07.12.2015
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდ - “სოციალური პარტნიორობის” მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ერთგვარი საანგარიშო რეპორტაჟი “სხვა რაკურსმა” გასული წლის მსგავსად წელსაც შემოგვთავაზა.
ეჭვი მაქვს, რომ ეს მთლად უანგაროდ არ ხდება. მით უმეტეს, რომ საკუთარი ქველმოქმედების “ფილოსოფიაზე” საუბრისას ის თავად ამბობს: “ღმერთმა არ ქნას, მისცე ფული ბავშვს, რომელიც ამ ფულით იყიდის ნარკოტიკს ან არაყს. ეს არ არის ქველმოქმედება. მე მინდა ავაგო სისტემა და მე ძალიან ბევრი რამ გამომდის. მინდა რომ ხალხი საქართველოშიც და უკრაინაშიც ეხმარებოდეს იმათ, ვისაც უჭირთ. ამიტომ ჩვენ არ ვზოგავთ ფულს რეკლამაზე. მათ შორის ეს გადაცემაც ამისთვისაა. მე მინდა, რომ მასმედიის საშუალებით ხალხმა შეიტყოს კეთილი საქმეების შესახებ და თავად დაეხმაროს სხვებს, მხოლოდ ამისთვის ვაკეთებ ამას”. გადაცემაში კი რეკლამის აღმნიშვნელი ნიშანი არსად ჩანს. თუმცა ამ ბლოგის დაწერის მიზეზი სულ სხვა ფაქტი გახდა.
“სოციალური პარტნიორობის” მიერ მარტოხელა და მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოხუცებსა და სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ზრუნვის ამსახველი რეპორტაჟები “სხვა რაკურსში” 2014 წლის 25 დეკემბერსაც გავიდა. წელსაც, ისევე როგორც შარშან, მოხუცები ცნობილ მსახიობებთან ერთად სუფრაზე მიიწვიეს. ჩერნოვეცკის მიერ დაფინანსებულ ბავშვთა სახლშიც, გასული წლის მსგავსად, წელსაც ვიმოგზაურეთ.
სიმართლე უნდა ითქვას, ბავშვთა საკითხების გაშუქების თვალსაზრისით “სხვა რაკურსი” წელს გაცილებით მომზადებული იყო და ბავშვთა სახლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების იდენტიფიცირება აღარ მოხდა.
თუმცა სიმართლე მაინც მიიჩქმალა.
ლეონიდ ჩერნოვეცკი გია ჯაჯანიძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მას ქველმოქმედების განხორციელების საქმეში პრობლემებს უქმნის: “მე ვეხმარები არა მარტო საქართველოში. მე უფრო მეტი პროგრამა მაქვს უკრაინაში და იქ მე არ მაქვს დაბრკოლება, დახმარების გაწევის. აქ კი მე შემხვდა გარკვეული პრობლემები. მე ვხარჯავ დაახლოებით მილიონ დოლარს უკრაინაზე და ასევე დაახლოებით მილიონ დოლარს საქართველოზეც ყოველწლიურად.
აი, მე ვხსნი საბავშვო სახლებს. ჩვენ დღეს გვაქვს ერთი რეგისტრირებული სახლი (თბილისში - მ.ვ) და მეორე სახლი გვაქვს აქ, ქობულეთში (გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი - მ.ვ). ჩვენ გვინდა ის გავაფართოვოთ 50 ბავშვამდე. თბილისის ქუჩებში ათი თუ არა, ასი ათასობით ბავშვია, რომლებიც მათხოვრობენ. თხოვენ ხალხს საკვებს. ისინი ხელს უშლიან ბიზნესს. ისინი არ აძლევენ უცხოელებს საშუალებას, ნორმალურად დაისვენონ. ეს უმსგავსობაა. იმის მაგივრად, რომ ისინი განაწილდნენ ბავშვთა სახლებში, რომლებსაც ქმნიან ჩემნაირი ადამიანები, დღეს ჯანდაცვის სამინისტრო სასამართლო დავას აწარმოებს ჩემთან უკვე ნახევარი წელია, რომ ჩვენი სახლი დააჯარიმეს 6 თუ 3 ათასით, არ მახსოვს ზუსტად. ხო, მგონი 6000 ლარით. ეს ნიშნავს, ბავშვებს წაართვა ფული. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვთხოვეთ მათ უფლება 50 ბავშვიანი სახლის გახსნაზე”.
