2 დეკემბერს, შაბათის კურიერში თბილისში სკოლის მოსწავლეებს შორის
მომხდარი დაპირისპირების შესახებ სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში
გამოყენებული იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაღებული მძიმე
კადრები, რომელიც ერთ-ერთი დაღუპული მოსწავლის ოჯახის წევრების და
ახლობლების ტირილს და გლოვას ასახავს.
ამ კადრების ჩვენებით მაყურებელს თბილისში მომხდარი დაპირისპირებისა
და ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ
მიუღია.
კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესებისმიხედვით,მედია
სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც
ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა. მიზანშეწონილი არ არის
დაზარალებულის, გვამისა ან დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა
მსგავსი სცენების ჩვენება მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების
გარეშე.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 35-ე მუხლში კი ვკითხულობთ: „მაუწყებელმა
არ უნდა გადაიღოს ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია უბედური
შემთხვევის შედეგად დაზარალებულები, ან პიროვნება პირადი ტრაგედიის ან
მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან
დაკრძალვაზე.
მედიასაშუალებების ნაწილი LGBT საქართველოსყოფილი აღმასრულებელი
დირექტორის დავით მიხეილ შუბლაძის დაქორწინებას ჰომოფობიური მასალებით
გამოეხმაურა. სტატიების ნაწილში თავად გამოცემები იყენებდნენ
სიძულვილის ენას, ნაწილში კი ფეისბუკ მომხმარებლების ჰომოფობიური
სტატუსები გამოქვეყნდა.
მედიის ნაწილი უფრო შორსაც წავიდა და იმასაც არკვევდა, არის თუ არა
შუბლაძე ნამდვილად ქართული წარმომავლობის. მაგალითად,
sazogadoeba.ge-მ და info9 -მ ამგვარი ინფორმაცია „ეროვნული ალიანსის“
თავმჯდომარის, გიორგი გაბედავას ფეისბუკ სტატუსზე დაყრდნობით
გაავრცელა. გაბედავა სტატუსში ქართველებს დამშვიდებისკენ მოუწოდებდა,
ვინაიდან შუბლაძე არა ქართველი, არამედ სომეხია. სიახლე,
ჰომოფობიურთან ერთად, ქსენოფობიურიც არის.
“ევროატლანტიკური ფასეულობები ანუ თეთრი ჩოხა - როგორც „პატარძლის
უბიწოების“ სიმბოლო: ქართველი დავით შუბლაძე იტალიელ მეთიუ გენდოლფოზე
გათხოვდა!” – „საქინფორმმა“ ჰომოფობიური სიახლე ამ სათაურით
გამოაქვეყნა. „საზოგადოება „ლგბტ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და
ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით შუბლაძე( პასიური პედერასტი,
ქალწულობაში - მიხეილ რაფაელოვი, ფოტოზე - თეთრ ჩოხაში) თავის
სექსპარტნიორზე - იტალიელ მეთიუ გენდოლფოზე (აქტიური პედერასტი,
ფოტოზე - შავ ჩოხაში) გათხოვდა. ბედნიერმა წყვილმა ქორწინება
ნიუ-იორკში დაარეგისტრირა“ - წერს გამოცემა.
მარშალპრესის ინტერესის ობიექტი გახდა მომღერალ აჩიკო ნიჟარაძის
ჰომოფობიური ფეისბუკ სტატუსი, რომლითაც ის გეი ქორწინებას
გამოეხმაურა. გამოცემამ სტატუსი უცვლელად გამოაქვეყნა. ნიჟარაძის
აზრით, არც ერთი კაცის ცხოვრებას არ ექნებოდა აზრი, საპირისპირო
სქესის გარეშე: „ამას დაუწერელი კანონი გეუბნებათ, ჩვენ კი არა. ორი
კაცის თანაცხოვრება სწორი რომ ყოფილიყო, მაშინ გამრავლების ფუნქციაც
ექნებოდა ღმერთის მიერ მინიჭებული“.
exclusivenews.ge -მ ჟურნალისტ ნინო ჯღარკავა ჰომოფობიური ფეისბუქ
სტატუსი გამოაქვეყნა: “ფუ თქვენი, ჩოხები მაინც გაიხადეთ. ერთი ბიძია
ტრამპი ამოგცხებდეთ პანღურს მადლია! ორგანიზაცია LGBT საქართველოს
ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით შუბლაძე (ქალიშვილობის გვარი
რაფაელოვი) ნიუ იორკში დაქორწინდა. ბადრია შუბლაძე თამადაა
ქორწილში?”
„ფოსტალიონმა“ კი იმ მომხმარებლის სტატუსი გამოაქვეყნა, რომელიც
წერდა, რომ დავით მიხეილ შუბლაძე მისი კლასელი იყო: „რამხელა
შეურაცხოფაა ჩვენი კულტურის და ყოფის. ჩვენ ვიჯდეთ ასე და მხოლოდ
საკუთარი კუჭის მონობაზე ვიფუქროთ და სხვამ არაფერმა დაგვანტერესოს და
შეგვაშფოთოს. მალე სვეტიცხოველში რომ შემოვლენ ჩოხით და მოგთხოვენ
ჯვრისწერას მერე გვიანი იქნება!! ცოტა აზრზე მოვიდეთ და საკუთარი ერთი
ადგილის მოვლას ნუ გადავყვებით!!!“
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლში ვკითხულობთ: “ჟურნალისტს
უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ
ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან
ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის,
პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის
საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
27 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სტუმრად ფეხბურთის
ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა იყო მიწვეული. ინტერვიუ
ნიდერლანდების გუნდვიტესისქართველი კაპიტნის, გურამ კაშიას მიერ,
ერთ-ერთი თამაშის დრო ლგბტ დროშის ფერებში სამკლაურის გაკეთებას
შეეხებოდა. წამყვანის კითხვები იყო დისკრიმინაციული და ის ცდილობდა
ჰომოფობია წარმოეჩინა ამბის ლეგიტიმურ, მეორე მხარედ.
„ზოგადად რამდენად მისასალმებელია ფეხბურთელის მხრიდან საკუთარი
პოზიციის გამოხატვა მოედანზე? პრინციპში, ნებისმიერ ფეხბურთელს
შეიძლება ჰქონდეს ესა თუ ის პოზიცია, მაგრამ მოედანზე ის არის
თამაშისთვის ხო? ის მოედანზე გამოსულია იმისთვის, რომ კარგად
წარმოაჩინოს ეს სპორტი, თავისი ოსტატობა. თქვენ მიესალმებით, რომ აი
თუნდაც ლგბტ თემის მხარდაჭერა, ან თუნდაც რაიმე პოლიტიკური ტიპის
აქცია, ეს ყველაფერი გადავიდეს მოედანზე, ეს თავისთავად, საკამათო
საკითხია. და ამ დროს ფეხბურთელი, მე არ მინდა რომ ვიყო ძალიან ასე
ვთქვათ, რადიკალური გურამის მიმართ, მაგრამ ასე ვთქვათ, თავს ახვევს
გულშემატკივარს თავის პოზიციას და იყენებს ფეხბურთს საკუთარი პოზიციის
გასავრცელებლად“.
სტუმარი წამყვანს უხსნის, რომ სრულიად გასაგები და მისასალმებელია,
როცა ფეხბურთელი გამოხატავს პოზიციას და ებრძვის დისკრიმინაციას
თუნდაც, სათამაშო მოედანზე.
