შტეკელი უკრაინის წინააღმდეგ - ევროსასამართლოს გადაწყვეტილება
21.07.2017
2005 წელს გაზეთმა “პრავოე დელომ“ და მისმა რედაქტორმა შტეკელმა უკრაინის წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიმართეს, ისინი მიიჩნევდნენ, რომ მათ მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე- 10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა).

იმ პერიოდისთვის, „პრავოე დელო“ იყო ადგილობრივი გაზეთი, რომელიც კვირაში სამჯერ გამოდიოდა 3,000-იანი ტირაჟით. იგი აქვეყნებდა მოხსენებებს და მასალებს უკრაინაში, უფრო ზუსტად, ოდესაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური საკითხების შესახებ. სახსრების სიმცირის გამო, გაზეთი ხშირად ბეჭდავდა სხვადასხვა საჯარო წყაროდან, მათ შორის ინტერნეტიდან მოპოვებულ სტატიებს.

2003 წელს, გამოცემამ უცვლელად და წყაროს მითითებით გადმოაკოპირა სხვა საიტზე გამოქვეყნებული ანონიმური წერილი, რომელშიც, უშიშროების სამსახურის ოდესის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დადანაშაულებული იყო კრიმინალურ ჯგუფთან კავშირში. გამოქვეყნებულ წერილს თან ერთვოდა რედაქტორის მინაწერიც, სადაც ის ხაზს უსვამდა, რომ წერილი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ქვეყნდებოდა და ამბის მონაწილე ყველა მხარეს, საქმის შესახებ საჯარო დისკუსიას და მათი მოსაზრებების გამოქვეყნებას სთავაზობდა. წერილში ჩამოთვლილი იყო კიდევ რამდენიმე პირი, რომლებიც კრიმინალური ჯგუფის წევრებად მოიხსენიეს. ერთ-ერთმა მათგანმა, გ.ტ-მ გაზეთის წინააღმდეგ, ცილისწამების მუხლით ადგილობრივ სასამართლოს მიმართა. ის ამტკიცებდა, რომ მის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, იყო ცილისმწამებლური და ლახავდა მის საქმიან რეპუტაციას. ის სასამართლოსგან ითხოვდა, რომ რედაქციას გამოექვეყნებინა უარყოფის წერილი, მოეხადა ბოდიში და გადაეხადა კომპენსაცია 200,000 უკრაინული გრივნის ოდენობით.

რედაქცია განმარტავდა, რომ გამოქვეყნებულ წერილზე მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ, რადგან მათ უბრალოდ სხვა ვებსაიტიდან დააკოპირეს წერილი, ინფორმაცია არ ყოფილა გამოცემის მიერ მოპოვებული და დამუშავებული, შესაბამისად, მის სიზუსტეზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ. გარდა ამისა, ჟურნალისტები მიუთითებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ ცილისმწამებლური მიზანი და მასალების გამოქვეყნებისას, ისინი მიზნად ისახავდნენ საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვეს საკითხზე, რომელსაც იმ დროისთვის საზოგადოებრივი ინტერესი გააჩნდა. ადგილობრივმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს გაზეთის პოზიცია და დაავალეს ინფორმაციის უარყოფა, ბოდიშის მოხდა და კომპენსაციის გადახდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს შემდგომმა ინსტანციებმაც, საბოლოოდ გამოცემამ ევროსასამართლოს მიმართა.

ევროსასამართლომ ამ საქმეზე მეათე მუხლის დარღვევა დაადგინა, რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ რომ ცილისწამების შესახებ ადგილობრივი კანონმდებლობა არ იყო საკმარისად ნათელი და განჭვრეტადი. ევროსასამართლო უთითებს, რომ კონვენციის მეათე მუხლის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში უნდა იყოს კანონიერი. კანონი უნდა შეესაბამებოდეს “ხარისხის” გარკვეულ მოთხოვნებს. უფრო ზუსტად, რეგულირება არ შეიძლება იქნას მიჩნეული “კანონად,” თუ იგი ცხადი, ისე რომ მოქალაქემ შეძლოს განჭვრიტოს, მის ამათუიმ კონკრეტულ ქმედებას, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

ევროსასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბოდიშის მოხდას, ცილისმწამებლური ინფორმაციის გამოქვეყნების საპირწონედ, უკრაინული კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებდა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა სასამართლომ გაზეთს დაავალა არა მხოლოდ კომპენსაციის გადახდა, არამედ ინფორმაციის უარყოფა და ბოდიშის მოხდა. ამ პირობებში, სასამართლო ადგენს, რომ ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი არ ეფუძნებოდა კანონს და შესაბამისად, ამ ნაწილში დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლი.

„უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად, ჟურნალისტებს არ შეიძლება დაეკისროთ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ცილისწამების საქმეებში, როცა ისინი არ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას განზრახ, როცა მოქმედებენ კეთილსინდისიერად და ამოწმებენ ინფორმაციას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოცემის ჟურნალისტებმა, აღნიშნეს, რომ მასალის გამოქვეყნებისას ისინი არ მოქმედებდნენ მოსარჩელის მიმართ სულ ოდნავი ცილისმწამებლურად ბოროტი განზრახვითაც კი, თემის მიმართ კი საჯარო ინტერესი არსებობდა, გამოცემა მიზნად ისახავდა დებატების და დისკუსიის გამართვას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე. მათი ეს პოზიცია საერთოდ არ იქნა გაზიარებული ადგილობრივი სასამართლოების მიერ“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