The Daily Star-მა ტერორიზმის შესახებ სტატია, მუსლიმი მლოცველების ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა
15.07.2017
მალაიზიურმა გამოცემა The Daily Star-მა პირველ გვერდზე გამოიტანა სტატიის სათაური: „მალაიზიელი ტერორისტი ლიდერი“, ამ ჰედლაინის ქვემოთ კი განთავსებული იყო მუსლიმი მლოცველების ფოტო. თუმცა როგორც რედაქციამ განმარტა, ფოტო ზემოხსენებულ მასალას არ უკავშირდებოდა და ის რამადანის დაწყების აღსანიშნავად გამოაქვეყნეს. ვინაიდან ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებული სათაური და ფოტო მკაფიოდ არ იყო გამიჯნული, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სურათი ზემოხსენებული სტატიის ვიზუალი იყო, რამაც ტვიტერზე მკითხველების კრიტიკა გამოიწვია. ისინი წერდნენ, რომ გამოცემამ ტერორიზმი და ისლამი ერთმანეთს დაუკავშირა, რითიც ამ რელიგიის მიმდევრების დისკრიმინაციას და სტერეოტიპიზაციას შეუწყო ხელი.

მოგვიანებით, გამოცემამ მკითხველს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ სტატიის და ფოტოს ერთად გამოქვეყნება ტექნიკური შეცდომა იყო, რომლისთვისაც რედაქტორს ყურადღება არ მიუქცევია: „ჩვენ ყოველ წელს, რამადანის პირველ დღეს, მთავარ გვერდზე, მუსლიმების პატივსაცემად, ვაქვეყნებთ ხოლმე მათი ლოცვის ამსახველ ფოტოებს. წელს დაემთხვა, რომ ტერორიზმთან დაკავშირებული სტატია და მუსლიმი მლოცველების ფოტო გვერდიგვერდ მოხვდა. გამოცემას უნდა გამოეჩინა მეტი მგრძნობელობა ამ საკითხის მიმართ, ბოდიშს ვუხდით ჩვენს მუსლიმ მკითხველს“.

წყარო: Imediaethics

თეგები : მანიპულაცია; სტერეოტიპები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