სტუდიაში წამყვანის მხრიდან დასმული კიდევ ერთი კითხვით კი იქმნებოდა
შთაბეჭდილება, რომ ის სტუმარს და ზოგადად ფეხბურთელებს მოუწოდებდა,
პატივი ეცათ მათი გულშემატკივრების როგორც არაჰომოფობიური, ისე
ჰომოფობიური მოსაზრებებისთვის:
„ფეხბურთს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის განსხვავებული
მოსაზრებების, ამ დროს ფეხბურთელებმა პატივი უნდა სცენ ამ
გულშემატკივრების მოსაზრებებს, ხო? ამ გულშემატკივართა შორის არიან
ადამიანები, რომლებიც იცავენ და ლოიალურად არიან განწყობილი ლგბტ
თემის მიმართ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ ასე და
მათთვის მიუღებელია ეს ღირებულებები, ხო. ამ ადამიანების აზრის
გათვალისწინება, გათვალისწინება თუ არა, თავს არმოხვევა მაინც
მოედანზე, თამაშის დროს, ამ ღირებულებების. აი, ეს არ იქნებოდა უფრო
კეთილსინდისიერი, უფრო ნეიტრალური დამოკიდებულება გულშემატკივრის
მიმართ? არიან კონსერვატორი გულშემატკივრებიც, ამაზე მაქვს
ლაპარაკი.
ინტერვიუს ბოლო წამყვანი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში სხვა,
ჰოლანდიისგან განსხვავებული გარემოა. ის ასევე დაინტერესდა,
გაიკეთებდა თუ არა გურამ კაშია ასეთ სამკლაურს საქართველოში.
ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის განმარტებებში ვკითხულობთ, რომ
ჟურნალისტი არა თუ თავად არ უნდა იყენებდეს ჰომოფობიურ
გამონათქვამებს, არამედ უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციის გამოვლენის
ფორმებს.
რატომ არ არის ჰომოფობია, ქსენოფობია და სხვა სახის სიძულვილის ენა
ამბის მეორე, ლეგიტიმური მხარე, რატომ მიიჩნევა პროფესიული სტანდარტის
დარღვევად ამგვარი თემების ნეიტრალურად, მხოლოდ ფაქტების მშრალი
აღწერით, ან ორივე მხარის ლეგიტიმურ, თანაბარზომად მხარეებად
წარმოჩენა - ამ საკითხზე შეგიძლიათ გაეცნოთ „მედიაჩეკერის“
ბლოგპოსტებს:
27 ნოემბრის „კურიერში“ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ
სპეცოპერაციაში მონაწილე პირის დანაწევრებული ცხედრის კადრები
პირდაპირ, ყოველგვარი რედაქტირების გარეშე აჩვენეს. „ეს ძალიან მძიმე
კადრია, თუმცა გრაფიკული დამუშავების შემთხვევაში არსი მთლიანად
დაიკარგებოდა“ - განუმარტა წამყვანმა აუდიტორიას და იქვე მოუწოდა,
ბავშვები ეკრანებისთვის მოერიდებინათ. „რუსთავი 2-ის“ მტკიცებით,
ფოტოზე აფეთქების შედეგად დასახიჩრებული ახმედ ჩატაევის სხეული
ჩანს.
ცხადია, არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი კითხვაა,
არის თუ არა ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევი. შესაბამისად, ყველა
ფოტო, ვიდეო თუ სხვა სახის მასალა, რომელიც პირების იდენტიფიცირების
შესახებ არსებულ ეჭვებს დაადასტურებს ან უარყოფს, მნიშვნელოვანია,
თუმცა, ამ კონკრეტულ ფოტოზე, რომელიც „კურიერმა“ „ექსკლუზიურად“
გაავრცელა, ერთადერთი დეტალი, რომლითაც მაყურებელს შესაძლოა ევარაუდა,
რომ დანაწევრებული სხეული ახმედ ჩატაევის იყო, ფოტოზე ასახული
სავარაუდოდ ფეხის პროთეზია. ცნობილია, რომ ჩატაევს მარცხენა ფეხი არ
ჰქონდა და პროთეზს ატარებდა. გარდა ამისა, შესაძლოა
იდენტიფიცირებისთვის გამართლებული ყოფილიყო სახის ნაწილის და თავის
ჩვენებაც. ფოტოზე ასახული დანაწევრებული სხეულის სხვა ნაწილების
მიმართ არანაირი ინტერესი არ არსებობდა. ამიტომაც გაუგებარია, რატომ
„დაიკარგებოდა არსი“ მისი გრაფიკულად დამუშავებისას, როგორც ეს
წამყვანმა განაცხადა.
„კურიერის“ მიერ ექსკლუზიურ კადრად შემოთავაზებული ფოტო წინა დღეს
„იმედის კვირაშიც“ უჩვენეს, თუმცა მნიშვნელოვნად დარედაქტირებული
სახით - ფოტოზე ჩანდა არა დანაწევრებული ცხედარი, არამედ მხოლოდ ის
დეტალი, (სავარაუდოდ, ფეხის პროთეზის ნაწილი) რის მიმართაც საჯარო
ინტერესი არსებობდა.
ასევე, 27 ნოემბრის "კურიერში" კიდევ ერთხელ, ახლო ხედებით და
რედაქტირების გარეშე უჩვენეს სპეცოპერაციის დროს სხვა ლიკვიდირებულთა
ცხედრებიც.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი
მუხლი 36: „მიზანშეწონილი არ არის დაზარალებულის, გვამისა ან
დასახიჩრებული სხეულის, სისხლისა და სხვა მსგავსი სცენების ჩვენება
მნიშვნელოვანი სარედაქციო დასაბუთების გარეშე. მათი გადაღება უნდა
მოხდეს მხოლოდ გარკვეული მანძილიდან, რათა შეუძლებელი იყოს
დაზარალებულის იდენტიფიცირება“.
მუხლი 38: .აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან
პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს
არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ , ინტელექტუალურ და სულიერ
განვითარებას. მუხლი 41. .ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი
კადრები, აგრეთვე ძალადობის, როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის
გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდე, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია შესაბამისი კონტექსტით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა
ივანიშვილის კომპანიას 372 011 ლარს უხდის. მაუწყებელი კომპანიისგან
ორი გადაცემისთვის საჭირო განათებებს ქირაობს, ეს გადაცემებია -
„არჩევნები 2017“ და “აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან
ერთად”. მაუწყებელმა მომსახურების შესაძენად ტენდერი 10 ოქტომბერს
გამოაცხადა და მასში მხოლოდ ბერა ივანიშვილის კომპანია - "სილქ
ფაქტორი სტუდიო" მონაწილეობდა. ამის შესახებ ცნობილი 24 ოქტომბერს
„ნეტგაზეთის“ მასალიდან გახდა, თემის მიმართ საჯარო ინტერესიც სწორედ
ამ დღეს გაჩნდა. მიუხედავად ამისა, თემა 8 საათიან „მოამბეში“ ვერ
მოხვდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წინასაარჩევნო პერიოდში აკვირდებოდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პოლიტიკურ ტოკშოუსა და დღის
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არჩევნების გაშუქებას. მონიტორინგის
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება,
ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად, „ხელისუფლების მიმართ რბილი,
არამოდარაჯე პოზიციით ხასიათდება”.
საინფორმაციო
გამოშვება
რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით, მონიტორინგის პერიოდის
განმავლობაში მოამბეში ყველაზე მეტი დრო მთავრობას დაეთმო. ყველაზე
დადებითად პრემიერ-მინისტრი გაშუქდა, მისთვის დათმობილი დროის 14%
პოზიტიური იყო. ყველაზე უარყოფითად კი მიხეილ სააკაშვილი შუქდებოდა,
რადგან მისთვის დათმობილი 35 წუთიდან 22% ნეგატიური იყო.
