ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
გაზეთ "Prime Time-ის" 27 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ძიძა, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე ორი კვირის განმავლობაში ძალადობდა, დღესაც ბაღში მუშაობს“. სტატიაში საკითხი მრავალმხრივადაა წარმოჩენილი, მოყვანილია სტატისტიკური ინფორმაცია კვლევებიდან, ჩაწერილია რამდენიმე წყარო, თუმცა, ძალადობის მსხვერპლი ბავშვი იდენტიფიცირებულია.

ილუსტრაციად გამოყენებულ ფოტოებში ბავშვის თვალები დაფარულია და მისი იდენტიფიცირება არ ხდება, მაგრამ სტატიაში ნახსენებია ბავშვის სახელი და ასაკი, მთავარი რესპონდენტი კი დედაა, რომელიც სახელით და გვარითაა წარდგენილი.

სტატიას ილუსტრაციის სახით თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც მითითებულია ბავშვის სახელი და გვარი. დასკვნაში ნათქვამია, რომ მას „სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანებები მარჯვენა საფეთქლის ორი სისხლნაჟღენთის და მარცხენა ლოყის და ზემო ტუჩის თითო ნაჭდევის სახით“. „ტუჩზე ნაჭდევი“ კარგად ჩანს დიდი გაფართოებით გამოქვეყნებულ ფოტოებზეც.

გარდა ამისა, სტატიაში ნახსენებია ძიძის სახელი და გვარიც. მისი დანაშაული ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის, სტატიის სათაურით კი, მტკიცებით ფორმაში, ფაქტის სახითაა წარმოჩენილი, რომ ძიძამ ბავშვს სცემა.

პროფესიული სტანდარტების მიხედვით, დაუშვებელია 18 წლამდე ასაკის ბავშვის იდენტიფიცირება ძალადობის ნებისმიერი ფორმის შემთხვევაში.
კატეგორია - ეთიკა
26 აპრილს მაესტროს მთავარ გამოშვებაში გავიდა მოკლე ინფორმაცია მარნეულში სასაფლაოს მიწის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით. მასალის თანახმად, მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას მიწის გაყიდვაში ადანაშაულებს.

მასალის წარდგენისას წამყვანი აღნიშნავს: „ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ სასაფლაოს გაყიდვა არ იგეგმება, საპირისპიროზე მეტყველებს ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული დოკუმენტები, ისინი ადასტურებს ფაქტს, რომ სასაფლაოს ტერიტორია, შესაძლოა, გასხვისდეს.“

მასალაში არ არის ნაჩვენები დოკუმენტები, რომელზეც ჟურნალისტი საუბრობს, შესაბამისად, მაყურებლისთვის ბუნდოვანი რჩება, კონკრეტულად რა დოკუმენტზეა საუბარი და მართლა ადასტურებს თუ არა ის სასაფლაოს ტერიტორიის გასხვისებას.

ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, აჰმედ იმამკულიევი, ინტერვიუში ამბობს:

„მოსახლეობას აწუხებს, რატომ ჰყიდიან სასაფლაოს მიწას, რისთვის ჰყიდიან და ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამაში პირველ რიგში დაინტერესებულია საკრებულოს მოადგილე, ვალერი მეტრეველი, რომელიც აქ კურირებს მარნეულის რაიონში მიწებს და ყველაფერს“.

მასალაში არ არის წარმოჩენილი ვალერი მეტრეველის პოზიცია.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის III თავი ჯეროვანი სიზუსტის დაცვას ეხება. მე-12 მუხლში აღნიშნულია, რომ მაყურებელს ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #1 მუხლი ამბობს: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს დასაზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“ მის განმარტებაში ვკითხულობთ, რომ უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. განმარტების თანახმად, ზუსტ ინფორმაციად მიიჩნევა მინიმუმ ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი და მოვლენა, ვისაც და რასაც ეხება ინფორამცია.

კატეგორია - ეთიკა
23 აპრილს გადაცემა “2030-ის” ბოლო ბლოკის ჩართვაში ჟურნალისტის თქმით, მათ დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ადამიანები, რომლებიც ზუგდიდის ცენტრში აქციებს მართავენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბინების არასწორ განაწილებაში ადანაშაულებენ, “იმართებიან პოლიტიკური პარტიებისგან, კონკრეტულად საუბარი არის ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე.”

