ეთიკა
კატეგორია - ეთიკა
24 თებერვალს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, ტოკ შოუ „არჩევანში“, უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა სავიზო კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრა.

„ირანელი ტურისტი შემოვიდა, არაფერი არა მაქვს ირანელების საწინააღმდეგო, 3 დოლარი ედო ჯიბეში, ფეხზე ეცვა სანდლები თუ რაღაცა და გამოჭრა ყელი მარიამ კოჩალიძეს, პატარა აჭარელ გოგონას. არ შეიძლება, რომ ყველამ, ვისაც მოუნდება, გამოიაროს საქართველოში. უნდა არსებობდეს რეგულაციები, ევროკავშირიც ამას ითხოვდა ჩვენგან,“- განაცხადა ძიძიგურმა.

წამყვან გიორგი გაბუნიას, ამ კომენტარის გამო, რესპონდენტისთვის არც შენიშვნა მიუცია და არც კონტრკითხვა დაუსვამს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის ჯგუფის აზრით, დეპუტატის ნათქვამში ეთნიკურად ირანელები ნეგატიურ კონტექსტში იყვნენ ნაჩვენებნი. შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს, ისინი საქართველოში შემოდიან უფულოდ და ხოცავენ ხალხს. მათთვის რეგულაციების დაწესებას კი ევროკავშირი ითხოვს. გარდა ამისა, კონკრეტული პირის ეთნიკური იდენტობა უადგილოდ იყო ნახსენები და მას არანაირი კავშირი არ აქვს პირის ბრალდებასთან.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, „თუ წყარო პირდაპირ ეთერში ან ახალ ამბებში უსაფუძვლოდ ასახელებს ეთნიკურ წარმომავლობას ... როგორც პრობლემის გამომწვევ მიზეზს ან იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას რომელიმე ჯგუფის მიმართ, წამყვანი არ უნდა აჰყვეს ასეთ დიალოგს და შეეცადოს შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორს დაუსვას შეკითხვა გამოთქმული მოსაზრების დასაბუთების მიზნით.“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად“. ამავე პრინციპის განმარტებით ნაწილში აღნიშნულია, რომ რესპონდენტის მიერ პირდაპირ ეთერში გამოთქმულ დისკრიმინაციულ გამონათქვამს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა დაუპირისპირდეს და გაემიჯნოს.
კატეგორია - ეთიკა
24 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ გავიდა ე.წ. „კადრ სინქრონის“ ტიპის მასალა ლუდსახარშ „ზედაზენის“ შესახებ.

წამყვანმა აღნიშნა: "ლუდსახარშმა „ზედაზენმა“ დღეს რუსთავი 2-სა და „მარაოს“ წამყვანებს უმასპინძლა. ცნობილმა სახეებმა ახალი პროდუქტის, დიეტური ლიმონათის დამზადების პროცესი ნახეს. ლიმონათი 0 კალორიით არა მხოლოდ ჭარბი წონისგან დასაცავად, არამედ დიაბეტით დაავადებულთათვისაც არის დასაშვები".

წამყვანის ტექსტის შემდეგ რესპონდენტები ამ ლიმონათის დადებით მხარეებზე საუბრობენ. ვიდეომასალაში საუბარი არ არის სხვა კომპანიის მიერ წარმოებულ ლიმონათებზე, არის თუ არა ბაზარზე სხვა ლიმონათი დიაბეტით დაავადებულთათვის, რა განსხვავებაა მათ შორის როგორც შემცველი ნივთიერებების, ასევე ფასების მიხედვით. ვინაიდან მასალაში ყურადღება მხოლოდ „ზედაზენის“ დადებით მხარეზეა გამახვილებული, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მასალა სარეკლამო ხასიათისაა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 63), რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს. ამავეს იმეორებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 57-ე მუხლი. 58-ე მუხლის თანახმად კი „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების გამოშვებებში რაიმე პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება. რეკლამირებად არ ჩაითვლება ინფორმაციის გადაცემა ახალი პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე განთავსების თაობაზე“.

ზემოთ აღნიშნულ მასალაში კი მითითებული არ ყოფილა პროდუქტის ინოვაციურობის შესახებ. მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, აქამდე ბაზარზე უკვე არსებობდა დიაბეტური ლიმონათი, თუ მხოლოდ „ზედაზენმა“ შექმნა ასეთი გამორჩეული პროდუქტი.
კატეგორია - ეთიკა
ავტორი დავით კახიანი

გაზეთები „ალია“ და „ქრონიკა“ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავრცელებენ ინფორმაციას კომპანია „ფრესკოს“ საკვებ პროდუქტებში აღმოჩენილი
კატეგორია - ეთიკა
24 თებერვალს ტელეკომპანია „კავკასიის“ საინფორმაციო გამოშვება "დღეში" გავიდა მოკლე ინფორმაცია სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესახებ.

