The New York Times-ს სვეტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
27.04.2017
The New York Times-მა მარვან ბარგუტის მიერ პალესტინისა და ისრაელის შესახებ მოსაზრებები გამოაქვეყნა, მაგრამ გამოცემამ არ გაამხილა, რომ ავტორი მკვლელობისა და ტერორისტული ჯგუფის წევრობისთვის იყო ნასამართლევი. გამოცემამ მოსაზრებების ავტორი მკითველს წარუდგინა, როგორც პალესტინელი ლიდერი და პარლამენტარი.

ბარგუტის 16 აპრილის საავტორო სვეტში, ე.წ. Op-Ed-ში სახელწოდებით „რატომ ვშიმშილობთ ისრაელის ციხეებში“, ნათქვამია, რომ ის ისრაელის ციხეში 15 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და სხვა 1 000 პალესტინელ პატიმართან ერთად შიმშილობდა. მისი თქმით, ისრაელის ჰადარიმის ციხეში პატიმრებს აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

სვეტის გამოქვეყნების შემდეგ, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერდნენ, რომ The New York Times- მა მკითხველი შეცდომაში შეიყვანა, რადგან არ აცნობა, რომ მოსაზრებების ავტორი მკვლელობისა და ტერორისტული ჯგუფის წევრობისთვის იყო ნასამართლევი. შედეგად, გამოცემამ 17 აპრილს ტექსტში შესწორება შეიტანა და მიუთითა, რა დანაშაულისთვის იხდიდა ავტორი სასჯელს.

„სტატია აღწერდა ავტორის ციხეში გატარებულ პერიოდს, თუმცა ის არ მოიცავდა ინფორმაციას მისი ციხეში მოხვედრის მიზეზების შესახებ. ის სასჯელს 5 მკვლელობისა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირისთვის იხდიდა. ბატონმა ბარგუტიმ სასამართლო პროცესების დროს დაცვა არ გამოიყენა და ისრაელის სასამართლოს ლეგიტიმაციისა და იურისდიქციის აღიარებაზეც უარი განაცხადა“, - ნათქვამია რედაქტორის შენიშვნაში.

წყარო: imediaethics
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