მონიტორინგის შედეგების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ იშვიათობაა 8
საათიან „მოამბეში“ მწვავე, ექსკლუზიური სიუჟეტები: „მაუწყებელი
თითქმის ვერ ავლენს კორუფციულ ფაქტებს, იშვიათად აშუქებს ადამიანის
უფლებების დარღვევის ექსკლუზიურ შემთხვევებს, თუმცა აშუქებს თითქმის
ყველაფერს და უმეტესწილად, დაბალანსებულად, ”- აღნიშნულია
ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა
კონკრეტულ სიუჟეტებშიც ფიქსირდება. მაგალითად, ანგარიშში მოყვანილია 6
ივლისის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი კალაძის
ბოლო სამუშაო დღეზე, ენერგეტიკის სამინისტროში. ჟურნალისტმა ჩამოთვალა
მისი მიღწევები. კალაძეს აქებდა პრემიერიც: „ჟურნალისტს ადვილად
შეეძლო რამდენიმე რესპონდენტის (სფეროს ექსპერტის) პოვნა, რომლებიც
კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამდნენ კალაძის მინისტრობისას
განხორციელებულ კონკრეტულ პროექტებზე. მაყურებელს შეექმნებოდა უფრო
რეალისტური, რამდენიმე წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობილი წარმოდგენა
კალაძის საქმიანობაზე. თუმცა ამ შემთხვევაში ჟურნალისტი მეტწილად
შემოიფარგლა კალაძის, როგორც მერობის მომავალი კანდიდატის დადებითად
წარმოჩენით, რაც არ არის მედიის ფუნქცია, მით უფრო საზოგადოებრივი
მაუწყებლის“- აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.
ქარტიის ანგარიშის მიხედვით, 3 ოქტომბერს, ეთიკური სტანდარტების
დარღვევით მომზადდა სიუჟეტი თბილისის მერობის დამოუკიდებელ
კანდიდატზე, ალეკო ელისაშვილზე. სიუჟეტში მაყურებელს საშუალება ჰქონდა
ელისაშვილის ხედვების შესახებ მიეღო ინფორმაცია, თუმცა ერთ მონაკვეთში
ჟურნალისტმა შემდეგი წინადადება თქვა: „იმაზე, რისი მოგვარებაც სურს,
საუბრობს ყველგან, ყველაზე მეტს კი პოტენციურ ამომრჩევლებთან
შეხვედრისას, თუმცა სტაჟიანმა ჟურნალისტმა და უკვე პოლიტიკოსმა იცის,
რომ წინასაარჩევნო შეხვედრების მედალს ორი მხარე აქვს, ერთი, როცა
კონკურენტების უფრო სჯერათ, ვიდრე შენი და მეორე, როცა პირიქით, მეტად
გენდობიან“. ამ ტექსტის ფონზე კადრებში ჩანდა ორი აქტიური ადამიანი.
ჟურნალისტის ტექსტის მიხედვით რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი იყვნენ
ელისაშვილით უკმაყოფილო ამომრჩევლები, რომლებსაც მასთან გარკვეული
პრეტენზიები ჰქონდათ და ტყუილში ადანაშაულებდნენ.
მოგვიანებით, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა 8 წუთიანი
ვიდეო ჩანაწერი სადაც ჩანს, რომ პირველი არხის სიუჟეტში რიგით,
უკმაყოფილო ამომრჩევლებად წარმოჩენილი ადამიანებიდან ერთი დიდუბის
გამგებლის მოადგილე, მეორე კი ქართული ოცნების დიდუბის საარჩევნო
შტაბის წევრი იყო.
„სახეზეა არაზუსტი ინფორმაციის მაყურებლამდე მიტანა. მოხდა ისეთი
ნიუანსის მიჩქმალვა, რაც მთლიანად ცვლიდა სიუჟეტში გაჟღერებულ აზრს -
ელისაშვილს უმაყოფილო ამომრჩევლები კი არ დახვდნენ (როგორც ეს
სიუჟეტიდან ჩანს) არამედ ხელისუფლების მხარდამჭერები, რომელთა
ქმედებებშიც საარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის ნიშნებიც იკვეთებოდა. ეს
კი პირველი არხის ჟურნალისტის ყურადღების მიღმა დარჩა”, ვკითხულობთ
ანგარიშში.
ტოკშოუ „თვითმმართველობა
2017“
2016 წლისგან განსხვავებით, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში
სამი გადაცემა მუშაობდა საარჩევნო თემებზე, მათ შორის, მონიტორინგისას
ყველაზე დადებითად შეფასებული გადაცემა „ინტერვიუ“, წელს ამგვარი ე.წ.
Hard Talk-ის ფორმატის გადაცემა, სადაც მწვავე კითხვები დაისმებოდა,
ეთერში არ გასულა. მაუწყებლის პირველმა არხმა მაყურებელს შესთავაზა
„თვითმმართველობა 2017“, რომლის მიზანიც აუდიტორიისთვის კანდიდატების
გაცნობა იყო. გადაცემის გუნდი ჩადიოდა ქვეყნის სხვადასხვა რეგინში და
ღია ცის ქვეშ მოწყობილი სტუდიიდან სთავაზობდა მაყურებელს საარჩევნო
სუბიექტების ხედვებს. ქარტიის ანგარიშის მიხედვით, თითოეულ მათგანს
მიეცა აზრის გამოხატვის და დისკუსიისთვის შერჩეულ საკითხებზე
მოსაზრებების დაფიქსირების თანაბარი შესაძლებლობა.
თუმცა, კრიტიკა დაიმსახურა გადაცემის ფორმატმა. ქარტიის ანგარიშში
ვკითხლობთ, რომ ფორმატიდან გამომდინარე, არ გამართულა კანდიდატებს
შორის დებატები და არც წამყვანი სვამდა კრიტიკულ კითხვებს: “
ფორმატიდან გამომდინარე, წამყვანს არ ჰქონდა შესაძლებლობა
კონტრკითხვები დაესვა მაშინაც კი, როდესაც არარელევანტურ პასუხს
იღებდა სტუმრებისგან. მაგალითად, 2 ოქტომბერს „დემოკრატიული
მოძრაობის“ წარმომადგენელს წამყვანმა ჰკითხა რაჭაში გაზიფიცირების
პრობლემის მოგვარების შესახებ, რესპონდენტის პასუხი კი გირჩის
შეგროვება–მოპოვებას შეეხებოდა”.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ გადაცემაში დასმული შეკითხვები
ყველა ქალაქში იდენტური იყო და არ ისმოდა კითხვები იმ სპეციფიკური
საკითხების მიმართ, რაც ამა თუ იმ რეგიონს აწუხებს: „არსებობს ისეთი
წყება საკითხებისა, რომლებიც ყველაზე მწვავედ გვხვდება მხოლოდ ამ
მუნიციპალიტეტში: მაგალითად, ზუგდიდში აზიური ფაროსანას პრობლემა;
ქუთაისში - მისი ფუქნციონალური დატვირთვის მნიშვნელობა -
საპარლამენტო, საუნივერსიტეტო ქალაქი, თუ საერთაშორისო აეროპორტზე
მიბმული ტურისტული ცენტრი და ა.შ. ადგილობრივი სპეციფიკა არ ყოფილა
გათვალისწინებული არც ერთ გადაცემაში”, ვკითხულობთ ანგარიშში.
