როგორ ვრცელდება დეზინფორმაცია კორონავირუსზე
09.03.2020
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად ინტერნეტსივრცეში ვირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელების სიხშირეც იზრდება. ზოგიერთ შემთხვევაში შეცდომაში შემყვანი მასალების ტირაჟირებას ხელს მედია უწყობს. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში საერთაშორისო საინფორმაციო ვებგვერდებზე გამოქვეყნდა რუკა, რომელიც თითქოს კოვიდ-19-ის გავრცელების არეალს აჩვენებდა, რეალურად კი ის საერთაშორისო ფრენების ამსახველ რუკას წარმოადგენდა.


alt


როგორ მოხვდა მედიაში რუკა შეცდომით? 
 
ინგლისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის World Population Project-ის ფარგლებში გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც პროგნოზირებული იყო, კორონავირუსის ეპიცენტრში- ქალაქ უხანში კარანტინის გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე, უხანელების მგზავრობის სავარაუდო მიმართულებები. პროექტის ავტორებმა კვლევაზე მუშაობისას წინა წლების ავიარეისებისა და უხანის მცხოვრებელთა მობილურების მონაცემები გამოიყენეს. კვლევის შედეგად მიღებული პროგნოზი ასეთი იყო: ქალაქის იზოლაციამდე შესაძლოა უხანის 60,000-მდე მცხოვრებს მსოფლიოს 400-მდე ქალაქში ემგზავრა.

მკვლევრებმა თავიანთი მიღებული შედეგები ნაწილ-ნაწილ Twitter-ზე გამოაქვეყნეს, მათ შორის იყო რუკაც, რომელიც მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო ფრენებს ასახავდა, თუმცა დაზუსტებული არ იყო, რომ ეს რუკა კორონავირუსის შესახებ კვლევის ნაწილს არ წარმოადგენდა.

მას შემდეგ რაც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იკითხეს, აღნიშნული რუკაზე წითელი ხაზები კვლევით მიღებულ შედეგებს ასახავდა თუ არა. მკვლევართა გუნდმა განაცხადა, რომ რუკა კვლევას არ უკავშირდებოდა და ის გლობალური საჰაერო ქსელის მასშტაბის საჩვენებლად გამოაქვეყნეს. მოგვიანებით, გვერდიდან რუკა წაიშალა, თუმცა გრაფიკული გამოსახულება მაინც მოხვდა რამდენიმე ავსტრალიური გამოცემის, The Sun-ის, Daily Mail-ისა და Metro-ს ვებგვერდებზე.

alt


ავსტრალიური არხის 7News-ის ეთერში კი რუკა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის საჩვენებლად გამოიყენეს. ვიდეოს 7 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. წამყვანის თქმით, რუკაზე წითელი ხაზებით 5 მილიონი უხანელია აღნიშნული, რომლებმაც ქალაქი დატოვეს. რეალურად კი ეს ხაზები მსოფლიოს მასშტაბით საჰაერო მარშრუტებს ასახავს.


ყალბი „სქრინშოტები“

კიდევ ერთი მასობრივად გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია კორონავირუსის განკურნების შესახებ ე.წ სქრინშოტი იყო, რომელზეც ახალი ამბების გამოშვების მიმდინარეობისას ტიტრებში იკითხებოდა წარწერა "მარიხუანა კლავს კორონავირუსს".

alt

ე.წ სქრინშოტები ყალბი ინფორმაცის გავრცელების ერთ-ერთი ეფექტური და ხშირად გამოყენებადი ფორმაა. ხალხი ძირითად შემთხვევებში სქრინშოტს იმისთვის იღებს, პროვოკაციული ან შეცდომით დაწერილი პოსტი შეინახოს, რომელიც, დიდი ალბათობით, მალევე წაიშლება. სქრინშოტი კი "რეალობის" გამოსააშკარავებლად გამოიყენონ. როდესაც ყალბი სქრინშოტები ვრცელდება და მისი ორიგინალი ვარიანტის ნახვა შეუძლებელია, დიდია ალბათობა იმისა, ხალხმა იფიქროს, რომ ორიგინალი მასალა წაშალეს და მისი ავთენტურობა დაიჯეროს.

გარდა ამისა, ყალბი სქრინშოტი დეზინფორმაციის გამავრცელებელია არამარტო კონკრეტული თემის, არამედ უშუალოდ ინფორმაციის წყაროს შესახებაც. ამიტომ, რაც არ უნდა რეალურად გამოიყურებოდეს სქრინშოტი, მაინც არსებობს იმის შანსი, რომ ის ფოტოშოპის შედეგს წარმოადგენს.

Poynter-ის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცის გადასამოწმებლად 39 ქვეყნის 90-ზე მეტი ფაქტჩეკერი მუშაობს და მიღებულ შედეგებს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგებით #CoronaVirusFacts / #DatosCoronaVirus alliance-ით ავრცელებენ.

თეგები : ყალბი ინფორმაცია;
ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