22.06.2017
“ჩვენ ვიზიარებთ იმ ტკივილს, რასაც ახლა განიცდიან ვილენიუვეს ოჯახის წევრები. მისი გამბედაობა და პროფესიონალიზმი სტეფანის კოლეგებისა და ზოგადად, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი მაგალითი იყო.” - წერია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
სტეფან ვილენიუვე და ბახტირ ჰადადი გამოცდილი რეპორტიორები იყვნენ. ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ მსოფლიოს ცხელ წერტილებში. 19 ივნისს კი ჟურნალისტები ერაყის სამთავრობო ძალების მიერ ქალაქ მოსულის გათავისუფლებას აშუქებდნენ, რომელიც “ისლამურმა სახელმწიფომ” 2014 წელს დაიპყრო. რეპორტიორები ერაყის არმიასთან ერთად, ქალაქის ძველ უბანში იყვნენ, როცა მოულოდნელად ნაღმი აფეთქდა და მათი სიცოცხლეც იმსხვერპლა.
მოსულის დაბრუნების ოპერაცია ერაყის ხელისუფლებამ 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს ცნობით, თითქმის 2 მილიონიან ქალაქში მიმდინარე ბრძოლებს მას შემდეგ სამი ჟურნალისტი ემსხვერპლა. ძველ უბნებში მიმდინარე შეტაკებების გადაღება განსაკუთრებით სახიფათოა მედიისთვის, ვიწრო ქუჩებში დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, რეპორტიორები კი ბრმა ტყვიებსა და ნაღმებთან ერთად სნაიპერების სამიზნეც ხდებიან. საერთოდ, ჟურნალისტებისთვის ერაყი ყველაზე სახიფათო ქვეყანად მიიჩნევა, ამავე ორგანიზაციის მონაცემებით 2014 წლის შემდეგ დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობა ახლა უკვე 28-მდე გაიზარდა.