ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
1 აპრილს ტელეკომპანია „ტაბულას“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი IDFI -ს კვლევაზე, სადაც საუბარი იყო ნეპოტიზმის იმ შემთხვევებზე, რომლებიც სახელმწიფო უწყებებში ხდება.

ჟურნალისტმა ახსენა, რომ კვლევის თანახმად, ნეპოტიზმის შემთხვევები დაფიქსირებულია გარემოს დაცვის სამინისტროში, სადაც ელგუჯა ხოკრიშვილმა მრჩევლები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადაიყვანა, მათ შორის ერთ-ერთია გედევან ფოფხაძის ძმა, ბესიკ ფოფხაძე. აქვე საუბარია უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზეც, ჟურნალისტი კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რიგ სამინისტროებში მუშაობენ შსს-ს ოფიცრები უსაფრთხოების საკითხებში.

სიუჟეტში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, დაკავშირებოდა ელგუჯა ხოკრიშვილს ან გედევან ფოფხაძეს. ბალანსისათვის მას საპარლამენტო უმრავლესობიდან ჩაწერილი ჰყავს მხოლოდ მანანა კობახიძე, რომელიც სიუჟეტში დასმულ საკითხს სათანადოდ ვერ პასუხობს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის I მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რაც თავის თავში ფაქტების გადამოწმებას იმ ადამიანთანაც გულისხმობს, ვისაც ეხება აღნიშნული ინფორმაცია.

კატეგორია - ეთიკა
29 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S.“-ში გავიდა სიუჟეტი ყოფილი პატიმრის შესახებ. ჟურნალისტ გიორგი გვიშიანის განცხადებით, რესპონდენტი გეგუთის ციხეში იხდიდა სასჯელს, იქ, სადაც ლევან კორტავა გარდაიცვალა.

კორტავას შესახებ სიუჟეტი P.S-მა გასულ კვირას მოამზადა. ჟურნალისტის თქმით, სწორედ ამ ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა ტელეკომპანიას ყოფილი პატიმარი გეგუთის ციხეში არსებული სიტუაციის მხილების მიზნით. ინტერვიუს დროს რესპონდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენაზე საუბრობს და ციხის ადმინისტრაციას მათთან კავშირში სდებს ბრალს. ამავდროულად ყოფილი პატიმარი თანახმაა ითანამშრომლოს სამართალდამცავებთან და სანაცვლოდ დაცვის გარანტიას ითხოვს.


სიუჟეტის დასასრულს გიორგი გვიშიანი აღნიშნავს, რომ რესპონდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სცადეს, პრესსამსახურს ინტერვიუს ელექტრონული ვერსია გაუგზავნეს „თუმცა, ჩინოვნიკების დაინტერესებასა და კომენტარს სამდღიანი მოლოდინის მიუხედავად“ ვერ მიაღწიეს.

ხელისუფლების მხრიდან კომენტარის მიღების სხვა რაიმე მცდელობა მასალაში არ ჩანს. შედეგად პასუხგაუცემელი დარჩა რესპონდენტის მიერ დასახელებული ყველა ბრალდება.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ პირველი მუხლის შესაბამისად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. ამ პრინციპის განმარტებისას კი აღნიშნულია - „უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია“.

სიუჟეტის დასასრულს ჟურნალისტი შენიშნავს - „ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ დათოს [რესპონდენტის პირობითი სახელი] მიერ მოყვანილი კონკრეტული ისტორიები სრული სიმართლეა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისი მონათხრობი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან მინიმუმ გადამოწმებას ექვემდებარება, რადგან ცხადია, რომ ქურდული სამყარო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოჭრას სულ უფრო და უფრო ცდილობს. მოქალაქეთა შორის ყოფითი დავების მოგვარებას ისინი ქურდული გარჩევების გზით აპირებენ“.

ამ ტექსტის შემდეგ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ციხეებში არსებულ ცუდ სიტუაციაზე საუბრობს, ხოლო ჟურნალისტის მიერ ზემოთ მოყვანილი შეფასება რას ეყრდნობა - არ ჩანს.

