად ხდებოდა. მიზეზი ინტერნეტის არამასობრივი მოხმარება იყო. თუმცა ქსელში განთავსებულ ინფორმაციას საზოგადოება მაინც იღებდა, ოღონდ, ტრადიციული მედიასაშუალებებით. ვირტუალური სივრცის მასობრივი არცოდნა პრესას, რადიოსა თუ ტელევიზიას შესაძლებლობას აძლევდა, ინტერნეტიდან მოეპარათ მასალა და მისი დახმარებით შეევსოთ ცარიელი საინფორმაციო სივრცე (ეს მავნე ჩვევა, განსაკუთრებით, პრესისათვის იყო დამახასიათებელი). ნაწილობრივ, მსგავსი ტენდენცია დღესაც გრძელდება.

90-იანი წლების ბოლოსათვის ინტერნეტი უკვე ფლობდა გრაფიკულ, აკუსტიკურ თუ აუდიოვიზუალურ მხარეს, ანუ, თვისებებს, რომლებიც ინტერნეტამდელ მედიასაშუალებებს ახასიათებდათ. მსოფლიოს საინფორმაციო კომპიუტერულ ქსელში შესაძლებელი გახდა პრესის, რადიოს, ტელევიზიისა თუ საინფორმაციო სააგენტოების განთავსება. ტრადიციული მასმედიის საშუალებებმა იგრძნეს აუცილებლობა, რომ ძველი მედიის დახვეწა-გარდაქმნისათვის ახალი მედია უნდა გამოეყენებინათ; ოღონდ ისე, რომ პირველს საკუთარი სახე შეენარჩუნებინა. მალე ინტერნეტში ტრადიციული მედიასაშუალებების მუდმივად განახლებული ელექტრონული ვერსიების შექმნა დაიწყო.

ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