IPSO: სტრიპტიზის მოცეკვავის ფოტოს გამოქვეყნებით მედია პირად ცხოვრებაში არ შეჭრილა
15.03.2018
ინგლისის ქალაქ პლიმუთში გაზეთმა Plymouth Herald ადგილობრივი სტრიპტიზ კლუბის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ამბავს გაზეთმა თან დაურთო 2005 წელს გადაღებული ფოტოები, სადაც ქალები საცეკვაო ბოძთან პოზირებდნენ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ერთ-ერთმა ქალმა ბრიტანეთის პრესის საბჭოში (IPSO) იჩივლა და განაცხადა, რომ 2005 წელს გამოქვეყნებული ფოტოს ხელახლა დაბეჭდვა მისი პირადი სივრცის დარღვევა იყო. ქალი, რომლის ვინაობასაც IPSO არ ასახელებს, საჩივარში აღნიშნავს, რომ ფოტოს გადაღებისას ის 18 თუ 19 წლის იყო და დიდი ხანია, სტრიპტიზ კლუბში აღარ მუშაობს.

IPSO არ დაეთანხმა განმცხადებლის პოზიციას და აღნიშნა, რომ ფოტოს ხელმეორედ გამოქვეყნებით, მედია არ შეჭრილა ქალის პირად ცხოვრებაში. პრესის საბჭომ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა, რომ თავის დროზე, ქალს ფოტო მისივე თანხმობით გადაუღეს, გამოცემას კი ნათლად ჰქონდა მითითებული, რომ ფოტო არქივიდან იყო.

Herald-მა საჩივრის განხილვისას განაცხადა, რომ ახალი ამბების გამოცემას არ მოეთხოვება განსაზღვროს, არის თუ არა ამჟამად ვინმესთვის მისაღები, მისი წარსული საქმიანობის ამსახველი რაიმე კადრის ხელახლა გამოქვეყნება მაშინ, როცა ეს კადრი თავის დროზე, ნებაყოფლობით იყო გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ გამოცემას არ დაუდგინდა ეთიკური სტანდარტების დარღვევა, რედაქციამ სტატიის ონლაინ ვერსიიდან ფოტოს წაშლა მაინც გადაწყვიტა: „ ჩვენ კარგად გვესმის, რომ როცა ადამიანი ახალგაზრდაა, ხშირად აკეთებს ისეთ არჩევას, რომელიც შესაძლოა მომავალში ინანოს“ -აღნიშნულია Herald-ის მიერ IPSO გაგზავნილ განცხადებაში.

წყარო: Imediaethics

თეგები : პირადი ცხოვრება; თვითრეგულირება;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