კვლევის მიხედვით გამოვლინდა, რომ კანდიდატები თავისუფლად
ავრცელებდნენ სასუსრველ მოსაზრებებს, პირდებოდნენ საზოგადოებას
პრობლემების მოგვარებას, თუმცა რამდენად რეალური იყო მათი დაპირება,
დამაზუსტებელი კითხვების არარსებობის გამო, გაურკვეველი რჩებოდა.
მაყურებელს არ ჰქონდა საშუალება გაეანალიზებინა, თუ რამდენად შეუძლიათ
კანდიდატებს დაპირების შესრულება.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რადგან გადაცემის სტუდია ღია ცის
ქვეშ იყო მოწყობილი, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე,
დამატებითი პრობლემები იქმნებოდა: „მაგალითად, 29 სექტემბერს ძლიერ
ქარში მოუხდათ ქუთაისის მერობის კანდიდატებსა და ჟურნალისტს
რამდენიმესაათიანი საუბრის წარმართვა. ეს იწვევდა ტექნიკურ
პრობლემასაც – წყდებოდა ხმა, ყანყალებდა კადრი და ა.შ. ერთ-ერთმა
რესპონდენტმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა კიდეც, რომ გაუსაძლისი იყო ასეთ
პირობებში დებატები. შესაბამისად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ
რესპონდენტებს ერთი სული ჰქონდათ ჩაემთავრებინათ სათქმელი და დროულად
დაესრულებინათ გადაცემა, რამაც, ფაქტობრივად, მოვალეობის მოხდის
მიზნით საუბრად აქცია მთელი ტოქშოუ“.
23 ოქტომბრის 9 საათიან „კურიერში“ სოფელ შილდაში მომხდარი ტრაგედიის
შესახებ სიუჟეტი გავიდა. მასალაში როგორც წამყვანმა, ისე ავტორმა
მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ 24 წლის გოგონას თავი არ მოუკლავს, ის
აწამეს, შემდეგ კი მკვლელობის ინსცენირება მოხდა. გარდაცვლილის მეუღლე
და მეზობლები ვარაუდობენ, რომ ის მაზლმა მოკლა. სიუჟეტიც სწორედ ამ
ვარაუდებზე დაყრდნობით იყო მომზადებული.
„სუიციდის ინსცენირებამდე კი ეკა ნაქევხრიშვილი სასტიკად აწამეს.
ახალგაზრდა გოგოს მეუღლე ყვება, რომ მის ცოლს, მაზლთან ერთად, სულ
მცირე ორი ადამიანი გაუსწორდა“ - ამბობს წამყვანი შესავალ
ტექსტში.
„გოგონა გასულ კვირას საქონლის სადგომში ჩამომხრჩვალი იპოვეს, თუმცა
ახლა ირკვევა, რომ სუიციდის ინსცენირება მოხდა, რეალურად გოგონა ჯერ
სამმა მამაკაცმა აწამა, შემდეგ მოკლა“ - იმეორებს სიუჟეტის ავტორიც და
გარდაცვლილის მეუღლის ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც ის მკვლელობას
თავის ძმას აბრალებს. მეზობლებისა და გარდაცვლილის მეუღლის ვარაუდების
გარდა, სხვა არც ერთი სარწმუნო წყარო ან ინფორმაცია მასალაში მოცემული
არ არის. როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, თვითმკვლელობა სცადა გოგონას
მაზლმაც და ის ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს თელავის რეფერალურ
საავადმყოფოში გადის. სამართალდამცავები კი საქმეს არა განზრახ
მკვლელობის, არამედ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებენ.
4.1. პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ
დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი
განაჩენით.
4.2. მედიამ არ უნდა მოიხსენიოს პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი,
თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის
პრეზუმფციას.
4.5. ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია
გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების
მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც
ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს.
4.6. მედიამ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა ადამიანის
რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების
მიზნით.
15 სექტემბერს „ვანოს შოუს“ სტუმარი „ნაციონალური მოძრაობის“ სიის
პირველი ნომერი, ნიკა მელია, იყო. ვანო ჯავახიშვილის ფრაზას - „მიშას
პიარში არ ჩაგვეთვალოს,“ ხელი არ შეუშლია მელიასთვის, მთელი გადაცემის
განმავლობაში სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებზე, ნარმანიას მერობის
პერიოდზე, ოპონენტებსა და მისი გუნდის პოლიტიკურ ხედვებზე ესაუბრა.
მელია ცდილობდა თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის,
პოზიტიურად წარმოჩენასაც, რაშიც წამყვანიც დაეხმარა და ასეთი
„საარჩევნო სლოგანებიც“ შესთავაზა: „აირჩიე ზაალი, გაითენე ხვაალი;“
„-რატომ ზალიკო? - უკეთესი არ იყო...“
„თქვენ რომ გაიმარჯვებთ, მე მაგაში ეჭვიც არ მეპარება... ამხელა ორი
ულამაზესი ეიფელის კოშკი [ნიკა მელია და ზაალ უდუმაშვილი] რომ
მოგიკაკუნებს კარზე, როგორ უნდა გაძლო, რომ არ შემოხაზო ორივე ერთად,“
- ეს ფრაზა კი მელიას „კომედი შოუს“ იმ მსახიობმა უთხრა, რომელიც
წამყვანმა მას „ამომრჩევლად“ წარუდგინა.
22 სექტემბერს „ვანოს შოუს“ ალეკო ელისაშვილი ესტუმრა. თბილისის
მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა და წამყვანმა, ტრადიციულად,
პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, პარტიების შემოწირულობებზე,
„ოცნების“ მმართველობაზე, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკასა და
დაგეგმილ პროექტებზე.
„რუსთავი 2-ის“ კიდევ ერთი გადაცემა, რომელშიც საარჩევნო პერიოდში
მერობის კანდიდატები ვიხილეთ, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ იყო. 20
სექტემბერს წამყვანი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო
ელისაშვილს, ჯერ - საკუთარ, შემდეგ კი მშობლების სახლში ესტუმრა და
მათთან ინტერვიუები ჩაწერა.
„დღევანდელ გადაცემაში თქვენ გაიგებთ, სად ცხოვრობს ალეკო ელისაშვილი,
როგორი სახლი აქვს, როგორი მეუღლე ჰყავს, როგორი მშობლები ჰყავს, რას
აკეთებს თავისუფალ დროს, ბოლოს რისი გაკეთება მოახერხა თავისი
მეუღლისთვის,“ - ასე დაანონსა ჟორჟოლიანმა გადაცემა.
შემდეგ კი ვნახეთ, როგორ შეხვდათ წამყვანსა და მერობის კანდიდატს
სახლისკენ მიმავალ გზაზე პოტენციური ამომრჩეველი, რომელიც ელისაშვილის
მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებდა: „ამნაირი კაცური კაცი ქალაქში არ დადის,
ქალაქელებო და მიეცით სულ ყველამ ხმა,“ - თქვა მან.
„გარეთ რომ ქვეყნის და ქალაქის მოგვარებას გვპირდები, გვაინტერესებს,
ოჯახში რა გაქვს მოგვარებული,“ - ეუბნებოდა წამყვანი ელისაშვილს.