„მაუწყებელთა კოდექსის“ მე-16 მუხლის თანახმად „მაუწყებელი ვალდებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია“.
კატეგორია - ეთიკა
31 მარტს „ტაბულას“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ლევან ყიფიანის თანამდებობაზე დარჩენა/არდარჩენის საქმეს ეხებოდა. სიუჟეტში ნახსენებია, რომ საპარლამენტო კომიტეტმა მინისტრს გასულ კვირას მოუსმინა, სამინისტროს საქმიანობა უარყოფითად შეაფასა და დასკვნა პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნა. დეპუტატები ამბობენ, რომ ლევან ყიფიანმა ათამდე კრიტიკულ კითხვას ვერ უპასუხა.

სიუჟეტიდანვე ვიგებთ, რომ მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყებას ითხოვს უფლებადამცველთა გაერთიანება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე, სხვადასხვა ბრალდებასთან ერთად, სამინისტროს გაუმჭვირვალე ტენდერებზეც საუბრობს.

სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტი ტექსტში აღნიშნავს, რომ სასკოლო ოლიმპიადის გამო ლევან ყიფიანი კახეთში იმყოფება და „ტაბულამ“ მასთან გასაუბრება ვერ მოახერხა. მიუხეადავად ამისა, მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, დაკავშირებოდა მინისტრს, პასუხისმგებელ პირსა თუ პრესსამსახურის წარმომადგენელს და სატელეფონო კომენტარი მაინც ჩაეწერა. ტექსტში არ ჩანს, რომ კომენტარზე უარი თავად მინისტრმა ან სხვა პასუხისმგებელმა პირმა განაცხადა.
კატეგორია - ეთიკა
30 მარტს, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" გავიდა მასალა ზუდიდში გამართული აქციის შესახებ. წამყვანის თქმით, დევნილთა განსახლების სამმართველოში მცხოვრებმა დევნილებმა ბინების უკანონოდ გადანაწილება გააპროტესტეს. წამყვანმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეების თქმით, ბინები განაწილდა იმ დევნილებზე, რომელთაც უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ.

ეთერში გასულ მასალაში არ ჩანს სამმართველოს, ან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის პოზიცია ამ ბრალდებაზე, მხოლოდ აღნიშნავენ, რომ „აქციის მონაწილეებმა სამმართველოს უფროსის კაბინეტში შესვლა სცადეს, თუმცა ის ადგილზე არ იმყოფებოდა“.

კომენტარის მოპოვების სხვა მცდელობა არ ჩანს. შესაბამისად, გაუგებარი დარჩა რა პრინციპით განაწილდა ბინები, რა ოდენობის თანხა, რომელი წყაროდან გამოიყო, ვინ იყო ამ საკითხზე პასუხისმგებელი და აშ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის განმარტებაში კი ნათქვამია, რომ მასალაში უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

კატეგორია - ეთიკა
28 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ გავიდა სიუჟეტი საქართველოსა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრების საფეხბურთო მატჩის ჩესახებ. წამყვანმა გიორგი გაბუნიამ შესავალში აღნიშნა:

„სტუმრებმა დღეს „დინამო არენაზე“ ივარჯიშეს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქართული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადებიან, ჩვენი ზოგიერთი თანამემამულე მაინც ვერ მალავს თავის პრეფერენციებს და ამას ზოგჯერ ზედმეტად აშკარადაც გამოხატავს“.

ამგვარი შეფასება მან ერთ-ერთი გულშემატკივრის ქმედებას გაუკეთა, როდესაც ის სტადიონზე შევარდა და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს, ბასტიან შვაინშტაიგერს დაუჩოქა.

სიუჟეტში ჟურნალისტმა ეს ფაქტი შემდეგნაირად აღწერა:

„სამარცხვინო ეპიზოდი გერმანიის ნაკრების ვარჯიშზე დაფიქსირდა. ერთერთი ქართველი გულშემატკივარი სტადიონზე შევარდა და მსოფლიო ჩემპიონების კაპიტანს ბასტიან შვაინშტაიგერს დაუჩოქა“.