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი 2014 წლის დასაწყისში ქობულეთში კანონდარღვევით რომ გაიხსნა, ახალი ამბავი არ არის. არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადება , სადაც აღნიშნულია, რომ გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის “საქმიანობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას, რომელიც ეფუძნება აღიარებულ საერთაშორისო ფუნდამენტურ ღირებულებებს და ამავე დროს არღვევს მოქმედ სამართლებრივ სტანდარტებს” და რომ ქობულეთში დიდი ბავშვთა სახლის გახსნის ლიცენზიისთვის მათ სამინისტროსთვის არ მიუმართავთ და სახლი კანონდარღვევით ფუნქციონირებდა.
პანსიონი სწორედ არალიცენზირებული სააღმზრდელო საქმიანობის გამო დაჯარიმდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ფარგლებში საქართველომ უარი თქვა დიდი ზომის ბავშვთა სახლებზე და შეიქმნა ალტერნატიული, ოჯახთან დაახლოებული სააღმზრდელო დაწესებულების ფორმა და სერვისი - ეს არის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი და მინდობით აღზრდა.
სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვთა რაოდენობას კანონი არეგულირებს: მცირე საოჯახო ბავშვთა სახლში მოზარდების მაქსიმალური რაოდენობა ათს არ უნდა აღემატებოდეს. ქობულეთის პანსიონის გახსნისას კი ითქვა, რომ დაწესებულება გათვლილი იყო 50 ბავშვზე. იმ დროისთვის, როცა პანსიონი დაჯარიმდა, იქ 23 ბავშვი ცხოვრობდა, რაც სააღმზრდელო დაწესებულების სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.
რაც მთავარია, ამ სტანდარტების შესახებ ფონდ “სოციალურ პარტნიორობაში“ კარგად იციან, რადგან თბილისში მათ უკვე აქვთ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ვაუჩერულად ფინანსდება.
საქართველოში გატარებული ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის არსის შესახებ კარგად არის ინფორმირებული გადაცემა “სხვა რაკურსზე” მომუშავე ჟურნალისტების და პროდიუსერების ჯგუფიც. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ქობულეთის პანსიონზე “სხვა რაკურსში” 2014 წლის 25 დეკემბერს, ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ გავრცელდა.
ამავე სიუჟეტმა არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტიც გამოიწვია. “ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიციამ” მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა - გია ჯაჯანიძემ და ხათუნა პაიჭაძემ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მთავარი პრინციპები დაარღვიეს და ქარტიას განცხადებით მიმართა. არსებობს ქარტიის “გადაწყვეტილება საქმეზე – ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიცია გია ჯაჯანიძის და ხათუნა პაიჭაძის წინააღმდეგ” .
ამ გადაწყვეტილებში ძირითადად ბავშვთა უფლებების დარღვევაზეა საუბარი. თუმცა კოალიციის განცხადებაში, ისევე, როგორც შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში, კარგად არის განმარტებული, რომ სოციალური გაჭირვება არ შეიძლება ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანის საფუძველი გახდეს, დიდი ზომის ბავშვთა სახლებში ბავშვების აღზრდა კი მსოფლიოში არსებულ ბავშვთა აღზრდის ყველაზე მავნე მეთოდს წარმოადგენს.
გაერთიანებული ერების ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად (მუხლი 7.1 და 9.1), რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი საქართველოც არის, ყველა ბავშვს აქვს ოჯახურ გარემოში ცხოვრების უფლება.
სხვათა შორის, ამ უფლებაზე და ქვეყნაში ბავშვთა პანსიონების არსებობის ნეგატიურ კონტექსტზე 2014 წლის 25 დეკემბრის “სხვა რაკურსში” დეტალურად საუბრობდა გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამების ხელმძღვანელი ქეთი მელიქიძე. “სხვა რაკურსში” თითქმის ერთი წლის შემდეგ გასულ სიუჟტებსა და ინტერვიუში კი ეს ფაქტები და სიმართლე მიიჩქმალა.