„ეროვნული ვალუტის რეკორდული ვარდნის გამო სააფთიაქო ქსელმა „პეესპემ“ პირველადი მოხმარებისათვის საჭირო მედიკამენტების ფასი გააიაფა. როგორც პეესპეში აცხადებენ, იმ მედიკამენტებზეა შემცირებული ფასი, რომელიც მოსახლეობაში ხშირი გაყიდვით სარგებლობს, მათი თქმით, მედიკამენტებზე ფასები იქამდე არ მოიმატებს, ვიდრე ლარის კურსი არ დასტაბილურდება"- აღნიშნავს ჟურნალისტი თავის საკადრო ტექსტში.

ამავე მასალის სინქრონში რესპონდენტი ამბობს: "ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ გაიაფებაზე და დღესაც ათეულობით მედიკამენტი გავაიაფეთ,", "ჩვენ უარს ვამბობთ მოგებაზე, რათა ჩვენი საქციელით გვერდში დავუდგეთ საქართველოს მოსახლეობას".

რესპონდენტს არ ადევს ტიტრი და მისი ვინაობა მაყურებლისათვის უცნობი დარჩა. კადრ-სინქრონში არ ჩანს, დაინტერესდა თუ არა მედია, რა მდგომარეობაა სხვა სააფთიაქო ქსელებში, მათაც გააიაფეს თუ არა მედიკამენტები ან, ზოგადად, რა ვითარებაა, ლარის კურსის ვარდნის ფონზე სააფთიაქო ბაზარზე.

მასალას არ ჰქონდა მინიშნება იმის შესახებ, რომ ის სარეკლამოა.

ქართული კანონმდებლობა ტერმინ „ფარულ რეკლამას“ არ ცნობს, თუმცა სარეკლამო მასალის სარედაქციო მასალისგან გამიჯვნას არეგულირებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და კანონი მაუწყებლობის შესახებ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად , რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს.

ქცევის კოდექსის 59-ე მუხლში კი აღნიშნულია, რომ რეკლამისა და პროგრამის შინაარსის მკაფიო გამიჯვნა არის გადამწყვეტი სარედაქციო დამოუკიდებლობისა და აუდიტორიის მიმართ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისათვის.

„დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების გამოშვებებში რაიმე პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირება. რეკლამირებად არ ჩაითვლება ინფორმაციის გადაცემა ახალი პროდუქციის ან მომსახურების ბაზარზე განთავსების თაობაზე“- აღნიშნულია ქცევის კოდექსის 58-ე მუხლში.
კატეგორია - ეთიკა
ნიკა გვარამიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მას ხელისუფლება აშანტაჟებს, 21 ოქტომბრის თითქმის ყველა მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველი ამბავი იყო. ამ საკითხის გაშუქებას ტელევიზიებმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. ერთადერთი მაუწყებელი, რომლის საინფორმაციო ბადეშიც ეს თემა ვერ მოხვდა, გადაცემა „2030-ია“. "მაესტრომ" საკითხი მეთერთმეტე წუთზე, მეოთხე სიუჟეტად გააშუქა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ მასალაში კი მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის წევრების შეფასებები წარმოადგინეს.

2030

GDS და მისი საინფორმაციო გადაცემა „2030“ იყო ერთადერთი, რომელსაც ნიკა გვარამიას განცხადება საერთოდ არ გაუშუქებია. აქ 21 ოქტომბერს მთავარი ამბავი ლალი მოროშკინას მიერ გავრცელებული კადრები იყო, ეს ამბავი გამოშვებაში პირველ სიუჟეტად გავიდა. „რა პირობებში იხდიდნენ მსჯავრს პატიმრები“ - სწორედ ასე იწყებს გუშინდელი „2030- ის“ გამოშვებას წამყვანი. რესპონდენტები კი ცდილობენ გაარკვიონ, რა კადრები გადასცა მოროშკინამ უკრაინულ არხებს. სიუჟეტის ბოლოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი წინა ხელისუფლების დროს ციხეებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს.

