ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
8 მარტი - ქალთა უფლებების საერთაშორისო დღე, თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვების დღის მთავარი თემა იყო. სიუჟეტების კადრებში ძირითადად ნარცისები, ტიტები და ენძელები ჩანდა, ჩაწერილი რესპონდენტები კი, (უმეტესწილად, მამაკაცები) ქალებს 8 მარტს მომღიმარი სახეებით ულოცავდნენ და ქართველი ქალის განსაკუთრებულ როლსა და დედის ფენომენზე დიდი ენთუზიაზმით საუბრობდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის 8 მარტის დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქალთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მომზადებული ერთი სიუჟეტი გადაცემის ბოლო ბლოკში გავიდა. სიუჟეტში რვა მარტის შესახებ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული აქციები, შეკრებები, საქველმოქმედო ღონისძიებები იყო მიმოხილული. უშუალოდ ქალთა მდგომარეობისა და უფლებების შესახებ კი არაფერი თქმულა. ამ საკმაოდ ვრცელ სიუჟეტში ჟურნალისტმა ერთი უცნაური ტერმინიც იხმარა - „პოლიტიკური გენდერი“. გენდერის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქალისადმი მიმართვის ფორმები, კადრი, ჟურნალისტის ტექსტი, შესაძლოა, უნებურადაც გამოვიდეს დისკრიმინაციული და სტერეოტიპული. სწორედ ასეთი იყო „იმედის კვირის“ რეპორტაჟის ფინალი, სადაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მომუშავე ქალების შესახებ თქვეს, რომ „ისინი მაინც ქალები არიან და დრო გაპრანჭვისთვისაც რჩებათ“, ამ დროს კადრში ჩანს მეტალურგი, რომელიც სარკის წინ დგას და ტუჩსაცხს ისვამს. ყველაზე ნათლად ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და შეხედულებები ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „სპექტრში“ გამოჩნდა. 6 მარტის ეთერი დავით აქუბარდიამ რვა მარტს მიუძღვნა და დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ეს დღე „ქალთა ბრძოლის თუ რაღაცის“ საერთაშორისო დღეა. სტუმრად კი მეან-გინეკოლოგი ჰყავდა მოწვეული, ძირთადი სასაუბრო თემაც შობადობა, გამრავლება და ქალთა ჯანმრთელობის პრობლემები იყო. გენდერში, პრაქტიკულად, არაფერია იმაზე დისკრიმინაციული, ვიდრე ქალის მხოლოდ რეპროდუქციულ ორგანიზმად წარმოჩენა. ამავე გადაცემაში წამყვანმა და რესპონდენტმა ნარკომანიის თემაც მიმოიხილეს. სტუმარმა აღნიშნა, რომ „ადრე მხოლოდ ბიჭები „მაიმუნობდნენ“, ახლა კი ნარკომანია ქალებში მეტად არის გავრცელებული“. მისივე თქმით, „ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისგან ქალის „მორჩენა“ ძალიან დიდი პრობლემაა. მაშინ, როცა კაცთან ამისი შანსი არსებობს, ქალის შემთხვევაში საკითხი რთულდება“. ამ დროს წამყვანი სრულიად გულუბრყვილოდ სვამს კითხვას: „აა, ეჩვევიან ქალები?“. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო ონლაინ მედიაშიც. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ-გამოცემის ambebi.ge-ს მასალაში, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღისადმი იყო მიძღვნილი, რესპონდენტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ კარგად ესმის ქართველი ქალების, „ძირითადად მათზეა ოჯახი, პროფესიული საქმიანობა და კიდევ ამას პოლიტიკური მოღვაწეობაც რომ დავუმატოთ, ცოდოები იქნებიან. ის კი არა, ამხელა დატვირთვას "ქართლის დედის" ძეგლიც კი ვერ გაუძლებდა, ხელში ხმალი და თასი რომ უჭირავს”. ჟურნალისტი კი პასუხობს: “კი, მაგრამ ოჯახის ტვირთი ხომ მამაკაცსაც აქვს. თუ ტრადიციებს მივყვებით, ის ოჯახის უფროსია...”რესპონდენტი ეთანხმება: “კი, მამაკაცი "მანქანის" საჭეა, ქალი კი - "ბორბლები". ქალების მიმართ დისკრიმინაციული შრომის კოდექსი, პოლიტიკაში ქალთა ნაკლები ჩართულობა, ფემიციდი, ქალების მიმართ საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები - ეს და კიდევ სხვა უამრავი პრობლემა, რაც ქალებს ქართულ საზოგადოებაში აქვთ, ქალთა საერთაშორისო დღესაც ვერ მოხვდა მედიის დიდი ნაწილის დღის წესრიგში. არადა, ჟურნალისტები ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლობენ, თუ რა ძალა აქვს მედიას, როგორ შეუძლია მას საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხის შესახებ. თუმცა,როგორც ჩანს, გენდერული თემატიკის გაშუქებისას მედიის რესურსის გამოყენების არც საკმარისი ნება არსებობს, არც ცოდნა და არც ინტერესი.
კატეგორია - ეთიკა
4 მარტს ambebi.ge - ზე გამოქვეყნდა gzapress.ge-ს სტატია, სათაურით: “2 წლის წინ, ექიმის კაბინეტში გაჩერებული ცხოვრება”. სტატია ეხებოდა აივ ინფიცირებულ ბიჭს, რომელიც სტატუსებს ფეისბუქზე ანონიმურად აქვეყნებდა.

