ყალბი გმირების ეთერი
17.04.2015
26 მარტს ანთიმოზ ბიჩინაშვილი სტუმრად იყო „მაესტროზე“, იმავე დღეს „ინფო 9“-ზე, ორი დღის შემდეგ „იმედსა“და„ობიექტივზე“, ერთი დღით გვიან„რუსთავი „2-ზე „P.S.-ში“, მერე ამავე არხზე "პროფილში“, ბოლოს „ტაბულაზე“ „მძიმე კაცთან“ .

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყველა არხმა ერთი კვირის განმავლობაში ჯამში 3 საათზე მეტი დაგითმოს? - უნდა იყო სასულიერო პირი, უნდა იგინებოდე და მერე ეკლესიიდან მიდიოდე, თან ორგანიზაციის შექმნაც უნდა დააანონსო, მერე „იმედმა“ ჰიპოთეტურად რომ განიხილოს რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან შეერთების პერსპექტივა. დანარჩენები იმაზე იმსჯელებენ, გაიხდი თუ არა კაბას ან აგიხსნია თუ არა სიყვარული რომელიმე ქალისთვის...

ხშირად მედია ქმნის გმირებს.აი, ერთხელაც გადაწყვეტენ, რომ მაყურებელს, რატომღაც, მაინცადამაინც ეს ადამიანი დააინტერესებს და ასე იქმნება ახალი გმირი.უფრო იშვიათად აღმოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, ვისაც მედიამ ყურადღება მართლა განსაკუთრებული ნიშნის გამო მიაქცია.

გასართობ პროგრამებს ესა თუ ის არხი ხშირად საკუთარი წამყვანების თუ სერიალების გმირების გასაპიარებლად იყენებს. მაყურებელიც ისმენს მათ პირად ისტორიებს ან მათ გარდერობს ათვალიერებს.

ამგვარი სტრატეგია რეიტინგისა და შესაბამისად, ფულის შოვნისკენ არის მიმართული. გმირები - ამალია, პავლოვიჩი, „ჩემი ცოლის დაქალების“ ყველა პერსონაჟი - სწორედ იმიტომ იქმნებიან, რომ შემდეგ კარგად გაიყიდოს ის პროდუქტი, სადაც ისინი მონაწილეობენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი ეს „გმირები“ ქრებიან ხოლმე ეკრანიდან. მათი აზრი იმ საკითხებზე, რაზეც ადრე სტუდიაში იწვევდნენ, ახლა მედიას კომენტარის დონეზეც აღარ აინტერესებს.

„სელებრითი - განსაკუთრებული ნიჭის არმქონე ინდივიდი, რომელსაც მედიაში გამოჩენამდე გამორჩეული კარიერა არ ჰქონია. როგორც საჯარო ფიგურას, აქვს ხანმოკლე სიცოცხლე“ - ავსტრალიელი პროფესორის, გრემ ტერნერის, ეს დეფინიცია ყველაზე კარგად ახასიათებს იმ პერსონებს, ვისგანაც ქართული მედია გმირებს ქმნის. ისინი მაყურებელთა არეალიდან მაშინვე ქრებიან, როგორც კი მედია ეთერში აღარ აჩვენებს. ასეთ ადამიანებს მაყურებელი მხოლოდ იმ კუთხით და ისე ხედავს, როგორც ჟურნალისტები წარმოაჩენენ. მათ ხშირად მედიით შექმნილ პერსონებსაც უწოდებენ (Mediated persona).

ცხადია, ეს მხოლოდ ქართულ მედიას არ ახასიათებს. უბრალოდ, აქაური სივრცე მეტისმეტად პატარაა და პერსონაჟები არხიდან არხზე უფრო ხშირად მეორდებიან.

გასართობ გადაცემაში ყალბი გმირები ასატანია. მთავარი პრობლემა მაშინ წარმოიქმნება, როცა ამგვარი პერსონაჟები საინფორმაციო გამოშვებასა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ტოკშოუებში ჩნდებიან, როცა მედია მათ პრობლემისგან ყურადღების გადასატანად იყენებს ან, უბრალოდ, მთავარ პრობლემას ვერ ხედავს ხოლმე.

ასე შეიქმნა ეკა ყურშიტაშვილის გმირი. აი იმის, პატრულს შეურაცხყოფას რომ აყენებდა დაჯარიმების გამო და საპატრულო პოლიციის უფროსის მფარველობის იმედი ჰქონდა. ნეპოტიზმის, კორუფციის თემების გაშლის ნაცვლად მედიამ პირველ რიგში მისი ცხოვრებისეული ისტორიები გვაჩვენა და ისიც კი გავიგეთ, სკოლაში როგორ სწავლობდა. საბოლოოდ, მთავარ პრობლემად მისი უცენზურო სიტყვები შეგვრჩა. შედეგად მივიღეთ ის, რომ საპატრულო პოლიციის უფროსს, ცინარიძეს, ამბის გავრცელების შემდეგაც საერთოდ არაფერი შეხებია. ცინარიძის ნაცვლად მედიამ ხელში „გასელებრითებული“ ყურშიტაშვილი შეგვაჩეჩა.

ახლა პროგრამაში ანთიმოზია - ბერი, რომელიც 2013 წლის 17 მაისს ლგბტ პირთა დევნის დღის ერთ-ერთი გმირი იყო, სასულიერო პირი, რომელსაც გინების გამო ეპიტიმია დააკისრეს. რატომღაც, ყველა არხმა გადაწყვიტა, რომ მისთვის პრაიმ ტაიმში ნახევარსაათიანი ქრონომეტრაჟი მაინც დაეთმო. წამყვანები ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვეულებრივი რესპონდენტი არ ჰყავდათ სტუმრად და ასე მგონია, ამით ცდილობდნენ, მაყურებელთან როგორღაც თავი ემართლებინათ.

კვლევებმა დაადასტურა, რომ რაც უფრო ხშირად მზადდება სხვადასხვა ჟანრის, ფორმის მასალა ერთისა და იმავე პირის შესახებ, მით უფრო მეტად ემატება ამ პერსონაჟს ინდივიდუალური თვისებები, მის მიმართ მაყურებლის დამოკიდებულება იცვლება და პრობლემიდან აქცენტის გადატანა ხდება.

უფრო მარტივად, ანთიმოზ ბიჩინაშვილის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ერთ კვირაში ეს პერსონაჟი ვნახეთ სხვადასხვა კუთხით სხვადასხვა მიმართულების გადაცემაში - მოვისმინეთ მისი სიყვარულის ისტორია, ქალებთან დამოკიდებულება, იუმორი, პოლიტიკური გეგმები.

მისით ონლაინ მედია უფრო მეტად დაინტერესდა და ანთიმოზის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებს არაერთი მასალა მიეძღვნა. ამ მასალების კომენტარების ველზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ დავასკვნათ - ანთიმოზის მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვალა და ის „მაგინებელი მამაოდან“ „ჯიგარ მამაოდ“ იქცა! მის ხსენებაზე 2013 წლის 17 მაისს ლგბტ თემის მიმართ განხორციელებული ძალადობა აღარავის ახსენდება.

ავტორი : ნატა ძველიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