სიუჟეტების შემდეგ ეთერი დისკუსიას დაეთმო, რომელიც ზოგად თემას ეხებოდა: „რა არის მედიის თავისუფლება“. გადაცემის მეორე ნაწილის დაწყებამდე წამყვანმა საზოგადოებას მოკლედ მიაწოდა ინფორმაცია გვარამიას განცხადების, პროკურატურის პასუხისა და ქიბარ ხალვაშის გამოხმაურების შესახებ. სტუმრებთან საუბარი კი შემდეგი კითხვით დაიწყო: "რამდენად გამართლებულია იგივე მედიის ხელმძღვანელის მხრიდან, თუ შეიძლება ასე ითქვას, მედიის სახელით საკმაოდ ისეთი რადიკალური განცხადებების გაკეთება?"
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ნიკა გვარამიას განცხადება ხელისუფლების მხრიდან მისი დაშანტაჟების შესახებ „მოამბემ“ პირველივე მასალად გაუშვა. მასალაში წარმოდგენილი იყო გვარამიას განცხადება, შემდეგ კი ამ განცხადების შეფასებები. „ხელისუფლება გვარამიას განცხადებას პროვოკაციად აფასებს“ - ამბობს ჟურნალისტი და სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების კომენტარებს გვთავაზობს. პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ საქმის გამოძიება პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაიწყოს, გია ვოლსკიც, საპარლამენტო უმრავლესობიდან, იმავეს იმეორებს, თუმცა იმასაც ამატებს, რომ შესაძლოა, ნიკა გვარამია იტყუებოდეს. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის მხრიდან სიტუაციის ესკალაციას მომავალში, „თავად რუსთავი 2 -ის თანამშრომლები დაარქმევენ საკუთარ სახელს“. ბოლოს კი მედიასაშუალება გედევან ფოფხაძის კომენტარს უშვებს, ის თითქმის იმავეს იმეორებს, რასაც მისი თანაგუნდელები და ამბობს, რომ თუკი ვინმეს დაშანტაჟება ხდება, ეს აუცილებლად უნდა გამოიძიონ საგამოძიებო უწყებებმა.

ჟურნალისტი ქიბარ ხალვაშის განცხადებასაც გვაცნობს. მასალაში ნიკა გვარამიას განცხადების შეფასება მხოლოდ ამ კომენტარებით შემოიფარგლება, არ გვხვდება ოპოზიციური პარტიებისა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კომენტარები.


ტელეკომპანია „მაესტრო“

„მაესტროს“ დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ეს საკითხი მეოთხე ამბად, მეთერთმეტე წუთზე გაშუქდა, „საგანგებო განცხადება საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად: რუსთავი 2 ტელევიზიაში ძალისმიერი შეჭრის შემთხვევაში თავს ძალისმიერად დაიცავს. გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ ხვალ მოსამართლე გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებს" - მაესტროს წამყვანის ამ შესავალ ტექსტს მეორე წამყვანის ტექსტი ენაცვლება: "ნიკა გვარამია დიპლომატებს, პოლიტიკოსებსა და ხალხს მოუწოდებს მეტი აქტიურობისკენ და ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან" - წამყვანების ტექსტებს ჟურნალისტის ჩართვა მოსდევს.

ტელეკომპანიამ ნიკა გვარამიას განცხადება მაყურებელს კომენტარების სახით შესთავაზა. ეთერში წაიკითხეს ქიბარ ხალვაშის გამოხმაურებაც.

გვარამიას განცხადებას კი „მაესტროზე“ პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია აფასებენ.

ტელეკომპანია „იმედი“

ეს თემა „იმედმაც“ პირველ ამბად გააშუქა. „ტელეკომპანია რუსთავი 2 ის დირექტორი ირწმუნება, რომ მას დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით დაემუქრნენ“ - ამბობს წამყვანი, შემდეგ კი გვარამიას განცხადებას და შეფასებებს გვაცნობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვევბით, „იმედის“ შეფასებების ნაწილი უფრო მრავალფეროვანია და წარმოდგენილია როგორც მთავრობის, ისე ნაციონალური მოძრაობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებები. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის გარდა სხვა ოპოზიციური პარტიების შეფასებები არც ამ შემთხვევაშია წარმოჩენილი.

მასალის პირველ ნაწილში საუბრობენ ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია. ასევე, წარმოდგენილია ქიბარ ხალვაშის განცხადებაც. მეორე ნაწილში კი ვხვდებით უმრავლესობის წარმომადგენლების: დიმიტრი ხუნდაძის, გია ვოლსკისა და გედევან ფოფხაძის შეფასებებს, მათი კომენტარები თითქმის იდენტურია. ისინი ამბობენ, რომ საკითხი საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ.