„მაუწყებელთა კოდექსის“ მე-16 მუხლის თანახმად „მაუწყებელი ვალდებულია ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯნოს ფაქტი და კომენტარი. თავიდან უნდა იყოს აცილებული მოსაზრებათა ცალმხრივი ინტერპრეტაცია“.

კატეგორია - ეთიკა
2 და 3 მარტს რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ დუშეთის რაიონში “სატანისტური სექტის” არსებობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამ მედიასაშუალებებმა რაიონში 2 ახალგაზრდის გარდაცვალება “სატანისტური სექტის” არსებობას დაუკავშირეს. მასალები პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმატორების” წარმომადგენლის, ნინო ჩარკვიანის განცხადებებზე დაყრდნობით მომზადდა.

საკითხის სენსაციურად და სტერეოტიპულად გაშუქება, ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება, კადრებით მანიპულირება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მედიაში ამ თემის გაშუქებისას გამოიკვეთა.

ონლაინ მედიაში სტატიის სათაურებში შემდეგი ფრაზები იყო გამოტანილი: “ტრაგედია დუშეთში”, “შეყვარებულების ბურუსით მოცული სიკვდილი”, “ამოყირავებული ჯვრები და ღამის რიტუალები”, “სექტის მსხვერპლი მოზარდები”, “50 სატანისტი ბავშვი”, “სატანისტურ სექტას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა”, “წყვილი, რომელმაც თავი ციანიდით მოიკლა”.

სენსაციური სათაურების პარალელურად, მასალებში ღრმად არ იყო გაანალიზებული საკითხი და სტატიები, ძირითადად, რაიონში გავრცელებულ ჭორებზე იყო აგებული. ჟურნალისტები მასალებში, უმეტეს შემთხვევაში, წყაროდ “რეფორმატორების” წარმომადგენელს, ნინო ჩარკვიანს, ასახელებდნენ, ან ე.წ. ადგილობრივებს, რომელთაც საჯაროდ გამოჩენა არ სურდათ. თავად ნინო ჩარკვიანიც “ადგილობრივების” და მისი თანამშრომლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

“რა ხდება დუშეთში და ვინ არის ის 60-მდე მოზარდი, რომლებიც ადგილობრივების თქმით, ამოყირავებული ჯვრებით და ზედ ამოსვირინგებული წარწერით: ,,სიძულვილი“ დადიან”, - Newposts.Ge.

“ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილები შეყვარებულები იყვნენ და ერთად დალიეს გაურკვეველი ნივთიერება. ბიჭი მაშინვე გარდაიცვალა, გოგო კი ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო”, - palitratv.ge.

“რა ხდება დუშეთში, უკავშირდება თუ არა ახალგაზრდების სიკვდილი რომელიმე სექტის მოღვაწეობას, იყო, თუ - არა, ეს ე.წ. წყვილთა მსხვერპლშეწირვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები შეყვარებულები იყვნენ”, - ტელეკომპანია “იმედი”. (8 მარტი, “იმედის კვირა”).

ჩვენ მიერ განხილულ სტატიებსა და სიუჟეტებში სიტყვა „სატანისტი“ განზოგადებულია და ამ კრებითი სახელის ქვეშ ჟურნალისტები თუ რესპონდენტები აღწერენ განსხვავებული გარეგნობის ახალგაზრდებს, რომელთაც, მათივე აღწერით, სვირინგები აქვთ, უკეთიათ გადმობრუნებული ჯვრები ან ამოსვირინგებული აქვთ ასეთი ჯვრები და ჩონჩხები, უსმენენ მერლინ მენსონს, უყვართ კატები, შავი ფერის ტანსაცმელი, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” უდევთ ცხოველების ჩონჩხის და გველების ფოტოები.

