06.03.2015
ხუთშაბათ საღამოს, „პროფილში“ შოუბიზნესის წარმომადგენლებმა ჯერ 12 წლის ორსული გოგოს პირადი ცხოვრება განიხილეს დეტალებში, შემდეგ კი წამყვანმა სტუდიაში ახალგაზრდა ქალი მოიწვია, რომელიც ყვებოდა, თუ როგორ აუპატიურებდა საკუთარი ძმა. ქალს ისტორიის გახსენება უჭირდა, ხმა უკანკანლებდა და უხერხულად იშმუშნებოდა. „შენთვის ამ საშინელი ისტორიის გახსენება არის ყველაფრის თავიდან განცდა და ამიტომ არავითარი გადაცემა და არანაირი რეიტინგი არ ღირს ამად“ – უთხრა წამყვანმა რესპოდენტს და გააჩერა, ოღონდ, მას შემდეგ, რაც ქალს თითქმის მთელი ისტორია უკვე მოყოლილი ჰქონდა.
„პროფილის“ შემდეგ ბლოკში კი მომდევნო სტუმარი ყვებოდა, როგორ ძალადობდა მასზე ნასვამი მეუღლე, როგორ სცემდა და აიძულებდა ხეზე თოკით ჩამოხრჩობის იმიტაცია გაეკეთებინა. სტუმრის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ძალადობის შემდეგ ის სახლიდან გაიქცა და თავის მოკვლა სცადა - მტკვარში გადახტა, თუმცა პატრულმა დაინახა და გადაარჩინა.
სტუმრების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში დაუფარავად ჩანდნენ მათი შვილებიც. მეტი ემოციურობისა და სიმძაფრისთვის არასრულწოვნების ჩვენება ხომ ქართული ტელეშოუების დამახასაიათებელ ტენდენციად იქცა.
რამდენად სწორია, შენი გადაცემის რეიტინგი სხვა ადამიანის პირადი უბედურების ტირაჟირების ხარჯზე აამაღლო? ეს კითხვა მიტრიალებდა, როცა „პროფილის“ სტუმრებს ვუსმენდი. მერე გამახსენდა, თუ არ მოგწონს, გადართეო, რომ მირჩევდნენ. ჰოდა, გადავრთე „იმედზე“, სადაც გია ჯაჯანიძე „სხვა რაკურსით“ გვიჩვენებდა ადამიანების პირად ცხოვრებას, წამყვანი ხან ერთ რესპონდენტს სთხოვდა დაჟინებით სექსუალური ცხოვრების დეტალების მოყოლას, ხან - მეორეს. აქაც ის რესპონდენტი დამხვდა, რომელიც ორი წუთის წინ „რუსთავი 2“-ზე კითხულობდა მორალს საზოგადოების დაბალი ცნობიერებისა და სიბნელის შესახებ და აქაც იმავე როლში იყო. აქაც, „პროფილის“ მსგავსად, ბავშვი ჰყავდათ სტუდიაში მშობლების ისტორიის გასამძაფრებლად. არადა ბავშვების გამოჩენის გარეშე არაფერი დააკლდებოდა არც ერთ და არც მეორე გადაცემას.
„გადართვა“ არ შველის. ყველგან ერთნაირი გადაცემებია და ამიტომ „გადართვისკენ“ უფრო გაბედულად მიგითითებენ ხოლმე, იციან,ისევ უკან გადმორთავ, სხვაგან განსხვავებული მაინც არაფერი ხდება.
როდესაც წამყვანი გადართვისკენ მოგიწოდებს, ეს ნიშნავს, რომ მას მაყურებლის აზრი არ აინტერესებს. მისთვის არ არის ძვირფასი თითოეული მაყურებელი და პატივს არ სცემს მის შეხედულებას. პასუხისმგებლიანი მედია სხვაგვარად იქცევა - აუდიტორიის განწყობებს უსმენს და პროდუქტის დახვეწას ცდილობს.
როცა სხვა არხისკენ გამისამართებენ, ან საერთოდ, ტელევიზორის გამორთვას გირჩევენ, ჟურნალისტებს მთავარი ავიწყდებათ ხოლმე - მაუწყებლობას „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი არეგულირებს. ტელევიზიებს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ შესრულება კი ამავე კანონით ევალებათ. კოდექსში დეტალურად არის გაწერილი თუ როგორ უნდა გაშუქდეს ესა თუ ის თემა. როგორც კანონის, ისე კოდექსის ამოსავალი წერტილი საზოგადეობის და მასში შემავალი ინდივიდების, როგორც რესპონდენტების, ისე აუდიტორიის პატივისცემა და მათი ინტერესების გათვალისწინებაა.
გარდა ამისა, მაუწყებელი, კერძოა ის თუ საზოგადოებრივი, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე, სიხშირის მეშვეობით მაუწყებლობს. სიხშირე კი არც რუსთავი2-ის კერძო საკუთრებაა, არც „იმედის“ და არც რომელიმე სხვა ტელეკომპანიის, ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ამოწურვადი რესურსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს საზოგადოებრივი სიკეთე, ჩემი, როგორც მოქალაქის საკუთრებაცაა. შესაბამისად, მაუწყებლები, პირველ რიგში სწორედ აუდიტორიის ინტერესს უნდა ემსახურებოდნენ და არა უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას.
ვინც რეიტინგით ამართლებს გადაცემების უხარისხობას, ავიწყდება, რომ რეიტინგისთვის ბრძოლის პროცესში მაუწყებლები დაკისრებული პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდებიან. ამ ლოგიკით, არხს შეუძლია პორნოგრაფიაც გაუშვას და ალბათ ეჭვიც არავის ეპარება, რომ რეიტინგის რეკორდსაც მოხსნის, მაგრამ ამას არ აკეთებს იმიტომ, რომ არსებობს გარკვეული ნორმები თუ ეთიკური სტანდარტები, რომელთა შესრულებაც მაუწყებელთათვის სავალდებულოა.
„თუ არ მოგწონს, გადართე“ ისეთივე აბსურდული არგუმენტია, როგორც გაფუჭებული კარაქის ყიდვისას მაღაზიის გამყიდველის პასუხი „თუ არ მოგწონს, სხვაგან იყიდე“, მომხმარებლის უფლებაა, მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი. უხარისხო გადაცემა კი უხარისხო პროდუქტზე არანაკლებ საზიანოა.
როცა არ მომწონს, არ გადავრთავ! არ გადავრთავ იმიტომ, რომ გადართვა გამოსავალი არ არის.