BBC-ს შეცდომა და გარდაცვლილად გამოცხადებული დედოფალი
08.06.2015
BBC-ს ჟურნალისტმა აჰმენ კავაჯამ საკუთარი ტვიტერის გვერდზე გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალების შესახებ.

ჟურნალისტმა, რომელმაც სამყაროს დედოფლის გარდაცვალება აუწყა, მოგვიანებით ტვიტი სოციალური ქსელიდან წაშალა და საკუთარ გვერდზევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდგომ, კავაჯამ კვლავ დატვიტა - ამჯერად ჟურნალისტი იუწყებოდა, რომ დედოფალი ჯანმრთელობისმძიმემდგომარეობის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. BBC-ის კორესპონდენტის ტვიტერის კედლიდან მოგვიანებით ეს ინფორმაციაც გაქრა, რასაც ჟურნალისტის განმარტებითი პოსტი მოჰყვა. მისი თქმით, ტელეფონი უყურადღებოდ დატოვა და სწორედ ამას მოჰყვა სულელური ხუმრობა, მალე ეს ინფორმაციაც გაქრა.

მომხდარის გამო ბუკინგემის სასახლე იძულებული გახდა გაევრცელებინა ოფიციალური ინფორმაცია დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - სასახლე იუწყებოდა, რომ დედოფალი ჯანმრთელადაა და თავს შესანიშნავად გრძნობს.

BBC-ს ცნობით, სწორედ მაშინ, როცა ჟურნალისტმა ტვიტერით ინფორმაცია გაავრცელა, მედიასაშუალება იმ სცენარის რეპეტიციას გადიოდა, რომლითაც დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაში უნდა იხელმძღვანელოს. დამთხვევაა ისიც, რომ ინფორმაციის გავრცელების მომენტში დედოფალი გეგმიური შემოწმებისათვის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ჟურნალისტის ახსნა-განმარტებას სრულად ეწინააღმდეგება BBC-ის პრესის ოფიცერის განცხადება, რომლის თანახმადაც გავრცელებული ტვიტები დედოფლის გარდაცვალების სცენარის რეპეტიციას უკავშირდება და ისინი ჟურნალიტის გვერდზე შემთხვევით გამოქვეყნდა.

„დედოფლის გარდაცვალების სცენარის ტექნიკური რეპეტიციისას, ტვიტები, რომლებშიც საუბარი იყო სამეფო ოჯახის წევრის ავადმყოფობის შესახებ, შემთხვევით გაიზავნა BBC-ის ჟურნალისტის ტვიტერის მისამართიდან. ტვიტები შეძლებისდაგავარად სწრაფად წაიშალა. ჩვენ ბოდიშს ვიხდით მომხდარის გამო“ - განაცხადა BBC-ის პრესის ოფიცერმა.

BBC-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ჯონათან მანროს, განცხადებით, გარდაცვალების სცენარის რეპეტიცია დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი:„ესაა რეპეტიცია იმისა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს ეს ტრაგიკული მოვლენა“ - განმარტა მანრომ.

წყარო: The Guardian, Imediaethics

თეგები : შესწორება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