მაგალითად, “ინფო 9”-ს მასალაზე თანდართულ ვიდეოზე მიბმული აქვს ფოტო, რომელზეც გამოსახულ პირს ფრჩხილებზე ფერადი ლაქი უსვია, თავი ნახევრად აქვს გადაპარსული, ამობრუნებული ჯვარი ახატია და მკვეთრი მაკიაჟი აქვს.

ასევე აზოგადებს განსხვავებულ გარეგნობას Newposts.Ge და ისეთი ახალგაზრდების ცხოვრებას, რომლებიც სვირინგებს იკეთებენ და ამოყირავებულ ჯვრებს ატარებენ,„უცნაურად“მოიხსენიებს.

“ნანუკას შოუს” 11 მარტის გადაცემაშიც, სატანისტებს დაუკავშირეს ის პირები, ვისაც მომღერალი მერლინ მენსონი და კატები უყვარს: “15 წლის მარიამი მერლინ მენსონს უსმენდა, განსაკუთრებით უყვარდა კატები”, - ასე დაიწყო “ნანუკას შოუსთვის” მომზადებული სიუჟეტი. ჟურნალისტმა თავიდანვე სცადა შეექმნა განწყობა, რომ გოგონას გარდაცვალება „სატანისტებს“ უკავშირდება, თუმცა იმ ფაქტს, რომ მარიამი სატანისტური ჯგუფის წევრი იყო, სიუჟეტში არაფერი ადასტურებს. ამ ინფორმაციას უარყოფენ გოგონას მეგობრებიც. სიუჟეტის ავტორებისა და გარდაცვლილი გოგონას მეგობრების ფეისბუქ მიმოწერისას ირკვევა, რომ გარდაცვლილს ცხოვრების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება ჰქონდა და არ უნდოდა სიბერემდე მიღწევა. თუმცა ჟურნალისტი ასკვნის, რომ მეათე კლასის მოსწავლის გარდაცვალება ჩვეულებრივი თვითმკვლელობა არ იყო და ამ ტექსტის პარალელურად კადრში ჩანს ჩამომხრჩვალი ცხოველი. სიუჟეტის ამ ნაწილში ხდება კადრით მანიპულირება.სიუჟეტში 10 წლის წინ ერთ-ერთ სასაფლაოზე გადაღებულ ცხოველების წამების კადრებსაც გვიჩვენებენ. ეს კადრები იმ ამბავს, რასაც სიუჟეტში გვიყვებიან, არ უკავშირდება.

უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფრაზა, რითაც “ნანუკას შოუს” სიუჟეტი დასრულდა: “დუშეთში ბოლო დღეებია ჩუმად, მაგრამ მაინც ყველა ამ თემაზე საუბრობს. მასწავლებლები მშობლებს აფრთხილებენ. მშობლები შვილებზე კონტროლს ამკაცრებენ, დუშეთის სასაფლაოზე არსებული სამლოცველო კი დაკეტილია”, - გაუგებარია კონტექსტი, თუ რა მიზნით გაამახვილა ყურადღება ჟურნალისტმა სასაფლაოზე არსებულ სამლოცველოზე.

რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედის”გადაცემას “იმედის კვირა” - მათაც გამოიყენეს 10 წლის წინანდელი კადრები, სადაც ცხოველების წამებაა გადაღებული. კადრები ფონად გასდევდა სიუჟეტის შემდეგ ტექსტს: “ნინო ჩარკვიანის თქმით, დუშეთიდან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ რაიონში 50-მდე ახალგაზრდა სატანისტურ სექტაში არის გაწევრიანებული და ისინი დუშეთის სასაფლაოზე ღამით ცხოველების მსხვერპლშეწირვის რიტუალს ატარებენ და შესაძლოა ახალაგზრდების გარდაცვალებაც მსხვერპლშეწირვის რიტუალი ყოფილიყო”.

ტელეკომპანია “იმედმა” გარდაცვლილი გოგონას სატანისტურ სექტასთან კავშირის გასარკვევად მეტაფიზიკოსი ჩაწერა. მეტაფიზიკოსმა გოგონას რამდენიმე სურათის ნახვის შემდეგ დაასკვნა, რომ ის სატანისტურ ან მსგავს მიმდინარეობაში იყო გაერთიანებული.

