29.03.2018
“არც ფაქტები, არც
სამხილები” - წერია Россия 24-ის გრაფიკზე
რუსული მედია აშშ-დან, კანადიდან და ევროპული ქვეყნებიდან 100-ზე მეტი რუსი დიპლომატების გაძევებას სარკაზმითა და ბრაზით ეხმაურება.
მთავარი ნაციონალური არხები ერთსულოვნად პროპაგანდირებენ კრემლის პოზიციას, თითქოს სოლსბერიში ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლას დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ მიზეზად იყენებს.
"ისინი მიზეზად სკრიპალის მოწამვლას ასახელებენ მაშინ, როცა მოსკოვი, მომხდარში რუსეთის მონაწილეობის მტკიცებულებას, ჯერ კიდევ ელოდება", - განაცხადეს НТВ-ს ეთერში.
დიპლომატების გაძევებას НТВ საერთაშორისო
დემარშს უწოდებს
კრემლის კონტროლირებად პირველ არხზე (Первый канал) ერთ-ერთმა ცნობილმა წამყვანმა, კირილ კლეიმიონოვმა ცინიზმით შეაფასა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის გამოსვლა პარლამენტში. კლეიმიონოვის თქმით, ბრიტანეთს შეეძლო უბრალოდ გამოეშვა რუსი დიპლომატები, თუმცა ამის ნაცვლად სკრიპალის მიზეზი მოიგონა.
პირველი არხის სიუჟეტი გაჯერებული იყო სარკაზმით ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელმაც თითქოს "დაჩქარებულ რეჟიმში გამოხატა ე.წ. სოლიდარობა" ბრიტანეთის მიმართ.
სახელმწიფო ტელევიზიამ Россия 1 კი დასავლეთის ქმედებები შეაფასა, როგორც "კოორდინირებული დემარში" და დასცინა უკრაინას 13 რუსი დიპლომატის გაძევებაში “გამოჩენილი ენთუზიაზმისთვის”.
რუსეთის
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა რუსულ
ტოქ-შოუში
დიპლომატიური დაძაბულობას მიეძღვნა ტოქ-შოუ Россия 1-ზე. წამყვანმა და სტუმარმა ერთნაირად, ბრაზით შეაფასეს დასავლური ქვეყნების ქმედება და თქვეს, რომ ეს ანტირუსული კამპანიის ნაწილია. მათივე თქმით, კამპანიას სათავეში აშშ და ბრიტანეთი უდგას.
"ეს უბრალოდ ომი კი არა, შეთქმულებაა რუსეთის წინააღმდეგ", - განაცხადა კონსტანტინ ბლოკჩინმა, ექსპერტმა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიდან.
იმავე აზრზე იყო ანდრეი ბეზრუკოვი, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის ლექტორი. მისი თქმით, სკრიპალის მოწამვლა დიპლომატების გაძევების რეალური მიზეზი არაა.
“ნეზავისიმაია”
სათაური: დიპლომატების გამოძევების ასეთი კოორდინირებული ძალისხმევა
უპრეცედენტოა
ნაკლებად საომარი რიტორიკა ჰქონდათ ბიზნეს გაზეთებს, რომლებიც, ძირითადად, ურთიერთობების ესკალაციის შემდეგ რუსეთ-დასავლეთის ეკონომიკურ პარტნიორობაზე აკეთებდნენ აქცენტს.
4 მარტს გაერთიანებული სამეფოს ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია მოწამლეს. მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ბრიტანეთის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, სკრიპალის საქმის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას. ამ პოზიციას იზიარებენ მისი პარტნიორებიც დასავლეთში, რის გამოც, აშშ-მ, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა 130-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს. თავად რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მტკიცებულებებს ელოდება.
მომზადებულია BBC-ის სტატიაზე დაყრდნობით