„რამდდენოთახიანია სახლი,“ „რამდენი კვადრატულია მისაღები,“ „დახურეს
თუ არა სახლის კრედიტი,“ - მსგავსი კითხვებით წამყვანი ცდილობდა, ხაზი
გაესვა, რომ ელისაშვილი მოკრძალებულად ცხოვრობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი დაინტერესდა, სად გაიცნო მეუღლე თბილისის მერობის
კანდიდატმა, რამდენ ხანში მოიყვანა ცოლად, სად შედგა პირველი პაემანი
და ახერხებს თუ არა სიურპრიზებს: „სად მოახერხა ბოლოს, რომ იგრძენით,
რომ ქალი ხართ,“ „მესამეს[შვილს] ხომ არ აპირებთ?“ - ეს კითხვები
წამყვანა ელისაშვილის მეუღლეს დაუსვა.
შემდეგ გადაცემამ მერობის კანდიდატის მშობლების სახლში გადაინაცვლა,
სადაც ელისაშვილის ბავშვობასა და ხასიათზე მისმა დედ-მამამ
ისაუბრა.
იმავე დღეს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ კიდევ ერთი ნაწილი „ევროპული
საქართველოს“ თბილისის მერობის კანიდატს, ელენე ხოშტარიას, დაეთმო. ამ
შემთხვევაშიც პოლიტიკოსზე მისმა მეუღლემ, მეგობრებმა და მშობლებმა
ისაუბრეს. წამყვანი ცდილობდა, გაერკვია, რატომ არ ატარებს მაკიაჟს
ხოშტარია, როგორი ხასიათი აქვს, როგორი ბავშვი იყო...
4 ოქტომბერს „ნანუკას შოუ“ მასთან სახლში აღარ მისულა, თუმცა მას
შემდეგ რაც სტუდიაში შუქი „ჩაქრა,“ თვითონ მოვიდა გიორგი გუგავა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი „ნანუკას შოუს“
მეუღლესთან და შვილებთან ერთად სტუმრობდა.
„ნანუკას შოუ“ არჩევნების კვირაშიც, 18 ოქტომბერს, საარჩევნო
კანდიდატებს დაეთმო. გადაცემის პირველ ბლოკში ბავშვობაზე, პოლიტიკური
ცხოვრების დაწყებასა თუ მშობლების ავადმყოფობის ისტორიებზე,
სენტიმენტალური მუსიკის ფონზე, ზაალ უდუმაშვილმა ისაუბრა. „შენი
გულშემატკივარი ვარ ყოველთვის,“ - ასე დაემშვიდობა წამყვანი თბილისის
მერობის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს. ამავე გადაცემის მეორე
ბლოკში კი „ნანუკას შოუ“ ქუთაისის მერობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს,
ესტუმრა.
საარჩევნო სუბიექტების ხილვა არაპოლიტიკურ გადაცემებში ტელეკომპანია
„იმედის“ მაყურებლებსაც შეეძლოთ. 17 სექტემბერს კომედიურ შოუ
„მეგობრებს“ გიორგი ვაშაძე, 24 სექტემბერს კი ალეკო ელისაშვილი
სტუმრობდნენ. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, აქ კანდიდატებთან
ინტერვიუები არ გამართულა, მხოლოდ გადაცემის დასაწყისში ისინი
წამყვანებმა წარადგინეს და რამდენიმე სიტყვით გაეხუმრნენ.
თუმცა მერობის კანდიდატებთან ინტერვიუები შედგა „იმედის“ კიდევ ერთ
არაპოლიტიკურ გადაცემაში - „რა დროს ძილია,“ რომელსაც 7 ოქტობერს
ელენე ხოშტარია ეწვია. მან წამყვანთან ერთად სტუდიაში ივახშმა და
თავის პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბრა. „დღეს დადიოდი კარდაკარ მთელი დღე.
რაღაცა მიირთვი,“ - ეუბნებოდა წამყვანი ხოშტარიას, რომელმაც ინტერვიუს
ბოლოს საკუთარი ძალები კრივშიც მოსინჯა.
14 ოქტომბერს იმავე გადაცემის სტუმარი კახი კალაძე იყო, თუმცა ამჯერად
გადაცემა მხოლოდ სტუდიაში ჩაწერილი ინტერვიუთი არ შემოიფარგლა და მას
სახლშიც ესტუმრა. გადაცემის განმავლობაში ვნახეთ, როგორ თამაშობდა
კალაძე შვილებთან ერთად, როგორ ეფერებოდა ძაღლს, როგორ პოზიტიურად
ახასიათებდნენ მას ოჯახის წევრები.
წამყვანი დაინტერესდა, როგორ დაიწყო კალაძემ სპორტული და შემდეგ უკვე
პოლიტიკური კარიერა. მერობის კანდიდატმა დაგეგმილ პროექტებსა და იმ
პოზიტიურ ცვლილებებზეც ისაუბრა, რაც მის ენერგეტიკის მინისტრობას
მოჰყვა, დაგვპირდა, რომ ასეთივე წარმატებული იქნება მისი მერობის
პერიოდიც.
„ყველა რაიონმა, ყველა უბანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ
ქუჩაზე, საკუთარ უბანში,“ - მსგავს პოლიტიკურ განცხადებებს
გადაცემიდან არაერთხელ მოისმენდით.
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების თვალაზრისით, ჩემი მხრიდან
იქნება მაქსიმალური თანადგომა;“ „პროექტები და რეფორმები, რომლებსაც
ჩვენ განვახორციელებთ, იქნება თვალშისაცემი და ხელშესახები,“ -
ამბობდა კალაძე.
პოლიტიკურ თემებზე საუბრისა და საკუთარი კანდიდატურის რეკლამირების
შანსი არაპოლიტიკურ გადაცემაში „TV პირველზე“ მხოლოდ „ევროპული
საქართველოს“ თბილისის მერობის კანიდატს, ელენე ხოშტარიას, 13
სექტემბერს, გადაცემა „ქალების ნარატივში“ ჰქონდა. ხოშტარიამ
პოლიტიკური კარიერის დასაწყისზე ისაუბრა: როგორ გაუცრუა ბებიას
იმედები, არ გახდა ექიმი და პოლიტიკოსობა არჩია. გადაცემიდან
მოვისმინეთ მისი პოლიტიკური გეგმების შესახებაც.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 23-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ „საარჩევნო
პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში
მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში,
დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში
მონაწილოების შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე“, რაც იმას
ნიშნავს, რომ თუ რესპონდენტის სტუმრობაზე შეთანხმება საარჩევნო
პერიოდის დადგომამდე შედგა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ რესპონდენტი
არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კანდიდატია,
მისი ეთერში სტუმრობა არ უნდა ჩაიშალოს, ან გადაიდოს, მიუხედავად
იმისა, რომ ქცევის კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტის
არაპოლიტიკურ გადაცემაში სტუმრობა დაუშვებელია.გარდა ამისა, 23-ე
მუხლის თანახმად, კანდიდატს არ უნდა მიეცეს საშუალება, გამოთქვას
პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოს საკუთარი კანდიდატურის
რეკლამირება“. არაპოლიტიკურ გადაცემებში კანდიდატების მოწვევის და
მათთან პოლიტიკურ თემებზე საუბრის ტენდენცია 2016 წლის საპარლამენტო
არჩევნების დროსაც გამოიკვეთა.
18 ოქტომბრის „ნანუკას შოუში“ ირინა სარიშვილს და მის შვილებს
წამყვანმა კომპანია „ჰუმანას“ და „ბიოლანის“ პროდუქცია საჩუქრად
გადასცა.