თემა პრეზიდენტისა და იუსტიციის მინისტრის გამოხმაურებებით გრძელდება. პრეზიდენტი თავის კომენტარში აღნიშნავს, რომ მედიის მრავალფეროვნება დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, სწორედ ამიტომ, ის რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. იუსტიციის მინისტრი კი აღნიშნავს, რომ მთავრობა სასამართლოზე ზეწოლას არ ახდენს. წულუკიანი მოუწოდებს სასამართლოს, უზრუნველყოს პროცესის სანდოობა და გამჭვირვალობა.

რუსთავი 2-თან დაკავშირებულ საკითხებს „ქრონიკაში“ ჯამში დაახლოებით 11 წთ დაეთმო.

ტელეკომპანია „კავკასია“

„კავკასიის“ დღის მთავარ გამოშვებაშიც გვარამიას განცხადება პირველ ამბად გავიდა. მასალაში გვარამიას სინქრონი (ჩანაწერი რუსთავი 2-ის სტუდიაში, განცხადების გაკეთებისას) საკმაოდ ვრცლად, თითქმის სრულადაა წარმოდგენილი. ასევე ნაჩვენებია იმავე სტუდიაში პაატა დავითაიას, სერგო რატიანის, ელენე ხოშტარიას, ნინია კაკაბაძის მიერ გაკეთებული განცხადებები. ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებენ. თემა კახა კოჟორიძის და ნინო ლომჯარიას შეფასებებით გრძელდება. ასევე წარმოდგენილია ქიბარ ხალვაშის კომენტარიც. სიუჟეტის ქრონომეტრაჟი ჯამში 12 წუთია.
კატეგორია - ეთიკა
19თებერვალს www.ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გრიგოლ ვაშაძის “ფეისბუქის” სტატუსი, სადაც ის ხელისუფლებას “იმბეცილებს” უწოდებს.

“რით არის დაკავებული ყრუ პროვინციალების გაერთიანება, თავის თავს “ხელისუფლებას” რომ ეძახის?ვენდეტით: უკრაინისგან პრეზიდენტ სააკაშვილის გადმოცემას ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომკიევმა ისინი უკვე სამჯერ გააგზავნა სამ ასოსკენ გრძელ სექსუალურ მოგზაურობაში. ამისთანა იმბეცილები გინახავთ?" - წერს ვაშაძე.

ფსიქოლოგ მაია ცირამუას აზრით, სიტყვა “იმბეცილის” გამოყენება დისკრიმინაციულია და მედიამ მის ტირაჟირებას ხელი არ უნდა შეუწყოს: “თანამედროვე მედიცინაში გონებრივი შეზღუდვის განსაზღვრა ხდება შემდეგი ხარისხებით - მსუბუქი, საშუალო და მძიმე. ტერმინი "იმბეცილი" მედიცინაში აღარ გამოიყენება, ისევე, როგორც სხვა ტერმინები. თუმცა, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მოხსენიება ამ კონტექსტში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ცნობიერებაში ეს ტერმინი გონებრივ შეზღუდვასთან ასოცირდება, ვფიქრობ, დისკრიმინაციულია”, - ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ამავე მასალაში რუსები მოხსენიებული არიან, როგორც „ნაცისტები“:

„რუსი ნაცისტები კიდევ ერთხელ არღვევენ საერთაშორისო შეთანხმებას და კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათთვის საერთაშორისო სამართალი არაფერს ნიშნავს”, - წერს გიორგი ვაშაძე.
კატეგორია - ეთიკა
19 თებერვალს ვებგვერდ www.ambebi.ge-ზე რუბრიკაში „საზოგადოება“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით - “ავერსი რაციონალმა" მედიის წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტური მოაწყო“. მთელი სტატია “ავერსის” უპირატესობების მიმოხილვას ეძღვნება.

„ISO 9001 და GMP EU - საერთაშორისო დონის სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატები, უახლესი მოდელის აპარატურა, ხარისხის კონტროლი, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი - ეს "ავერსი რაციონალის" სავიზიტო ბარათია (...) ლაბორატორია, ისევე როგორც წარმოება, უახლესი მოდელის აპარატურით, ხელსაწყოებითა და ინვენტარითაა აღჭურვილი“ - ასე აფასებს სტატიის ავტორი კომპანიის საქმიანობას.

სტატიაში „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძეც საუბრობს თავისივე კომპანიის უპირატესობებზე: „მსოფლიოში ვერც ერთი ფარმაცევტული ქარხანა და ლაბორატორია ვერ იტყვის, რომ მათ აქვთ უფრო მაღალი დონე, ვიდრე "ავერსი რაციონალს", ვინაიდან ჩვენი როგორც აპარატურა, ასევე თანამშრომლები არიან უმაღლეს დონეზე მომ ზადებულები და სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ "ავერსი რაციონალის" მიერ გამოშვებული პროდუქტი ხარისხიანია და მსოფლიოს ფარმაცევტული წარმოების არც ერთ პროდუქტს არ ჩამოუვარდება".

