The Independent - გაზეთი, რომელიც „მოკლა“ ინტერნეტმა
27.03.2016
26 მარტს ერთ-ერთი ბრიტანული უმსხვილესი ყოველდღიური გამოცემის, „ინდეფენდენტის“ ბოლო, ბეჭდური ვერსია გამოვიდა. როგორც მისმა მფლობელმა, სერგეი ლებედევმა მიმდიანრე წლის თებერვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაზეთი მთლიანად ინტერნეტში გადაინაცვლებს.

უკვე ცნობილია, რომ პრინტის დახურვის შემდეგ, უსამსახუროდ 50 თანამშრომელი რჩება. მისი მეპატრონე ამბობს, რომ გუნდის წევრთა ნახევარი ვებ-გვერდზე დასაქმდება.

„საგაზეთო ინდუსტრია იცვლება. ამ ცვლილებას მკითხველები გვაჩვენებენ, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მომავალი ინტერნეტისაა,“ - აცხადებს ლებედევი.

ბრიტანული მედია „ინდეფენდენტის“ დახურვას არაერთ სტატიას უძღვნის. „გარდიანში“ იხსენებენ, რომ გაზეთი პირველი იყო, რომელმაც ეკონომიკური და ინდუსტრიული გადატრიალება მოახდინა საგაზეთო ბიზნესში..

„ინდეფენდენტი“ არ არის ძველი გამოცემა. მისი პირველი ნომერი 1986 წლის 7 ოქტომბერს გამოვიდა. ანდრეას სმითი, სტეფან გლოუერი და მათეუ საიმონდსი „დეილი ტელეგრაფის“ ყოფილი ჟურნალისტები იყვნენ და სურდათ, ბრიტანელი მოსახლეობისათვის ახალი, ლიბერალური ხმა მიეწვდინათ. გამოცემა ყოველთვის გამოირჩეოდა ანტიმონარქიული განცხადებებით რაც ბრიტანეთის კონსერვატორულ სამყაროში ნამდვილი ფურორი იყო.

„ახალი სიტყვა ბრიტანულ პრესაში“ - ასეთი შეფასებები დღეს მრავალად გაისმის გაზეთის მისამართით. დაარსებიდან ორ წელიწადში, 1988 წელს მისი ეგზემპლარების გაყიდვების რაოდენობამ 400.000 შეადგინა. 1990 წელს კი, სხვა სოლიდური გამოცემების მსგავსად, გაზეთს საკვირაო გამოშვება დაამატეს და ასე გაჩნდა “Independent Sunday” (მისი ბოლო ბეჭდური ვერსია 20 მარტს გამოვიდა). სწორედ 90-იანი წლების დასაწყისი მიიჩნევა გაზეთის აყვავების ხანად. მის თანამშრომლებს ჰქონდათ ხედვა და გაზეთის განვითარების იმგვარი კონცეფცია, რომელიც სხვა ბრიტანული გამოცემებისათვის იმ დროს უცხო იყო.

დაარსების პირველ წლებში გაზეთი მაღალკვალიფციური რედაქტორებით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, მეპატრონეთა და საგაზეთო პოლიტიკის ხშირმა ცვლილებამ გაზეთის გაყიდვების რაოდენობა შეამცირა. 2003 წლიდან შეიცვალა გაზეთის ფორმატიც - A4 . მისი პირველი გვერდი კი რამდენიმე ნიუსის ნაცვლად, ერთმა მოსაზრებამ დაფარა. ამ დროისათვის, „ინდეფენდენტის“ მხოლოდ 40.000 ეგზემპლარი იყიდება, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე ნებისმიერი რეგიონული პრესის მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში. ამის პარალელურად, „ინდეფენდენტის“ ინტერნეტ და სოციალური მედიის პოლიტიკას საუკეთესოდ მიიჩნევენ ინგლისში.

„ინდეფენდენტის უნიკალური საგამომცემლო პოლიტიკა მშვენივრად ერგება გლობალურ ციფრულ მდგომარეობას“ - აცხადებენ დიდი საგამომცემლო სახლები. დღევანდელი მონაცემებით, გამოცემის გვერდს 2.8 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და პოპულარობაში ტოლს არ უდებს ისეთ გამოცემებს, როგორებიცაა “The Guardian,” “The Daily Telegraph,” “The Daily Mail” და სხვები.

„ინდეფენდენტი“ პირველი ბრიტანული ყოველდღიური გამოცემაა, რომელმაც ბეჭდური სახით არსებობა შეწყვიტა. მანამდე, 2012 წლის დეკემბერში კი ამერიკული პრესტიჟული გამოცემა, “Newsweek-ი“ იყო. ერთი შეხედვით, ბუნებრივი პროცესის მიუხედავად, ბრიტანეთში ამბობენ, რომ საგაზეთო ჯიხურებიდან გაზეთების გაქრობა მედიაპლურალიზმს უქმნის საფრთხეს.

ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