კატეგორია - საქართველო
ქართული გაზეთების ბოლო გვერდზე
განთავსებული გასართობი რუბრიკები მკითხველს კროსვორდებს, ანეკდოტებსა
თუ სხვადასხვა თავშესაქცევ ამბავს სთავაზობს. სექსისტური მასალები -
მედიაჩეკერის დაკვირვებით, სწორედ ესაა გაზეთების გასართობი გვერდების
ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი.
ამ ტიპის რუბრიკებიდან ვიღებთ
ინფორმაციას, როგორ მოვამზადოთ სხვადასხვა კერძი, როგორ დავიკლოთ
წონაში, როგორ გავწმინდოთ ხალიჩა ან გავრეცხოთ მიმწვარი ჭურჭელი -
ამგვარ მასელებს, როგორც წესი ქალების ფოტოები ერთვის. როგორც ჩანს,
გამოცემებს გასართობი გვერდების სამიზნე აუდიტორიად სწორედ ქალები
წარმოუდგენიათ.
„ძვირფასო ქალებო, ამ თემებზე
მამაკაცებს არ ესაუბროთ!..“ გვაფრთხილებს გაზეთი „ქრონიკა“ და
ამატებს: „ბევრი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ქალი უყვარს, ხშირად
ძალიან ბურღავს ტვინს თავისი ლაპარაკით“. ამავე გაზეთში
გამოქვეყნებული კიდევ ერთი მასალის სათაურია: „იდეალური ცოლი, რომელიც
გემრიელ კერძებს აკეთებს და მაგრად ჩხუბობს“. ამ ტექსტებში, შეიძლება
გადაეყარო ისეთ ფრაზებს ან ტერმინებს, რომლებიც ხელს უწყობს
სტერეოტიპების გაღვივებას და სტიგმის გაძლიერებას. აქ ჩვეულებრივი
მოვლენაა, მამაკაცების „ძლიერ სქესად“, ქალების კი, „სუსტ სქესად“
მოხსენიება. ამ რუბრიკაში ხშირად იბეჭდება სენსაციური ტიპის მასალები
სექსზე, ამბები წყვილების ინტიმური ცხოვრებიდან და ა.შ. ასეთი
სტატიები ვიზუალურად ხშირადაა გაფორმებული ნახევრად შიშველი ქალის
ფოტოებით, რაც ხელს იწყობს ქალის სექსუალური მოხმარების ობიექტად
წარმოჩენას.
გაზეთების გასართობი გვერდები
მკითხველს უცნაურ რჩევებსაც აძლევს, მაგალითად, მასალა სათაურით:
„კბილის ძაფი...უნაყოფობის წინააღმდეგ“ გვაიმედებს რომ: „კბილის ძაფის
რეგულარულ გამოყენებას დაფეხმძიმების ალბათობის გაზრდა შეუძლია“.
დასტრესილებს კი „მჟავე კიტრით“ ანუგეშებს: „სტრესი მიიღეთ?
მიირთვით... მჟავე კიტრი“.
გასართობ გვერდებში ხშირად გვხდება
ამბები უცხოეთიდან. მაგალითად, „ქრონიკაში“ ვკითხულობთ: „ლესბოსელების
ტკბილეულების გარეშე დატოვების გამო, კონდიტერებმა 137 ათასი დოლარი
ჯარიმა გადაიხადეს“. როგორც ტექსტიდან ირკვევა, საკონდიტრო მაღაზიამ
უარი უთხრა ჰომოსექსუალ წყვილს ტორტის დამზადებაზე, რომლის გამოც
ჯარიმა დაეკისრათ. ამბის ბოლოს კი ჟურნალისტი ამატებს რომ „თუ მორალურ
პრინციპებს ეწინააღმდეგება და ჯარიმების გადახდის ფინანსური
შესაძლებლობაც გაქვს, შეგიძლია გააგრძელო კანონის დარღვევა“.