მასალაში ჩაწერილია დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ნონა შეროზია, რომელიც დევნილთა აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

“ქალბატონმა ნონამ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ის ხვდება, მაგრამ ნაციონალების დახმარებაზე უარს დევნილები ამბობენ”, ამბობს ჟურნალისტი, რასაც შეროზიას კომენტარი მოსდევს. რესპონდენტი არსად ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრებს მართავს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგნლებმა აქციების შესახებ შეიტყვეს და მისვლა თავიანთი ინიციატივით გადაწყვიტეს.



“ჩვენ აქ საპროტესტო აქციები გავმართეთ იმის თაობაზე, რომ ჩვენი კუთვნილი ბინები იყო განაწილებული არაკანონიერად. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიგო ეს, არ ვიცი, რანაირი იმით, როცა გადავკეტეთ ჩვენ გზა… ჩამოსული იყო მინაშვილი, მაჭავარიანი, წიკლაური და კიდევ იყო ერთ-ერთი, გვარი არ ვიცი” - აცხადებს ნონა შეროხია.

ამ სინქრონს კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის, ოთარ გოგოხიას, სინქრონი მოსდევს:“იმართება (დევნილები) სხვადასხვა ადამიანების მიერ, სხვადასხვა პარტიის მიერ. მაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური პარტიის ხელმძღვანელები, ადგილობრივი დევნილები დადიან იქ, რატომ დადიან, რა უნდათ იქ”.

ჟურნალისტი ჩართვაში ამბობს, რომ ოთარ გოგოხიას არა მარტო ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ ეს აქციები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ იმართება, არამედ “მას აქვს ამ თემაზე ფაქტები“. თუმცა, მასალაში არ არის ნაჩვენები არც ერთი კონკრეტული ფაქტი ბრალდებების დასადასტურებლად. არ არის წარმოდგენილი არც ნაციონალური მოძრაობის წევრების კომენტარები. აქციის ორგანიზატორის, ნონა შეროზიას, კომენტარით კი, ბალანსი ფორმალურადაა დაცული.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლი 18:

1. პოლიტიკური მოვლენების თავისუფალი და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად, მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუკერძოებლობა არ გულისხმობს თითოეული შეხედულებისთვის თანაბარი დროის დათმობას, არამედ მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი მოსაზრების სათანადო წარმოჩენა.

2. პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს.
კატეგორია - ეთიკა
"აზოვის" მებრძოლებმა ჯვარზე გაკრული მოხალისე ცოცხლად დაწვეს“ - ამ სათაურით სააგენტო „გურიანიუსი“ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც ასახულია ადამიანის ჯვარზე გაკვრისა და ცოცხლად დაწვის კადრები. შოკისმომგვრელი ვიდეო ყოველგვარი რედაქტირების გარეშე დევს ვებგვერდზე, ძალადობის სცენები არცერთ მონაკვეთში არ არის დაფარული. მასალას არ ახლავს რაიმე სახის ტექსტობრივი განმარტება - ინფორმაცია კადრებში ასახული ძალადობის შესახებ, ან შენიშვნა, რომელიც მომხმარებელს გააფრთხილებდა, რომ ვიდეო შეიცავს სასტიკი ძალადობის ამსახველ კადრებს. მასალის სათაურში მტკიცებით ფორმაშია წარმოჩენილი, რომ ძალადობა „აზოვის“ მებრძოლების მიერაა ჩადენილი, სათაურით ეჭვქვეშ არ დგება ვიდეომასალის ავთენტურობა.
კატეგორია - ეთიკა
გადაცემა “ 2030-ის” ექპერტები ლარის გაუფასურების მიზეზად ეროვნული ბანკის მცდარ პოლიტიკას ხშირად ასახელებენ. Mediachecker-ის დაკვირვებით, 6 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით “2030-ის” 7 გადაცემიდან 4-ში ლარის დევალვაციაში მთავარ „დამნაშავედ“ სწორედ ეროვნული ბანკი სახელდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თემაზე საუბრისას არ ყოფილა წარმოჩენილი ეროვნული ბანკის მოსაზრება და არც მისი პოზიციიდან განუხილავთ ექსპერტებს საკითხი.

