როგორ ჩაიგდო ხელში Cambridge Analytica-მ Facebook-ის 50 მილიონზე მეტი ანგარიშის მონაცემები
21.03.2018
მონაცემთა ანალიზის კომპანია Cambridge Analytica-ს საქმიანობის მიმართ, რომელიც დონალ ტრამპის საარჩევნო გუნდთან და ბრექსიტის მომხრეებთან მუშაობდა, ბოლო პერიოდში ეთიკური და სამართლებრივი კითხვები ისმის.

New York Times-მა და Observer-მა წინა კვირას გამოაქვეყნეს მასალები, რომელთა თანახმად, კემბრიჯ ანალიტიკამ ამერიკელი ამომრჩევლის Facebook-ის მილიონობით პროფაილი შეაგროვა. გამოცემების ინფორმაციით, კომპანიამ მონაცემები ფეისბუკთან შეთანხმების დარღვევით მიიღო და ძლიერი software პროგრამის შესაქმნელად გამოიყენა, რომელსაც ამომრჩევლის არჩევანზე ზეგავლენის მოხდენა, ან მისი პროგნოზირება შეუძლია.

გამოქვეყნდა ბრიტანული არხის, Channel 4 News-ის ფარულად გადაღებული ვიდეოც, სადაც ჟურნალისტი კემბრიჯ ანალიტიკას წარმომადგენლებს შრი-ლანკელ ბიზნესმენად გაეცნო და უთხრა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგზე ზეგავლენა სურდა. ვიდეომასალაში, კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდერ ნიქსი ყვება, რომ მის ფირმას პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის სხვადასხვა კამპანიის წარმოება შეუძლია. მაგალითად, ქრთამის აღების სიტუაციების დადგმა.

მოვლენები ასე განვითარდა:

ალექსანდრ კოგანმა, ამერიკაში მცხოვრებმა რუსმა აკადემიკოსმა მისი შემუშავებული აპლიკაციით ფეისბუკისგან მონაცემების შეგროვების ნებართვა მიიღო. ამასთან, დადებული შეთანხმებით, კოგანს მონაცემები მხოლოდ აკადემიური მიზნებით უნდა გამოეყენებინა და არა კომერციული.

კოგანის აპლიკაცია thisismydigitallife იყო ტესტი, რომლის შევსებაც ფეისბუკის მომხმარებლებს შეეძლოთ. თუმცა ტესტი მომხმარებლისგან მისი და მისი მეგობრების პროფაილებზე წვდომას ითხოვდა.

აპლიკაცია 270 ათასმა ადამიანმა გამოიყენა და შედეგად, კოგანმა 50 მილიონზე მეტი პროფაილის მონაცემებზე მიიღო წვდომა.

კოგანსა და მის აქტივობებს კემბრიჯ ანალიტიკას აფინანსებდა, რომელმაც საერთო ჯამში, პროექტზე 7 მილიონი დოლარი დახარჯა. შესაბამისად, კომპანიამ მონაცემები, სავარაუდოდ, სწორედ მისგან მიიღო.

ფეისბუკი აცხადებს, რომ კოგანმა, 2015 წელს, მონაცემების მესამე პირისათვის, გადაცემის წესები დაარღვია, ინფორმაციის განადგურება მოითხოვა და შესაბამისი პირობაც მიიღო. კემბრიჯ ანალიტიკას ყოფილი თანამშრომელი, კრისტოფერ უაილი კი ამბობს, რომ “ახლახან გაეცნო ასობით გიგაბაიტის მონაცემებს”, რომელიც კომპანიის სერვისზე ჯერ კიდევ ინახება.

ჯერ-ჯერობით ცხადი არაა, დაირღვა თუ არა რომელიმე კანონი, თუმცა ამერიკული და ბრიტანული მარეგულირებლები და საგამოძიებო უწყებები საკითხს სწავლობენ.

ამბის გამოააშკარავების შემდეგ, ალექსანდერ ნიქსი დროებით გაათავისუფლეს, ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კი ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტმა გამოკითხვაზე დაიბარა.

მონაცემებთან დაკავშირებული უდიდესის სკანდალი უკვე აისახა ფეისბუკზე, რომლის ღირებულება 7%-ით შემცირდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