„ფოტომ ცნობილი გამხადა, მაგრამ მან ჩემი დაკავება განაპირობა“ – ავღანელი გოგოს ისტორია
21.11.2019
მწვანეთვალება ავღანელი გოგოს ფოტო National Geographic-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარეკანია. პაკისტანში ავღანელების ლტოლვილთა ბანაკში გადაღებული ფოტო მსოფლიოს მასშტაბით ისე აიტაცეს, რომ 17 წლის განმავლობაში ამის შესახებ ფოტოს მთავარმა გმირმა არაფერი იცოდა. არც მსოფლიომ იცოდა გოგოს სახელი და მისი ისტორია. 1985 წლის ივნისის ნომერში დაბეჭდილი სტივ მაკკარის ფოტო სახელწოდებით „გოგო ავღანეთიდან“ მალევე იქცა ავღანელი ლტოლვილების რთული ცხოვრების სიმბოლოდ და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ ფოტოდ.

alt


„გოგო ავღანეთიდან“ - ამბავი ფოტოს მიღმა

ამერიკელი ფოტოგრაფი სტივ მაკკარი 1984 წელს აზიაში მუსონებისა და ინდოეთის რკინიგზის გასაშუქებლად პროექტებზე მუშაობდა, როდესაც National Geographic-იდან დაუკავშირდნენ და ავღანეთი-პაკისტანის საზღვარზე ლტოლვილთა ბანაკების გადაღება შესთავაზეს. იმავე წელს მაკკარიმ 30-ზე მეტი ბანაკი მოიარა. ერთ-ერთი ბანაკის დათვალიერებისას, რომელშიც ავღანელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, გოგოების სკოლა შეამჩნია, მასწავლებელს ფოტოების გადაღების ნებართვა სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და სწორედ ამ დროს დაინახა კარვის კუთხეში მყოფი მწვანეთვალება ბავშვი.

"მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 12 წლის იყო, მას შეშინებული სახე და გამჭოლი მზერა ჰქონდა. ძალიან მორცხვი იყო და ვიფიქრე, რომ თუ ჯერ სხვა ბავშვებს გადავიღებდი ის უფრო მეტად დამთანხმდებოდა", - იხსენებს ფოტოგრაფი.

alt
© სტივ მაკკარი ინდოეთში 1983წ. Steve McCurry/Magnum Photos via Phaidon.


სტივ მაკკარიმ სანამ მისთვის მნიშვნელოვან პორტრეტს გადაიღებდა, ჯერ ორ ბავშვი გადაიღო. შემდეგ კი ავღანელი გოგო უკეთეს განათებაზე დააყენა და დღეს უკვე ყველასთვის ცნობილი პორტრეტის ავტორი გახდა.

“კარავში15-მდე გოგო იქნებოდა, ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც სკოლის ბავშვები იქცევიან მთელ მსოფლიოში - დარბოდნენ, ხმაურობდნენ, მტვერს აყენებდნენ. მაგრამ იმ მომენტში, როცა მწვანეთვალება გოგოს ვიღებდი, ხმაური აღარ გამიგია. გოგოს, სავარაუდოდ ცნობისმოყვარეობის განცდა ჰქონდა, რადგან აქამდე მისთვის ფოტო არავის გადაუღია და დიდი ალბათობით, კამერაც პირველად ნახა" ,- ჰყვება სტივ მაკკარი.

როდესაც ფოტოგრაფი ნიუ-იორკში დაბრუნდა, National Geographic-ის ფოტოების რედაქტორმა გამოსაქვეყნებლად „ავღანელი გოგოს“ მეორე ფოტო აირჩია, რომელშიც ის თავსაფარს სახეზე ნახევრად იფარებს. მეორე ფოტო კი, რომელშიც მისი სახე მთლიანად ჩანს, „მეორეხარისხოვან“ ფოტოებში აღმოჩნდა, თუმცა ჟურნალის იმდროინდელი მთავარი რედაქტორი ბილ გარეტი ყოველთვის ნახულობდა „მეორეხარისხოვან“ფოტოებსაც. „კარგად მახსოვს, სტივის ცნობილი ფოტო „ავღანელი გოგო“ ჟურნალში გამოსაყენებელ ფოტოდ არ იყო შერჩეული, როგორც კი ვნახე, მაშინვე ვიცოდი, რომ ეს გასაოცარი ფოტო იყო“ , - იხსენებდა გარეტი. მან სწორედ მეორე ვარიანტი გამოიყენა 1985 წლის ივნისის ნომრის გარეკანისთვის.



alt© Steve McCurry/Magnum Photos via Phaidon

გამოქვეყნებიდან მალევე ამ ნომრის გარეკანმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. „ავღანელი გოგო“ გახდა ომისა და კონფლიქტების გამო დაზარალებული მილიონობით ლტოლვილი ბავშვის სიმბოლო. ფოტო ერთდროულად ასახავს სიძლიერესა და დაუცველობას. „ავღანელი გოგოს“ პორტრეტს ხშირად „თანამედროვე მონა ლიზადაც“ მოიხსენიებენ. ზოგიერთი ფოტოგრაფი, მათ შორის ენტონი ჯასტინ ნორთრიპი კი მიიჩნევს, რომ გოგოს მზერა უცხო ადამიანის დანახვითა და ფოტოს გადაღებით გამოწვეულ ბრაზს ასახავს და არა, ავღანეთში არსებული პირობებიდან გამომდინარე ტკივილსა და შიშს. 