სტატიას არსად აქვს მითითებული, რომ ის სარეკლამოა.

ჟურნალიტური ეთიკის ქარტია, მუხლი 9:

„სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისგან“.
კატეგორია - ეთიკა
პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელება 17 თებერვლის საინფორმაციო

გამოშვებების მთავარი თემა იყო. საკითხის გაშუქებისას მედია ორად გაიყო: თუ ტელეკომპანიების ერთი ნაწილისთვის გვენეტაძე „პრინციპული“, „პროფესიონალი“ და „სამართლიანობისთვის მებრძოლი მოსამართლეა“, მეორე ნაწილი მას შევარდნაძის დროინდელი პროკურატურის მორჩილ და მექრთამე მოსამართლეებთან აიგივებს.
„უფლებამოსილება შეჩერებული მოსამართლე“
ამ თემას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ტელეკომპანია „ტაბულას“ ტოკ-შოუ „ფოკუსმა“ . წამყვანმა აღნიშნა, რომ გვენეტაძე იმ კომისიის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას, რომელმაც „ე. წ. პოლიტპატიმრები გაათავისუფლა“, მათ შორის „საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების მონაწილეებიც“. სიუჟეტში არ არის დაზუსტებული, რა როლს ასრულებდა გვენეტაძე ამ კომისიის მუშაობაში.
თემა ვრცელად გაშუქდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო გადაცემა „კურიერშიც“ . წამყვანმა ანონსიდანვე აცნობა მაყურებელს, რომ „წლების წინ უფლებამოსილება შეჩერებული მოსამართლე პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა“. ეპითეტი - „უფლებამოსილება შეჩერებული“ იმ დღეს ჟურნალისტებმა ნინო გვენეტაძესთან მიმართებით არაერთხელ გამოიყენეს.
„კურიერის“ სიუჟეტში ხაზგასმულია, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას ჯერ კიდევ 2012 წელს განიხილავდა. ამ დროს კადრში ჩანს ნინო გვენეტაძის პირადი გვერდი სოციალურ ქსელ Facebook-ზე და 2013 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული ჩანაწერი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
როგორც „კურიერში“, ისე „ფოკუსში“ ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ 2005 წელს ნინო გვენეტაძე „დისციპლინარული გადაცდომისთვის სკანდალურად გაათავისუფლეს“. ორივე არხზე გათავისუფლების მიზეზს იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის იმდროინდელი წევრი, ნინო კალანდაძე განმარტავს. კალანდაძის განცხადებით, გვენეტაძის გათავისუფლების მიზეზი „სხვა საქმეებთან ერთად ერთ-ერთი ბრალდებულისთვის 7-წლიანი უკანონო პატიმრობის შეფარდება გახდა“. კალანდაძე ამბობს, რომ კოლეგიის გადაწყვეტილება მართებული იყო და ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ უზენაესმა სასამართლომ კოლეგიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საპირისპირო გადაწყვეტილება არც სტრასბურგის სასამართლოს გამოუტანია. არც „კურიერის“ და არც „ფოკუსის“ სიუჟეტში სადისციპლინო კოლეგიის მიერ გათავისუფლებულ მოსამართლეებს ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება არ მისცეს. არ არის ნაჩვენები არც სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამადასტურებელი დოკუმენტი. „კურიერის“ არც ერთ სიუჟეტში არ არის აღნიშნული, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იუსტიციის საბჭოს იმ სადისციპლინო კოლეგიის წევრი იყო, რომელმაც ნინო გვენეტაძეს უფლებამოსილება შეუჩერა.
გვენეტაძის კანდიდატად წარდგენას სიუჟეტი მიუძღვნა „ბიზნეს კურიერმაც“ . ალბათ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რა კავშირშია „ბიზნეს კურიერის“ ფორმატთან ნინო გვენეტაძის თემა. ამას თავად წამყვანი ასე ასაბუთებს: „სასამართლო სისტემა არის ის მთავარი ფაქტორი, რასაც ინვესტორები საგულდაგულოდ აკვირდებიან" და იქვე აცხადებს, რომ ხელისუფლება ისეთ ხალხს აბრუნებს სასამართლოს სათავეში, „ვისი ხელმძღვანელობითაც შევარდნაძის პერიოდში სასამართლო მორჩილიც იყო, კორუმპირებულიც და არაკომპეტენტურიც“ და რიტორიკულ კითხვასაც სვამს: „ვის სჭირდება ტურავა-გვენეტაძის სასამართლო, რომელიც პროკურატურის კარნახით უდანაშაულო ხალხს ციხეში სვამდა და ფულს სძალავდა“. სიუჟეტში გამოყენებულია გადაცემა „60 წუთის“ მიერ 2003 წელს გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ იღებს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა ჩხეიძე ქრთამს. ჟურნალისტი ამბობს, რომ გვენეტაძე, რომელსაც იმ დროს სასამართლოში კორუფციაზე რეაგირება ევალებოდა, „ამას არ აკეთებდა“, მერაბ ტურავა კი „ისეთ განაჩენს წერდა, რომ ციხეში ვერ არკვევდნენ, უნდა ჩაესვათ მსჯავრდებული თუ არა“. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი სიუჟეტის დასრულების შემდეგ დასკვნასაც აკეთებს: "ხელისუფლებას სურს, რომ ტურავა და გვენეტაძე კვლავ სასამართლო სისტემას ჩაუყენოს სათავეში. შესაბამისად, თუ კი მათ ძველი სისტემა აღადგინეს, ადვილი მისახვედრია საინვესტიციო გარემოს რა მოუვა“.