გასართობ გვერდებს ყველაზე დიდ
ადგილს უთმობს გაზეთი „ალია“. აქ ნახავთ ჰოროსკოპს, კროსვორდებს,
ანეკდოტებს. ასევე გვერდების საკმაოდ დიდი რაოდენობა ეთმობა
სხვადასხვა შინაარსის პატარა ტექსტებს, თუ ერთ გვერდზე კითხულობთ
„როგორ ვატაროთ ადამიანები ჩვენს ჭკუაზე? 10 ფსიქოლოგიური ხერხი,
რომელიც სასურველია იცოდე“, იქვე შეიძლება შემოთავაზებული იყოს ამბავი
„ჰაერში სექსი ისეთი სარფიანი ყოფილა, ისეთი...“
„ხორცის მოყვარული მამაკაცები უფრო
მიმზიდველები არიან, ვიდრე ვეგეტარიანელები“, ამ ტიპის ახალი
„სამეცნირო აღმოჩენების“ შესახებ „ალია“ და „ქრონიკა“ მკითხველს
მუდმივად აწვდის ინფორმაციას. ტექსტებში სამეცნიერო აღმოჩენები,
როგორც წესი „ბრიტანელ და ამერიკელ მეცნიერებს“ მიეწერება, ბუნებრივია
მეცნიერების სახელიები, გვარები და თავად კვლევა დაკონკრეტებული არ
არის. ამ ტიპის ინფორმაციის წყაროდ რუსული გასართობი გვერდები
ხშირადაა მითითებული.
„ალიას“, „ქრონიკისა“ და
„ასავალ-დასავალის“ გასართობი რუბრიკები ხშირად არის ევროპის შესახებ
მცდარი სტერეოტიპებისა და მითების წყაროც. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ
ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ნიდერლანდებში მართვის მოწმობის აღება
სექსუალური მომსახურების ხარჯზეა შესაძლებელი.
გაზეთ „რეზონანსის“ გასართობ
რუბრიკაში, ზემოხსენებული გამოცემებისგან განსხვავებით, ნაკლებად
შეხვდებით „უცნაურ რჩევებსა“ თუ გაუგებარ სამეცნიერო აღმოჩენებს,
სექსიზმის შემცველი მასალებიც, პრაქტიკულად არ გვხდება. ნასას
აღმოჩნები, ამბებო ჰოლივუდიდან, სიახლეები პოპმუსიკის სამყაროდან -
„რეზონანსი“ გასართობ გვერდზე მკითხველს ამ ტიპის ინფორმაციას
აწვდის.
„ასავალ-დასავალი“ თითქმის ყველა
ნომერში, ტრადიციულად წარმოგვიდგენს რუბრიკას „საუბრები ასტროლოგთან“,
რომელიც გვაწვდის ინფორმაციას გეომაგნიტურ დღეებზე, ფერებსა და
წყვილთა შეთავსების ურთიერთკავშირზე. სხვა გაზეთების მსგავსად აქაც
იხილავთ კროსვორდებს. ასევე შეიძლება გაეცნოთ მასალებს მედიცინაზე, ან
საკვებზე.
გასართობი გვერდები ხშირად
სთავაზობენ ქალებს (!) სხვადასხვა ტიპის მონოდიეტებსა თუ წონაში
დაკლების ხერხებს. ასეთი მასალები სილამაზის გარკვეულ სტანდარტებს
აწესებს და ხელს უწყობს სტერეოტიპების გაღრმავებას, გარდა ამისა,
როგორც წესი, ამ ტიპის ინფორმაციას არასოდეს ერთვის ცნობები ამგვარი
მონოდიეტების უკუჩვენებების შესახებ. ამ საკითხს ვრცლად შეგიძლიათ
გაეცნოთ მედიაჩეკერის სტატიაში: "ცნობილი ადამიანების დიეტები, ერთ
თვეში დაკლებული 20 კილო და სიგამხდრის პროპაგანდა მედიაში".
04.02.2016
ვრცლად