01.04.2016
იქიდან გამომდინარე, რომ ახალი წლის დღეებში მოსახლეობის უმრავლესობა ისვენებს და ქართული სუფრის თანმხლები ხშირად არის არავისთვის ჩართული ტელევიზორი, ქართული ტელეკომპანიებისათვის ყველაზე კეთილგონივრული საკუთარი ტელესივრცის მაქსიმალურად გამოყენება იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია “იმედმა” აბსოლუტურად სხვა სტრატეგია აირჩია. მან საკუთარ თავს კი არ გაუკეთა რეკლამა, არამედ მაყურებელს “იუმორინას” თითქმის ყველა ჩანაწერი აჩვენა.
იმედის ეთერში ორი დღის მანძილზე მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა კონცერტი, სადაც ადამიანები ცხვირით უკრავენ სალამურზე ენიო მორიკონეს “ერთხელ ამერიკაში”, არცთუ ისე კარგად ასრულებენ ქართველი პოლიტიკოსების პაროდიებს და მრავალი სხვა. ამ ყველაფერს შიგადაშიგ ენაცვლებოდა ქართული საბჭოთა მხატვრული ფილმები, რომლებიც მხოლოდ საახალწლოდ გადის ხოლმე.
1 იანვარს ამავე ტელევიზიამ “იუმორინას” რეპერტუარს ეკა ხოფერიას შოუ დაამატა. აქ, ქართველ მაყურებელს შეეძლო ენახა, როგორ უყვარს გადაცემის ავტორს კახი კალაძე და რამდენ წარმატებას უსურვებს მას 2016 წელს. ამ ყველაფერს ემატებოდა „იმედის“ “ზეიმ-ტაში-ჰარალე,” რომელში მონაწილე მომღერლების ამოსაცნობად მეც კი ახალგაზრდა აღმოვჩნდი.
ტელეკომპანია იმედისგან გასხვავებით, შედარებით გემოვნებიანი, მაგრამ გაცილებით უფრო დრამატული იყო “რუსთავი 2”. ინდურ-თურქული სერიალების შემდეგ “კურიერმა” საკუთარი სცენა რა თქმა უნდა ტელეკომპანიის შენობის წინ, ეზოში გამოიტანა. თითქმის ორ საათიანი კურიერი მთლიანად რუსთავი 2-ის რეკლამას დაეთმო.
გარდა იმისა, რომ “რუსთავი 2”-ის სასამართლო საქმეს მთავარი ადგილი ეკავა საახალწლო გამოშვებაში, კურიერში მაინც მოხერხდა ეჩვენებინათ სიუჟეტი დუშეთში საქართველოს პრეზიდენტის მოკრძალებული ცხოვრებისა და იტალიის ქალაქ ბარიში “კეთილი წმინდანის” შესახებ.
ამ ყველაფერს ემატებოდა ტელეკომპანიის სახის, გიორგი გაბუნიას მიერ ორგანიზებული ექსკურსია. გაბუნიას ნარცისისტულ-თვითკმაყოფილებით აღსავსე ესთეტიკის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ის “იმედში” გამართულ “ზეიმ-ტაში-ჰარალში” მანწილეების ამოცნობაზე უკეთესი საყურებელი მაინც აღმოჩნდა.
ათასჯერ ხაზგასმა იმაზე, რომ რუსთავი 2 საქართველოში ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიაა, რომ ვინც მათ ებრძვის არავის გაახარებენ და დემოკრატიის სადარაჯოზე დგანან, გაცილებით უკეთესი მარკეტინგული სვლა იყო, ვიდრე ახალი წლის დღეებში “იუმორინას” ტრიალი.
ქართული მედიის ტრადიციის იდეა მთლიანად იმ პერსპექტივას ეფუძნება, რომლითაც ტელეკომპანიები საკუთარ მაყურებელს ხედავენ. თუ ტელეკომპანია “იმედის” მესვეურებს ღრმად სწამთ, რომ ქართველ ხალხს ძალიან გვენატრება შოუბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლეთა სახელებიც ჩემს თაობასაც კი არ ახსოვს, “რუსთავი 2” ჯიუტად ცდილობს ხალხის ტელევიზიის სახელის შენარჩუნებას და გამუდმებით ახსენებს საკუთარ მაყურებელს, რომ ამ ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში საფრთხე შეექმენბა ყველა იმ გადაცემას, რომელთა შიდა სამზარეულოც გიორგი გაბუნიამ დიდი რუდუნებით დაგვათვალიერებინა.
ამ ორთაბრძოლაში, ზედმეტი დრამატულობის და ისტერიის მიუხედავად, “რუსთავი 2” აშკარად გამარჯვებული იქნებოდა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც რომ თუ ქართველი მაყურებელი 2016 წელს გამორთული ტელევიზორით შეხვდა, ბევრი არაფერი დაუკარგავს, რადგან იქ ახალი არაფერი ყოფილა.