კორუფციასა და არკომპეტენტურობაში დადანაშაულებულ მოსამართლეებს სიუჟეტის არც ერთ ბრალდებაზე პასუხის გაცემის საშუალება არ მისცეს. არ ჩანს მცდელობაც, რომ ჟურნალისტებმა მათთან დაკავშირება სცადეს.
„სამართლიანობისთვის მებრძოლი მოსამართლე“
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე მომზადებულ ხუთ სიუჟეტს „ქრონიკის“ 17 თებერვლის გამოშვებაში ჯამში 21 წუთი დაეთმო, რასაც გვენეტაძის 4-წუთიანი ჩართვაც დაემატა. ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში კანდიდატი წარმოდგენილი იყო, როგორც პრინციპული, „მეამბოხე მოსამართლე“, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და რის გამოც ის უზენაესი სასამართლოდან დაითხოვეს.
სიუჟეტში, რომელსაც „გვენეტაძის სამომავლო გეგმები“ ერქვა და რომელიც რატომღაც დიდწილად არა სამომავლო გეგმებს, არამედ მის ახლანდელ საქმიანობას ასახავდა, ჟურნალისტმა გვიჩვენა, როგორ კითხულობს გვენეტაძე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში „სავარაუდოდ ერთ-ერთ ბოლო მასტერკლასს“.
სიუჟეტის ხაზგასმულად დადებითი ტონის კულმინაცია იყო კადრი, როცა თავად ნინო გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე მის შესახებ გამოქვეყნებულ დადებით გამოხმაურებებს კითხულობდა: „ნინო გვენეტაძე არის გამორჩეული, კარგი იურისტი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე...“. სოციალურ ქსელში გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფითი გამოხმაურებაც მრავლად არის. თუმცა, კრიტიკული გამონათქვამები სიუჟეტში ვერ მოხვდა.
„მედიაში მეამბოხე მოსამართლედ ცნობილი სამართალმცოდნე, რომელმაც ჯერ კიდევ 10 წლის წინ საზოგადოებას თავი მაშინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ღია განცხადებებებით დაამახსოვრა“, - ამ სიტყვებით წარადგინა „მოამბის“ წამყვანმა პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შერჩეული ნინო გვენეტაძე. საინფორმაციო გამოშვების პირველი 17 წუთის განმავლობაში მაყურებელმა ნახა როგორც კორესპონდენტის მიერ მომზადებული სიუჟეტი, ასევე ინტერვიუ კანდიდატთან.
წამყვანის წარმდგენი ნაწილისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი კრიტიკული შეფასება რესპონდენტების კომენტარების მეშვეობით გადაიცა, თუმცა, ეს შეფასებები ფრაგმენტული იყო და მაყურებელმა საბოლოოდ მაინც ვერ გაიგო, თუ რატომ დაიწყო 2005 წელს გვენეტაძისა და მისი კოლეგების წინააღმდეგ დისციპლინური დევნა და რატომ შეუწყდათ მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
„იმედისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ნინო გვენეტაძე წარმოჩენილი იყო როგორც უკომპრომისო, მეამბოხე, სამართლიანობისთვის მებრძოლი სამართალმცოდნე, რომელმაც ძალა პოლიტიკაშიც მოსინჯა, საბოლოოდ კი არჩევანი მაინც აკადემიურ საქმიანობაზე გააკეთა, ახლა კი საპასუხისმგებლო თანამდებობის დასაკავებლად ემზადება.
საერთო ჯამში, ტელემედიამ ნინო გვენეტაძის კანდიდატურა ცალმხრივად - ან დადებით, ან ძალიან უარყოფით კონტექსტში განიხილა. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის და "იმედის" ეთერში სიუჟეტებს ჯანსაღი კრიტიკა აკლდა, "კურიერის", "ბიზნეს კურიერის" და "ფოკუსის" მიერ მომზადებულ მასალებში კორუმპირებულობასა და ხელისუფლებისადმი მორჩილებაში "მხილებულ" მოსამართლეებს რატომღაც მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალებაც კი არ მისცეს.
იყო კიდევ ერთი ტენდენცია, რაც ყველა ტელეკომპანიისთვის საერთო აღმოჩნდა - მათ მიერ მომზადებული სიუჟეტებიდან ყველაზე მცირე დრო ნინო გვენეტაძის სამოქმედო გეგმას დაეთმო - რის გაკეთებას აპირებს გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დამტკიცების შემთხვევაში და რა არის მისი პრიორიტეტი, ეს მაყურებელმა არც ამ სიუჟეტებამდე იცოდა და არც ახლა იცის.
კატეგორია - ეთიკა
ძირითადი აქცენტი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საკითხებსა და კრიმინალზე, მწირი ცნობები რეგიონებიდან, არც ერთი რეპორტაჟი რელიგიურ, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებზე, ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი კონტროლის ამსახველი მასალების ნაკლებობა - ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” თითქმის ორკვირიანი დაკვირვების შედეგად გამოკვეთილი ტენდენციები. ხაზგასასმელია ისიც, რომ მცირე გამონაკლისების გარდა, რედაქციის მიერ მომზადებული სიუჟეტები ეყრდნობა არა უშუალოდ ჟურნალისტების მოპოვებულ ინფორმაციას, არამედ პოლიტიკოსთა და საჯარო სივრცის სხვა წარმომადგენელთა განცხადებებს.