სტატიაში ვკითხულობთ, როგორ მიატოვა აივ პოზიტიური ბიჭი შეყვარებულმა დიაგნოზის გაგების შემდეგ, როგორ არაერთხელ გამხდარა საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი. ბიჭი გამოცემას ფეისბუქით დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა: “ 2 წელია, ჩემთვის ყველაფერი ნაცრისფერია... განაჩენი ­ აივ ინფექცია... 2 წლის წინ, ექიმის კაბინეტში გაჩერდა ცხოვრება და ყველაფერმა აზრი დაკარგა. საბედისწერო აღმოჩნდა კბილის ექიმთან ვიზიტი, რამაც ჩემი ყოფა უფერული გახადა და ჯოჯოხეთად აქცია... ვმკურნალობ და რისთვის? რა აზრი აქვს ცხოვრებას, როდესაც არავის ვუნდივარ და ვენდომები? როცა საცოლემ ჩემი მდგომარეობის შესახებ გაიგო, წერტილი დაუსვა ყველაფერს. ნუთუ, აივ ინფექცია ისეთი განაჩენია, რომ ყველასგან გარიყული უნდა დავრჩე?”

ფსიქოლოგ მაია კობაიძის თქმით, სტატიაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი სწორედ სათაური იყო: “ექიმის კაბინეტში გაჩერებული ცხოვრება” - მყვირალა სათაურია და აღრმავებს იმ სტერეოტიპს, რომ აივ ინფექცია არის ცხოვრების დასასრული. მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება ვირუსის გადადების გზების შესახებ. მართალია, დღეს მისგან განკურნება არ ხდება, მაგრამ ეს დაავადება მართვადია. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც აივ პოზიტიურ და შიდსით ინფიცირებულ ადამიანებს ეხმარება, მკურნალობა უფასოა. არიან აივ პოზიტიური ადამიანები, რომლებმაც ოჯახები შექმნეს, ჯანმრთელი შვილები ჰყავთ და რიგითი ადამიანების ცხოვრებით ცხოვრობენ“, - ამბობს კობაიძე და ამატებს, რომ მასალაში მოთხრობილი ამბავი მართლაც ხშირად არის აივ პოზიტიური/შიდსით ინფიცირებული ადამიანების პრობლემა „ისინი საზოგადოების მხრიდან სტიგმატიზირებულები და არსებული სტერეოტიპების მსხვერპლები არიან. თუმცა, ეს სტერეოტიპებიც უმეტესად მედიის შექმნილია“.

