წინასაჩვიდმეტმაისო
15.05.2017
2013 წლის 17 მაისს, პარასკევ შუადღეს, თბილისში იმდენი მოცლილი აღმოჩნდა, რომ რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი ოცდაათკაციანი შეკრების დასარბევად გამოვიდა. გაზაფხულის ეს ერთი დღე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის მომენტად იქცა. ამ დღეს სახელმწიფომ საკუთარი უსუსურობა დაადასტურა მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე და საკუთარი მოქალაქეები, მათსავე ტერიტორიაზე, ძალადობისგან ვერ დაიცვა. პოლიციას ოცდაათი ადამიანის რუსთაველის ტერიტორიიდან გაპარება მოუწია. ამ პროცესში ოცდაათ ადამიანზე მონადირე ხალხმა სცემა ჟურნალისტები, ჩალეწა ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების შუშები და გაანადგურა ქალაქის ინფრასტრუქტურა. დღის ბოლოს, მოძალადე ათასობით ადამიანიდან, მხოლოდ რამდენიმე დაისაჯა ას ლარიანი ჯარიმით.

მას შემდეგ 17 მაისი წელიწადის ის დღეა, რომლის გამოც ლგბტ თემს და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს, მთელი წლის განმავლობაში იმაზე ფიქრი უწევს, რომ სახელმწიფომ რამენაირად, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი დაიცვას და თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოება, ჩვენსავე ქვეყანაში გარანტირებული მოცემულობა იყოს.

ამის საპირისპიროდ, საქართველოს საპატრიარქომ უფრო მოხერხებული გზა აირჩია. მათ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ქართული ოჯახის სიწმინდის დღე დააწესეს. ეს, რამდენიმე წლის წინ, საქართველოში გამოგონილი დღესასწაული, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ 17 მაისს ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და მთელი დღის განმავლობაში ხატებით იაროს რუსთაველის გამზირზე.

ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება. თუმცა ქართული მედია, რომლისთვისაც ლგბტ ადამიანების ამ ქვეყანაში არსებობა მხოლოდ მაისის დასაწყისში ხდება ხოლმე აქტუალური, 17 მაისის მოვლენებს აბსოლუტურად არაადეკვატურად აშუქებს.

აპრილის ბოლოდან 26 მაისამდე (დამოუკიდებლობის დღე ფარავს ხოლმე), ქართულ მედიასივრცეში მრავალ ტოკშოუსა და სიუჟეტს შეხვდებით, რომელთა მიზანიც ერთი შეხედვით, ლგბტ ადამიანების უფლებების გაშუქებაა. ტოკშოუები, რომელთაგან ზოგი პოლიტიკურია, ზოგსაც უფრო ყვითელი ფერი დაკრავს, ანონსისთვის იღებს უმძიმეს კადრებს, სადაც ნაჩვენებია მოკლული ტრანსგენდერი ადამიანების სხეულები, მათზე მტირალი ჭირისუფლები და ამ ყველაფერს ფონად შემზარავი მუსიკა ადევს. ამას ემატება შიგადაშიგ, რომელიმე ყველასგან დავიწყებული და ათასგზის გაკოტრებული ჰომოფობი პოლიტიკოსის კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველო სხვანაირი ქვეყანაა და ლგბტ ადამიანებს არავინ დევნის.

მსგავსი ტოკშოუების ანონსს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოიზიდოს. ეს სტრატეგია ამართლებს. გადაცემას ის ხალხიც უყურებს, ვისაც ჰგონია, რომ ან ახლა ილაპარაკებენ ადამიანის უფლებებზე ან ახლა, და ისინიც, ვისაც სეირის ნახვა უნდა და გამალებით ელოდებიან, რომელი მღვდელი ან რომელი ჰომოფობი როდის ატეხს სკანდალს.

მსგავს გადაცემებში, როგორც წესი, არავინ საუბრობს იმ ფაქტობრივ მოცემულობაზე, რომელიც ბლოგის დასაწყისში აღვწერეთ. მთელი ეთერი ან იმაზე ლაპარაკს ეთმობა, არის თუ არა ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა, ან არის თუ არა ჰომოსექსუალობა ცოდვა, რომელიც პროპაგანდასაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ეწევა.

ამ ყველაფერს, ტრადიციულად, ამშვენებს ლგბტ ადამიანად წარდგენილი ერთი პიროვნება მაინც. ამ პიროვნების სახელი მრავალ სკანდალს უკავშირდება, მაგრამ რატომღაც ამ გადაცემებში ის არის ხოლმე მთავარი გმირი. ეს ადამიანი გამუდმებით კომენტირებს სტუდიაში მიმდინარე პროცესებზე და ამბობს, რომ საქართველოში მას არავინ დევნის, რომ ყველაფერი “ენჯეობის” მოგონილია და ა.შ.

საბოლოოდ, ეს ტოკშოუები იმ შედეგით მთავრდება, რომ მღვდლები, მრავალგზის გაკოტრებული ჰომოფობი პოლიტიკოსები და გაურკვეველი ფაშისტური ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ახდენენ ეთერის ოკუპაციას. წამყვანი, ვითომ სიტუაციის დაბალანსირებასა და ჩახშობას ცდილობს.

შედეგად, ადამიანის უფლებებზე გაკეთებული გადაცემა გარდაისახება ცირკად, არენად, რომელზეც წინასაჩვიდმეტმაისოდ ჰომოფობები გადიან რეპეტიციას.

ამ მზადების შემდეგ, 17 მაისს ყველა ტელევიზია აშუქებს ოჯახის სიწმინდის დღეს. 2016 წელსაც ასე მოხდა. ყველა ქართულმა ტელევიზიამ გააკეთა სიუჟეტი, რომელშიც 17 მაისი ისე მოიხსენია ოჯახის სიწმინდის დღედ, ადამიანი იფიქრებდა, თორმეტი მოციქულის მიერ დაწესებული დღესასწაულიაო.

ამასობაში, თუ რუსთაველის გამზირიდან მოწყვეტილ ადგილას, ის ოცდაათი პიროვნება რამე აქციას გამართავს, იქაც მივლენ ჟურნალისტები. ოპერატორები ადამიანების სახეების მაგივრად, აქტივისტების ფერად წინდებს გადაიღებენ და ჟურნალისტები იტყვიან, რომ მეორე მხარემაც მოახერხა აქციის ჩატარება.

2017 წლის 17 მაისს, დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი ისევ განმეორდება. უკვე ვიხილეთ და კიდევ ვნახავთ ტოკშოუებს, სადაც მოწვეული იქნებიან ბესო ჩუბინიძე, გიორგი ახვლედიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მაცაცო და მღვდელი ანთიმოზი. მათ ფონად წარმოგვიდგენენ პატარ-პატარა, უშუალოდ საჩვიდმეტმაისოდ შექმნილ გაუგებარ ორგანიზაციებს, ფაშისტური სიმბოლიკით. თუ ქართველ ჟურნალისტს გაუმართლა, მათ საჯიჯგნად ერთ ლგბტ ადამიანს და რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელსაც იშოვის. ლგბტ ადამიანთა უფლებების შესახებ დაანონსებული გადაცემებიც ისევ სანახაობად გადაიქცევა და შოუც შედგება.

ამ ყველაფერთან ერთად, ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არის ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარე. თავში კი არავის მოუვა აზრად, რომ სინამდვილეში ისინი ორი მხარის დაპირისპირებას კი არა, ერთის მეორეზე გამუდმებულ ზეწოლასა და ძალადობას აშუქებენ.

ბლოგის ავტორი : დავით კახაბერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