“ხუთბალიანი სისტემით თუ შევაფასებთ, სამიანს მინუსით ან ორიანს პლიუსით დავუწერდი. ბანკის მოქმედებები არც თუ ისე ადეკვატურია”, - ამბობს ლარის კურსზე საუბრისას, 6 აპრილის გადაცემაში, მიხეილ დუნდუა, „2030-ის“ კონსულტანტი ეკონომიკის საკითხებში. გადაცემას მთელი ბლოკის განმავლობაში ადევს ტიტრი: “ეროვნული ბანკის მიერ წახალისებული ინფლაცია“, რაც მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ინფლაცია ეროვნულმა ბანკმა წაახალისა, ფაქტად წარმოაჩენს.

“ეროვნულ ბანკს შეუძლია ეკონომიკას ასობით მილიონი დოლარი მიაწოდოს, მაგრამ არ აკეთებს...თუ ლარს ეროვნულმა ბანკმა არ მიხედა, ლარს ეკონომიკა მიხედავს, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დახმარება, რადგან ამ შემთხვევაში ვითარების დასტაბილურება უფრო სწრაფად მოხდება,“ - ამბობს დუნდუა. ორი დღის შემდეგ, გადაცემაში ლარის გაუფასურების თემაზე საუბრისას, მიხეილ დუნდუა ინფლაციის სამ მიზეზს შორის ერთ-ერთ მიზეზად კვლავ ეროვნული ბანკის მცდარ პოლიტიკას ასახელებს.



15 აპრილის გადაცემებში კიდევ ერთმა ექსპერტმა, ნოდარ ჭიჭინაძემ, „სცადა“ ეროვნული ბანკის პოზიციის წარმოდგენა: “ეროვნულ ბანკს პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მთავარი საზრუნავი არ არის ვალუტის კურსი და ექსპორტის კონკურენტუნარიანობისთვის ლარის გაუფასურება აუცილებელიცაა. შესაბამისად, ლარის გამყარება არ არის ეროვნული ბანკის ინტერესებში ამ ეტაპზე, არადა დოლარზე მაღალდამოკიდებულ ქვეყანაში ლარის კურსის დაცემით გამოწვეული ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე ექსპორტის გაძვირებით გამოწვეული შეფერხებები”. რესპონდენტს ეროვნული ბანკის ამ “პირდაპირ თუ ირიბად არაერთხელ ნათქვამი” ციტატების კონკრეტული წყარო არ დაუსახელებია.

8 აპრილს კი გადაცემაში “ლარის კურსის ანატომიას” მიმოიხილავდნენ და ეთერში სტუმრად ეკონომისტი მირიან გოგიაშვილი, გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტი მაკა ხარაზიშვილი და „2030-ის“ კონსულტანტი ეკონომიკურ საკითხებში ლევან კალანდაძე მოიწვიეს. კვლავ არაერთხელ გაისმა ბრალდება ეროვნული ბანკის წინააღმდეგ.

სიუჟეტის ტექსტში ჟურნალისტი ამბობს: „2014 წლის დეკემბრიდან ეროვნულმა ბანკმა გაზარდა კომერციულ ბანკებზე გაცემული სესხების ოდენობა. ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას კომერციული ბანკების ლიკვიდობით ხსნის ანუ იმით, რომ კომერციულ ბანკებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის ლარი. თუმცა საქართველოში მოქმედი მსხვილი ბანკები არ ადასტურებენ, რომ თითქოს ისინი ლარის უკმარისობას განიცდიან“, - სიუჟეტში არ არის წამოდგენილი არც ერთი „მსხვილი კომერციული ბანკის“ პოზიცია. “დღეს თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხის გაზრდილი მოცულობით პირდაპირ ზრდის მიმოქცევაში არსებული ლარის მასას, რითაც ბუნებრივად იზრდება დევალვაციასთან დაკავშირებული რისკებიც”, - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტის ტექსტში.

სტუმრები ამატებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ დასახელებული მიზეზი, რომ ბანკებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის თავისუფალი ლარი, ტყუილია და ამას თავად ბანკებიც უარყოფდნენ, თუმცა მართლა უარყოფენ თუ არა ამ ინფორმაციას ბანკები, მაყურებლისთვის გაუგებარი რჩება, რადგან დასახელებული „მსხვილი ბანკების“ წარმომადგენლების პოზიცია არც სტუმრების ბლოკში ყოფილა წარმოჩენილი.

