2018 წლის 15 მთავარი შესწორება მსოფლიო მედიაში
11.01.2019

გასულ წელს მედიაში არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სხვადასხვა, მათ შორის სოლიდურმა გამოცემამ, საკუთარ მასალებში აღმოჩენილი უზუსტობის გამო ბოდიში მოიხადა და ტექსტი შესაბამისად დააკორექტირა.

მედიაჩეკერი მსოფლიო მედიაში დაფიქსირებულ 15 ყველაზე დასამახსოვრებელ შესწორებას გთავაზობთ:

15. ბრიტანულმა გამოცემა UK Mirror-მა ცნობილი მესვეტის კეტი ჰოპკინსის შესახებ გამოქვეყნებული ამბავი ჩაასწორა. თავდაპირველად გამოცემა წერდა, რომ ის სამხრეთ აფრიკაში კეტამინის (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი) მოხმარების გამო დააკავეს. ჰოპკინსი სამხრეთ აფრიკაში მართლაც დააკავეს, თუმცა არა აღნიშნული პრეპარატის მოხმარების გამო;

14. The Washington Post-მა ერთ-ერთ მასალაში ბრუკლინი შეცდომით კანადის ერთ-ერთ პროვინციას მიაკუთვნა, რის გამოც იძულებული გახდა, რომ ბოდიში მოეხადა და ამბავი ჩაესწორებინა;

13. ერაყი თუ კლდე (Iraq or Rock)? The Wall Street Journal-მა მასალაში შეცდომით დაწერა, თითქოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამენ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მოსემ წყალი ერაყიდან მოიტანა. სინამდვილეში ისრაელის პრემიერმა სიტყვა კლდე გამოიყენა, რომლის ინგლისური შესატყვისი თითქმის ერაყის იდენტურად გამოითქმის. როგორც ჩანს, შეცდომის მიზეზიც სწორედ ეს გახდა;

12. გასულ წელს The Washington Post-მა არასწორად დაწერა თითქოს სექსუალური ძალადობის შესახებ ერთ-ერთი საქმის განმხილველმა მოსამართლემ უსაფრთხო საპარსებზე თქვა, რომ ისინი ზედმეტად ქალურია და მას ფაქტობრივად სექსიზმში დასდო ბრალი, რაც არასწორი იყო. გამოცემამ შეცდომისთვის ბოდიში მოიახადა და მასალა შესაბამისად დააკორექტირა;

11. ყვავების ნეკროფილიის შესახებ მომზადებული მასალა დააკორექტირა The New York Times-მაც. გამოცემის შესწორებაში წერია, რომ მასალის პირვანდელ ვერსიაში ზოგიერთი ყვავის ქცევა არასწორად იყო გაიგივებული ნეკროფილიასთან. ისინი უბრალოდ თავს ესხმიან მკვდარ ყვავებს და გარკვეული კონტაქტის დამყარებას ცდილობენ. ფრინველის ამ ქცევის ნეკროფილიის კონტექსტში განხილვა კი მთლად სწორი არ არის, განმარტა გამოცემამ;

10. The New York Times-მა მის ერთ-ერთ მასალაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე და შვილი კვლავ ერთმანეთში აურია. გამოცემამ შეცდომის შესახებ დაწერა და მასალა დააკორექტირა;

9. არასდროს აურიოთ გველების მფლობელები ერთმანეთში. სწორედ ასე დაემართა The Times of London-ს, რომელმაც მულენ რუჟში გველის ნაკბენით გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ მოამზადა მასალა. მასალამ მულენ რუჟის მფლობელების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მკითხველისთვის იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითოს მამაკაცი მათმა ერთ-ერთმა გველმა იმსხვერპლა. The Times London-მა ჩასწორებულ მასალაში დააკონკრეტა, რომ გველი უშუალოდ გარდაცვლილის საკუთრება იყო და არა მულენ რუჟის რომელიმე კაბარის;