ზემოთ განხილულ მასალებში არაა განმარტებული, რას გულისხმობს სიტყვა „სატანისტი“. ბუნებრივია, ყველა, ვისაც შავი ფრჩხილის ლაქი უსვია ან მკვეთრი მაკიაჟი აქვს, არ შეიძლება იყოს სატანისტური ჯგუფის წევრი, მითუფრო დაუშვებელია ამგვარი გარეგნობის ადამიანების დანაშაულთან, კერძოდ, მკვლელობასთან ან თვითმკვლელობასთან გაიგივება. ასეთი განზოგადებით, შესაძლოა საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა და აგრესია გაჩნდეს ისეთი სუბკულტურის წარმომადგენლების მიმართ, როგორიცაა: ემოები, გოთები და პანკები, რადგან ისინიც, სიუჟეტებსა და სტატიებში აღწერილის მსგავსად, გამოირჩევიან განსხვავებული გარეგნობით, მკვეთრი მაკიაჟით, სვირინგებით და შესამჩნევი სამკაულებით.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრაქტიკულად ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა სიტუაციის გასარკვევად და თავის მასალაში საკითხის განსხვავებული კუთხით წარმოჩენა სცადა, მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი იყო. სტატიაში რედაქცია აღნიშნავს: “ჩვენ ვერ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ან საფუძვლიან ეჭვს მაინც გაგვიჩენდა დუშეთში სატანისტური სექტის არსებობის თაობაზე“.

ამავე მასალაში ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს რომ მედიის მიერ დუშეთში მომხდარი გარდაცვალების ფაქტების სატანისტურ სექტასთან დაკავშირება სახიფათოა: „ძალიან სახიფათოა ისეთი პირდაპირი კავშირების ძიება, რასაც აკეთებენ სხვადასხვა ჟურნალისტები. არ ვიქნებით ამ ადამიანებთან მართალი, რომ იარლიყი მივაწებოთ. ეს არის ადამიანის დრამა, ძალიან სერიოზული ტრაგედიაა და არანაირად არ იქნება სწორი „სექტანტობას“ დავუკავშიროთ ასე უაპელაციოდ და არაეთიკურად. თუ ეჭვის დონეზე არსებობს მსგავსი რაღაც, უნდა გამოიკვლიონ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ბავშვები დავსაჯოთ, იარლიყები მივაწებოთ, გავრიყოთ იმისათვის, რომ მერე მთელი ცხოვრება სატანისტების იარლიყით იარონ“.

მაია წიკალური
კატეგორია - ეთიკა
რამდენიმე ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “კომედი შოუს” მსახიობებისა და ე.წ. კანონიერი ქურდების ერთად გადაღებული ფოტოების შესახებ. მასალები მხოლოდ ერთი წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.მედიასაშუალებებმა ინფორმაცია საზოგადოებას შესთავაზეს, როგორც სკანდალი. მასალები გამოქვეყნდა შემდეგი სათაურებით:

“სკანდალური კადრები: "კომედი შოუს" ბიჭებმა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად დაბადების დღე ბერძნულ რესტორანში აღნიშნეს” , ambebi.ge

“კომედი შოუს” წამყვანები ე.წ.კანონიერ ქურდებთან ერთად” , გურიანიუსი

„გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც “კომედი შოუს” წამყვანები „კანონიერ ქურდებთან“ ერთად იმყოფებიან”, სააგენტო „პირველი“.

სტატიები ეყრდნობოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელის ზურაბ ქადაგიძის განცხადებებს. ინფორმაცია, იმ პირებთან, ვისაც უშუალოდ ეხებოდა, არ იყო გადამოწმებული.

