27.01.2016
რეპორტაჟის ავტორის შესავალი ტექსტის შემდეგ ბუნებრივად გიჩნდება მოლოდინი, რომ სტალინის სხვადასხვა დროს ჩამოსხმული ძეგლების, პორტრეტების შემკრებს გაიცნობ და ამასთან, მოისმენ ლეგიტიმურ კითხვას, რამდენად მისაღებია მე-20 საუკუნის ყველაზე სისხლიანი დიქტატორის თაყვანისცემა პოსტსაბჭოთა საქართველოში, თუმცა რედაქციამ მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა ჩემი, როგორც რიგითი მაყურებლის ინტერესნარევი მოლოდინი.
თვალშისაცემია თემურ კუნელაურის შიშნარევი აღტაცება სტალინისადმი, “ბაღ-მუზეუმის” ყოველ ნაბიჯზე ჩამოკიდებული პორტრეტებიდან ჯუღაშვილი ხან ჩიბუხით ხელში ეჭვიანად იმზირება, ხანაც მრავლისმთქმელად აქვს თავი აწეული. თავისთავად, ამ პორტრეტებს თუ ბიუსტებს არც მხატვრული და არც სხვა სახის ღირებულება აქვთ, კუნელაური მათ ადვილად იპოვიდა სოფლების გაუქმებული საბჭოებისა და ქარხნების შენობებში, ამიტომ ექსპონატებად მათ ვერ მოვიხსენიებთ, თან მუზეუმი საკუთარ თავში საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას მოიაზრებს - ეს ფუნქცია კი გარდაბანში მდებარე „ბაღ-მუზეუმს“ ვერ ექნება იმიტომ, რომ საბჭოთა ბელადის საქმიანობას წარმოაჩენს ისევე, როგორც ამას საბჭოთა დროის ისტორიოგრაფია აკეთებდა და დიქტატორული რეჟიმის ადეკვატურ კვლევა-გააზრებასთან არაფერი აქვს საერთო.
საბჭოთა საქართველოში დაბადებული თემურ კუნელაურისთვის, რომელსაც სტალინი სკოლის პედაგოგმა შეაყვარა, საბჭოთა ლიდერი დღემდე ცოცხალ იდეას განასახიერებს, მეტიც, სტალინი მისთვის ერთგვარ რელიგიად ჩამოყალიბდა, ამიტომაც როგორც კერპს, ხატს ისე ელოლიავება... რომ არაფერი ვთქვათ, ე.წ. მავზოლეუმზე. რესპონდენტმა რეპორტიორს უთხრა კიდეც, რომ ბევრი ვერც შედის ხავერდით მორთულ “მავზოლეუმში”, საბჭოთა შრომისა თუ ომის გმირებს კი მადლობაც კი გადაუხდიათ, რომ „ხალხთა მამასთან“ ამგვარად მიახლების საშუალება მიეცათ: „ნუ გეშინიათ, მობრძანდით. იმათ ეშინიათ ამისი (სტალინის - ავტ.), ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. შენ რა დანაშაული გაქვს, კაცო?!“ - ასეთი ტექსტით მიმართა კუნელაურმა რეპორტს „მავზოლეუმში“ შესვლის წინ.
ყველაზე მთავარი მომენტი რეპორტაჟში არის „ბაღ-მუზეუმის“ მასპინძლის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე საბჭოურ რეპრესიებში სტალინის როლის შესახებ:
„37 წელში სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მე ხელს კი არ ვაფარებ, უზარმაზარი რეპრესიები რომ მოაწყო, ეს იყო აუცილებელი განწმენიდასთვის... ერთი პროფესორი მიყვებოდა: როცა ოპერაციას ვაკეთებ, შვილოო, იმას ცუდს რომ ვაჭრი, აუცილებლად კარგი მიყვება ხოლმეო... აი, რომ ამბობს, ტერორის ქვაბში პროგრესი იხარშებაო, სტალინამდეც ტაშ-ფანდურით მოვიდა ეს ცხოვრება, რამდენი მკვლელობა იყო მანამდეც?!“
არ განვიხილავთ კუნელაურის მოსაზრებას, რადგან ისედაც ცხადია, თუ რა პირობებში და როგორ ჩამოუყალიბდა ფანატიზმი სტალინისადმი, მაგრამ რას არგებს რიგით მაყურებელს ამგვარი პერსონაჟის, ასეთი მიუღებელი იდეების გავრცელება?
რა იყო რეპორტაჟის მიზანი - სტალინის კერპთაყვანისმცემელი პერსონაჟის გაცნობა, რომელსაც არაფერი გაუგია ან გაიგო და არ დაიჯერა სტალინის ბრძანებით დახოცილ, გადასახლებულ, მოშიმშილე, გაუბედურებულ მილიონობით მოქალაქეზე?
სიახლე რა იყო რეპორტაჟში - განა არ ვიცით, რომ ალისფერ დროშებს ისევ აფრიალებენ საბჭოთა პერიოდის მეხოტბე მოქალაქეები? „მავზოლეუმის“ თემა ერთგვარი უკიდურესი ფანატიზმის იერს სძენს ხსენებულ „ბაღ-მუზეუმს“, თუმცა პრობლემის გააზრების ნაცვლად, მაყურებელს პრაქტიკულად ეგზოტიკურ სანახაობას ვთავაზობთ და ამ სანახაობასთან მარტო ვტოვებთ.
ამ რეპორტაჟის მომზადების შემდეგ თავად კუნელაურის ან რომელიმე სტალინელის წარმოდგენა „დიდ ბელადზე“ შეიცვალა? ჟურნალისტის ორი-სამი რეპლიკა აბსოლუტურად უძლური აღმოჩნდა თემურ კუნელაურის ფანატიზმის წინაშე. დიდი ალბათობით, რეპორტიორის მეტი ძალისხმევაც არ იქნებოდა საკმარისი მისი პოზიციის შესაცვლელად, მაგრამ სად ვტოვებთ აუდიტორიას? რეპორტაჟის აზრი ერთი წინადადებით ასეთია: მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სტალინის კულტის მეხოტბეები ამ დრომდე არსებობენ. რატომ არ ეცადა რეპორტიორი დაესვა კითხვა, რატომ არსებობს ეს კულტი ან რა უნდა გაკეთდეს, რომ აღარ იარსებოს, რამდენად გვაფერხებს მსგავსი დამოკიდებულება ან რა გააკეთეს სხვა პოსტსაბჭოთა და უკვე სრულიად ევროპულმა ქვეყნებმა ამ დამოკიდებულების დასაძლევად.
საინტერესო იქნებოდა, რეპორტიორთან ერთად, „ბაღ-მუზეუმს“ „საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიის“ რომელიმე წარმომადგენელიც სტუმრებოდა: იქნებოდა რადიკალური და ურთერთგამომრიცხავი შეფასებები, არა მხოლოდ იდეათა, არამედ თაობათა ჭიდილიც, შესაბამისად, მაყურებლის თვალწინ რეპორტაჟშივე გაჩნდებოდა კონფლიქტი, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევდა, ვიდრე ერთი და იმავე პერსონის ძეგლების ჩვენება ყველა დასაშვები რაკურსით ან საბჭოთა საომარ-პროპაგანდისტული კომპოზიციების მოსმენა, რომლებიც რეპორტაჟში საკმარისზე მეტი სიხშირით და ხმამაღლა ჟღერს.