8. The Washington Post-მა სატირულ გვერდზე (Clickhole.com) დაყრდნობით მასალა მოამზადა, რომელშიც ჯორჯ ბუშ უმცროსი, მოხსენიებული იყო როგორც “ამერიკელი იდიოტი”, Th Post-მა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისადმი გამოყენებული ეპითეტი უცვლელად გადაიტანა. არადა, სინამდვილეში სატირული გამოცემა ჯორჯ ბუშ უმცროსზე ჯგუფი Green Day-ის საავტორო სიმღერის - “ამერიკელი იდიოტის” კონტექსტში წერდა, აღნიშნულს ყოფილ პრეზიდენტთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონია და გამოცემას ეს მისი შეურაცხყოფისთვის არ გამოუყენებია. The Washington Post შეცდომას რედაქტორის შენიშვნით გამოეხმაურა, უზუსტობისთვის ბოდიში მოიხადა, დააკონკრეტა, რომ Clickhole.com სატირული გვერდი იყო და მასალა წაშალა;

7. ე.წ. ბრაუზერის მომხმარებლის სახელის შერჩევისას ფრთხილად იყავით, აღნიშნულმა შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. ასე დაემართა The Times-ის რედაქტორსაც. აღმოჩნდა, რომ მასალის რედაქტირებისას ერთ-ერთი ციტატის გადამოწმებისას ის პროგრამამ, რომელშიც შესული იყო არასწორ მოვლენასთან დააკავშირა და მანაც მასალაში არაზუსტი ინფორმაცია გადაიტანა. ამისთვის მას მასალის ჩასწორება და ბოდიშის მოხდა მოუწია;

6. ასევე ბოლომდე არ ენდოთ ტექნიკასაც, მაგალითად The NPR-მა მასალაში შეცდომა არასწორად გაშიფრის გამო დაუშვა და დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა მას მაგნიტი უწოდა, არადა, რეალურად მან მაგნატი თქვა, რაც ინგლისურად მაგნიტის იდენტურად გამოითქმის;

5. დაუვიწყარი იყო NPR-ის ოქტომბრის შესწორებაც, რომელიც რუმინელი ჯადოქრების მიერ გადასახადების ამკრებების მოჯადოების მუქარას ეხებოდა. გამოცემამ მასალა შემდეგნაირად დააკორექტირა - მასალის პირველად ვერსიაში არასწორად იყო ნათქვამი, თითქოს მიჰაელა მინკა გადასახადებს წლების განმავლობაში არ იხდიდა და ამის მიზეზი მის მიერ გადასახადების ამკრებების მიმართ გამოთქმული მუქარა იყო, რომ ის მათ მოაჯადოვებდა. ბოდიშს ვიხდით შეცდომისთვის, სინამდვილეში გადასახადების ამკრებებს მინკას დედამთილი ემუქრებოდა და არა ის;

4. the Omaha World-Herald-მა სტატია, სადაც ერთ-ერთი რეპერი იარაღის დიდ მოყვარულად მოიხსენია დააკორეტქტირა და განმარტა, რომ რეპერი უბრალოდ ამბობს, რომ მას დიდი იარაღი მოსწონს და არა უყვარს;

3. 2018 წელს თვალსაჩინო იყო Politico-ს ჩასწორებაც. გამოცემამ ერთმანეთში ფილმების - “ბეჭდების მბრძანებლისა” და “ნათლიის” პერსონაჟები აურია;

2. ასევე შეიძლება ითქვას, რომ დაუვიწყარი იყო ბრიტანული Sun-ის შესწორებაც, რომელიც ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს ეხებოდათ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ფრანკენშტეინის მონსტრი არასწორად არის გაგებული და სინამდვილეში ის მსხერპლია. გამოცემამ კი არც მეტი არც ნაკლები სტუდენტების შეფასებისთვის ბოდიში ფრანკენშტეინის მონსტრს მოუხადა;

1.The Associated Press-მა გასულ წელს ფლორიდის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შესახებ დაწერა, რომ მომხდარის შესახებ ფლორიდის შერიფმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს უთხრა, რომ “ისხედით და ძრწოდეთ” (sit and shiver), არადა მან ებრაული ტრადიციის მიხედვით გლოვა იგულისხმა (sitting shiva). აღნიშნულისთვის AP-მა ბოდიში მოიხადა.

წყარო: imediaethics.org


თეგები : შესწორება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