“ფოტო და ვიდეოკადრები საბერძნეთის ერთ-ერთ რესტორანში, “ბიზანტიოში“ არის გადაღებული. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, “კომედი შოუს” წამყვანები ვასო ფხაკაძე, ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი ე.წ კანონიერ ქურდებთან ერთად რესტორანში მყოფ ერთ-ერთი პირის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ”, - აღნიშნულია “გურია ნიუსის” მასალაში. იქვე ჩამოთვლილია იმ „კანონიერი ქურდების“ სახელები და მეტსახელები, რომლებიც ზურაბ ქადაგიძის თქმით, კანონიერი ქურდები არიან.

საინფორმაციო სააგენტო “პირველმა” ტექსტთან ერთად ფოტოებიც გამოაქვეყნა და მიუთითა გამოსახულთა ვინაობა.

მასალებში არ გვხვდება სხვა წყარო, ვინც დაადასტურებდა და დააზუსტებდა “კომედი შოუს” მსახიობებთან ერთად ფოტოზე აღბეჭდილი პირების ვინაობას. მასალებში არ გვხვდება არც მსახიობების კომენტარი.
კატეგორია - ეთიკა
19 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „ეკა ხოფერიას ტოკ-შოუ“ გავიდა სიუჟეტი - „სოციალურად დაუცველი ოჯახის უმძიმესი ყოფა და უდედოდ დარჩენილი 6 შვილი“. სიუჟეტში ნაჩვენებია ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და ამავე დროს უსახლკარო ოჯახი, რომელიც მუშთაიდის ბაღში, ბაღის ადმინისტრაციის მიერ საგანგებოდ მათთვის გამოყოფილ ერთ ოთახში ცხოვრობს. სიუჟეტში ოჯახის ერთ-ერთი წევრი აღწერს მათ მძიმე საცხოვრებელ პირობებს, ამბობს, რომ სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ, მძიმე საცხოვრებელი პირობები კი განსაკუთრებით ცუდია 1 წლის და 4 თვის ლუკასთვის, „რადგან მას ექიმებმა ტუბერკულოზი დაუდგინეს. 7 თუ 8 თვეა უკვე ვმკურნალობთ, მაგრამ მაინც აქვს დაჩრდილვა მარცხენა ფილტვში“.

სოციალური პრობლემების ჩვენების მიზნით გადაცემაში ოჯახის ყველა ბავშვი, მათ შორის, პატარა ლუკაც, ახლო ხედით აჩვენეს. ტუბერკულოზის მქონე ბავშვის ასეთ ლუსტრირებას კი, შესაძლოა, საზოგადოების მხრიდან მისი და მისი ოჯახის წევრების გარიყვა და დამატებითი დისკრიმინაცია მოჰყვეს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია: „არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რეკომენდაციის მიხედვით კი, მედია უნდა ეცადოს, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია ბავშვის პირადი ცხოვრების ან ჯანმრთელობის შესახებ, თუკი ეს ცნობები არ არის პირდაპირ კავშირში ამბავთან, არ ცვლის მის არსს და არ არსებობს ამ ინფორმაციისადმი განსაკუთრებულად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, ეს ინტერესი ბევრად უნდა აღემატებოდეს ბავშვის ინტერესს, რომ არასრულწლოვნის შესახებ ინფორმაცია გახდეს საჯარო).

როგორც გადაცემის წამყვანის საუბრიდან ირკვევა, სიუჟეტის მომზადების და გადაცემაში უსახლკარო ოჯახის მიწვევის მიზანი მათი დახმარების სურვილი იყო: წამყვანმა იმედი გამოთქვა, რომ გამოჩნდებიან დახმარების მსურველი კეთილი ადამიანები. თუმცა არც წამყვანმა და არც ჟურნალისტებმა, რომლებამც სიუჟეტი მოამზადეს, არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ პრობლემა კომპლექსურად გაეშუქებინათ და შეესრულებინათ მედიის მთავარი ფუნქცია - გაეკონტროლებინათ, ასრულებს თუ არა მთავრობა მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

სიუჟეტში არ გვხვდება სპეციალისტების და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც მაყურებელს მიაწვდიდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ვალდებულებები აკისრია სახელმწიფოს ამ კონკრეტული ბავშვის და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ბავშვების დასახმარებლად.
კატეგორია - ეთიკა
20 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში - „სხვა რაკურსი“ გავიდა სიუჟეტი - „ძალადობა 5 წლის ბავშვზე - "ბავშვმა მითხრა ზაზა ძიას შევყავარ და ამას მიკეთებსო..."

სიუჟეტი და გადაცემის ერთი ნაწილი 5 წლის გოგონას მიმართ მეზობელი მამაკაცის მხრიდან განხორციელებულ გარყვნილ ქმედებას ეხება. სიუჟეტში 5 წლის გოგონას სახეს არ აჩვენებენ, სამაგიეროდ, ჩაწერილია და გადაცემაში სტუმრად არის მიწვეული დედა, რომლის სახეც არ არის დაფარული და რომლის ვინაობაც დასახელებულია. ძალადობის მსხვერპლის დედა ღიად საუბრობს თავისი შვილის მიმართ განხორციელებულ “გარყვნილ ქმედებაზე”. 5 წლის გოგონას დედა და ერთ-ერთი მეზობელი დეტალურად აღწერენ ბავშვის მიმართ ჩადენილ ქმედებას. დედის და მეზობლების იდენტიფიცირება, ასევე იმ შენობის ჩვენება, სადაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვი და მისი ოჯახი ცხოვრობს, გოგონას ვინაობის დაფარვას აზრს უკარგავს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად.

იმავე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, არასრულწლოვანი არ კარგავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას მშობლების ან სკოლაში მომხდარი მოვლენების გამო.
კატეგორია - ეთიკა
15მარტს ტელეკომპანია„იმედის“ გადაცემაში - „იმედის კვირა“ გავიდა სიუჟეტი - „კახეთში 19 წლის მამაკაცს 11 წლის ბიჭისა და 17 წლის დეიდაშვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ“. ეთერში სიუჟეტის გასვლამდე გადაცემის წამყვანმა დაასახელა სოფელი, სადაც ჟურნალისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის მამაკაცმა 2 არასრულწლოვანზე იძალადა. სიუჟეტში ჩანს როგორც გაუპატიურებაში დადანაშაულებული მამაკაცის, ისე ძალადობის შედეგად დაზარალებული 11 წლის ბიჭის სახლი და მიტოვებული საცხოვრებელი შენობა, სადაც მასზე ძალადობა მოხდა, რითიც ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ირიბად იყვნენ იდენტიფიცირებულნი.
კატეგორია - ეთიკა
“ჩიორას სულ გაუბერია”, - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა მასალა reportiori.ge-ზე. სტატიის სათაური შეურაცხმყოფელია და ჟურნალისტის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. სათაურში ჩანს რედაქციის დამოკიდებულება ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის მიმართაც.

სტატიაში საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარია გამოყენებული. დეპუტატი 17 მაისის შესახებ საუბრობს და მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლითაც 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა.

„17 მაისი არ არის რაიმე სხვა ღირსშესანიშნავი დღე, ამ დღის გამოცხადება ოჯახის დღედ არის კიდევ ერთი ძალადობა ამ ისედაც დაუცველ ჯგუფზე“, - აღნიშნავს თაქთაქიშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად მისი შეხედულებების მიუხედავად.

Reportiori.ge არ ხვდება mediachecker-ის დაკვირვების ქვეშ, დარღვევის შესახებ ინფორმაცია რედაქციას მკითხველმა მიაწოდა.
კატეგორია - ეთიკა
საინფორმაციო სააგენტო “პირველი” სარეკლამო სტატიებს სპეციალური მინიშნების გარეშე აქვეყნებს. დაახლოებით 3 კვირიანი დაკვირვებისას, 16 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე 29 სარეკლამო ხასიათის მასალა გამოქვეყნდა. მასალები სხვადასხვა რუბრიკაში იყო განთავსებული, თუმცა სპეციალური სარეკლამო ნიშნით არცერთი მათგანი არ იყო აღნიშნული. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის მიხედვით, „სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან“.