თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გაშუქებისას არასრულწლოვნის ჩვენებით Sky News-ს სტანდარტი არ დაურღვევია
19.06.2019
ბრიტანეთის პრესის მარეგულირებლის (Ofcom) გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია Sky News-ს ლონდონში მომხდარი თავდასხმის ამბის გაშუქების დროს 12 წლის გოგონას კადრის ჩვენებით სტანდარტი არ დაურღვევია. მარეგულირებლის განმარტებით, კადრი დაბალი ხარისხის იყო და მასზე გოგონას იდენტიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

არხს მარეგულირებელში გოგონას დედამ უჩივლა. ის ამბობდა, რომ მისი შვილი კადრში სწორედ იმ დროს გამოჩნდა, როდესაც დამნაშავე ერთ-ერთ მსხვერპლს დანით თავს დაესხა.

Sky News-მა დედის საჩივრის საპასუხოდ განმარტა, რომ გოგონა კადრში მხოლოდ 1.9 წამით ჩანდა და მისი ამოცნობა ადამიანების მხოლოდ ისეთ ვიწრო ჯგუფს შეეძლო, ვინც მას ძალიან ახლოს იცნობდა. თუმცა, არხმა დედის საჩივრის შემდეგ გოგონას სახე მაინც დაფარა.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა არასრულწლოვანია, კადრში მისი ჩვენებით მისი პირადი სივრცე არ დარღვეულა, განმარტა Ofcom-მა და იქვე დასძინა, რომ სიუჟეტში მისი ვინაობა არ დასახელებულა.

„მხოლოდ იმიტომ, რომ ის კადრში გაკვრით გამოჩნდა, ამასთან კადრი არამკაფიო და უხარისხო იყო, შესაბამისად, სიუჟეტში ისეთი არაფერი ჩანდა, რაც გოგონას ამოცნობადს გახდიდა“, - განმარტა ბრიტანულმა მარეგულირებელმა.

წყარო: imediaethics.org

თეგები : თვითრეგულირება;
ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