„ავღანელი გოგოს” ძიებაში 

ფოტოს გადაღებიდან 17 წლის შემდეგ სტივ მაკკარი National Geographic-ის გადამღებ ჯგუფთან ერთად „ავღანელი გოგოს“ მოსაძებნად ლტოლვილთა ბანაკებში დაბრუნდა. ფოტოს მიმართ ინტერესი შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისა და მომდევნო თვეში ავღანეთის ომის დაწყების შემდეგ ისევ განახლდა. თვეების განმავლობაში ინფორმაციების შეგროვების შემდეგ სტივ მაკკარი გადამღებ ჯგუფღან ერთად 2002 წელს პაკისტანში ისევ ჩავიდა. ბანაკი, რომელშიც ავღანელი გოგო ცხოვრობდა, მალევე უნდა დაენგრიათ. National Georgraphic-ის გუნდმა ადგილობრივ მოსახლეობაში გოგოს ძებნა დაიწყო, მათ არ იცოდნენ მისი სახელი, ამიტომ ადგილობრივებს მხოლოდ მის ფოტოს აჩვენებდნენ. "ავღანელი გოგოს" იდენტიფიცირებისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მისი ზრდასრულობის ფოტოც შექმნეს. ძებნის პროცესში გადამღებ ჯგუფს რამდენიმე ქალი უმტკიცებდა, რომ სტივ მაკკარის ფოტოზე ისინი იყვნენ გამოსახული. ამით ფიქრობდნენ, რომ National Georgraphic-ისგან გარკვეულ თანხას მიიღებდნენ.

“ჩვენ ვიპოვეთ ერთი გოგო, რომელიც გვეგონა, რომ „ავღანელი გოგო“ იყო, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი. მისი თვალები მუქი ყავისფერი იყო, გოგოს ავღანეთიდან კი მწვანე თვალები ჰქონდა. შემდეგ გამახსენდა ნაიარევი მის ცხვირზე“, რომელიც ფოტოშიც ჩანს, ამ გოგოს კი ეს ნაიარევი არ ჰქონდა“,- იხსენებს მაკკარი.

National Geographic-ის გუნდს „ავღანელი გოგოს“ პოვნაში პაკისტანელი ჟურნალისტი რაჰიმულა იუსუფზაი ეხმარებოდა. მან ასამდე ადამიანი გამოკითხა. ამ პერიოდში არაერთი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, რომ გოგო დაიღუპა, რის გამოც გადამღები ჯგუფი უკვე ძებნის შეწყვეტას აპირებდა, რა დროსაც მათთან ერთი კაცი მივიდა, რომელიც აცხადებდა, რომ „ავღანელი გოგოს“ ძმის ადგილსამყოფელი იცოდა. მისივე თქმით, გოგო უკვე დაქორწინებული იყო და ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მხარეში ცხოვრობდა. თუმცა ის ფოტოგრაფს დაპირდა, რომ გოგოს და მის ძმას ქვეყნის საზღვართან შეახვედრებდა.

3 დღის შემდეგ „ავღანელი გოგო“ და მისი ოჯახი სტივ მაკკარისა და National Geographic-ის ჯგუფს პატარა სოფელში შეხვდნენ. თავდაპირველად მის სანახავად ადგილობრივებმა მხოლოდ ქალი პროდიუსერი შეუშვეს. „ავღანელი გოგოს“ სახის დანახვისთანავე პროდიუსერი მიხვდა, რომ ცნობილი ფოტოს გმირი იპოვეს. სწორედ მაშინ გაიგეს ქალის სახელიც - შარბათ გულა. პროდიუსერი გულას ოჯახს მოელაპარაკა, რათა მაკკარისთვის ოთახში შესვლისა და ფოტოს გადაღების ნება დაერთოთ. შარბათ გულამ მისი 17 წლის წინ გადაღებული პორტრეტი პირველად ამ შეხვედრის დროს ნახა.