„4 თვის არის ახლა რაც მოვიტანეთ, მაგრამ მათ თქვეს, რომ ბავშვებს
ვიდრე დასჭირდებათ მათი საკვები მთელი ამ ხნის განმავლობაში, თავის
თავზე აიღებენ“ - უთხრა წამყვანმა რესპონდენტს. შემდეგ კი კომპანიის
წარმომადგენელი, ექიმი ნუტრიციოლოგი 4 წუთის განმავლობაში დეტალურად
ხსნიდა თითოეული პროდუქტის შემადგენლობას და საუბრობდა მათ დადებით
მხარეებზე. ამ დროს, კადრში ჩანდნენ ბავშვებიც.
მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით პროდუქტის ეთერში
განთავსება (Product Placement) დაშვებულია იმ ტიპის გადაცემებში,
როგორიც „ნანუკას შოუა", თუმცა გარკვეული წესების დაცვით. კანონის
69-ე მუხლის თანახმად, პროგრამაში პროდუქტის განთავსება ისე უნდა
მოხდეს, რომ მან გავლენა არ უნდა მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, არ
უნდა მიანიჭოს პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა და არ უნდა ისმოდეს
პროდუქტის შეძენისკენ პირდაპირი მოწოდება.
ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში კი აღნიშნულია:
"მოერიდეთ ბავშვის ქველმოქმედების ან მოწყალების მიმღებ ობიექტად წარ
მოჩენას. ხშირად, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ სხვადასხვა ჯგუფები
საკუთარი პიარკამპანიისთვის, იმიჯის შესაქმნელად აქტიურად იყენებენ
ბავ შვებს, მიდიან მათთან და ურიგებენ საჩუქრებს. მედიამ ხელი არ
უნდა შეუწყოს ამ ჯგუფებს, აწარმოონ საკუთარი პიარკამპანია ბავშვების
გამოყენებით".
მედიის ნაწილმა ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი
სავარაუდო სუიციდის შემთხვევა ზედაპირულად გააშუქა. ფაქტის აღწერას,
საიდანაც ვიგებდით, რომ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა
აღძრული, თან ერთვოდა ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებლის პოსტი, სადაც ის
სენტიმენტალურად საუბრობდა იმაზე, თუ რა მდგომარეობა დახვდათ
შემთხვევის ადგილზე მისულ ადამიანებს.
პოსტში, რომელიც მედიამ უცვლელად გაავრცელა, სხვათა ნაამბობის
საფუძველზე აღწერილი იყო სუიციდის მეთოდი, ასევე მოტივი და
ფაქტობრივად ბრალდებოდა სავარაუდოდ ბანკს და მისგან მიგზავნილ
„მეპროცენტეს“. გარდაცვლილი მეწიგნე მიშკას მდგომარეობაში მყოფი
ადამიანებისთვის სუიციდი გამოსავლად იყო წარმოჩენილი.
გარდა ამ ფეისბუკ პოსტისა, მედიასაშუალებებს შემთხვევის შესახებ
დამატებით დეტალები არ მოუძიებიათ, არ განუზოგადებიათ თემა და ამბავი
ერთი პირის ისტორიის ფრაგმენტული გაშუქებით შემოიფარგლა. არც ფეისბუკ
პოსტში მოცემული ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა ჩანდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებული სუიციდის
გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, ისეთი სენსიტიური თემის
გაშუქებისას, როგორიც სუიციდია, მნიშვნელოვანია ფოკუსირება პრობლემაზე
ზოგადად და არა კონკრეტულ შემთხვევაზე, თუ არ არსებობს მის მიმართ
განსაკუთრებული საჯარო ინტერესი. ამ კონკრეტული შემთხვევის ასე
გაშუქებისას არ ჩანდა ეს საზოგადოებრივი ინტერესი.
ამავე სახელმძღვანელო წესების მიხედვით:
· სუიციდის განხორციელების ადგილი და დეტალების გასაჯაროვება საჭირო
არ არის.
· არ დაიყვანოთ სუიციდი მხოლოდ ერთ მარტივ მიზეზამდე, მაგალითად,
პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები, ფინანსური მდგომარეობა,
ნარკოტიკები და ა.შ... ამგვარი გაშუქება ფარულ მესიჯს ატარებს, რომ ამ
მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის გამოსავალი სუიციდია.
· უნდა შესთავაზოთ აუდიტორიას ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ,
რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს და სუიციდის მსხვერპლთა
ოჯახის წევრებს ეხმარება.
ასევე ქარტიის მიერ შექმნილ კიდევ ერთ დოკუმენტში, „სოციალური მედიის
გამოყენების“ შესახებ სახელმძღვანელო წესებში, საუბარია სოციალური
ქსელის, როგორც ინფორმაციის წყაროს შესახებ: „სოციალური ქსელიდან
მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადიოდეს გადამოწმების ყველა იმ ფილტრს,
რასაც ჩვეულებრივ, სხვა გზებით მოპოვებული ახალი ამბავი გადის“.
8 საათიან ქრონიკაში 10 ოქტომბერს, საკრებულოს წინ მომხდარ
დაპირისპირებას, რომელიც საკრებულოს სხდომაზე პარლამენტის დეპუტატების
და „პანორამა თბილისის“ პროექტის მოწინააღმდეგეთა არშეშვებას მოჰყვა,
8 საათიან „ქრონიკაში“ თითქმის ნახევარი საათი დაეთმო. თემის
გაშუქებისას, სარკასტული იყო წამყვანების შესავალი ტექსტები ოპოზიციის
მიმართ, მასალებში გამოტოვეს ამბის მნიშვნელოვანი დეტალები,
საკრებულოს წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ კი, გაუშვეს სიუჟეტი
„პანორამა თბილისზე“, რომელშიც კიდევ ერთხელ გვიამბეს ამ პროექტის
სიკეთეების შესახებ. (ამგვარი სიუჟეტი 8 ოქტომბრის „იმედის კვირაშიც“
გავიდა )
წამყვანების შესავალ ტექსტში მომხდარი „პოლიტიკურ სანახაობად“
შეფასდა: „დღეს კვლავ ხმაური იყო თბილისის საკრებულოსთან, სადაც
ოპოზიციურმა პარტიებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა საკრებულოს
წევრების გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრები და თბილისის მერობის
ოპოზიციონერი კანდიდატები მხარდამჭერებთან ერთად, შენობაში არ
შეუშვეს, რადგან წინასწარ იყო დაანონსებული, რომ ისინი ისევ სხდომის
ჩაშლას გეგმავდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დეპუტატებმა
სამართალდამცავების კორდონის გარღვევა და შენობაში ძალით შეჭრაც
სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. განსაკუთრებით
აქტიურობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომლის
კადრიც, სხვების დახმარებით როგორ ახტება ის რკინის ჯებირს, სოციალურ
ქსელებში დღის ჰიტად იქცა.
ცოლის რკინის ჯებირებზე აძრომას და პოლიციასთან ფიზიკურ
დაპირისპირებას ქმრის დაკავება მოჰყვა. პოლიციამ შეხლაშემოხლის დროს
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი და თინა ბოკუჩავას მეუღლე კოტე
იოსელიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ამის შემდეგ, პოლიციის ეზოს
ჯებირზე გადაძრომა უკვე თინა ბოკუჩავას მამამ სცადა, რომელიც სიძეს
ეძებდა. საბოლოოდ, პოლიტიკური სანახაობა იმით დასრულდა, რომ
საკრებულომ პუშკინის სკვერის მიმდებარედ და თაბორის მთაზე მიწის
პირდაპირი წესით პრივატიზების საკითხი ხმათა უმრავლესობით
დაამტკიცა“.
