სუიციდის დეტალური აღწერით ბრიტანულმა გამოცემამ სტანდარტი დაარღვია
09.01.2019

ბრიტანულმა გამოცემამ The Northampton Chronicle & Echo ზედმეტად ბევრი დეტალის გამოქვეყნებით სუიციდის გაშუქების წესი დაარღვია - ამის შესახებ ბრიტანეთის დამოუკიდებელი პრესის საბჭოს (IPSO) გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

2018 წლის მარტში გაზეთის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით „ნორტემპტონელი ქალი კოფეინის ზედოზირებით გარდაიცვალა”, დეტალურადაა მოყოლილი, როგორ გარდაიცვალა ქალი, სად მოიპოვა სუბსტანცია, როგორ დარეკა სასწრაფო დახმარებაში, აღწერილია სიმპტომები და გარდაცვალება. ქალის ოჯახის ახლობელმა ამ საკითხთან დაკავშირებით IPSO-ში იჩივლა. იგი ფიქრობდა, რომ ამბის ასეთი მოყოლა სუციდისკენ მიდრეკილ ადამიანებს იგივეს ჩადენისკენ უბიძგებდა, გარდა ამისა, აპროტესტებდა მასალაში გარდაცვლილის შესახებ ბევრი პირადი დეტალის გასაჯაროებასა და მის „მარტოხელად და უმუშევრად“ მოხსენიებას.

რედაქციამ აღიარა, რომ რეპორტაჟი მართლაც ზედმეტად ბევრ ინფორმაციას შეიცავდა და 24 საათის განმავლობაში აიღო სტატია ვებგვერდიდან. გამოცემა სუიციდის პრევენციის ჯგუფმა, Samaritans-მაც გააკრიტიკა.

IPSO-ს თანახმად, გაზეთმა განაცხადა, რომ „ლოკალური ახალი ამბების გუნდმა თავდაპირველად იფიქრა, რომ ეს დეტალები სხვებისთვის გამაფრთხილებელი იქნებოდა. თუმცა სრულად აცნობიერებენ, რომ ეს შეცდომა იყო“. გარდა ამისა, The Chronicle & Echo-ში განაცხადეს, რომ რედაქციაში კიდევ ერთხელ გადახედეს სუიციდის გაშუქების გაიდლაინებს და მზად იყვნენ, ბოდიში მოეხადათ ოჯახისთვის.

The Chronicle & Echo არ დაეთანხმა საჩივრის იმ ნაწილს, სადაც გამოცემას გარდაცვლილის პირადი დეტალების გამოაშკარავებასა და მგლოვიარეების პირად სივრცეში შეჭრას ედავებოდნენ. რედაქციის განმარტებით, ყველა ინფორმაცია, რაც გაასაჯაროეს, გარდაცვალების მიზეზის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარეობდა.

IPSO დაეთანხმა მომჩივანს, რომ სტატიამ ნამდვილად დაარღვია სუიციდის გაშუქების წესი.

“სტატიაში გამოქვეყნებული დეტალები თავისუფლად შიძლებოდა ვინმესთვის მსგავსი ქმედების განმეორების მაპროვოცირებელი გამხდარიყო. ეს განსაკუთრებით სახიფათო იყო, რადგან მასალაში სუიციდის უჩვეულო მეთოდი იყო აღწერილი,  დეტალების მოყოლა კი აჩენდა რისკს, რომ ამ მეთოდის შესახებ მოსახლეობაში ცნობადობა გაიზრდებოდა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

გამოცემა სუიციდის გაშუქების მე-5 პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულეს. თუმცა, IPSO-მ არ მიიღო საჩვარი პირადი სივრცის დარღვევის შესახებ და ამ ნაწილში გაზეთის რედაქციის მოსაზრება გაიზიარა.

მომზადებულია imediaethics -ის მიხედვით.


თეგები : სუიციდი;
ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