წარმოდგენილი ტენდენციები, 23 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხის” 8 საათიანი “მოამბის“ დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ისიც, რომ “პირველი არხის” საინფორმაციო სამსახური “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს მიერ 2013 წლის 24 ივნისს დამტკიცებული პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტის მოთხოვნას ნაწილობრივ ასრულებს, კერძოდ:“მოამბე”, გაცხადებული პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, საკმარის დროს უთმობს ევროკავშირისა და NATO-ს თემატიკას; ცდილობს საქართველოსა და ევროპულ/ევროატლანტიკურ გაერთიანებებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს, შეხვედრებს, სხვადასხვა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულების პროცესს თვალი მიადევნოს. ამიტომაც “მოამბის” მიერ ზემოაღნიშნულ პერიოდში გაშუქებული ამბებიდან საგარეო პოლიტიკაზე მომზადებული რეპორტაჟები რაოდენობით მეოთხე ადგილზე დგას; “მოამბე” ევროკავშირის, NATO-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ჩაწერილი ექსკლუზიური ინტერვიუებით ცდილობს საქართველოს აუდიტორიას მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს რიგის სამიტზე მოსალოდნელი შედეგების, და ზოგადად, სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივის შესახებ;

მაუწყებლის გაცხადებული პრიორიტეტების საპირიპისპიროდ, „მოამბეში“ იშვიათად გვხვდება ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის განმახორციელებელი ორგანიზაციების, გაერთიანებების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი მასალები.

ხელისუფლების კრიტიკა, ძირითადად, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ისმის, რაც შეიცავს გარკვეულ საფრთხეს, რომ პრობლემის წარმოჩენისას აქცენტი ზედაპირულ ასპექტებზე გაკეთდება და არა იმგვარ არგუმენტირებულ დასაბუთებაზე, როგორსაც რომელიმე ნეიტრალური კვლევითი ორგანიზაცია შესთავაზებდა საზოგადოებას. მართალია, ამის კომპენსირებას „მოამბე“ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საავტორო ბლოკში ცდილობს, მაგრამ სტატისტიკურად, ამ ბლოკშიც ორი კვირის განმავლობაში გაცილებით მეტი პოლიტიკოსი იყო მიწვეული, ვიდრე რომელიმე არასამთავრობო ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ან სხვადასხვა დარგის სპეციალისტი.