ირონიული იყო წამყვანის ტექსტი მაშინაც, როცა პოლიციის მთავარი
სამმართველოდან ჟურნალისტის ჩართვას წარადგენდა: „რა ხდება ამ წუთებში
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, სადაც დაკავებული
თანაგუნდელის დასახსნელად ნაციონალური მოძრაობის ლიდერები
იკრიბებიან“. ამავე ტექსტში მან აქციაზე დაკავებული „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე იოსელიანი კოტიკო
იოსელიანად მოიხსენია.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის იმ მუხლში, რომელიც ახალი ამბების
გაშუქებას ეხება, ვკითხულობთ, რომ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის
თავიდან აცილების მიზნით, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალი
ამბების გაშუქებისას იუმორის, ირონიის ან სატირის გამოყენებისგან.
გარდა ამისა, თავად თემაზე მომზადებულ სიუჟეტებში არ თქმულა ამბის
მნიშვნელოვანი დეტალები, მაგალითად, იმაზე საუბრისას, თუ რამდენად
კანონიერი იყო საკრებულოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვასთან და
დეპუტატების არშეშვებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანიამ შემოგვთავაზა
მხოლოდ შსს-ს განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლიცია
საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კანონიერად იყო
განლაგებული, მაგრამ არაფერი უთქვამთ, იმავე დღეს, საინფორმაციო
გამოშვების ეთერში გასვლამდე დაახლოებით 3 საათით ადრე, სახალხო
დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ვკითხულობთ, რომ
საკრებულოს წევრების და სხვა პირების არშეშვება კანონის დარღვევა
იყო.
ტელეკომპანიას თემაზე მომზადებულ მასალაში არ გაუშუქებია, რომ
საკრებულოს შენობაში საეჭვო პირები ვიდეოკამერებით დადიოდნენ და
კადრებს აქციის მონაწილეებს უღებდნენ. ფრაქცია რესპუბლიკელების
თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა, რომ
უსაფრთოხების სამსახურს წარმოადგენდა და ეს სამნიძის მიერ გავრცელებულ
ვიდეოკადრებშიც ჩანს.
საკრებულოს წინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ გასული მასალების
შემდეგ, ქრონიკაში „პანორამა თბილისზე“ მომზადებული სიუჟეტი
შემოგვთავაზეს, წამყვანებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს თემა „ევროპული
საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში
წინასაარჩევნოდ მოხვდა:
„და კვლავ თემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათგან
გამოყოფილი „ევროპული საქართველოს“ დღისწეს რიგში წინასაარჩევნოდ,
ნომერ პირველად იქცა. ჩვენ არაერთხელ დავინტერესდით კონკრეტულად რას
აპროტესტებს ოპოზიცია - მრავალმილიონიანი პროექტი დედაქალაქისთვის თუ
ბიძინა ივანიშვილი, ვის სახელსაც ეს პროექტი უკავშირდება“ - ასეთი იყო
შესავალი ტექსტი.
„ავტომობილთა ქაოტურ წყობას, სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ
მაღალი სტანდარტების მქონე ავტოსადგომი ჩაანაცვლებს“ - ეს კი სიუჟეტის
ავტორის საკადრო ტექსტია, მასალაში ჟურნალისტი და „თანაინვესტირების
ფონდის“ წარმომადგენლები გვიხსნიდნენ, თუ რა კარგია „პანორამა
თბილისი“, თან პროექტის გეგმის ფოტოებს გვათვალიერებინებდნენ.
სიუჟეტიდან გავიგეთ, რომ სასტუმროდან ფანტასტიკური ხედები გადაიშლება,
რომ თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა, სადაც „უნიკალურ
გარემო“ იქნება. 8 ოქტომბერს, „იმედის კვირაში“ გასული სიუჟეტის
მსგავსად, ახლაც კიდევ ერთხელ გაუმეორეს აუდიტორიას, რომ „სტუმრები
ქალაქის ისტორიულ და პანორამულ ხედებს 48 მეტრის სიმაღლიდან, წყლიდან
ე.წ. უსასრულო აუზიდანაც დაათვალიერებენ“.
„ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი საცობების გარეშე ქალაქში
მცხოვრებლებსა და უცხოელ სტუმრებს მინიმალურ ფასად სოლოლაკის ქედზე და
თაბორის მთაზე აიყვანს. პროექტის ავტორების თქმით, თაბორის მთაზე
მეოწყობა გოლფის 9 მოედანი, ხელოვნური ტბა, საფეხმავლო ბილიკები. თუ
იმ ქალაქიდან გასვლა გსურთ სადაც ჰაერის დაბინძურების დონე
განსაკუთრებით მაღალია, თბილისიდან ახლოს, ახალ რეკრეაციულ ზონაში
რამდენიმე წუთში მოხვდებით“ - აგრძელებს სიუჟეტის ავტორი.
„პანორამა თბილისის“ სიკეთეებზე საუბარს. არც ამ და არც წინამორბედ
მასალებში არ ისმის კრიტიკული აზრი თავად პროექტის შესახებ, არ ისმის
სფეროს სპეციალისტთა განცხადებები და შეფასებები, რომელიც სხვადასხვა
დროს, სხვადასხვა მედიაში არაერთხელ გაკეთდა იმასთან დაკავშირებით,
რომ პროექტი დააზიანებს ქალაქის ლანდშაფტს და იერსახეს.
(მაგალითისთვის, ამგვარი შეფასებები შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიებში:
„პანორამა თბილისი“ - ძველი თბილისის რეკვიემი? "პანორამა თბილისი" -
ინვესტიცია, რომელიც კლავს"„პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში
მშენებლობის წინააღმდეგ NGO-ებმა სარჩელი შეიტანეს.“„საერთაშორისო
ორგანიზაციები „პანორამა- თბილისის“ წინააღმდეგ“ პანორამა თბილისი -
ახალი სატრანსპორტო პრობლემების მოლოდინში? შეცვლილი ზონა - დარტყმა
ძველ ქალაქზე თუ ახალი სუნთქვა? )
სიუჟეტის მიწურულს კი ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ესაა „ბოლო წლების
განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ყველაზე მსხვილი
ინვესტიციაა, რომელიც მთლიანად ტურიზმის განვითარებაში ჩაიდო“ .
ამ სიუჟეტის შემდეგ „ქრონიკაში“ მასალა ტელეკომპანია „იმედის“
საქმესთან დაკავშირებით გავიდა, წამყვანის შესავალი კი ასეთი იყო:
„სასამართლო განხილვა ისევ გრძელდება, ტელეკომპანია „იმედის“ იძულებით
გასხვისებასთან დაკავშირებით. ამ საქმეში სწორედ ის პოლიტიკოსები და
მათი ლიდერები ფიგურირებენ, ვინც დღეს თბილისში მიწისქვეშა პარკინგის
მოწყობას ასე შეუპოვრად აპროტესტებდნენ“.
“პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით მწვავე დისკუსია უკვე
მესამე წელია მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა
პოლიტიკური პარტიის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ ის ქალაქის იერსახეს
დააზიანებს. დისკუსია მიმდინარე კვირასაც გააქტიურდა, 29 სექტემბერს
თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოედანზე, სადაც
“პანორამა თბილისის” სასტუმრო უნდა აშენდეს, მიწის ნაკვეთს ფუნქციური
ზონის სტატუსი შეეცვალა და თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას
რეკრეაციული სტატუსი მოეხსნა. დღეს, 10 ოქტომბერს კი თბილისის
საკრებულო „თანაინვესტირების ფონდისთვის“ პროექტის ასაშენებლად
მიწების 1 ლარად გადაცემის საკითხს განიხილავს. ეს ფონდი “პანორამა
თბილისის” პროექტს ახორციელებს და ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა
ივანიშვილთანაა დაკავშირებული.
