Facebook-ი კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის შემცველ მასალებს წაშლის
31.01.2020
Facebook-ი კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციულ და ადამიანებისთვის საზიანო ინფორმაციის შემცველ კონტენტს შეზღუდავს. გარდა ამისა, კომპანია თავის მომხმარებლებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ვირუსის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ფორმით მიაწვდის.

Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაქტჩეკერები კორნავირუსის შესახებ პლატფორმაზე გავრცელებული ყალბი შინაარსის შემცველი ინფორმაციის გამოვლენაზე მუშაობას განაგრძობენ.

"როდესაც ფაქტჩეკეკერები კონკრეტულ ინფორმაციას მცდარად შეაფასებენ, მის გავრცელებას Facebook-სა და Instagram-ზე ვზღუდავთ და ვცდილობთ პარტნიორების დახმარებით ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ მომხმარებლებს. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებმაც კონკრეტული კონტენტი გააზიარეს ან აპირებენ გაზიარებას, შეტყობინებას ვუგზავნით იმის შესახებ, რომ ეს მასალა გადამოწებულია“.

Facebook-ის ინფორმაციით, წაიშლება კორონავირუსთან დაკავშირებით ის ყალბი განცხადებები და კონსპირაციული თეორიები, რომელთა დაჯერებამ, ჯანდაცვის წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით, შესაძლოა ფიზიკური ზიანი გამოიწვიოს.

კერძოდ, Facebook-ი ყურადღებას ამახვილებს ისეთ მასალებზე, რომლებიც ვირუსის პრევენციისა და მისგან განკურნების ცრუ მეთოდებს შეიცავს.

"მაგალითად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მათეთრებლის მიღება კორონავირუსისგან განკურნების საშუალებაა, ან ისეთი განცხადებები, რომლებიც გაუგებრობას ქმნის ჯანდაცვის ხელმისაწვდომ რესურსებთან დაკავშირებით. ასევე Instagram-ზე დავბლოკავთ და შევზღუდავთ დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებულ ჰეშთეგებს“.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, Facebook-ისა და Instagram-ის გუნდი კორონავირუსის შესახებ ზუსტი და უფრო ხელმისაწვდომი ინფორმაციის გასავრცელებლად მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის სფეროში მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან.

" მომხმარებლებს "ნიუს ფიდში" კორონავირუსზე განახლებული ინფორმაციის მიღებაში დავეხმარებით. როდესაც ისინი Facebook-ზე ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას მოძებნიან ან Instagram-ზე შესაბამის ჰეშთეგზე გადავლენ, ეკრანზე გამოჩნდება ვირუსის შესახებ სანდო წყაროზე დაყრდნობით საგანმანათლებლო შინაარსის ინფორმაცია. გარდა ამისა, საკითხზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ვირუსით დაზარალებულ რეგიონებში ორგანიზაციებს უფასო რეკლამების განთავსების საშუალებას ვაძლევთ", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, Facebook-ი პარტნიორ კვლევით საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ვირუსის გავრცელების შესახებ მონაცემების მიწოდებითაც დაეხმარება. კომპანიის პარტნიორები ვირუსთან დაკავშირებით სოციალური მომხმარებლების დამოკიდებულებებს ისეთი პროგრამების საშუალებითაც შეიტყობენ, როგორიც მაგალითად, CrowdTangle-ია.

Facebook-ის განმარტებით, ზემოთ ნახსენები ზომების სრულად დანერგვას გარკვეული დრო დასჭირდება. ისინი, ვირუსთან დაკავშირებით კომპანიის მიერ დამატებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ განახლებულ ინფორმაციას გაავრცელებენ.

კორონავირუსის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში პნევმონიის გამომწვევი ვირუსით 213 ადამიანია დაღუპული. დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ კი 10,000-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთის გარდა, კორონავისრუსის 98 შემთხვევა 18 ქვეყანაში დაფიქსირდა .

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