13 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის
კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდა. თემა მთელი დღის განმავლობაში
შუქდებოდა საინფორმაციო გამოშვებები. "მოამბემ" საკითხს ყველაზე
ნაკლები დრო დაუთმო, მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც გასაუბრების
შესახებ მხოლოდ ერთწუთიანი მასალა გავიდა. გრაფიკზე მოცემულია 13
მარტის საინფორმაციო გამოშვებებში თემის გაშუქებისთვის დათმობილი დრო.
ინტერნეტსივრცეში ყველას ერთხელ მაინც გვინახავს ან წაგვიკითხავს
ინტერვიუ, სტატია, თუ უბრალოდ ახალი ამბავი, ისეთი ფოტოთი, რომელიც
თემას, ერთი შეხედვით საერთოდ არ უკავშირდება, მედიასაშუალებები
ხშირად ახალი ამბების თხრობისას ფოტომონტაჟსაც იყენებენ და ვიზუალური
მანიპულაციის ხერხებით ცდილობენ მკითხველის განწყობა შექმნან თავად
ამბის, ან ამბის მონაწილე რესპონდენტის მიმართ. ამ მხრივ
განსაკუთრებით ანტიდასავლური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ონლაინ მედია
გამოირჩევა.
მაგალითად, პირველ მარტს “საქართველომ და მსოფლიომ” სტატია
გამოაქვეყნა სათაურით - “დავით საგანელიძე იბერიის გაბრწყინებას
“იბერიკოთი” გეგმავს”. ამბავი საპარტნიორო ფონდის ახალ ინიციატივას
ეხება, რომელიც ქართული ჯიშის ღორების გადარჩენას გულისხმობს. მასალას
კი ილუსტრაციის სახით, ფოტომონტაჟი ადევს.
მსგავსი ტიპის ვიზუალური მასალა ახლავს “საქართველოს და მსოფლიოს”
მიერ ასევე პირველ მარტს გამოქყვენებულ სტატიას - “ქართველი რემბოები
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ”.
“ევროპულ საქართველოსთან” ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან
კონსტრუქციული” - მასალა “საქართველო და მსოფლიოს” ვებგვერდზე პირველ
მარტს გამოქვეყნდა და თბილისის მერის კახი კალაძის ამ განცხადებას
შინაარსთან ასევე სრულიად შეუსაბამო ფოტო ახლავს.
ფოტომანიპულაციის ხერხებს ასევე აქტიურად იყენებს ინტერნეტპორტალი
tb24. ამის ერთ-ერთ მაგალითია, 20 თებერვალს გამოქვეყნებული მასალა
“ვინ არიან “მავნე ძალები” ქართულ საზოგადოებაში?”. მასალაში, ერთი
მხრივ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის
მიერ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ გაკეთებული
განცხადებებია ცინიკური ტონით წარმოჩენილი. მეორე მხრივ კი,
ილუსტრაციისთვის კონტექსტიდან სრულიად ამოგლეჯილი ფოტო ახლავს.
კერძოდ, ელჩისა და მისი მეუღლის არაფორმალურ გარემოში გადაღებული
ფოტო, რომელიც ამბავთან თანხვედრაში არ მოდის.
“პრემიერ კვირიკაშვილის ბოდვებს საზღვარი არ აქვს. მთავრობის
დადგენილების მიხედვით, სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია ახალი
წესებით უნდა მოხდეს” - სწორედ ასე იწყება 9 თებერვალს გამოქვეყნებული
მასალა. მასალაში გამოყენებული არაკორექტული თხრობის სტილის
პარალელურად, მასზე დართული ფოტოც იქცევს ყურადღებას. ილუსტრაციისთვის
პრემიერ-მინისტრის ის კადრია, შერჩეული, როდესაც მან “ერთიანი
ნაციონალური მოძროაბის” წევრს ნიკა მელიას შეგინა.
არაეთიკურ შინაარსთან ერთად, ვიზუალური გაფორმებაც შესაბამისი აქვს
“საქართველოსა და მსოფლიოს” 1 მარტის მასალასაც. სტატიას სათაურით
“ქართლი ოცნება” ცხოველთა სამყაროში”.