8 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“
„პანორამა თბილისის“ შესახებ 12 წუთიანი სიუჟეტი გავიდა. მედიაჩეკერმა
რაოდენობრივად დაითვალა პროექტის გაშუქების ტონი. 12 წუთიან სიუჟეტში,
„პანორამა თბილისი“ მხოლოდ 51 წამის განმავლობაში გაშუქდა
ნეიტრალურად, დანარჩენი დრო, მთლიანად პოზიტიურ გაშუქებას დაეთმო.
მასალაში არ ისმოდა არც ერთი კრიტიკული აზრი, პროექტი წარმოჩენილი
იყო, როგორც პარკირების პრობლემის მოგვარების უპრეცედენტო გზა,
ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ახალი სამუშაო ადგილების
შექმნის, რეკრეაციული ზონების მოწყობის საშუალება. წამყვანის შესავალი
ტექსტიდან კი ისე ჩანდა, თითქოს ამ პროექტს „ნაციონალური მოძრაობის“
გარდა, ქვეყანაში არავინ აკრიტიკებს.
„ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა“ , „უპრეცედენტო პროექტი“ - ასეთი
შეფასებები ისმოდა წამყვანის მხრიდან „პანორამა თბილისის“ შესახებ,
შესავალ ტექსტში:
„პროტესტი თბილისის განვითარებას და 20 ათას ახალ სამუშაო ადგილს,
ცდილობენ თუ არა გასული კვირის მთავარი პერსონაჟები ოპოზიციიდან,
საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ
წამოწყებული 8 ტურისტული პროექტის შესახებ არასწორი ინფორმაციის
გავრცელებას. უპრეცედენტო პროექტმა აჩვენა, რომ „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერებს საკუთარი არითმეტიკა აქვთ და ქალაქის ეგრეთ
წოდებულ დამცველებს, 680 მილიონი დოლარი, იგივე მილიარდ-ნახევარი
ლარი, 1 ლარი ჰგონიათ. ყოველგვარი მიკერძოებისა და ამბის პოლიტიზების
გარეშე შევეცდებით მოგიყვეთ, რა სარგებელს მოუტანს საქართველოს
ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა. უპრეცედენტო კომპლექსი - „პანორამა
თბილისი“.
წამყვანის შესავალი ტექსტიდან ისე იკვეთებოდა, თითქოს „პანორამა
თბილისს“ მხოლოდ ვიწრო პარტიული ჯგუფი, „ნაციონალური მოძრაობა“
აკრიტიკებს, თანაც მათი პროტესტი „თბილისის განვითარებისა და 20 ათასი
ახალი სამუშაო ადგილის“ წინააღმდეგაა მიმართული. არადა მედიაში
მრავლად იძებნება სხვადასხვა პარტიის, ორგანიზაციისა თუ სფეროს
სპეციალისტის მიერ სხვადასხვა დროს, „პანორამა თბილისის“ შესახებ
გამოხატული კრიტიკა.
მაგალითისთვის, ამგვარი შეფასებები შეგიძლიათ იხილოთ ამ
სტატიებში:
რადიო თავისუფლება: „პანორამა თბილისი“ - ძველი თბილისის
რეკვიემი?
ლიბერალი: "პანორამა თბილისი" - ინვესტიცია, რომელიც კლავს"
ლიბერალი: „პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის
წინააღმდეგ NGO-ებმა სარჩელი შეიტანეს“ ნეტგაზეთი: „საერთაშორისო
ორგანიზაციები „პანორამა- თბილისის“ წინააღმდეგ“
ლიბერალი :პანორამა თბილისი - ახალი სატრანსპორტო პრობლემების
მოლოდინში?
რადიო თავისუფლება: შეცვლილი ზონა - დარტყმა ძველ ქალაქზე თუ ახალი
სუნთქვა?
პანორამა თბილისის წინააღმდეგ პერიოდულად იმართება საპროტესტო
აქციებიც. 29 სექტემბერს, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი
მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაუპროტესტებია.
თავად სიუჟეტი იწყება პარკინგის პრობლემის მიმოხილვით, შემდეგ კი
„პანორამა თბილისზე“ გრძელდება საუბარი და წარმოჩენილია ისე, თითქოს
ამ ქაოსს ქალაქში ეს პროექტი მოაგვარებს. „თავისუფლების მოედნის
მომავალი იერსახე გამჭვირვალე არქიტექტურა და მოწესრიგებული
ტერიტორიაა. 1900 კვ. მეტრზე მიწის ზედა პარკინგი მოეწყობა“ -
აღინიშნა სიუჟეტში. ამავე მასალიდან ისიც გავიგეთ, რომ „ისტორიულ და
პანორამულ ხედებს 48 მეტრის სიმაღლიდან, წყლიდან, ე.წ. უსასრულო
აუზიდანაც დავათვალიერებთ“. ითქვა, რომ სასტუმრო დაუკავშირდება
თაბორის მთაზე, რეკრეაციულ ზონას. გავიგეთ ისიც, რომ თურმე, ამ
რეკრეაციული ზონიდან 750- ამდე ხე იმიტომ მოუჭრიათ და გაუტანიათ, რომ
დაავადებული ყოფილა. სიუჟეტის მიხედვით, მოჭრილი, დაავადებული ხეების
ნაცვლად, 10 ათასი ხე დაირგვება.
ამავე მასალაში დიდი დრო დაეთმო იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელოვანია
ეს პროექტი, ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამაში
მაყურებლის დარწმუნებას არა მხოლოდ სიუჟეტის ავტორი, არამედ
ეკონომიკის მინისტრიც ცდილობდა.
„თბილისური ახალი პანორამა დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება“ -
სიუჟეტის მიწურულს ჟურნალისტი პროექტით აღფრთოვანებასა და მისეულ
პროგნოზსსაც გვიზიარებს. აღსანიშნავია, რომ მასალა მუსიკალურად, რევაზ
ლაღიძის „თბილისოთია“გაფორმებული.
სიუჟეტის დასრულების შემდეგ კი სტუდიაში მისი ავტორი ჩართეს.
„დღევანდელ სიუჟეტში ბუნებრივია, ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიცია
არ ვუჩვენეთ მაყურებელს, თუმცა მაინც საინტერესო იქნება გვითხრა,
რატომ აპელირებს „ნაციონალური მოძრაობა“ სიმბოლური 1 ლარით“ - ჰკითხა
წამყვანმა სიუჟეტის ავტორს, მაყურებლისთვის კი ბუნდოვანი დარჩა, რატომ
იყო ბუნებრივი სიუჟეტში „პანორამა თბილისის“ შესახებ კრიტიკული აზრის
არ წარმოჩენა.
„სავარაუდოდ, ეს ხდება პოლიტიკური ქულების დასაწერად როგორც თქვენ
სიუჟეტში მოისმინეთ, ინვესტიციების განხორციელება პირდაპირ კავშირშია
ეკონომიკის განვითარებასთან და მოქალაქეების დასაქმებასთან“ - ასე
უპასუხა წამყვანის შეკითხვას სიუჟეტის ავტორმა.