ლარის კურსი მთავარი თემა იყო 16 აპრილსაც. 2030-ის წევრმა ვახტანგ ბურკიაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, შეეძლო თუ არა ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების შეჩერება, უპასუხა: “კი.... ის რომ მას ეს შეეძლო და არ გააკეთა, ეს ცალსახაა”

იმავე გადაცემაში ეროვნული ბანკი უარყოფით კონტექსტში ფინანსური მონიტორინგის სამსახურის გაზრდილი უფლებამოსილების შესახებ საუბრის დროსაც ახსენეს. ორგანიზაციის ექსპერტის, ნოდარ ჭიჭინაძის, შეფასებით, სამსახური წინა ხელისუფლების დროს ავიწროებდა ბიზნესის წარმომადგენლებს,ოპოზიციურ ძალებს და იქ რეფორმა დღემდე არ ჩატარებულა. თვალსაჩინოებისთვის კი ისრაელელი ბიზნესმენების დაკავების ფაქტი მოჰყავს, სადაც “თარჯიმნის სტატუსით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოქმედი მოადგილე ნიკოლოზ გონგლიაშვილიც ფიგურირებდა. ფაქტობრივად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოქმედი მაღალჩინოსანი გახლდათ პროკურატურის აგენტი. დღეს ეს პიროვნება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრადაც გვევლინება“.



გადაცემა „2030-ის“ იდეის ავტორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია. კვირა დღეს ის გადაცემაში ექსპერტებთან ერთად სხვადასხვა საკითხს აანალიზებს. რაც შეეხება ლარის გაუფასურების თემას, თებერვალში ივანიშვილმა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე მიყვანაში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე საჯაროდ დაადანაშაულა და ეროვნულ ბანკს მოუწოდა, გამოეყენებინა შესაბამისი ბერკეტები ვალუტის დასტაბილურებისათვის.
კატეგორია - ეთიკა
„ასავალ-დასავალის“ 20-26 აპრილის ნომერში დაიბეჭდა სტატია სათაურით: “სააკაშვილი გვამებს უკრაინაშიც მიაძღა”. სტატიას ერთვის მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის ფოტოები, გვერდით კი დაბეჭდილია ადამიანის ორგანოებისა და გვამების სურათები.

გამოცემის ცნობით, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ბიზნესი, რომელსაც სააკაშვილი საქართველოში ეწეოდა, მან უკრაინაშიც გააგრძელა.

„თუ საქართველოში პრეზიდენტად წოდებული სააკაშვილი და მისი მეუღლე”, “ასავალ-დასავალში“ დაბეჭდილი არაერთი ინტერვიუს თანახმად, ძირითადად, პატიმრებისა და „უპატრონო გვამების“ ორგანოებით ვაჭრობდნენ, ახლა უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო ომის პირობებში, ეს სატანისტური ბიზნესი გაცილებით დაუხვეწავთ და გაუფართოვებიათ. უკრაინული მედია პირდაპირ აცხადებს, რომ ორგანოებით ვაჭრობა სააკაშვილების ოჯახის ბიზნესი გახდა“.

“ასავალ-დასავალი” უკრაინულ გამოცემა Slovo.net.ua- ს ეყრდნობა, თავად ეს გამოცემა კი, როგორც „ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ციტატიდან ჩანს, ინფორმაციას „სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს“.

გარდა ამისა, “ასავალ-დასავალის” სტატიაში ჟურნალისტი ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, სანდრო კვიტაშვილს, არარაობად მოიხსენებს და წერს, რომ გვამებით ვაჭრობას სწორედ კვიტაშვილი ლობირებდა მინისტრობის დროს.

გამოცემა პირდაპირ ადანაშაულებს სააკაშვილის ოჯახსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს გვამებით ვაჭრობაში და ამბობს, რომ მათ მიერ შემუშავებული სქემა „წარმატებით გამოიცადა ამა წლის თებერვალში, როდესაც დებალცევოსთვის გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლისას უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა 82 უკრაინელი ჯარისკაცი“.

მძიმე ბრალდებების გასამყარებლად გამოცემას არ მოჰყავს არც ერთი გადამოწმებული ფაქტი ან მტკიცებულება; ბრალდება წარმოდგენილია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით; მასალაში გამოყენებულია არაკორექტული, შეურაცხმყოფელი ტერმინები სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. ამავე დროს, მასალაში არ არის მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრის, სანდრო კვიტაშვილის ან მათი გარემოცვის კომენტარი, არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რაიმე პასუხი მიეღო უმძიმეს ბრალდებებზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
კატეგორია - ეთიკა
17 აპრილს ambebi.ge -ზე დაიბეჭდა სტატია სათაურით: “ადამიანის სხეულით ვაჭრობა უკრაინაში სააკაშვილის ოჯახურ ბიზნესად იქცა-სკანდალური სტატია უკრაინულ მედიაში”

სტატიაში ambebi.ge უკრაინულ გამოცემა Slovo.net.ua – ზე გამოქვეყნებული მასალის თარგმანს გვთავაზობს. სტატიის მიხედვით, სანდრა რულოვსი უკრაინაში იმ ექიმების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სხეულის ნაწილების ტრანსპლანტაციითაა დაკავებული, ხოლო ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი, გენერალი მუჟენკო, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის სქემის ეფექტურობაში დაარწმუნა.

უკრაინული გამოცემა სანდრა რულოვსს პირდაპირ ადანაშაულებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში და წერს, რომ სანდრა რულოვსის ორგანიზებით პატიმრებს, რომლებიც ციხის საავადმყოფოში ხვდებოდნენ, ორგანოებს აცლიდნენ და გარდაცვალების მიზეზად სხვადასხვა დაავადებას ასახელებდნენ: “მათ ბალზამირების დროს კვეთდნენ ორგანოებს და ამის შემდეგ უბრუნებდნენ ოჯახის წევრებს გარდაცვლილს”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.


კატეგორია - ეთიკა
19 აპრილს ტელეკომპანია „მაესტროს“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი 15 წლის მოზარდის შესახებ. წამყვანი შესავალ ტექსტში მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ ბავშვი აივნიდან გადახტა. იგივე მეორდება სიუჟეტის ტექსტშიც.

„მესამე მიკრორაიონში, მეთორმეტე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 15 წლის მოზარდი გადახტა“, - ჟურნალისტი სიუჟეტის დასაწყისშივე ასახელებს არასრულწლოვნის მისამართს. მოგვიანებით კი ბავშვის სახელი და გვარი სრულადაა იდენტიფიცირებული. სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი მოზარდის დაა, ტიტრში მითითებულია მისი სახელი და გვარი.

„ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა, რომ მამაჩემმა გადმოაგდო ბავშვი და შემდეგ მოიკლა თავი, რაც არის სრული აბსურდი. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჯერ მამაჩემმა მოიკლა თავი და გიორგიმ, ანუ ჩემმა ძმამ, შიშის ნიადაგზე გადაწყვიტა თავის მოკვლა“ - ამბობს რესპონდენტი.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის #44 მუხლში, რომელიც არასრულწლოვნის დაცვის საკითხებს ეხება, ვკითხულობთ: „მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო“.

ხოლო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #8 პრინციპში აღნიშნულია: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არგამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლისან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“.
კატეგორია - ეთიკა
16 აპრილს „მაესტროს ცხრიანში“ გავიდა სიუჟეტი ნარკოკარტელის საქმეზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაიხსნა. 250 კილო კოკაინისა და მიწაში დაფლული ერთი მილიონ შვიდასი ათასი ლარის გამო ბრალი ნუგზარ ბოჭორიშვილს წაუყენეს.

ბოჭორიშვილი საბერძნეთის მოქალაქეა, თუმცა სიუჟეტის ავტორის თქმით, ექსტრადირება არც წინა და არც ახლანდელ მთავრობას არ მოუთხოვია. ჟურნალისტი ამბობს:

„საბერძნეთში მცხოვრები ბოჭორიშვილი დღესაც აცხადებს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობისათვის“ მილიონობით ლარის გადახდაზე უარის თქმისა და მაშინ ოპოზიციაში მყოფი რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერისათვის დასაჯეს.“

ამის შემდეგ ჩაწერილია სატელეფონო კომენტარი ბოჭორიშვილთან, სადაც ის ამბობს, რომ დევნის შეწყვეტისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სოსო თოფურიძის „კუდი“ სამ მილიონ ლარს სთხოვდა.

რეპორტაჟში არ არის წარმოჩენილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, მასალიდან არ ჩანს, ეცადა თუ არა ავტორი პარტიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, თუმცა სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი „რესპუბლიკური პარტიის“ პოზიციას ახმოვანებს და ამბობს, რომ პარტიის წარმომადგენლების თქმით, ეს ძველი საქმეა და ბოჭორიშვილის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ.
აქვაქვთ.
კატეგორია - ეთიკა
ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა ჟურნალ „რეიტინგის“ მასალა სათაურით გივი სიხარულიძე პოლიტიკოს ქალებს ''პრასტიტუტკებს'' უწოდებს. გამოცემაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში მსახიობი გივი სიხარულიძე ქალების, სექსუალური უმცირესობებისა და აფროამერიკელების წინააღმდეგ დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებს.

„ჩვენი რესპონდენტი გვესაუბრა პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე, მოძველებულ ტრადიციებზე, თანამედროვე შეხედულებებსა და საკუთარ თავზე. აღმოჩნდა, რომ მისთვის ,,ტრუსიკოსნებს" (ასე უწოდებს იგი ქალებს) არაერთხელ უტკენიათ გული“ - წერს ჟურნალისტი ინტერვიუს შესავალ ნაწილში.

კითხვაზე, რატომ არ უყვარს სიხარულიძეს პოლიტიკოსი ქალები, რესპონდენტი ასე პასუხობს: „მეზიზღებიან! თახსირები არიან! ჩემთვის ქალი, პირველ რიგში, დაბადებულია დედად, ცოლად, ის ოჯახს უნდა უვლიდეს, ქმარს თავს ევლებოდეს და შვილებს პატრიოტიზმს უნერგავდეს. პოლიტიკა არის პროსტიტუცია, ხოლო იქ მოღვაწე ქალები - ''პრასტიტუტკები''.

ამ დისკრიმინაციული განცხადებების პასუხად, ჟურნალისტი რესპონდენტს შემდეგ შეკითხვას უსვამს: „ქალს თქვენთვის გული ძალიან უტკენია?“

მასალაში ისმის რასისტული გამონათქვამებიც: „ამერიკელები კი იცი, როგორ გვიყურებენ? როგორც ერს, რომელიც განვითარებით ფერადკანიანებზე დაბალ საფეხურზე დგას“- ამბობს გივი სიხარულიძე. ჟურნალისტს არც ამ გამონათქვამის შესახებ დაუსვამს კრიტიკული, დამაზუსტებელი შეკითხვა მისთვის.

ამავე ინტერვიუში ჟურნალისტი რესპონდენტს უსვამს ჰომოფობიის შემცველ შეკითხვას, რომელსაც პასუხად რესპონდენტის მხრიდანაც ჰომოფობიური განცხადება მოჰყვა.

ჟურნალისტი: ჰომოსექსუალს ხელით შეხებიხართ?

რესპონდენტი: არასდროს, არც ვაპირებ. ზოგადად, აგრესიული არ ვარ. ხომ შეიძლება, მაგ ავადმყოფობით მეც დავბადებულიყავი? უნდა გაველახე ხალხს? აი, გეი აღლუმები კი ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ახალგაზრდებს გონებას ურევენ და ათახსირებენ.

ცნობისთვის, ჰომოსექსუალობა“მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ” ჯერ კიდევ 1990 წელს ამოიღო დაავადებათა სიიდან.

ინტერვიუში გივი სიხარულიძის მიერ გამოთქმული რასისტული, სექსისტური და ჰომოფობიური განცხადებების პასუხად ჟურნალისტს არაფერი მოუმოქმედებია: ის არ შეკამათებია რესპონდენტს და არ დაუსვამს არც ერთი არგუმენტირებული, კრიტიკული შეკითხვა გამოთქმული განცხადებების საწინააღმდეგოდ.
კატეგორია - ეთიკა
ქართულ სატელევიზიო სივრცეში ხშირია შემთხვევა, როდესაც სპონსორი არა კონკრეტულ გადაცემას, არამედ მთლიან ეთერს ჰყავს -„დილის, საღამოს, ღამის ეთერის სპონსორები“. სპონსორობის ამგვარი ფორმა თითქმის ყველა არხზე, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და აჭარის ტელევიზიის ეთერშიც გვხვდება.

საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ ტერმინებს „დილის, დღის, საღამოსა თუ ღამის ეთერის სპონსორი“ არ ცნობს. მიუხედავად ამისა, საეთერო დროის მონაკვეთების და არა კონკრეტული გადაცემების სპონსორობა მიღებული პრაქტიკაა. იურისტ მამუკა ანდღულაძის თქმით, გაუგებარია რას გულისხმობენ მაუწყებლები „დღის, დილის ან საღამოს ეთერის სპონსორობაში“: „საინფორმაციო გამოშვებები, როგორც წესი , გადის როგორც დილის, ისე დღისა და საღამოს ეთერში. მაუწყებლობის შესახებ კანონის 69-ე მუხლში კი აღნიშნულია, რომ აკრძალულია ახალი ამბების პროგრამების და საზოგადოებრივ- პოლიტიკური ტოკ-შოუების სპონსორობა“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტი, ივანე მახარაძე კი საეთერო მონაკვეთის სპონსორობაში პრობლემას ვერ ხედავს: „მაშინ, მაგ პრინციპით, რომელიმე კომპანიის მიერ ზოგადად, მთლიანი ტელეკომპანიის სპონსორობაც უნდა აიკრძალოს“,- აღნიშნავს მახარაძე.

სპონსორობის ასეთი ფორმა, დღესდღეობით, თითქმის ყველა არხზე აპრობირებული მეთოდია, მაგალითად, როგორც ერთ-ერთი საიმიჯო რგოლიდან ირკვევა, ტელეკომპანია „კავკასიის“ საღამოს ეთერის სპონსორი ლუდი „ზედაზენია“. საღამოს ეთერისას კი ამ ტელეკომპანიის ბადეში, ძირითადად, საინფორმაციო გამოშვებები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები „სპექტრი“ და „ბარიერია“ ჩასმული. ამ კონკრეტული საიმიჯო რგოლის შემთხვევაში საკამათო საკითხია ისიც, რომ საქმე ალკოჰოლურ სასმელთან გვაქვს. იურისტების განმარტებით, არსებულ ვითარებაში ძნელია, ვიდავოთ, არღვევს თუ არა მაუწყებელი რეკლამის შესახებ კანონს. ვინაიდან ლუდი მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელებს განეკუთვნება, კანონში კი, მხოლოდ ძლიერი სასმელის რეკლამირების რეგულაციებია აღნიშნული. თუმცა ამავე კანონში, მე-8 თავის მეექვსე პრიმა მუხლში აღნიშნულია, რომ ალკოჰოლიანი სასმლის რეკლამას, რომელიც ასეთი სასმლის ტარის გახსნილ ან მისი მოხმარების პროცესის დემონსტრირებას მოიცავს, უნდა ახლდეს წარწერა „ალკოჰოლის დიდი ოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას“. ტელეკომპანია „კავკასიის“ საღამოს ეთერში სპონსორობას ასეთი წარწერა, მართალია, გასდევს, თუმცა მხოლოდ ერთი წამით და ისიც ძალიან წვრილი ასოებით, რის გამოც წარწერის მაყურებლის მიერ აღქმა პრაქტიკულად შეუძლებელია.


სპონსორობის პრობლემა გასული წლის ბოლოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ „საზოგადოებრივი მაუწყებლების“ მედიამონიტორინგის დროსაც გამოიკვეთა. აჭარის ტელევიზიისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, სხვა კერძო ტელეკომპანიების მსგავსად, გვხვდებოდა მოკლე რგოლები, დილის, დღისა და საღამოს ეთერის სპონსორობის შესახებ:


„გარდა კონკრეტული გადაცემებისა, სპონსორი ჰყავდა მაგალითად, დღის ეთერსაც. ამ ნაწილში სრულად გაურკვეველია თუ რომელ გადაცემებს ჰყავს სპონსორი დღის ეთერში და შედის თუ არა ამ პერიოდში ახალი ამბებიც. მაუწყებლის ეთერში განთავსებული მსგავსი განცხადებები ქმნის ვარაუდს, რომ სპონსორის მიერ გადახდილი თანხა ასევე გათვლილია ახალ ამბებზე, რომელიც დღის ეთერის ბადეში ხვდება. აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებლობის შესახებ კანონის ნორმებთან, რომელიც კრძალავს ახალი ამბების სპონსორობას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

საღამოს ეთერის სპონსორი ჰყავს „რუსთავი 2-სა“ („სუპრემო, „ალტა“, „საქართველოს ბანკი“, „ლუდი 34“, „ჯეოსელის ჭკვიანი გათამაშება“, „ჯორჯიან ბეიქერსი“) და „იმედსაც“ („მაგთიკომის 4G კავშირი, „საქართველოს ბანკი,“ ლუდი 34“). აღსანიშნავია, რომ საღამოს ეთერის სპონსორის შესახებ ცნობა საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე გადის. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის იურისტის, ივანე მახარაძის აზრით, ეს, შესაძლოა, საინფორმაციო გამოშვების სპონსორობად აღვიქვათ, რაც კანონით პირდაპირაა აკრძალული, თუმცა ის ამატებს, რომ მსგავსი შემთხვევები შეფასების საგანია და კომისიამ უნდა შეისწავლოს.

მახარაძისვე თქმით, 2016 წლიდან შესასვლელი ახალი რეგულაციებით, მკვეთრად გაიმიჯნება სპონსორობა და რეკლამა, რაც, ამ ეტაპზე, ერთმანეთში არეულია: „როცა მასალაში სპონსორზე მიეთითება და მერე სპონსორის სარეკლამო რგოლი მიდის, ეს ორი სხვადასხვა მომსახურების ერთმანეთში არევაა, რაც დაუშვებელია. ახალი კანონი მკვეთრად მიჯნავს ამ მომსახურებებს ერთმანეთისაგან. ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს სხვადასხვა მარეგულირებელ კომისიასთან, ყველგან ცალსახა პასუხი მივიღეთ, რომ შესაძლებელია, გადაცემის ანონსშიც გაკეთდეს სპონსორობაზე მითითება, მაგრამ ეს ძალიან მოკლედ უნდა იყოს. თუ იქნება შემთხვევები, რომ სპონსორობა რეკლამაში აირევა, ის წამები მაუწყებლებს რეკლამისათვის გამოყოფილ 12 წუთში გადაეთვლებათ. ასე ხდება ევროპულ ქვეყნებში და ჩვენც, ალბათ, ამ პრაქტიკას გამოვიყენებთ.“

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სპონსორობა განისაზღვრება, როგორც პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება. ივანე მახარაძე მიიჩნევს, რომ მუხლი იძლევა ლავირების საშუალებას, დამფინანსებელმა თქვას, რომ ის პროგრამის მომზადებას აფინანსებს. მისივე თქმით, აკრძალვა არც ახალი ცვლილებებით შემოდის, თუმცა გამოყენებულია მეტი კონკრეტიკა.
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ეთერში 14 აპრილს გასული ტოკ-შოუ „არჩევანი“ სირიაში საბრძოლველად წასულ ახალგაზრდებს ეძღვნებოდა. გადაცემა 22:00 საათზე ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენებით დაიწყო. გადაცემის დასაწყისშივე წამყვანმა მაყურებელი გააფრთხილა: „დღეს ჩვენ გიჩვენებთ, როგორ უსწორდებიან ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ხალხს, ამიტომ ჩვენი თხოვნაა, დროებით ეკრანებს მოაცილოთ არასრულწლოვნები“.

ძალადობის ამსახველი ვიდეო 22:05 წუთზე გავიდა ეთერში. კადრებში ჩანდნენ დახოცილი, ჯვარზე გაკრული, თავწაცლილი ადამიანები, დასისხლიანებული ბავშვები, რომლებიც შველას ითხოვდნენ, აჩვენეს ხალხის დახვრეტის პროცესი. ვიდეოს ქრონომეტრაჟი ჯამში 1.42 წუთი იყო.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 41-ე მუხლის თანახმად, „ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრები, აგრეთვე ძალადობის, როგორც ვიზუალური, ისე ვერბალური აღწერის გადაცემა, უნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდე“.

ამავე კოდექსის 56-ე მუხლში, რომელიც პოტენციური ზიანისგან დაცვის რეკომენდაციებს ეხება ნათქვამია, რომ ამბის გადმოსაცემად შეიძლება საჭირო გახდეს გარდაცვლილთა შორი ხედით ჩვენება, ახლო ხედების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა საზოგადოების ინტერესის არსებობის შემთხვევისა. ძალადობის გაშუქებაზე გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ფაქტორები, რომელთა ერთობლიობამაც შეიძლება აუდიტორიაზე ძალადობის ემოციური ზემოქმედების ხარისხი გაზარდოს.