სიმპტომატურია ისიც, რომ „მოამბე“ ნაკლებად მუშაობს უშუალოდ არხის ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის მოძიება-გაშუქებაზე, არ ჩანს არც წინასწარი მოკვლევის, ჟურნალისტური გამოძიების ან თემების წინასწარ, რამდენიმე დღით/კვირით ადრე დაგეგმვის ნიშნები. ბიუჯეტის შესრულება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მონიტორინგი, ნეპოტიზმი, საკადრო გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობა, თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები - ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მხოლოდ მაშინ ხვდება „მოამბის“ ობიექტივში, როცა ესა თუ ის პოლიტიკოსი მორიგ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს, არადა, სარედაქციო გუნდი თავად უნდა ზრუნავდეს მსგავსი ინფორმაციის მოძიებაზე, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „მოამბე“ ექსკლუზიური მასალების მოპოვებაზე მეტად, საჯარო პირთა მიერ წამოწეული თემების გაშუქებაზე არის ორიენტირებული.

პრიორიტეტების დოკუმენტის მოთხოვნის მიუხედავად, გაშუქებული თემების ჩამონათვალში ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მომხდარი ამბები. რედაქცია მხოლოდ მაშინ აქცევს ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემას, როცა დე ფაქტო ხელისუფლებებისა და რუსეთის შეირაღებული ძალების წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო ადგილობრივ მოსახლეს აკავებენ ან როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიან აღნიშნულ ტერიტორიაზე.

პრობლემურია ისიც, რომ საქართველოს რეგიონებს სათანადო ყურადღება არ ექცევა, რომ არაფერი ვთქვათ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემატიკის გაშუქებაზე. “მოამბის” მთავარ გამოშვებაში რეგიონებიდან მომზადებული ახალი ამბავი მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში სტიქია ხდება ან როცა იქაურობას მაღალი თანამდებობის პირები სტუმრობენ.

უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიურობა “მოამბის” ობიექტივის სამიზნე იშვიათადაა.

„მოამბის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტებში ყურადღება, ძირითადად, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებზეა გამახვილებული: 23 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით გაშუქებულ თემებში სწორედ ქვეყნის შიდაპოლიტიკური თემები ჭარბობს. მათგან კი ყველაზე მეტი დრო მთავრობის მუშაობის გაშუქებას ეთმობა, მეორე ადგილზეა - პარლამენტი, რომელსაც პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის აქტივობებზე მომზადებული სიუჟეტები მოსდევს, ყველაზე ნაკლები დრო სასამართლოს ეთმობა.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც - ამ პერიოდში პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე დაამტკიცა, თუმცა მაყურებელმა გვენეტაძის სამომავლო გეგმებსა და მის ხედვაზე სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიიღო - “მოამბის” არც ძირითად და არც დასკვნით ნაწილში (ვგულისხმობთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერს) გვენეტაძე სტუმრად მიწვეული არ ყოფილა.

23 მარტიდან 2 აპრილამდე “მოამბის” მთავარ გამოშვებაში მოწყვლად ჯგუფებზე მხოლოდ ორი სიუჟეტი გაკეთდა. ერთი ეხებოდა “112”-ის მიერ ახალი სერვისის ამუშავებას, რომელიც სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის სპეციალური მომსახურების დაწესებას გულისხმობდა; მეორე კი - აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე არასრულწლოვნებისთვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიების მოწყობას დედაქალაქსა და რეგიონებში. ორივე შემთხვევაში რეპორტაჟის მომზადების საინფორმაციო საბაბი სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი ორგანოს აქტივობაა და არა თავად რედაქციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “მოამბეს” მაყურებლისთვის დროის ამ მონაკვეთში რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობის შესახებ მომზადებული არც ერთი რეპორტაჟი არ შეუთავაზებია, რაც ასევე სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული პრიორიტეტების უგულებელყოფად უნდა მივიჩნიოთ.

თუმცა დადებით კონტექსტში უნდა ვთქვათ, რომ “მოამბე” ცდილობს სახელმწიფო ორგანოების მიერ ინიცირებული ახალი პროგრამების, სერვისების შესახებ აუდიტორიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. რედაქციამ მსგავსი მიდგომა გამოიყენა C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით და ეთერში ჯანდაცვის მინიტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია მიიწვია. ”მოამბემ” ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალი სისტემის ამოქმედებას - სიუჟეტიდან გამომდინარე, რეგიონსა თუ დედაქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებს შეეძლოთ გაეგოთ, თუ რა კრიტერიუმებს დაეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტრო მათი შეფასების დროს -სახელმწიფო შემწეობის დამტკიცებისას.
კატეგორია - ეთიკა
ქალაქის მერის არაერთ განცხადებას „ტაბულას“ ვებსაიტზე ნარმანიას ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის