“Sun-ის“ სტატიას, ბრიტანელი მუსლიმების შესახებ, შეცდომაში შემყვანი უწოდეს
04.04.2016
2015 წლის 23 ნოემბერს, ბრიტანულ ტაბლოიდ “The Sun-ში“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ყოველ მეხუთე მუსლიმს ჯიჰადისტების მიმართ სიმპათია აქვს“. ორგანიზაციამ, რომელიც ბრიტანეთში პრესის სტანდარტებს არეგულირებს, აღნიშნა, რომ გაზეთმა დაარღვია ეთიკის სტანდარტები, რადგან მკითხველი შეცდომაში შეიყვანა და გამოკითხვის შედეგები არასწორად აჩვენა.

მკვლევართა აზრით, პრობლემას წარმოადგენდა გამოკითხვის მეთოდოლოგიაც. გამოცემის მიერ დასმული კითხვა ასე იყო ფორმულირებული: „ეთანხმებით თუ არა შემდეგ წინადადებას: მე დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ტოვებენ ბრიტანეთს და მიდიან სირიაში საბრძოლველად“. სოციოლოგების აზრით, კითხვა ბუნდოვანია და შეიცავს მანიპულაციის ნიშნებს, რადგანაც გაუგებარია, კონკრეტულად ვინ მოიაზრება „მუსლიმებში, რომლებიც სირიაში საბრძოლველად მიდიან, “ ISIS- ის მხარდამჭერები თუ მაგალითად, ასადის ან ISIS - ის წინააღმდეგ მებრძოლები. გარდა ამისა, სადავოა, იყო თუ არა გამოკითხვა რეპრეზენტატული, რამდენად სწორად მოხდა შერჩევა და ა.შ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბრიტანეთის დამოუკიდებელი პრესის სტანდარტების ორგანიზაციამ (IPSO) თემას თვალი სწრაფად ვერ მიადევნა, გაზეთი გამოიცა და გავრცელდა. თუმცა მოგვიანებით, მსჯელობის შედეგად, “The Sun-ს” მიეცა ინსტრუქცია, დაებეჭდა განმარტებითი განცხადება გამოცემის მეორე-მეხუთე გვერდსა და არა პირველზე, რათა ამას თემის ესკალაცია არ გამოეწვია.

საქმის განხილვის დროს “The Sun-ის“ წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კვლევითი კითხვა ბუნდოვანი იყო.

IPSO-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაზეთის ნომრის გამოსვლის შემდეგ, მათთან უამრავი საჩივარი შევიდა. განსაკუთრებით აქტიურობდა ადგილობრივი, მუსლიმთა თანხმობისა და განვითარების კავშირი, რომელიც ტაბლოიდს გამოკითხვის შედეგების დამახინჯებაში სდებდა ბრალს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საჩივრები სათაურისა და სტატიის დისკრიმინაციულობის შესახებ არ ყოფილა. „იყვნენ ისეთი მომჩივნები, რომლებსაც მტკიცედ სჯეროდათ, რომ გამოკთხვის შედეგების ამგვარად გაშუქება უსიამოვნო და საფრთხის შემცველი პროცესების ხელშემწყობიც შეიძლება ყოფილიყო“, - ამბობენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მოგვიანებით, გაზეთმა ამავე თემაზე გააკეთა მასალა, სადაც წარმოადგინა ერთ-ერთი სანდო კომპანიის კვლევის შედეგები. სტატია სრულად მოიცავდა გამოკითხვის სრულ ტექსტს, მასში დამატებითი კომენტარები ისე იყო ჩართული, რომ სრული კონტექსტი გასაგები ხდებოდა. IPSO აღნიშნავს, რომ ავტორს ჰქონდა ინტერვიუ აღებული მუსლიმი ლიდერისაგან, რომელიც მკაფიოდ მიჯნავდა მუსლიმებს ექსტრემიზმისგან და ხაზს უსვამდა, რომ ISIS_ის იდეოლოგია ბრიტანელი მუსლიმების უმეტესობისათვის მიუღებელი იყო.

ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