“მეტი ქალი პოლიტიკაში”, კვოტირების მომხრეები და მოწინააღმდეგეები,
მსჯელობა ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ტრანსგენდერ
ქალთა უფლებრივი მდგომარეობა, ნაკლები ყვავილი და ნაკლები აქცენტი
ქალზე, როგორც „ნაზ არსებასა“ და “სუსტ სქესზე” - ბოლო ორი წელია,
წინა წლებისგან განსხვავებით 8 მარტი ტელემედიაში სწორედ ამ
კონტექსტში შუქდება.
თუმცა, საერთო გაუმჯობესების მიუხედავად, 2018 წლის 8 მარტის
მედიაგაშუქებაში გარკვეული ხარვეზები მაინც გამოვლინდა: მედია, როგორც
წესი, მიჰყვებოდა სხვების დღის წესრიგს და მხოლოდ დღის მიმდინარე
ამბებს აშუქებდა. საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტობრივად ვერ ნახავდით
თემებს, რომელთა გაშუქებაც თავად მედიის მიერ იყო ინიცირებული. გარდა
ამისა, თუკი მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში აქცენტი ქალთა
უფლებებზე კეთდებოდა, დღის გამოშვებებში გავიდა მასალები, სადაც
საკითხი მილოცვების, ნარცისებისა და ენძელების ფონზე გაშუქდა.
მაგალითად, საზოგადოებივი მაუწყებლის “მოამბის” დღის გამოშვებებში
მართალია, გაშუქდა ისეთი სიახლეებიც, სადაც ქალთა პოლიტიკურ
მონაწილეობაზე და გენდერულ უთანასწორობაზე კეთდებოდა აქცენტი, მაგრამ
ამის პარალელურად, აშკარად ჭარბობდა სიახლეები მილოცვებისა და
ყვავილების დარიგების შესახებ. “მოამბის” დღის წესრიგში მოხვდა
სიახლე, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიამ და ფეხბურთის ფედერაციამ
“პარასპორტსმენ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები
გადასცეს”. კადრსიქნრონში ვხედავთ ყვავილებით დასაჩუქრებულ ქალებსაც,
რომლებიც საჩუქრებისთვის მადლობას იხდიდნენ. ამავე საინფორმაციო
გამოშვებაში ვნახეთ, თუ როგორ აჩერებდნენ პატრულის მამაკაცი
თანამშრომლები ქალ მძღოლებს და თაიგულებს ჩუქნიდნენ. “ალბათ
ქალბატონებისთვის ეს ყველაზე სასიამოვნო გაჩერება იყო პატრულის
მხრიდან” - აღნიშნა საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მასალის ეთერში
გასვლის შემდეგ.
პროფკავშირების წარმომადგენლების მიერ ქალებისთვის ყვავილების
დარიგების პროცესი “ტვ პირველის” დღის გამოშვებებში გაშუქდა, ხოლო
კადრები, თუ როგორ დაასაჩუქრა თბილისის მერმა ენძელებით ქალები დღის
“ქრონიკაში” მოხვდა.
დღის გამოშვებებისგან განსხვავებით, მთავარ გამოშვებებში 8 მარტი
გაშუქდა არა როგორც იების ჩუქების, არამედ როგორც ქალთა უფლებებისთვის
ბრძოლის დღე. 118 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, სავალდებულო
კვოტირების გზით პოლიტიკაში მეტი ქალის ჩართვის მოთხოვნა მოხვდა “ტვ
პირველის”, “იმედის”, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “რუსთავი 2-ის”
მთავარ საინფორმაციოებში.
გარდა საპროტესტო აქციებისა, “მოამბეში”, “ქრონიკასა” და “კურიერში”
ვნახეთ ვრცელი სიუჟეტები ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ.
“ქრონიკაში” ასევე გავიდა მასალა საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის პარლამენტარი ქალების შესახებაც.
ქალთა უფლებების საკითხების გაშუქებაში აშკარა პროგრესის მიუხედავად,
პრობლემური იყო ტრანსგენდერი ქალების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
8 მარტს გამართული აქციის გაშუქება. დემონსტრაცია მოხვდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის, “იმედის”, “რუსთავი 2-ისა” და “ტვ
პირველის” დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში. მაუწყებლებმა
საკითხი გააშუქეს მშრალად. მასალებში არ ჩანდა მაუწყებლების მკაფიო
სარედაქციო პოზიცია კონტრაქციაზე შეკრებილებთან დაკავშირებით,
რომლებიც მაუწყებლებისთვის მიცემულ კომენტარებში ტრანსგენდერი
ადამიანების საჯარო სივრცეში გამოჩენის აკრძალვას მოითხოვდნენ.
მედიასაშუალებებმა მათი პოზიციები წარმოაჩინეს, როგორც საკითხის
მეორე, ლეგიტიმური მხარე, რესპონდენტების ჰომოფობიური და ტრანსფობიური
მოსაზრებები პირდაპირ, შესაბამისი კონტექსტის გარეშე შემოგვთავაზეს
(ამავე თემაზე: “რატომ არ უნდა დაუთმოს მედიამ ტრიბუნა მათ, ვინც
მხარდამჭერებს სიძულვილისა და დისკრიმინაციისკენ მოუწოდებს?”)
18 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ყოველკვირეულ გადაცემაში “იმედის
კვირა” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
კახა ბექაურთან ნახევარსაათიანი ინტერვიუ გავიდა. წამყვანმა თავადვე
აღნიშნა, რომ რესპონდენტის მიმართ ბოლო პერიოდში ბევრი კითხვა
არსებობდა, მიუხედავად ამისა, ინტერვიუმ მწვავე კითხვების გარეშე
ჩაიარა.
ერთ-ერთი პირველი საკითხი, რასაც ინტერვიუში შეეხნენ მაუწყებლების
სარეკლამო შემოსავლებს ეხებოდა. ეს ის თემაა, რაზეც სამოქალაქო
საზოგადოება, მაუწყებლები დიდხანს კამათობდნენ საკანონმდებლო
ორგანოში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო
შემოსავლების ზრდის შესაძლებლობა განიხილებოდა. მაუწყებლები
ამბობდნენ, რომ სარეკლამო შემოსავალი შემცირებულია, პარალემენტის
თავმჯომარე კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. კომუნიკაციების ეროვნულმა
კომისიამ მაუწყებელთა შემოსავლების ოფიციალური მონაცემები, რისი
გასაჯაროვებაც ევალებათ, კანონის დამტკიცებამდე არ გამოაქვეყნა.
ჟურნალისტი ამ თემას არ ჩაღრმავებია, არ უკითხავს რატომ არ
გამოქვეყნდა ეს მონაცმები დროულად, რომ რეალურად გარკვეულიყო,
გაიზარდა თუ შემცირდა მაუწყებელთა შემოსავლები. ჟურნალისტს არ
წარმოუჩენია ტელევიზიების პრეტენზიები ამ თემაზე. ისინი მიიჩნევდნენ,
რომ კომისია სპეციალურად აჭიანურებდა მონაცემების გამოქვეყნებას,
რადგან დამტკიცდებოდა, რომ შემოსავლები მცირდება.
ჟურნალისტი ამ თემაზე საუბრისას მხოლოდ იმით დაინტერესდა, თუ რატომ
იყო განსხვავებული კომუნიკაციების კომისიის მიერ დათვლილი მონაცემები
და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული რიცხვები.
იმის დასადასტურებლად, რომ ქვეყანაში მედიაპლურალიზმი არსებობს,
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2012 წლიდან 2017
წლამდე გაორმაგდა მაუწყებლების რაოდენობა და 98 გახდა, მათ შორის
საერთო მაუწყებლები 4 დან 21-მდე გაიზარდა. თუმცა წამყვანს არ
შეუხსენებია, რომ ამავე წლებში ძირითადი სამაუწყებლო მოთამაშეები
იგივე დარჩა, კვლავაც 2 დიდი კერძო მაუწყებელია ბაზარზე. ინტერვიუ ისე
დასრულდა, რომ წამყვანს არც რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები
უხსენებია, და არც საზოგადოებრივ მაუწყებლსა და "იმედის" ჰოლდინგზე
ხელისუფლების შესაძლო გავლენები - რა კითხვებიც მედიაგარემოზე
საუბრისას არსებობს საზოგადოებაში.
კახა ბექაურის მიმართ სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა ფოტოს
გავრცელებას, სადაც ის საზოგადოებრივი მაწყებლის გენერალურ
დირექტორთან და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ერთად
არაფორმალურ გარემოში იყო. გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ისინი
მაუწყებლის მეურვედ ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე მსჯელობდნენ.
წამყვანის მიერ ამ საკთხზე დასმული კითხვის საპასუხოდ ბექაურმა
აღნიშნა, რომ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა მას
ეხმარება პრობლემების გაგებაში. ოპონირების და ჩაკთხვის მცდელობა
წამყვანს არც ამ შემთხვევაში ჰქონია. არ დაინტერესებულა ამავე
ფორმატში ხვდება თუ არა ის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი
სხვა მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს და როგორ ეხმარება ამ
მედიასაშუალებებს პრობლემების მოგვარებაში.
მოგვიანებით, კომისიის თავმჯდოამრემ საზოგადოებრივი მაუწყებლის
სამეურვეო საბჭოს კანდიდატი ზაზა შათირიშვილი დადებითად დაახასიათა.
ჟურნალისტმა არ დასვა არც ერთი კითხვა, რომელიც შათირიშვილი
კომპეტენციასთან დაკავშირებით გასაუბრების შემდეგ გაჩნდა, რადგან
გასაუბრებაზე გამოიკვეთა, რომ შათირიშვილმა მაუწყებლის მართვის
შესახებ მნიშვნელოვანი დეტალები არ იცის.
ინტერვიუს ბოლოს წამყვნმა ფაქტად აღნიშნა, რომ ქვეყანაში მედიის
პლურალიზმი და მრავალფეროვნებაა, მაგრამ დაინტერესდა, მაინც რა
გამოწვები არსებობს თანამედროვე მედიაში.
ამ კითხვაზე რეპონდენტმა მედიის პრობლემებად: მომხმარებელთა ქცევის
შეცვლა (მულტიმედიურ პროდუქტზე გადასვლა), ნაკლები ფინანსების გამო
კვლაფიციური კადრბის ნაკლებობა დაასახელა.
გადაცემაში საერთოდ არ გაჟღერებულა კითხვები კომუნიკაციების კომისიის
წევრების კვალიფიკაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე.
საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველომ თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტიდან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დასმულ
კითხვებზე პასუხები მიიღო. ამ პასუხიებით ირკვეოდა, რომ კომისიის
წევრები კახა ბექაური და მერაბ ქათამაძე კანონით მოთხოვნილ დიპლომებს
არ ფლობდნენ.
ინტერვიუს მიმდინარეობისას წამყვანი თავისუფლად აძლევდა რესპონდენტს
საშუალებას, ეთქვა ის, რაც მას სურდა და არ უსვამდ დამაზუსტებელ,
კრიტიკუ შეკითხვებს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ პირადი ცხოვრების გაშუქების
შესახებ ახალი სახელმძღვანელო წესები გამოაქვეყნა. სტანდარტების
მიხედვით, მანამ სანამ მედია პირადი ცხოვრების შესახებ გამოაქვეყნებს
გარკვეულ ინფორმაციას, საკითხმა უნდა გაიაროს ორსაფეხურიანი ტესტიდან
ერთ-ერთი მაინც:
1. მედიას უნდა ჰქონდეს პირის თანხმობა მისი პირადი ცხოვრების
დეტალების გამოქვეყნებაზე;
2. მედიას უნდა ჰქონდეს დეტალური დასაბუთება, თუ რატომაა საჭირო და
აუცილებელი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება;
გამოცემის მიხედვით, მედიის მხრიდან პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა
მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როცა მოპოვებული ინფორმაციის მიმართ
საჯარო ინტერესი მაღალია და როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს
საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი
კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა.ასევე, მაშინ როცა
მედიგაშუქებასა და პირის პირად ცხოვრებაზე ვსაუბრობთ,
გასათვალისწინებელი ფაქტორია, პირი საჯაროა თუ კერძო. წესების
მიხედვით, კერძო პირის პირად ცხოვრებას მედია განსაკუთრებული
სიფრთხილით უნდა მოეკიდოს: „საჯარო პირებს, განსაკუთრებით
პოლიტიკოსებს, მაღალი თანამდებობის პირებს (საჯარო მოხელეებს) პირადი
ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მოლოდინი ყველაზე ნაკლებად უნდა
ჰქონდეთ. თუმცა გარკვეული ხარისხით მათაც აქვთ გარშემომყოფებისგან
საკუთარი ცხოვრების დაცვის უფლება. მაგალითად დაცულია მათი პირადი
ურთიერთობები, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია თუ არ იკვეთება ამ
დეტალების მიმართ საჯარო ინტერესი, რაც შეიძლება იყოს ვთქვათ, საჯარო
ფინანსების ხარჯვა პირადი ურთიერთობებისთვის ან მკურნალობისთვის და
აშ“.
ჯანმრთელობა, სქესობრივი ცხოვრება, შვილად აყვანა, სუროგაცია -
სახელმძღვანელო წესების მიხედვით, ეს ის სფეროებია, რომელთა
გაშუქებისასაც არსებობს განსაკუთრებულად მაღალი რისკი პირის პირად
ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა.
26 თებერვალს "კურიერის" 3 საათიან გამოშვებაში საგუშაგოზე მოკლული 19
წლის ბექა რუსიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ
სიუჟეტი გავიდა. წამყვანის თქმით, სასამართლო პროცესი ფიზიკური და
სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა. ამის შემდეგ კი სიუჟეტში აჩვენეს
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ჭირისუფალი, რომელმაც მსჯავრდებულის
ოჯახთან იკამათა. მათ ჩხუბს ეთერში დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში
ვუყურებდით.
გაუგებარია, რა საჯარო ინტერესს ემსახურებოდა აღნიშნული კადრების
ჩვენება და რა დამატებითი ინფორმაცია მიიღო მათი ნახვით მაყურებელმა
რუსიას მკვლელობის შესახებ.
კრიმინალის გაშუქების სახელმძღვანელო წესების თანახმად, მედია
სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც
ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.
მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელმა არ უნდა გადაიღოს
ან გაავრცელოს მასალა, რომელშიც ასახულია პიროვნება პირადი ტრაგედიის
ან მწუხარების დროს, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
23 თებერვალს ifact-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა “თბილისი
პანორამას” გოლფის მოედანის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების შესახებ
ინფორმაცია გაავრცელეს. პანორამა თბილისი საქართველოს ყოფილ
პრემიერ-მინისტრთან და მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა
ივანიშვილთან არის დაკავშირებული.
შემთხვევა 21 იანვარს მოხდა, თუმცა ამ დრომდე მუშის გარდაცვალების
შესახებ არ გამხდარა ცნობილი. 23 თებერვალს კი ეს ინფორმაცია
დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
მუშის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2-სა” და “TV
პირველისგან” განსხვავებით, არ მოხვდა ტელეკომპანია “იმედის” 23
თებერვლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, საზოგადოებრივ
მაუწყებელზე კი მთავარი საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.
ტელეკომპანია „ობიექტივის“ სიუჟეტი ლაგოდეხში, უმძიმეს სოციალურ
პირობებში მცხოვრებ 7 წლის საბას ეხება. სიუჟეტში ბავშვის ისტორია
სენტიმენტალურ და სენსაციურ ჭრილშია გაშუქებული, ნაცვლად იმისა, რომ
აქცენტი ბავშვის ინტერესზე გაკეთდეს, იმაზე თუ რატომ აღმოჩნდა ის და
მისი ოჯახი ამგვარ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში, რატომ ვერ იღებს
დახმარებას, ჟურნალისტი ბავშვს იყენებს ემოციების გასამძაფრებელ
ობიექტად, აჩვენებს როგორ ტირის და როგორ ითხოვს დახმარებას. „თუ
გექნებათ საშუალება, ჩამომიტანეთ“, „მე მინდა ჩემს დედიკოს და მამიკოს
აღარ უჭირდეთ.“ „მინდა, რომ ბედნიერად ვცხოვრობდე“, „მშია,
გეხვეწებით, დამეხმარეთ“ - ვისმენთ ატირებული ბავშვის თხოვნას. მძიმე
ისტორიის კიდევ უფრო დასამძიმებლად, სიუჟეტი „შინდლერის სიის“
საუნდტრეკითაა გაფორმებული. „ობიექტივის“ ეს მასალა გამოაქვეყნა
პალიტრა tv და radio24-მაც.
სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, თუმცა
რატომ - ამ კითხვას ჟურნალისტი საერთოდ არ სვამს, არ ჩანს ოჯახის
გაჭირვების გამომწვევი მიზეზები, სახელმწიფოს როლი და პრობლემის
მოგვარების შესაძლო გზები.
20 თებერვალს ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა
პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემები უჩნდება
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანია
“იბერიასაც”.
“არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება
მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს
მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით”, - განაცხადა არხის
საინფორმაციო სამსახურის უფროსმა.
ეს თემა “იმედის”, “რუსთავი 2-სა” და “TV პირველისგან” განსხვავებით,
არ მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში. რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში ხელისუფლების მხრიდან “TV პირველის”
სარედაქციო პოლიტიკაში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებული ინფორმაციაც
არ გააშუქა.
16 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ მედიის უახლესი გამოწვევების
შესახებ გამართულ მრგვალ მაგიდაზე, ტელეკომპანია “პირველის”
პოლიტიკური გადაცემის წამყვანებმა, ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ
ხელისუფლების მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით,
გარკვეული ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრეს. ნინო ჟიჟილაშვილის
განცხადებით, დღეს ხელისუფლებას ბაზარზე არსებული პატარა, მაგრამ
დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიასივრცის არსებობა დისკომფორტს
უქმნის. შეხვედრაზე, "რუსთავი-2-ის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა
გვარამიამ საკითხის შესახებ მეტი დეტალის გასაჯაროება მოითხოვა.
ეს თემა საერთოდ ვერ მოხვდა ტელეკომპანია „იმედის“ მთავარ
საინფორმაციო გამოშვებაში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი, „მოამბის“
მთავარ გამოშვებაში მხოლოდ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
შეხვედრა გააშუქა მოკლე კადრ-სინქრონის სახით, „ტვ პირველის“ საკითხი
კი აქაც ყურადღების მიღმა დარჩა.
“ტვ პირველის” პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანებმა ნინო ჟიჟილაშვილმა
და ვახო სანაიამ EuroBrand Outlet-ის რეკლამაში მიიღეს მონაწილეობა.
ფოტოზე, რომელიც მაღაზიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა ვახო სანაიას
ბანერი უჭირავს წარწერით “მე ვიცვამ ევრობრენდში”, ნინო ჟიჟილაშვილს
კი - ამავე ბრენდის პოლიეთილენის ჩანთები.
ჟურნალისტის ინტერესთა კონფლიქტის სახელმძღვანელო წესებში, რომელიც
“ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ” მოამზადა, ვკითხულობთ:
“ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემატიკაზე მომუშავე
ჟურნალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ რაიმე პროდუქტის რეკლამაში, ანდა
პრომოუშენში. "მაუწყებლობის შესახებ" კანონშიც აღნიშნულია, რომ
"იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო
დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით
მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში". ამ ნორმის მთავარი მიზანი ის
არის, რომ როდესაც წამყვანის მიერ რეკლამირებული პროდუქტის შესახებ
რაიმე ტიპის ინფორმაცია ამავე მედიასაშუალების მიერ გავრცელდება,
აუდიტორიამ ეჭვქვეშ არ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა”.
14 თებერვალს, თბილისსა და ბათუმში, შრომის ინსპექციის შექმნისა და
შრომის უსაფრთოხების უზრუნველყოფის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია
გაიმართა. დემონსტრაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ
13 თებერვალს მშენებარე შენობის მეხუთე სართულიდან კიდევ ერთი მუშა,
26 წლის ახალგაზრდა გადმოვარდა და დაიღუპა. ეს თემა "მოამბის" დღის
მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში არ გაშუქებულა.