ISIS და კადრებით მანიპულირება „რუსთავი 2-ზე“
21.04.2015
სირიაში, კენიასა და ერაყში რამდენიმე წელია, უმოწყალოდ ხოცავენ ადამიანებს. საქართველოში ხალხი ამ კვირაში აღშფოთდა, 19 აპრილს აქციაც გამართა და ასურელ ბავშვებს სოლიდარობაც გამოუცხადა, სახელმწიფოს კი მათი შეფარება მოსთხოვა. ამ საკითხზე კომენტარები გააკეთეს პრემიერ-მინისტრმა, მინისტრმა, საპატრიარქომ, არასამთავრობოებმა და ყველამ, ვინც თავი ვალდებულად მიიჩნია, დაეგმო ძალადობა.

რამდენიმე წლის დაგვიანებით ქართულ საზოგადოებას სირია მხოლოდ იმიტომ გაახსენდა, რომ „რუსთავი 2-მა“ „არჩევანის“ მთელი ეთერი დაუთმო. გადაცემა კი შემაძრწუნებელი სისასტიკის ამსახველი კადრებით დაიწყო.

არადა, ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერს წერდა “კახეთის საინფორმაციო ცენტრი“, სირიაში საბრძოლველად ადამიანები პანკისიდან მიჰყავთო. მას მერე გამოცემა პერმანენტულად ამზადებდა მასალებს ამ თემაზე, თუმცა მისი ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი სამართალდამცველებმა ინფორმაციის მისაწოდებლად მხოლოდ 18 აპრილს დაიბარეს - „არჩევანში“ ისიც ჰყავდათ მიწვეული და იმიტომ.

ის საზოგადოება, რომელიც ფეისბუქში მიმდინარე საკითხებზე ყოველთვის შფოთვით გამოირჩევა და ინფორმაციის მიღების ყველა საშუალება აქვს, უცნაურია, მაგრამ ამ თემით არც მაშინ შეძრწუნდა როცა ISIS-ის ("ისლამური სახელმწიფო") მებრძოლებმა ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს რაიტ ფოლის, თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს და არც მაშინ, კულტურული ძეგლების ნგრევის კადრებმა მსოფლიო რომ მოიარა. ისინიც მხოლოდ ეთერში გასულმა ვიდეომ შეაშფოთა.

როგორც ჩვენში ამბობენ, „რუსთავი 2-მა“ „თემა აწია“.

19 აპრილის აქციაზე აქცენტი ბავშვებზე გაკეთდა, საზოგადოებამაც ბავშვებისთვის თავშესაფრის მიცემა ითხოვა - ესეც იმიტომ, რომ „რუსთავი 2-ის“ იმ ვიდეოში ყურადღება სწორედ ბავშვებზე იყო გამახვილებული.

აცრემლებულმა პატარამ, რომელიც ჩემთვის გაუგებარ ენაზე რაღაცას ითხოვდა, გულგრილი არავინ დატოვა. მით უმეტეს წამყვანის შესავლის ფონზე, რომელმაც განაცხადა - „ნახეთ, რის საკეთებლად მიჰყავთ ახალგაზრდები სირიაში“.

ჰოდა, ვნახე, რომ კადრები ძველია და სინამდვილეში ის ბავშვები ვიდეოში ISIS-ის მიერ ჩადენილ ტერორისტულ აქტებზე არ ჩივიან. მარტივი ძებნის უნარებიც საკმარისია, რომ ნახო - აცრემლებული ბავშვების ვიდეო Youtube-ზე 2013 წელს არის გამოქვეყნებული.


ვიდეოს ინგლისური ტრანსკრიპტის მიხედვით, პატარები სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, ქმედების გამო არიან შეწუხებულები. მათი ენა არ ვიცი, თუმცა, ქვეყნის მმართველის სახელსა და გვარს რომ ნამდვილად ახსენებენ, მესმის.

რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვს ამ დღეში პრეზიდენტი ჩააგდებს თუ ტერორისტი, მაგრამ ცუდი შეგრძნებაა, როცა ხვდები, რომ მედია გატყუებს. არადა „რუსთავი 2-ს“ ფაქტებით მანიპულირება არაფერში სჭირდებოდა, ISIS-ს ისედაც უამრავი სისასტიკე აქვს ჩადენილი და ამის ამსახველ ვიდეოებს თავადვე ავრცელებს. უბრალოდ, ტელევიზიის მიერ გამოყენებულ კადრებში ბავშვები უფრო საცოდავად გამოიყურებოდნენ და აუდიტორიაზე მეტი ზემოქმედება მოახდინეს.

წამყვანი არც დაეჭვებულა ვიდეოს ავთენტურობასა და სიახლეში. პირიქით, დარწმუნებით თქვა, რომ სწორედ ამის საკეთებლად მიჰყავთ ქართველები სირიაში.

მედიაეთიკაში მნიშვნელოვანი წესია - ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ის ინფორმაცია, რომლის წყაროც დადასტურებულია. ამ სტანდარტის მთავარი ამოსავალი წერტილი არის მაყურებლის პატივისცემა, მას აქვს უფლება იცოდეს, როდის არის გადაღებული კადრები, ვინ არის ინფორმაციის წყარო. თუ ვერ ხერხდება წყაროს დადასტურება, ამის შესახებაც უნდა იყოს ინფორმირებული.

ამგვარი პატივისცემა და პასუხისმგებლობა აუდიტორიის წინაშე გაორმაგებული უნდა ჰქონდეს არხს, რომელსაც შეუძლია, თემა პრემიერ-მინისტრის დონემდე მიიტანოს, საკითხი მთავრობის სხდომაზე დააყენებინოს, ალაპარაკოს ყველა, დაკითხვაზე დააბარებინოს პირი, პერმანენტული აქციები გააკეთებინოს სხვადასხვა ჯგუფს და რაც მთავარია, მოიტანოს შედეგი - 500-მდე ბავშვს გაუჩნდეს თავშესაფრის მიღების შანსი.

მედიაეთიკაში მეორე წესიც არსებობს - მედიამ ინფორმაციის გადაცემისას უნდა დაიცვას ჯეროვანი სიზუსტე! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამბავი მთლიანად უნდა მოყვე, მხოლოდ ერთი წახნაგი არ უნდა აჩვენო საზოგადოებას. მაყურებელს მინიმუმ ის მაინც უნდა სცოდნოდა, რომ ბავშვების ხოცვა სირიაში ორი კვირის წინ არ დაწყებულა.

თეგები : მანიპულაცია;
ავტორი : ნატა ძველიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