“ჩვენი საუბარი ხანმოკლე და უემოციო იყო. მას ვახსოვდი, რადგან მაშინ ის აქამდე არავის გადაუღია და მე ვიყავი ერთადერთი უცხოელი, ვისთანაც ოდესმე კონტაქტში შესულა. ფოტო პირველად ნახა, თავისი წითელი თავსაფრის შერცხვა, როგორც თვითონ თქვა თავსაფარი საკვების მომზადებისას ცეცხლით დაიწვა. მე ავუხსენი რამდენი ადამიანი შეძრა მისმა ფოტომ და ვფიქრობ ესიამოვნა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ფოტოს მნიშვნელობა ბოლომდე ესმოდა. ჟურნალები, გაზეთები და ტელევიზია მისი ცხოვრების ნაწილი არაა", - იხსენებს ფოტოგრაფი.

მაკკარიმ გულას აუხსნა, თუ როგორი ცნობილი იყო მისი ფოტო და ის, რომ ახალი ფოტო მსოფლიოს ავღანეთში არსებულ ვითარებას დაანახებდა. შარბათ გულა ფოტოს გადაღებას დათანხმდა და ბურკა სახიდან მოიხსნა.

“მე მისი 12 წლის ასაკში გადაღებული ფოტო მქონდა, ეს კი ახლა 30 წლის ქალი იყო, რომელსაც ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. იმ პირობებში, რომლებშიც ის ცხოვრობდა, ადამიანები მალე ბერდებიან.”, - ამბობს მაკკარი.


alt

ზრდასრული შარბათ გულას ფოტოები 2002 წელს National Geographic-ის აპრილის ნომერში დაიბეჭდა.


alt



შარბათ გულას ცხოვრება კიდევ ერთი ფოტოს შემდეგ

მიუხედავად „ავღანელი გოგოს“ ფოტოების წარმატებისა, შარბათ გულასა და მის ოჯახს თანხის მიღება არასდროს მოუთხოვიათ. სტივ მაკკარი და National Geographic-ი მის ქმარსა და სამ შვილს სამედიცინო დახმარების მიღებაში დაეხმარნენ . გარდა ამისა, შარბათ გულას თხოვნით ფოტოგრაფმა საკერავი მანქანა იყიდა, რათა გულას შვილს კერვა შეესწავლა. წლების განმავლობაში სტივ მაკარი შარბათ გულას ოჯახს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა. National Geographic-მა „ავღანელი გოგოსა“ და მისი ქმრის მექაში პილიგრიმობა დააფინანსა და ამით მისი დიდი ხნის ოცნება აუსრულა.


alt
სტივ მაკკარი

გარდა ამისა, National Geographic-მა „ავღანელი გოგოს ფონდი“ შექმნა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ავღანელი გოგოებისა და ქალებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობებით უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად. 2008 წელს ფონდის მისიამ ბიჭებიც მოიცვა და ორგანიზაციას „ავღანელი ბავშვების ფონდი“ დაერქვა.

2016 წელს შარბათ გულა პაკისტანში ყალბი დოკუმენტებით, არალეგალურად ყოფნის გამო დაკავეს. ამ პერიოდში გულა უკვე დაქვრივებული იყო, ოთხ შვილს ზრდიდა და C ჰეპატიტით იყო დაავადებული. სწორედ ამ დაავადებამ იმსხვერპლა მისი ქმარი და მოგვიანებით მისი უფროსი ქალიშვილი. ორ-კვირიანი პატიმრობის შემდეგ ის ავღანეთში დააბრუნეს.


alt

შარბათ გულა ავღანეთის პრეზიდენტმა მიიღო და სახლი აჩუქა. ახლა ის იმ ავღანელი ქალების 17%-ს მიეკუთვნება, რომელიც საკუთარ სახლს ფლობს. „ავღანელი“ გოგოს სახლს დაცვა ჰყავს, თუმცა National Geographic-ის გარეკანით მოპოვებული ცნობადობა საფრთხესაც უქმნის, რადგან ავღანელი კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ ქალები მედიაში არ უნდა ჩანდნენ.


alt

შარბათ გულამ BBC-სთან ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ფოტომ სარგებელზე მეტი პრობლემა მოუტანა, თუმცა პორტრეტის არსებობით მაინც ბედნიერია.

„ფოტომ ცნობილი გამხადა, მაგრამ მან ჩემი დაკავება განაპირობა. არ მომწონდა ფოტო და მედია, მაგრამ როცა გავიგე, რომ მე ვიყავი ბევრი ლტოლვილის დახმარების მიზეზი, გავბედნიერდი. დღეს ამით ვამაყობ. ამ ყველაფრის შემდეგ მინდა დავაფუძნო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხალხს უფასო სამედიცინო დახმარებას შესთავაზებს“, - აცხადებდა შარბათ გულა.

დღეს „ავღანელი გოგო“ 47 წლისაა და შვილებთან ერთად ქაბულში ცხოვრობს.



წყაროები:

www.artspace.com
www.nationalgeographic.com


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