სპეციალისტების თქმით, დღეს ქართული მედია აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა თემებს იშვიათად აშუქებს, ხოლო თუ ეს საკითხები შუქდება, ან მშრალი სტატისტიკური მასალაა მოწოდებული, ან ადამიანურ ტრაგედიებზე, სენსაციებზე დაყრდნობილი ამბები. პრობლემის შესახებ დაწერილ სტატიებში ტერმინოლოგიის მხრივ, ყველაზე გავრცელებული შეცდომა კი შიდსის და აივის ერთმანეთში არევაა:

“ამ დაავადებას შიდსი არ ჰქვია. ვირუსი რომ ორგანიზმში შეიჭრება, ამ დაავადებას ჰქვია აივ ინფექცია. შიდსი ბოლო სტადიაა, როცა იმუნიტეტი ქრება. სანამ ადამიანი არის ვირუსის მატარებელი, ის ჯანმრთელად გამოიყურება და შეიძლება არც იცოდეს ვირუსის შესახებ. რაც შეეხება შიდსს, აქ სახეზე გვაქვს არა ერთი და ორი კლინიკური ნიშანი”- ამბობს შიდსის ცენტრის ექიმი მაია ცინცაძე.

USAID-ის დაფინანსებით და “აივ პრევენციის პროექტის” ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, გამოიცა სახელმძღვანელო - “აივ ინფექციისა და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში” . სახელმძღვანელოში მოცემულია რეკომენდაციები, როგორ უნდა გავაშუქოთ აივ/შიდსით ინფიცირებულთა საკითხები.

რედაქცია: მასალაში დაზუსტების მიზნით შეტანილია ცვლილება, პირველადი ვერსია: "4 მარტს ambebi.ge - ზე გამოქვეყნდა სტატია", ჩასწორებული: "4 მარტს ambebi.ge - ზე გამოქვეყნდა gzapress.ge-ს სტატია".
კატეგორია - ეთიკა
7 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ გავიდა სიუჟეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების რეაბილიტაციის შესახებ. წამყვანის თქმით „800 ათასი [ლარი] გამოიყო, თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯა, შედეგი კი ნულია“. სიუჟეტის მიხედვით, რეაბილიტაცია შეჩერებულია, თუმცა შეჩერების მიზეზები არ ჩანს.

მასალაში ადგილობრივები ადასტურებენ, რომ სანიაღვრე სისტემის მშენებლობა დაიწყეს, თუმცა თავი მიანებეს და დღეს ეს პრობლემა კვლავ არსებობს. კადრებშიც ჩანს ატალახებული ქუჩები, დაყრილი მილები.

ჟურნალისტის თქმით, სამუშაოებს კომპანია „მშენებელი 2006“ აწარმოებდა, რომელიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ერთ პირთან მოლაპარაკების წესით შეარჩია. კომპანია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გია გაზდელიანს, ეკუთვნოდა. 2012 წელს საარჩევნო კამპანიის დაწყებისას, მან წილები გაასხვისა. დღესდღეობით ოფიციალური მესაკუთრე ალუდა ჩანქსელიანია, რეალურად კი კომპანიას ზეზვა ჩანქსელიანი განკარგავს.

ჟურნალისტი ზეზვა ჩანქსელიანს დაუკავშირდა. ჟურნალისტი არ ეკითხება, რატომ შეაჩერა მშენებლობა კომპანიამ, იყო თუ არა ხელშეკრულების დარღვევა, როდის აპირებენ გაგრძელებას, აქვთ თუ არა რეაბილიტაციის გაწერილი გეგმა, სად რა სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი და რა კორექტივები შევა გეგმაში, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას შეუსრულებელი პირობების გამო, აქვს თუ არა კომპანიას რაიმე კავშირი „ქართულ ოცნებასთან“. ნაცვლად ამისა, ზეზვა ჩანქსელიანის კომენტარის მხოლოდ ის ნაწილი ჩანს, სადაც ის ადასტურებს, რომ კომპანია 2012 წელს შეიძინა და ალუდა ჩანქსელიანი მისი ძალიან ახლო ნათესავია.

სიუჟეტის ავტორი კომენტარს გამგეობასაც სთხოვს, თუმცა კვლავაც არ სვამს კითხვებს, რატომ შეისყიდეს მომსახურება გამარტივებული წესით, რა პრინციპით შეარჩიეს „მშენებელი 2006“, ამ პროცესში ჰქონდა თუ არა რაიმე გავლენა „ქართულ ოცნებას“ შემსყიდველის შერჩევისას, მიიჩნევს თუ არა გამგეობა, რომ დაირღვა სატენდერო პირობები, აპირებენ თუ არა კომპანია „მშენებელი 2006“-ის მიმართ სანქციების გამოყენებას. ეთერში ისმის ჟურნალისტის მხოლოდ ერთი კითხვა - მარტში თოვლი რომ მოვიდეს? სავარაუდოდ გამგეობის წარმომადგენელი (ტიტრი არ აქვს) პასუხობს, ამ შემთხვევაში გადავწევთ და აპრილის თვეში გავაგრძელებთ სამუშაოებსო.

ჟურნალსტს მაყურებლისთვის არც სატენდერო დოკუმენტაცია გაუცვნია, რა ოდენობის თანხის ტენდერი იყო გამოცხადებული, რამდენი ლარია ფაქტობრივად გადახდილი, რა პირობები იყო ტენდერისას გამოცხადებული, რა ეწერა რეალურად ხელშეკრულებაში.

სიუჟეტის ავტორს არ აღუნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გია გაზდელიანმა, არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, მას არც ის თემა განუვრცია, დღეს აქვს თუ არა რაიმე კავშირი ამ კომპანიას ან გია გაზდელიანს „ქართულ ოცნებასთან“.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის (მე-18 მუხლი) თანახმად, პროგრამა ან სიუჟეტი მიკერძოებული იქნება, თუ ის არ მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ, აგებულია უმნიშვნელო ფაქტებზე, შეგნებულად ან გაუცნობიერებლად შეჰყავს აუდიტორია შეცდომაში, შენიღბული სახით გამოხატავს მიკერძოებული პირის მოსაზრებებს.


კატეგორია - ეთიკა
8 მარტთან დაკავშირებით, ambebi.ge -მ ქალთა პოლიტიკაში ჩართულობაზე ექსპერტ რამაზ საყვარელიძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა:

“შეიძლებაასეციყოს - ადამიანსარაინტერესებდესესსფერო. სალაპარაკოდკი, მაგრამსაცხოვრებლად, სამუშაოდისმძიმეა. ამიტომ კარგად მესმის ქართველი ქალების, ძირითადად მათზეა ოჯახი, პროფესიული საქმიანობა და კიდევ ამას პოლიტიკური მოღვაწეობაც რომ დავუმატოთ, ცოდოები იქნებიან. ის კი არა, ამხელა დატვირთვას "ქართლის დედის" ძეგლიც კი ვერ გაუძლებდა, ხელში ხმალი და თასი რომ უჭირავს”, ამბობს რესპონდენტი. ჟურნალისტი კი პასუხობს: “კი, მაგრამ ოჯახის ტვირთი ხომ მამაკაცსაც აქვს. თუ ტრადიციებს მივყვებით, ის ოჯახის უფროსია...”რესპონდენტი ეთანხმება: “კი, მამაკაცი "მანქანის" საჭეა, ქალი კი - "ბორბლები". მათი ტვირთი განსხვავებულია, მთელი ძალა ბორბლებს აწვება.ამიტომაც არ მიკვირს პოლიტიკაში ქალების სიმცირე”

რესპონდენტი პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას ქალის მიერ მანქანის მართვის საკითხს ადარებს: „ასეთი მაგალითი რომ ავიღოთ, - ქუჩაში ადვილი საცნობია საჭესთან ქალი ზის თუ კაცი? დაახლოებით იმავე ტიპის პრობლემები ჩნდება პოლიტიკაში... თუმცა ისიც ცნობილი ფაქტია, - თუ ქალმა საჭეს ალღო აუღო, გაცილებით უკეთესი მძღოლია, ვიდრე კაცი. ასევეა ქვეყნის მართვაშიც“.

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, მედიასაშუალებებმა უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი, ფუნქცია და ხილვადობა, რომელიც თავისუფალია სექსისტური რეკლამირების, ენისა და შინაარსისაგან, რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.

“ ყოველთვის გასათვალისწინებელია, როგორი ფონი და კონტექსტია კონკრეტული თემის მიმართ ქვეყანაში. დღეს მედიაგამოცემებსა და ჟურნალისტებს უფრო მეტი პასუხიმგებლობა მართებთ, რათა არ მოხდეს სტერეოტიპების კვლავწარმოება, გამყარება, გამეორება”, - ამბობს გენდერის მკვლევარი ეკა აღდგომელაშვილი.
კატეგორია - ეთიკა
4 მარტს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, გადაცემა „სპექტრის“ სტუმარი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, დავით იაკობიძე საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის შესახებ საუბრობდა. სტუმარმა ჩინეთის ეკონომიკაზეც წამოიწყო საუბარი. იაკობიძეს გადაცემის წამყვანი შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: „ჩინელებიც კაი მამაძაღლები არიან. ადრე თუ გვიან ჩინეთი კამასუტრას მოუწყობს ამერიკას“.

6 მარტის გადაცემის მეორე ბლოკი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის საკითხებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხებოდა. დავით აქუბარდიას სტუმრად მოწვეული ჰყავდა პაატა კოღუაშვილი, ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში.

„ჩადი, აბა, ბატონო, და იყიდე მიწა ერევანში. რაც სასოფლოა, რაც მწვანეა შტატი, მით უფრო გართულებულია რეგულაციები. ...სომხებმა როგორ უნდა გვასწავლონ ყველაფერი“ - განაცხადა კოღუაშვილმა. სტუმრის ამ განცხადებაზე გადაცემის წამყვანს რეაქცია არ ჰქონია.


მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 33-ე მუხლის #3 და #4 პუნქტებში წერია:

3. მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ და არაცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება;

4. თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას, რელიგიურ მრწამსს, სექსუალურ ორიენტაციას, ოჯახურ ან ქონებრივ მდგომარეობას, სოციალურ კუთვნილებას ან ნებისმიერ სხვა ნისაქნს როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს, ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.

დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეზე აღნიშნულია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ #7 პრინციპშიც, რომლის თანახმადაც „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.“
კატეგორია - ეთიკა
3 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკაში“ 27-წამიანი ახალი ამბავი, სათაურით „დამნაშავე სამართალდამცველი“ გავიდა: „ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უძილაურს წარსულში ნარკოტიკების მოხმარებასა და ხულიგნობას ედავებოდნენ. ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, რეპორტაჟი გუშინ ქრონიკამ შემოგთავაზათ. გუშინვე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ახმეტის პოლიციის უფროსის საქმეზე პროკურატურას მოკვლევა ჰქონდა დაწყებული“.
ამავე თემაზე უფრო ვრცელი სიუჟეტი „ქრონიკაში“ 2 მარტსაც გავიდა.
კითხვითი სათაურიდანაც („ნასამართლევი პოლიციელი?“ ) ჩანს, რომ სიუჟეტში ზუსტი პასუხი მთავარ საკითხზე - პოლიციელი ნასამართლევი არის თუ არა, წარმოდგენილი არაა. სიუჟეტს აქვს მინაწერიც: „ყოფილი სამართალდამცველები ახმეტის პოლიციის უფროსს ხულიგნობაში ადანაშაულებენ“.
ჟურნალისტების გადმოცემით, ერთ-ერთი რესპონდენტი, გიორგი აბულაშვილი, ყოფილი სამართალდამცველია: „ის ყვება, რომ სამსახურიდან ახალმა უფროსმა, ზურაბ უძილაურმა, გაათავისუფლა. მიზეზი კი შურისძიება იყო. აბულაშვილის თქმით, ახმეტის პოლიციის ხელმძღვანელი რამდენიმე წლის წინ თავად დააკავა“. კომენტარში აბულაშვილი ამბობს, რომ უძილაური როცა დააკავა, ნარკოლოგიურში გადაიყვანა, სადაც „მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა“. თუმცა, ეს დანაშაული შემდგომში სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა თუ არა, სიუჟეტში ნაჩვენები არ არის.
რაც შეეხება მეორე რესპონდენტს, ზურაბ ნონიაშვილს, ჟურნალისტების თქმით, მას „პოლიციის უფროსთან შელაპარაკება 23 თებერვალს მოუვიდა. ის ამბობს, რომ უძილაური იარაღის ჩადებით ემუქრებოდა“. იქვე წარმოდგენილია ნონიაშვილის კომენტარიც: „მეუბნებოდა, იარაღი გაქვს და მომეციო. მე ვუთხარი - არა მაქვს-მეთქი. შენ არა გაქვს და მაშინ მე მაქვს და გექნებაო...“ „...იქიდან აქეთ გამომიყვანეს, იქ თრევა-თრევა, რაღაცა, ცემები, ისინი-ესენი და მერე იქ უთხრა, მიხედეთო, რა“(სტილი დაცულია). სიუჟეტში არ არის ნაჩვენები ზურაბ ნონიაშვილისა და ახმეტის პოლიციის უფროსის შელაპარაკების მოტივი და გაურკვეველია, რა მიზეზით ემუქრებოდა უძილაური ნონიაშვილს იარაღის ჩადებით.
ამის შემდეგ, ჟურნალისტები ამბობენ, რომ „ახმეტის პოლიციის უფროსთან დაკავშირებით პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო. განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს გააკეთა“. შს მინისტრის კომენტარიდან ჩანს, რომ პროკურატურამ მოკვლევა ზურაბ ნონიაშვილთან მომხდარი ინციდენტის თაობაზე დაიწყო და არა მარიხუანის მოხმარებაზე: „პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა. რა თქმა უნდა, თუ ეს დამტკიცდება, შესაბამისად დაისჯება ეს ადამიანი. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში, მოვიკვლევ, თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, იგი თანამდებობას დატოვებს, აუცილებლად“, - ამბობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
3 მარტის „ქრონიკას“ რომ დავუბრუნდეთ, რომელშიც მოკლე კადრ-სინქრონის სახით ახმეტის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ იყო საუბარი, ნათელი გახდება, რომ მასალის სათაურით - „დამნაშავე პოლიციელი“ საქმე გვაქვს ტერმინების არასწორ, არაეთიკურად გამოყენებასთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს წლების წინ მარიხუანის მოხმარების შესახებ ბრალი სასამართლოს განაჩენით ჰქონდა დამტკიცებული, „ქრონიკის“ სიუჟეტის სათაური შეიძლებოდა ყოფილიყო „ნასამართლევი პოლიციელი“ და არა „დამნაშავე პოლიციელი“. ტერმინი - „ნასამართლევი“ ნიშნავს, რომ ადამიანმა თავისი დანაშაულისთვის პასუხი უკვე აგო.
თუკი უძილაურის გადაყენების მოტივი ზურაბ ნონიაშვილთან შეხლა-შემოხლა და იარაღის „ჩადების“ მუქარის შემთხვევაა (რაზეც პროკურატურას მოკვლევა დაუწყია), სათაური - „დამნაშავე პოლიციელი“ მაინც ცალსახად პრობლემაა, რადგან დანაშაული სასამართლოს განაჩენით ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული. ბუნებრივია, არც მინისტრის გადაწყვეტილება, პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და არც პროკურატურის წინასწარი მოკვლევა (რომელიც ჯერ არ დასრულებულა) საინფორმაციო გადაცემისთვის არ უნდა იყოს საფუძველი, მოკვლევის ობიექტი დამნაშავედ გამოაცხადოს.
კატეგორია - ეთიკა
28 თებერვალს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დასარიგებელი „სეტ ტოპ ბოქსების“ შეძენას ეხებოდა.

კატეგორია - ეთიკა
1 მარტს „იმედის კვირამ“ მაყურებელს ბათუმიდან მომზადებული რეპორტაჟი შესთავაზა. თითქმის 6 წუთიანი სიუჟეტის - „უკანონო სექსინდუსტრია -
კატეგორია - ეთიკა
1 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული გადაცემის, “კურიერ P.S.“-ის წამყვანმა დავით კიკალიშვილმა ერთ-ერთი სიუჟეტის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„ამ ისტორიიდან მე დასკვნა გამოვიტანე, რომელიც, მომიტევეთ და, უნდა გაგანდოთ. ის, რაც სკრისა და ხურვალეთის გარშემო ხდება, ხდება მთელ საქართველოში. ესაა სახე დღევანდელი ხელისუფლების, რომელსაც არათუ სხვისი დაწყებულის ბოლომდე მიყვანა, არამედ სხვისი გაკეთებულის გამოყენების უნარიც კი არ გააჩნია“.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის (მუხლი 54) თანახმად, მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით (მუხლი 12) კი მაუწყებელმა უნდა დაიცვას ჯეროვანი სიზუსტე, რაც გულისხობს იმას, რომ „ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიეწოდება მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით.“

განსხვავებული რეგულაცია მოქმედებს საავტორო გადაცემებისთვის, რაც მაუწყებელთა კოდექსში ცალკე მუხლით რეგულირდება.

აღსანიშნავია, რომ PS-ის არც დაწყებისას და არც მსვლელობისას მითითებული არ ყოფილა, რომ გადაცემა საავტოროა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 17), „საავტორო პროგრამის შემთხვევაში, უშუალოდ პროგრამის დაწყების წინ, აუდიტორიას უნდა ეცნობოს, რომ პროგრამა საავტოროა. საავტორო პროგრამებში აუდიტორიას უნდა მიეწოდოს მოსაზრებათა ფართო სპექტრი, თავიდან უნდა იქნას აცილებული ფაქტების დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება.

საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა“.
კატეგორია - ეთიკა
25 თებერვალს ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია სარეკლამო კამპანია “34”-ის შესახებ. მეტროში, ბილბორდებზე, სოციალურ ქსელებში გვხვდება სარეკლამო კამპანია “34”. შექმნილია ვებგვერდი www.34.ge-იც, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, რას ნიშნავს ეს რიცხვი.

ამბები.ჯი-მ საკითხს ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც რიცხვი 34- ის განსაკუთრებულობაზეა საუბარი. ამონარიდები სტატიიდან:

“იცოდით, რომ "ოსკარის" ქანდაკება, რომელზეც ბევრი ვარსკვლავი ოცნებებს, მინიმუმ 3 კილოგრამს იწონის და მისი სიგრძე 34 სანტიმეტრია? თუმცა ფაქტია, რომ "ოსკარზე" ნომინირებულ ქართულ "მანდარინებს" აკადემიის მთავარმა ჯილდომ გვერდით ჩაუარა და შესაბამისად, იდუმალი 34, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, ყურს გვჭრის და თითქმის ყველას პირზე აკერია, "ოსკარის"ჯილდოს ნამდვილად არ უკავშირდება.”

“34 კი, პირველ რიგში, ნატურალური რიცხვია 33-სა და 35-ს შორის, მაგრამ ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ რიცხვის უკან?”.

მასალას ერთვის სარეკლამო კამპანიის საიმიჯო ფოტო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის ჯგუფის აზრით, სტატია შეიცავს რეკლამის ნიშნებს, თუმცა არსადაა მითითებული ამის შესახებ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის მიხედვით, სარედაქციო მასალები სარეკლამო მასალებისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს.
კატეგორია - ეთიკა
26 თებერვალს ტელეკომპანია „მაესტროს“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში - „მაესტროს ცხრიანი“ გავიდა სიუჟეტი - "ნინო გვენეტაძის შანსი". სიუჟეტში ჟურნალისტი აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს მხარი რეგლამენტის დარღვევით დაუჭირა: "დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ, იურიდიულ კომიტეტზე დაირღვა რეგლამენტი, რადგან საჭირო 8 დეპუტატის ნაცვლად დარბაზში 7 კანონმდებელი იმყოფებოდა. ეს ინფორმაცი "მაესტროს" ერთ-ერთმა რესპონდენტმა მიაწოდა, რომელიც უარს ამბობს ვინაობის გამჟღავნებასთან დაკავშირებით. ის ასევე გვეუბნება, რომ გუშინ კომიტეტს არ ჰქონდა უფლება, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურისთვის კენჭი ეყარა. დღეს, ბუნებრივია, ჩვენ დავინტერესდით კომიტეტის თავმჯდომარისაგან, უკავშირდება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს, თუმცა, ვახტანგ ხმალაძესთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ". ამის შემდეგ ჟურნალისტი პარლამენტარების გამოკითხვით არკვევს, "რა შანსი აქვს პრეზიდენტის ფავორიტს" და დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს მხარი 25 თებერვალს დაუჭირა. სიუჟეტში არ ჩანს, რომ ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის დასაზუსტებლად ჟურნალისტმა "ყველა გონივრული ზომა გამოიყენა" და ინფორმაცია საკუთარი ძალისხმევითაც მოიძია - გაარკვია, რეგლამენტის თანახმად რამდენი პარლამენტარი უნდა დასწრებოდა სხდომას, კანდიდატისთვის მხარის დასაჭრად რამდენი ხმა იყო საჭირო, მოიძია ვიდეოჩანაწერი ( მითუმეტეს, რომ ამ სხდომას თითქმის ყველა ტელეკომპანია აშუქებდა), ან ინფორმაცია იურიდიული კომიტეტის წევრებთან გადაამოწმა.
კატეგორია - ეთიკა
Ambebi.ge-მ რამდენიმე მასალა მიუძღვნა მომღერალ მარკუს მეტრეველისა და მის ყოფილ მეგობარ ლელა მიქელაძეს შორის დაპირისპირებას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის ჯგუფი მიიჩნევს, რომ მასალების ნაწილი იყო დისკრიმინაციული და შეიცავდა სიძულვილის ენას სექსუალური უმცირესობების მიმართ. ლელა მაისურაძე ყოფილ შეყვარებულს “კონჩიტათი” მოიხსენიებს და ამით მის დამცირებას ცდილობს.

გარდა ამისა,25 თებერვალს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მასალაში მედიასაშუალებას დაკოპირებული აქვს მიქელაძის ფეისბუქ სტატუსი, სადაც ის მარკუს მეტრეველის შესახებ წერს: „ის ბოლომდევერაღიარებს,რომჰომოსექსუალიადა ეგება დაეხმაროს ვინმე, რომ პედოფილიაშიც არგადავიდეს.“

აღსანიშნავია, რომ ჰომოსექსუალიზმს არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს პედოფიალიასთან. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.